„რისთვის გვინდა თავისუფლება, თუ არა მოსახმარებლად, მაგრამ რაზე მოვიხმართ... გზა, გასავალი ევროპაში ისევ დაგვეხურა“ - კვირის პალიტრა

„რისთვის გვინდა თავისუფლება, თუ არა მოსახმარებლად, მაგრამ რაზე მოვიხმართ... გზა, გასავალი ევროპაში ისევ დაგვეხურა“

ამონარიდები თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ აღიარებული მარო მაყაშვილის დღიურიდან.

  • ოქტომბერი 10-ს. 1918 წელს. 91/2 საღამოს.

მე მაქვს ეხლა წარმოდგენილი ის, თუ როგორ ვიცხოვრებ მე, როცა სწავლას დავამთავრებ. მექნება ჩემი სახლკარი ჩემებურად მოწყობილი. მე მინდა, ჩემი ოთახები ძველებურ სტილზე მოვაწყო. ჩემი ამხანაგები (ქეთო, ვავა) სულ სხვისკენ მიისწრაფვიან. ისინი ამბობენ, როცა ჩემთვის ვიცხოვრებო, ბევრი ოთახები მექნება, ოთახები, რომლებშიც მე ცალკე მივიღებ ხოლმე სტუმრებს, ოთახები საკუთრივ ჩემთვის, "ბუდუარი" და სხვ.

ეგენი მეჯავრება, რა სისულელეა. მექნება სასიამოვნო სახლი, სულ უბრალოდ, მაგრამ ლამაზად მოწყობილი. თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზით არ ვიქნები. ჩემით ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს მე შევიძენ. რა სამართალია სხვის ამაგით ცხოვრება. ეხლა, როცა ვხედავ, რა გასაჭირშია მამა, გული მეწვის. ერთი ის მუშაობს 6 კაცზე. რათა? განა ეგ დავალებული აქვს? მე მაგის წინააღმდეგი ვარ.

  • ამისთანა ძვირობაში შეუძლებელია ავად გახდომა. მამა ჯერ ავადმყოფობით იტანჯება ნუნუსი და მერე ძალიან ბევრ ფულის დახარჯვაში. საშინელი ფასებია წამლებზე. მამამ სთქვა: "უკანასკნელს ფულს დავხარჯამ, ოღონდ თქვენ კარგად მყავდითო". საბრალო კაცმა რა დაუშავა ქვეყანას, იღბალმა რად უმტყუნა? რატო მისი ცხოვრება ბედნიერი არ გახადე, სულ უბედობა და უიღბლობა. ხვალ ახალი წელია. აბა, ფორტუნა თავის ყანწიდან რას გადმოგვიყრის. ხვალ ახალი სტილით არის 1919 წელი. ღმერთო, ეს წელიწადი გააბედნიერე და მრავალი სიკეთე მოუტანე შენ დატანჯულ ერს.

  • ჩემი იდიალი არის ის, რომ როცა გავათავებ სწავლას, მოვიარო მთელი ქვეყანა. ამაზე დიდი ბედნიერება რა იქნება? ნუთუ ღმერთი არ მაღირსებს ამისთანა სიხარულს, როდესაც დადგება ის დრო, რომ მე ბარგი შევკრა და სამგზავროთ გავსწიო. ჯერ საფრანგეთში, ინგლისში, ესე იგი დასავლეთ ევროპაში და მერე ამერიკაში, აფრიკაში. იმაზედაც დავსთანხვდები, თუ მარტო ამერიკაში წავიდე. არა, იტალიის და საბერძნეთის ნახვაც ძალიან მინდა. ოჰ, ფულო, ფულო, რათა გაქვს მაგისთანა ძალა, რომ შენ წინაშე ყველა კარები ღიაა? ვეცდები გულით და სულით და იქნება, ჩემი უდიდესი განძრახვა როდისმე შევასრულო.

