პუტინის კოშმარი ანუ "დრონების ჯინი" გამოშვებულია - რუსეთს მოსვენება უკვე აღარ ექნება - კვირის პალიტრა

პუტინის კოშმარი ანუ "დრონების ჯინი" გამოშვებულია - რუსეთს მოსვენება უკვე აღარ ექნება

ასული კვირის მოვლენებმა რუსეთ-უკრაინის ოთხწლიან ომში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა. არა, უკრაინელებს არ დაუბრუნებიათ დონეცკი და არც ყირიმის ნახევარკუნძულის გასათავისუფლებლად შეჭრილან. უბრალოდ, სწორედ გასულ კვირას ცხადი შეიქნა, რომ ამ საშინელი ომის წამომწყებ პუტინის რუსეთს მოსვენება აღარ ექნება არც უშუალოდ უკრაინის საზღვართან და არც მისივე ტერიტორიის სიღრმეში, გინდ შორეულ ჩრდილოეთში, მურმანსკთან, და გინდაც კიდევ უფრო შორეულ აღმოსავლეთში, ციმბირში, ირკუტსკთან...

სწორედ მურმანსკსა და ირკუტსკთან, რომლებიც, შესაბამისად, 2 და 5 ათასი კმ-ით არიან დაშორებული უკრაინის საზღვრებიდან, უკრაინულმა საჰაერო შეტევებმა ყველას დაანახა, რომ "დრონების ჯინი" საბოლოოდ გამოშვებულია და ასეთი საჰაერო შეტევები რუსეთის ტერიტორიაზე უკვე ყოველღამეული გახდება და იმას, რასაც რუსული საჰაერო დარტყმების გამო მეოთხე წელია გრძნობენ უკრაინის მოქალაქეები, "გადაელოცება" რუს ხალხსაც.

მსოფლიო ომების ისტორიაში 2025 წლის 1-ლი ივნისი ჩაიწერა როგორც ახალი ფურცელი, თანამედროვე და აქამდე არნახული ტაქტიკის გამოყენებით მოწინააღმდეგის აეროდრომებზე მასირებული და ერთდროული საჰაერო შეტევები კამიკაძე-დრონებით.

უკრაინის უშიშროების სამსახური, "ეს-ბე-უ", თურმე 18 თვის განმავლობაში სრულიად საიდუმლოდ ამზადებდა ამ მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომ მისწვდომოდა უკრაინიდან ძალზე დაშორებულ იმ რუსულ სამხედრო აეროდრომებს, საიდანაც აფრენილი რუსული ბომბდამშენები უკრაინის ქალაქებისკენ სისტემატურად უშვებენ ფრთოსან რაკეტებს.

უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე ათასი კმ-ით დაშორებულ ამ რუსულ აეროდრომებამდე მისაფრენად უკრაინულ თვითმფრინავის კონსტრუქციის კამიკაძე-დრონებს 10-12 სთ მაინც სჭირდებოდათ (ციმბირამდე მაინც ვერ ჩააღწევდნენ), რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა მათი ჩამოგდების ალბათობას რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიერ და ამიტომაც არჩეულ იქნა კამიკაძე-დრონების გამოყენების სხვა ტაქტიკა - მათი გაშვება უშუალოდ რუსული სამხედრო აეროდრომების სიახლოვიდან, რაც რუს მეზენიტეებს მათი აღმოჩენისა და ჩამოგდებისთვის დროს აღარ დაუტოვებდა.

ეს შეიძლებოდა კვადროკოპტერის სქემის იმ FPV-დრონების საშუალებით, რომლებსაც ორივე მხარე ყოველდღიურად ათასობით იყენებს უკრაინის ფრონტზე, მაგრამ საჭირო იყო მათი რამენაირად მიტანა რუსულ აეროდრომებთან რამდენიმე კმ-ში და მათი მასობრივი სტარტის უზრუნველყოფა დისტანციურად.

2-droni-1749403930.jpg
რუსულ სამხედრო აეროდრომზე მოწყობილი თანამედროვე "პერლ-ჰარბორი" - უკრაინულმა კამიკაძე-დრონების მიერ აფეთქებული სამი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-95МС, თითოეული 100 მლნ დოლარის ღირებულების...

უკრაინელმა მზვერავებმა დიდი სამხედრო ეშმაკობა გამოიჩინეს და სიმარჯვე და თანამედროვე "ტროას ცხენები" შექმნეს თავად რუსეთის ტერიტორიაზე - ჩელიაბინსკში დაიქირავეს შენობა, თანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ეფ-ეს-ბეს რეგიონული ოფისის სიახლოვეს, სადაც გადასატანი ხის სახლების სახურავებში ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი კამიკაძე-დრონები მოათავსეს.

