რა გახდა 9 წლის ლუკას უეცარი გარდაცვალების მიზეზი
Gგასულ კვირას ხაშურში ტრაგედია დატრიალდა. გარდაიცვალა 9 წლის ლუკა ბარბაქაძე. მძიმეა ბავშვის დედის, ნანა ხიხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. 5 ივნისს დილის 8 საათზე სამსახურიდან შინ დაბრუნებულ ლევან ბარბაქაძეს შვილი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მეუღლე უგონოდ. სასწრაფოს ბრიგადამ ახალგაზრდა ქალი კომატოზური მდგომარეობით ხაშურის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც დღის ბოლოს კლინიკის დირექტორმა თქვა, ახალგაზრდა ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
"გრძელდება კვლევები, რომლებიც შემოსვლისთანავე დაიწყო. ერთმნიშვნელოვანი პასუხი მას შემდეგ გვექნება, რაც ყველა კვლევის პასუხს მივიღებთ. საკვების სახით მიღებულ პროდუქტებზეც არის ეჭვი, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. გამორიცხულია სხვადასხვა ორგანული პათოლოგია, თუმცა ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საეჭვო დიაგნოზი", - განაცხადა ხაშურის რეფერალური კლინიკის დირექტორმა. იმავე ღამით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ხაშურის კლინიკიდან რეანიმობილით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახლა ცნობილი რეანიმატოლოგი ლევან რატიანი და მისი გუნდი იბრძვიან ნანა ხიხაძის სიცოცხლის შესანარჩუნებლად....
ადგილობრივების თქმით, ლუკა ბარბაქაძე ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. "საშინელება მოხდა. არანაირი ინფორმაცია არა გვაქვს. ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა. სავარაუდოდ, მოწამვლის შემთხვევაა. სიცოცხლით სავსე ბავშვი გავუშვით სახლში და დღეს გავიგეთ ეს ტრაგედია", - ამბობს სკოლის დირექტორი.
ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ბატონი დავით ჩიქოვანი საკვებით ინტოქსიკაციაზე ეჭვობს და ელოდება ლუგარის ლაბორატორიის პასუხებს. ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა დედის პირნაღები მასალა, რომელიც სამართალდამცავებმა მათი საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. ასევე ზონდით მისი კუჭიდან ამოღებულია მასა, რომლის გამოკვლევითაც უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. დეტალების გარკვევაზე სურსათის უვნებლობის სამსახურიც მუშაობს, მათ ბარბაქაძეების საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული საკვები პროდუქტები ექსპერტიზაზე წაიღეს, ელოდებიან პასუხს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდანაც.
"ახლა ბარბაქაძეების ოჯახში იმდენად მძიმე ვითარებაა, დეტალურ კითხვებს ვერ ვსვამთ"
დავით ჩიქოვანი, ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი:
- მართალია, სურსათის უვნებლობის სამსახური საკვებზე ცალკე ატარებს ექსპერტიზას, მაგრამ ჩვენ დამატებით ბინიდან ამოღებული საკვებიც გავგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ვიცით, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც ატარებს ექსპერტიზას სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალაზე. რაც შეეხება გარდაცვლილი ბავშვის დედას, ის ხაშურიდან ინტუბირებული წაიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.
- ბატონო დავით, კვლევის პირველადი მონაცემები მაინც თუ გაქვთ?
- დიახ, დამირეკეს ლუგარის ლაბორატორიიდან და დედის კუჭის შიგთავსიდან ამოღებული მასიდან, სავარაუდოდ, სალმონელა ამოითესა. ეს საბოლოო დასკვნა არ არის. სალმონელოზი ნაწლავური ინფექციაა, მაგრამ ასეთი სწრაფი სიკვდილი რომ გამოეწვია, ისეთი ბაქტერია არ არის.
- თავიდან ითქვა, რომ იყო ეჭვი ბოტულიზმზე, რადგან მეზობლები ამბობდნენ, დედა-შვილს ნაჭამი ჰქონდა დაკონსერვებული აჯაფსანდალი, ბოტულიზმი აღმოჩნდა იმ მასაში, რაც გაგზავნეთ?
- ქალის კუჭიდან ამოღებულ მასალაში ბოტულიზმი არ ამოითესა... რაც შეეხება სალმონელას, ის ისეთი ტოქსინი არ არის, რომ ეს მძიმე შედეგი გამოეწვია, ამიტომ უფრო მეტად ჩავვარდით საგონებელში.