  • ამ უკანასკნელ დროს მტრებმა არ დაგვაყენეს. ყოველ მხრიდან თავს გვესხმევიან. იქ ახალციხე თათრებმა აიღეს, აქ სოჭი მოხალისეთა რაზმმა დენიკინის მეთაურობით. გუშინ მე ვიყავი თეატრში, იქ წაიკითხეს, რომ ინგლისის მთავრობამ გამოგზავნა დეპეშა, რომელშიაც იყო: ინგლისის მთავრობა უბრძანებს ინგლისის მისიას, გასცეს ბრძანება დენიკინს და ის მოსცილდეს საქართველოს საზღვრებს. დიდი ტაში და ჰიმნების დაკვრა იყო. დიდ ისტორიულ მომენტს განვიცდით. 15 ამ თვეს არჩევნები იყო დამფუძნებელ კრებისა. დიდი ამბები იყო ქუჩებში. ბიულეტინები დაფრინავდნენ ჰაერში, ავტომობილები დასრიალებდნენ და ნომრებს ჰყრიდნენ. ყველა ჩქარობდა, ხმა მიეცა იმ პარტიისთვის, რომელიც მოსწონდა. №11 იყო უპარტიოებისა და არც ერთი არ გავიდა. 480 ხმა მიიღეს. ახალი პარტიაა და ბევრი მას არ იცნობს. ყველგან სოც. დემ. გადიან. ოჰ, ეგ პარტია ცრუ გზაზე აყენებს. ეგ სოციალისტები კი არ არიან, არამედ ბურჟუები, მარტო სახელი აქვთ სოციალისტებისა და მის ენით ლაპარაკობენ. მთელი ერი, მგონი, 15 პარტიათ გაიყო. აბა, აქ რა იქნება, რა გამოვა.

  • გავიცანით მე და ქეთომ პაულო იაშვილი, ძალიან სასიამოვნოა. პირველად მომწონდა, ეხლა თან და თან - არა, მე სახით ვამბობ. მხიარულია. ყოველთვის სახაზინო თეატრში ვხვდებით. ის მონაწილეობას იღებს ჩვენს დიდ საღამოზე, რომელსაც ვმართავთ 22 თებერვალს. ოჰ, რა ფაციფუცში ვართ. არტისტებთან დავრბივართ, ვთხოვთ, რომ მონაწილეობა მიიღონ.