ხის სახლები ტრაილერებზე დატვირთვეს და მძღოლებს (რომლებმაც არ იცოდნენ, რომ სინამდვილეში უკრაინული კამიკაძე-დრონები გადაჰქონდათ) ტვირთის საჭირო მისამართებზე მიტანისა და იქვე დალოდების მითითება მისცეს - ეს ადგილები რუსული სამხედრო აეროდრომების სიახლოვეს იყო.

1-ლ ივნისს თითქმის ერთდროულად ტრაილერებზე განთავსებული მობილური სახლების სახურავები დისტანციურად გადაიხსნა და იქიდან "კრაზანებივით" დაიწყეს ამოფრენა კამიკაძე-დრონებმა, რომლებიც მაშინვე რამდენიმე კმ-ით დაშორებული რუსული სამხედრო აეროდრომებისკენ გაფრინდნენ.

კამიკაძე-დრონებს, სავარაუდოდ, რუსული ინტერნეტკავშირის გამოყენებით ის ოპერატორები მართავდნენ, რომლებიც უკრაინაში იმყოფებოდნენ. თუმცა არ არის გამორიცხული, კამიკაძე-დრონები აღჭურვილი იყვნენ ე.წ. მანქანური ხედვის სისტემითაც - მათი მართვის კომპიუტერში წინასწარ იყო შეტანილი რუსული ბომბდამშენების სხვადასხვა რაკურსის ფოტოები და თუკი დრონის ვიდეოკამერის მიერ აღმოჩენილი სამიზნის კონფიგურაცია ემთხვეოდა "რუსული დათვის" (ასე მოიხსენიებენ დასავლეთში საბჭოთა/რუსულ სტრატეგიულ რაკეტმზიდ-ბომბდამშენ Ту-95МС-ს) წინასწარ ჩაწერილ ფოტოებს, მაშინ კამიკაძე-დრონი ავტომატურ რეჟიმში მას ამოიღებდა მიზანში.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, საერთო ჯამში, გამოიყენეს 117 კამიკაძე-დრონი რუსეთის ხუთი სამხედრო აეროდრომის მიმართულებით და დააზიანეს-გაანადგურეს 41 ერთეული რუსული სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-95МС-ები და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3, ასევე რუსული "ავაქსი" А-50-იც, რაც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის 34%-ის დანაკლისია და, საერთო ჯამში, 7 მლრდ დოლარზე მეტის ზარალია რუსეთისთვის.

დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ უკრაინის სპეცოპერაციის "ობობას ქსელის" შედეგად რუსულ აეროდრომებზე განადგურებულია 8 სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-95МС, 12 შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი Ту-22М3, 2 ერთეული შორი რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავი А-50, ერთი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-12 და სავარაუდოდ, ასევე ერთი საჰაერო ტანკერი Ил-78М.

საერთო ჯამში გამოდის 25 ერთეულამდე განადგურებული რუსული სამხედრო, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავი. ეს ციფრი ჩამოუვარდება უკრაინის პრეზიდენტის მიერ გაცხადებულ 41 განადგურებულ რუსულ თვითმფრინავს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სხვა დაზიანებული რუსული ბომბდამშენების თანამგზავრული ფოტოები კიდევ დაიდება.

თუმცა მთავარი ის არის, რომ უკრაინელებმა შეძლეს ასეთი წერტილოვანი დარტყმების მიყენება რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეში და, ამასთან, გაანადგურეს იმ რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების ნაწილი, რომლებიც ომის დაწყებიდან მეოთხე წელია, სისტემატურად უშვებენ ფრთოსან რაკეტებს უკრაინული ქალაქების დასაბომბად და მათი განადგურება სხვანაირად შეუძლებელი იყო, რადგან რაკეტების გაშვებისას რუსული ბომბდამშენები რამდენიმე ასეულ კმ-ზე ახლოს არ უახლოვდებიან უკრაინის საზღვრებს, შესაბამისად, მათი ჩამოგდება ყველაზე შორსმფრენი საზენიტო რაკეტებითაც კი შეუძლებელია.

რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფმა უკრაინამ კიდევ ერთხელ გამოიჩინა მოხერხებულობა და აგრესორ რუსეთს მორიგი, ძალიან მტკივნეული დარტყმა მიაყენა, თუმცა, წესით, კიევზე არანაკლებ ეს ნატოში უნდა უხაროდეთ, რადგან უკრაინელებმა ხელის ერთი მოსმით შეამცირეს რუსეთის ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი - სტრატეგიული ავიაცია. შესაბამისად, პუტინს უფრო ნაკლები საშუალება დარჩება დასავლეთისკენ ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად.