- კვებითი ინტოქსიკაცია იწვევს ასეთ უეცარ სიკვდილს?
- ყველაზე დიდი შხამი ბოტულიზმს აქვს, მან შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ამასთან, ამასაც თავისი ეტაპები აქვს, ასე უცებ არ ხდება.
იმ ღამეს სახლში იყვნენ დედა-შვილი და ბავშვის ბებია-ბაბუაც. როგორც ისინი ამბობენ, დაახლოებით 11-ის ნახევრამდე ერთად იყვნენ სახლის პირველ სართულზე და ტელევიზორს უყურებდნენ. მერე ბებია და ბაბუა ზედა სართულზე ავიდნენ დასაძინებლად, დედა-შვილი კი ქვედა სართულზე დარჩა. დილით 8 საათზე დაბრუნდა სახლში ბავშვის მამა და შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი გონდაკარგული დახვდა.
- ბებიას და ბაბუას არ უჭამიათ ის საკვები, რაც დედა-შვილმა ჭამა?
- როგორც ვიცით, არა. ახლა ბარბაქაძეების ოჯახში იმდენად მძიმე ვითარებაა, დეტალურ კითხვებს ვერ ვსვამთ. შინ რაც ჰქონდათ, ალბათ, ის შეჭამეს: აჯაფსანდალი, კვერცხში შემწვარი შებოლილი ძეხვი... შესაძლოა კვერცხისგან იყოს გამოწვეული სალმონელა.
ძირითადად, კვერცხიდან ხდება სალმონელათი დაინფიცირება. სალმონელა იწვევს ფაღარათს, სითხის დაკარგვასა და ღებინებას. პრაქტიკაში არ ყოფილა, უეცარი სიკვდილი სალმონელას გამოეწვიოს, ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაღაც სხვა ტოქსინია.
გარდაცვლილ ბავშვსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და სამხარაულის ბიურო დაადგენს მიზეზს.
- თუ იყო ბოტულიზმი, ეს ტოქსინი ბავშვის ცხედარში დარჩებოდა?
- დიახ. თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული დედის ორგანიზმიდან აღებულ მასაში ბოტულიზმი არ აღმოჩნდა.
- ბოტულიზმი გამოირიცხა, სალმონელაც არ გამოიწვევდა ასეთ უეცარ სიკვდილსო, ამბობთ, მაშინ რამ გამოიწვია ეს უმძიმესი შედეგი?
- სავარაუდოდ, რაღაც ტვინზე მოქმედი ფაქტორი იყო, რამაც უეცარი სიკვდილი გამოიწვია. სხვათა შორის, არც ბოტულიზმის დროს დგება წამიერად სიკვდილი, მანამდე არსებობს სიმპტომები: ხმის ჩახლეჩა, თვალების, მხედველობის გაორება, ღებინება და ასე შემდეგ. უცებ ადამიანი არ გაითიშება. მაშინ სასწაული რაოდენობის ტოქსინი უნდა მოხვდეს ორგანიზმში. თუ თავის დროზე მიხვალ, ბოტულიზმიც თავისუფლად განიკურნება, თუმცა ლეტალური შემთხვევებიც არის.
- იქნებ ცოტა რჩევაც მოგვცეთ, კვებითი ინტოქსიკაციის დროს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდის უნდა ავტეხოთ განგაში?
- უპირველესად მთავარია ჰიგიენური ნორმების დაცვა. გამდინარე წყლით კარგად უნდა გაირეცხოს ის პროდუქტები, რომლებიც მიწაზეა ნადები, პლუს თერმულად უნდა დამუშავდეს. საშიშია შინ მომზადებული კონსერვები, სპორას იკეთებს და სპორა ძალიან მაღალ ტემპერატურაზეც არ იღუპება. საშიშია შებოლილი თევზი, ხორცი, ძეხვი და ა.შ. თუU პროდუქტი ნორმალურად არ არის დამუშავებული, საშიშია. ამიტომ ზაფხულობით შებოლილ პროდუქტს უნდა მოვერიდოთ.
"ძალიან რთულია სალმონელას ეს ყველაფერი დააბრალო, სხვა ტოქსინს ჰგავს და ეს უნდა აღმოაჩინონ ლაბორატორიულად"
ჩვენ მეტი დეტალის გარკვევა ექიმ-ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავასთან ვცადეთ, თუმცა ბატონი ალექსანდრე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ექსპერტიზის საბოლოო შედეგები და მანამდე კომენტარის გაკეთება არ არის მართებული.