9 საათზე არტისტებიც მოვიდნენ: ვანო სარაჯიშვილი, ინაშვილი, სპიტკო. გავიცანით ინაშვილი. წინად უფრო მომწონდა, როცა ახლო გავიცანი, არ მომეწონა. პირველმა სპიტკომ იმღერა, რადგანაც კომერციულ სასწავლებლის საღამოზედაც იყო მიწვეული. სწორედ იმ საღამოს თითქო ჯიბრზე კომერსანტებმა გამართეს ბალი. კონკურენცია იყო ჩვენ და მათ შორის. 12 საათზე ცეკვა გაიმართა. ბევრი ვითამაშე, ძალიან დავიღალე კიდეც, თვალები მიჭრელდებოდა, როცა მაგდენ თავებს ვხედავდით. კორიდორებში გამოვედით დასასვენებლად. მერე გოგა, მე, ქეთო, გუგული და ბევრი სხვა ჩვენ ჯგუფისა შევედით პატარა სასტუმრო ოთახში და ცალკე ცეკვა გავმართეთ. იქვე როიალი იდგა, გუგული მამაცაშვილი უკრავდა. ჩვენ კი ყველაფერს ვცეკვავდით, ტანგოსაც კი... 11 საათზე პაულო იაშვილი მოვიდა. მივესალმეთ და ყვავილები მივეცით. შემდეგ კოპალიც მოვიდა და ვახშმისთვის სულ კარგი ხალხი დარჩა. პაულო ტოლუმბაშათ იყო. აუქციონზე შამპანიური ორ ათასათ გაჰყიდა. ძალიან ყვიროდა და არ დაიღალა. ესტრადაზე მე და ქეთო აგვიყვანა და იქ გვეჭირა ბოთლი. სხვები ფულს აგროვებდნენ. კაბარის დროს პაულომ და კოპალმა ლექსები წაიკითხეს. სახაზინო თეატრიდან მოიპატიჟეს მოცეკვავეები და მომღერლები. ძალიან კარგი იყო. ჩემ მაგიდიდან ბლომად ავიღე ფული... 4 საათზე ხალხი წავიდ-წამოვიდა. დავრჩით მე, ელო, ტასო, ნიცა, ბეჟანიშვილი და რცხილაძე - ეს ჩვენი კლასიდან, თითქმის მთელი მე-6 კლასი, ზოგიერთნი მე-5-დან, პაულო, ლელი, კოპალი, ყველა მასწავლებლები, დირექტორი, გამგე თავის მახლობლებით, 8 აფიცრებამდინ, სუნანა, მედია, აფხაზი ნიკუშა და სხვ. როიალზე უკრავდით. მე პირველად ვიყავი საღამოზე და ისე ნასიამოვნები არასოდეს არ დავრჩენილვარ. 5 საათზე ვახშამი გაგვიშალეს, ერთი უშველებელი საერთო მაგიდა. ჩვენი გერმანულ ენის მასწავლებელი ძალზე დაითვრა და ყველას ქათინაურებს ეუბნებოდა. საცინელი იყო სიმთვრალეში და ცეკვაში. ვახშმის დროს დირექტორმა მოგვილოცა ჩვენ და გვისურვა ბედნიერება. სთქვა: მე მინდა, რომ თქვენ ცხოვრებაში თქვენი აზრით და ჭკუით იყოთ და არავის, არავის არ მიბაძოთ. მერე პაულომ და კოპალმა დალიეს. ალავერდი ჩემთან იყო. დაუკრეს ჩაჩნური, ვიცოდი, რომ მე მათამაშებდნენ, გავიქეცი და დავიმალე სხვა ოთახში. ყველანი გამომეკიდნენ: "კნიაჟნა! კნიაჟნა! სულ ერთია, არ დაგანებებთ თავსო, მანამ არ ითამაშებთ". რა მექნა, მეც დავსთანხვდი... 8 საათზე სახლში დავაპირეთ წამოსვლა. სახლამდინ არ მომიკუმშია პირი, გიჟივით ვიცინოდით. პაულომ მოტეხა დიდი ტოტი ერთი ხისა, შუა ქუჩაში დადგა და ყვირილი დაიწყო, გაიღვიძე, მინისტრო ევგენი გეგეჭკორო! ქუჩაში ვინც კი არ შეხვდებოდა, ხელს ართმევდა, ქუდს უხდიდა და ჰკოცნიდა კიდეც. ერთი ტაჩკა დაინახა, შიგ ჩაჯდა და ყვირის, მცხეთაში მივდივარო. იმ დღეს კურთხევა იყო კათალიკოსის ლეონიდის. ისე ვხმაურობდით, რომ ყველა ფანჯრებში იყურებოდა ღამის საცვლებში. პაულო და კოპალი ქუდს უხდიდნენ და კოცნას უგზავნიდნენ... როცა სახაზინო თეატრს მიუახლოვდით, მუსიკის ხმა მოგვესმა. დავინახეთ ქართული ჯარი ქართულ დროშით მიმავალი მცხეთაში. კოპალმა და პაულომ ორი უშველებელი თაიგული იები გვიყიდეს. დავდექით შუა გზაში და ჯარი რომ მოგვიახლოვდა, ყველას დაურიგეთ პატარ-პატარა თაიგულები იის და მერე თავზე ვაშის ძახილით გადავაყარეთ. ჯარი შედგა და ქართული სიმღერა დასძახეს. პაულომ ექსპრონტები უთხრა. მერე ჯარს უკან მარშით გავყევით. ხალხი გვიყურებდა და უკან მოგვდევდა ცქერით. ყველა ფანჯრებიდან გვიცქეროდნენ. 9 საათი იყო... ერთ დუქანთან დავდექით. პაულომ, ციციშვილმა და კოპალმა დაინახეს ერთი მზარეული, რომელიც ფანჯარაში იდგა. როგორც ნადირის, ისე ბრაზება დაიწყეს, თითს აჩვენებდნენ, ეღრიჭებოდნენ. იმანაც ვეღარ მოითმინა და წყალი შეასხა. ერთ თათრის დუქანში შევიდა, აიღო დიდი ვაშლი და მთელ ქუჩაში მიყვირის, მარო მაყაშვილის ქალო, ვაშლი, ვაშლი დაიჭირეო და გადმომიგდო. მე ძლივს დავიჭირე. მერე აიღო რაღაცა და მეუბნება, რა მაქვსო თქვენთვის, რაო! მე მივედი და ხახვი ჩამიდო ხელში.