"დრონების ჯინის" გამოშვებით უკრაინამ მიაგნო ეფექტიანი ბრძოლის იმ გზას, რომლითაც შეძლებს მტკივნეული დარტყმები მიაყენოს მასზე ბევრად ძლიერ აგრესორ რუსეთს არა მარტო ფრონტის ხაზზე, არამედ მისივე ტერიტორიის დიდ სიღრმეში, ანუ დრო, როდესაც პუტინის რუსეთს აქამდე შეეძლო დაუსჯელად დაებომბა საქართველო და უკრაინა და არ ეშინოდა საპასუხო ქმედებებისა მისი ტერიტორიის სიღრმეში, წარსულს ჩაბარდა.

ამიერიდან უკრაინული "დრონების ჯინი" აგრესორი ქვეყნის თითქმის ყველა სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მნიშვნელოვან ობიექტს მისწვდება, მით უმეტეს, 2025 წელს უკრაინა 2,5 მლნ ერთეული სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებას აპირებს, რომელთა დიდ ნაწილს უშუალოდ ფრონტზე გამოიყენებენ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევების შესაჩერებლად. თუმცა საკმარისად დარჩებათ კამიკაძე-დრონებიც, რათა ყოველღამ ახალ-ახალი რუსული ნავთობბაზები, ენერგოობიექტები და რაც მთავარია, აეროდრომები და შეიარაღების საწყობები ააგიზგიზონ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.

ამასთან, კრემლს მხოლოდ მფრინავი დრონების არ უნდა ეშინოდეს, რადგან უკრაინელებმა საზღვაო კამიკაძე-კატარღების შემდეგ გასულ კვირას პირველად გამოიყენეს წყალქვეშა კამიკაძე-ტორპედოებიც.

უკრაინასთან დიდი ომის მეოთხე წელს პრეზიდენტ პუტინს რუსულ სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული მინიატიურული კამიკაძე-დრონებით უზარმაზარი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენების აფეთქებაც ვერ მოენელებინა, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა ახალი სიურპრიზი შესთავაზეს და 3 ივნისის გამთენიისას ისევ აუფეთქეს კრემლის მხცოვანი ბინადრის საყვარელი "სიამაყე" - ყირიმის ხიდი.

ისევ აუფეთქეს იმიტომ, რომ ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ ააგო, ორჯერ უკვე გახდა უკრაინელების უნიკალური დივერსიული ოპერაციების სამიზნე, თუმცა ამჯერად ყირიმის ხიდზე თავდასხმა მაინც განსხვავებული გახლდათ, რადგან ის წყალქვეშა შეტევით მოხდა.

ყირიმის ხიდზე წინა ორი დივერსიული ოპერაციისგან განსხვავებით, როდესაც უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ერთხელ დანაღმული ტრაილერი (2022 წლის 8 ოქტომბერს), მეორედ კი წყალზედა კატარღა-კამიკაძეები გამოიყენეს (2023 წლის 17 ივლისს), ყირიმის ხიდის აფეთქების მესამე ცდა 2025 წლის 3 ივნისს უკვე წყალქვეშა აფეთქებით შესრულდა.

თავად უკრაინის უშიშროების სამსახურის, "ეს-ბე-უს" განცხადებით, მათი აგენტები, როგორც მუშები, მონაწილეობდნენ ყირიმის ხიდის ბურჯების გარემონტებაში, რის შემდეგაც ხიდის ერთ-ერთი საყრდენი ბურჯის წყალქვეშა ნაწილზე დეტონირდა 1 100 კგ ტროტილის ეკვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება, რამაც ხიდის ბურჯის წყალქვეშა ნაწილი, რომელიც ზღვის ფსკერზე ჩადის, სერიოზულად დააზიანა.

თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც - უკრაინის სპეცსამსახურებმა პირველად გამოიყენეს წყალქვეშა კამიკაძე-დრონი Марічка, რომლის სიგრძე ექვს მეტრამდეა, დიამეტრი კი ერთ მეტრს შეადგენს და მას ათას კმ-ზე ერთტონიანი ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანა შეუძლია.

აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ საჰაერო, საზღვაო (მათ შორის წყალქვეშა) და სახმელეთო დრონების გამოყენების ტაქტიკა ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა იმისთვის, რომ უკრაინამ რამენაირად შეძლოს შედარებით ნაკლები დანაკარგებით (პირველ რიგში იგულისხმება უკრაინელი სამხედროები) ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა პუტინის მთავარი ჩანაფიქრის - უკრაინის სრული ოკუპაციის ჩასაშლელად.