- ბატონო ალექსანდრე, როგორც ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, დედისგან აღებულ ანალიზში სალმონელა აღმოჩნდა, ეს გამოიწვევდა ასეთ შედეგს?
- სალმონელა მძიმე გასტროენტერიტებს იწვევს, მაგრამ ასეთ უეცარ მძიმე ფაქტთან რამდენად არის კავშირში, რთული სათქმელია, ამიტომ საბოლოო დასკვნას დაველოდოთ. ბოტულიზმიც მძიმე დაავადებაა, დამბლაც ახასიათებს და სხვა სიმპტომებიც, მაგრამ იწელება საათებში, ასე უეცრად შედეგს ნაკლებად აყენებს. ძალიან რთულია სალმონელას ეს ყველაფერი დააბრალო, სხვა ტოქსინს ჰგავს და ეს უნდა აღმოაჩინონ ლაბორატორიულად.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს დაღუპული ბავშვის ოჯახს და ახლობლებს, დედას კი გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.
"ბავშვს გაუღვიძია და მამისთვის უთქვამს, წყალი მინდაო, და უცებ ისე დამძიმდა, რომ ვერაფერი მოასწრეს, გარდაიცვალა"
ამ დღეებში კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი სამტრედიაში მოხდა. 4 წლის ლილე დგვეფაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. გოგონა სამტრედიის მუნიციპალიტეტში, დაბა კულაშში ცხოვრობდა. ბავშვი ისე უცებ ჩააკვდა მშობლებს ხელში, რომ პატარას სასწრაფო დახმარების ბრიგადამაც ვერ მიუსწრო.
"ბავშვს რამდენიმე თვის წინ ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. ერთადერთი შვილი ჰყავდათ, მალე 5 წლის გახდებოდა. ლილე საყვარელი ბავშვი იყო. რა უნდა უთხრა ასეთ დროს მის მშობლებს, როგორ მივუსამძიმრო მის ოჯახს ეს დიდი ტრაგედია?!
დილით ბავშვს გაუღვიძია და მამისთვის უთქვამს, წყალი მინდაო, და უცებ ისე დამძიმდა, რომ ვერაფერი მოასწრეს, გარდაიცვალა. ამბობენ, გული გაუსკდა", - ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ დაბა კულაშში ვლადიმერ სოხანეიშვილი.
ლილე დგვეფაძე კულაშის ბაგა-ბაღის აღსაზრდელი იყო. არც მის პედაგოგებს აქვთ კითხვაზე პასუხი, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.
"ჯანმრთელი ბავშვი იყო, ვერ აგვიხსნია, რა მოხდა. ამაღლების, ოთხშაბათის შემდეგ ბავშვი არ ყოფილა ბაღში. ლილეს დედას რომ ვკითხეთ მიზეზი, გვითხრა, სურდო აქვს და ორშაბათიდან მოვიყვანო. უცებ ეს ტრაგედია გავიგეთ. ბავშვმა ოპერაცია 6 თვის წინ გაიკეთა. ხმის იოგები ჰქონდა დაზიანებული, ხმადაბლა საუბრობდა. ორი თვე იყო სახლში და მერე ჩვეულებრივ დადიოდა ბაღში. როგორც გავიგეთ დილით უეცრად გამხდარა შეუძლოდ და გარდაიცვალა. ახლა ისეთი მდგომარეობაა მათ ოჯახში, კითხვებს ვერ დასვამ", - ამბობს ბაგა-ბაღის დირექტორი.
ჩვენ დავუკავშირდით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელს მარინა თევზაძეს, მაგრამ ვერც იქ გვითხრეს ტრაგედიის მიზეზი.
"ბავშვი ჯანმრთელი იყო, ველაპარაკე მისი ოჯახის ექიმს. ხმის იოგების პრობლემა ჰქონია და 6 თვის წინ გაუკეთებია ოპერაცია.. საშინელი ამბავია, თანავუგრძნობ მის ოჯახს", - ამბობს ქალბატონი მარინა.
გამოძიება ამ ფაქტზეც დაწყებულია, ალბათ, ექსპერტიზა დაადგენს ბავშვის სიკვდილის მიზეზს.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს პატარა გოგონას ოჯახს.