2 საათზე მეტს მოვდიოდით ინსტიტუტიდან. გამოვეთხოვე მათ. კოპალმა და პაულომ დიდის ამბით ხელზე მაკოცეს. ძალიან შეშინებული იყო დედა, ეგონა, რომ იქ დავრჩი ღამე, რადგანაც წვიმა იყო. მერე ხან რა მოუვიდა ფიქრათ, ხან რა. ძალიან დაღლილი მოვედი, დავლიე ჩაი და დავიძინე.

  • მაისი. 1919 წ. თავისუფალი ქალი თავისუფალ საქართველოში. ოქროს სიტყვებია!..

ოჰ, ნეტარო სიტყვებო, რა დიდხანს გელოდა შენ დედაკაცის გული, ეს დაჩაგრული, დამონებული, მუხრუჭ გაყრილი, დიდხანს, ძალიან დიდხანს, ისე დიდხანს, რომ იმედიც კი გადაიწყვიტა, თითქმის შეგნება თავისუფლების მნიშვნელობისა კიდეც დაჰკარგა... გადაგვარდა... მაგრამ რაკი მოხველ, რაკი მოფრინდი, მშვენიერებავ, ნათელფენილს მოწიწებით მოგეგებებით, ფიანდაზად წინ გაგეშლებით, გულში ჩაგიკრავთ, შეგეთვისებით.

შეგეთვისებით, მით უმეტესად, რომ წყურვილი თავისუფლებისა ქართველ ქალში ყოველთვის იყო. და აწ ყოფილი კვლავ აღსდგება, დაუბრკოლებრივ.

საქართველო, ეს პატარა, მაგრამ სულით ბრძოლა, ქალს მონად არ სთვლიდა. პირ იქით მას ადიდებდა, თაყვანს სცემდა, როგორც ემბლემას სისპეტაკის, სათნოების, მშვენიერების, სხივმოსილობის.

ნინო, ქეთევან, თამარი და მრავალი მათ მიმდევარნი ქართველთ შეგნების, იმის გმირობის და ვაჟკაცობის, გზას უნათებდნენ, იმათ ზნეობას აელვარებდნენ, აფაქიზებდნენ.

  • ჩემი უუდიდესი ნატვრა, რომელიც საშინელის სიჩქარით ღვივდება ჩემ გულში, არის მოგზაურობა. ფული, ფული, ნუ თუ სულ მაგაზე არის ყველაფერი დამყარებული. ღმერთმანი, კარგი იქნებოდა, ინგლისელს ან ფრანგს გაჰყვეს ქართველი ქალი, რომ მოიაროს ქვეყანა. გადაეკიდები ვინმე ქართველს, მძიმეფეხიანს და გვერდით უჯექი, მანამ სულს არ დალევ. მე ამის წინააღმდეგი ვარ, ყველაზე კარგია, როცა ცოლიცა და ქმარიც თანაუგრძნობენ ერთმანეთს, და როგორმე საერთო ძალით ასრულებენ იმას, რაც ენატრებათ.

ჩემი დღიური რომ წაიკითხონ, ეგონებათ, ძალიან მინდა გათხოვება. რა სასაცილოა, უკანასკნელად რომ თითქმის მაგაზე ვსწერ. ეს სულ წარმოდგენაა, რა იქნება შემდეგ, ეხლა მაგ ნაბიჯს არ გადავდგამ, ძალიან დიდიც არის და არა სასურველიც. მე თვითონ მიკვირს ჩემი თავის. სხვანაირი ვარ, არა ისეთი, როგორც დანარჩენი, ვითომ რათ? არ ვიცი, იმ დღეს შეყვარებული დავინახე ჩემი თავი, მეორე დღეს ჭკუაში არცკი მომდიოდა ის. და არც შემდეგ. რით აიხსნება, რას დავაბრალო?! ნუთუ ორი წლის შემდეგ ესეთი მდგომარეობა იქნება, ნუ თუ არ მეღირსება წასვლა, რომ დავაკმაყოფილო ჩემი მისწრაფება".

  • 19 მარტს. 1920 წ. თბილისი.

ბათუმი წაგვართვეს. ჯვარი დაასვეს საქართველოს ამ საქციელით. ეს ნაწილი საქართველოსი მოჰგლიჯეს და ანტანტამ ჯარი შეიყვანა. დღეს დიდი მანიფესტაცია იყო სასახლის წინ. პროტესტს უცხადებდა ყოველი უცხოელ მისიას. ყოველ ქართველ გულიდან სასოწარკვეთილი სიტყვა ისმოდა. ვიღუპებით. უბათუმოთ არსებობა არ შეგვიძლიან. მართლაც, რა დაცინვაა. მოგვცეს თავისუფლება. რისთვის გვინდა იგი, თუ არა მოსახმარებლად. მაგრამ რაზე მოვიხმართ. გზა, გასავალი ევროპაში ისევ დაგვეხურა. ერთად ერთი ბუნებრივი ნავთსადგური ბათუმია, ფოთის და სუხუმის ზამთარში დაკეტილი. გადაშლილი ბათუმის ბუხტა კი ყოველთვის მოსახმარებელი. რუსები რომ ამბობენ, "лакомый кусочек". იქ გადასწყვიტეს კომფერენციაზე და აღსრულდა, როგორც უბრალო საგანი, ისე ჩამოაშორეს. ეს ძალიან საგრძნობელია ქართველებისთვის. სულ ერთია, თუ ადამიანს რომელიმე სხეულის ნაწილი დაჰკლებოდა. დღეს ვყვიროდით, ვიძახოდით: "ბათუმი ჩვენია, ბათუმი უკან". ვინ გვიგდებდა ყურს. მოღრუბლული ცა. მუდმივი მოწმე ლხენისა და ვარამისა. ყველა გარედ იყო, დიდი თუ პატარა"

  • გუშინ კიდევ და კიდევ მოხდა საშინელი უბედურება. ღამის 12 საათზე იუნკრების სასწავლებელზე დაეცნენ ბოლშევიკები. ოჰ, ეს მხეცები, ადამიანის სისხლის მსმელნი, სიტყვა აღარა მაქვს, გამოვთქვა. საბრალო ყმაწვილები წამოახტუნეს ლოგინებიდან და უთქვამთ: მთავრობა ძირს ჩამოვაგდეთო, ეხლა ჩვენ წამოგვყევითო. იუნკრებმა მაშინვე უპასუხეს: ჩვენ განკარგულება არავინ მოგვცაო.

- განკარგულებას ჩვენ გაძლევთო, მარდათ ჩაიცვითო. - შეჰყარეს უიარაღონი ერთ ოთახში, უცხო ყმაწვილებმა მოასწრეს ელექტრონის ჩაქრობა და ტაბურეტკებით სროლა მათში. მაშინ ბოლშევიკებმა (მეტი წილი სომხები იყვნენ) დაუწყეს სროლა, სიბნელეში არავის არ მოხვდა ტყვია. მოვიდა გენ. კვინიტაძე ამ ხმაურობაზე. ერთმა ბოლშევიკმა პირდაპირ ესროლა, მაგრამ ასცდა. კვინიტაძე გაიქცა იარაღისთვის, უკან კიდევ ოთხჯერ მოარტყეს რევოლვერი, მაგრამ აქაც არ მოხვდა. ამ დროს გვარდიელებმა დაუყვირეს, ნუ გეშინიანთ, იუნკრებო, ჩვენ თქვენთან ვართო, და იარაღი მიაწოდეს. ასტყდა ჟრიამული და წინ მოედანზე გამოიფანტნენ. აქ დაიწყო სროლა, ისეთი სროლა, რომ მძიმედ დასჭრეს ჩვენი მიშა, რომელიც მეორე დღეს საღამოს 6 საათზე გარდაიცვალა. საბრალო სისხლით დაიცალა. 1 საათიდან 4 საათამდის არავინ მიხედა. მე ჯერ გამორკვეული არა მაქვს, არ წარმომიდგენია, რომ აღარ არის მიშა. ორკვირის წინად დამარხა მამა (ძია სოლო), ეხლა - თვითონ, მერე რათ, სულ უდანაშაულო ქორფა, 20 წლის მსხვერპლი.