მოხუცების დასაქმება ჩვენს ქვეყანაში - კვირის პალიტრა

მოხუცების დასაქმება ჩვენს ქვეყანაში

საქართველოში დაახლოებით 700 ათასი პენსიონერია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, ქვეყნიდან გასული მილიონზე მეტ კაცისგან უმრავლესობა ახალგაზრდობაა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ხანდაზმულების რაოდენობა პროცენტულად ძალზე დიდია. შესაბამისად, ისინი დიდ თავსატეხად ევლინებიან ჩვენს მუდამ გაუმართავი ეკონომიკის სახელმწიფოს. სახელმწიფოც ამ პრობლემას მარად აპრობირებული მეთოდით აგვარებს, რომლის არსი მდგომარეობს ლოზუნგში "იმდენი მიეცი, რომ არც მოკვდეს და არც მორჩეს!" ასე იყო "ვარდების რევოლუციამდე" და ასეა ამჟამადაც. დღეს მოხუცების პენსია დაახლოებით 100 ლარია. ეს მაშინ, როცა ჩვენში საარსებო მინიმუმი 158,6 ლარია (ოფიციალური მონაცემებით), რეალურად კი ბევრად მეტი. აქედან გამომდინარე, ხალხში მოარული ფრაზა, ხელისუფლებას 700 ათასი კაცისთვის სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილიო, საფუძველს მოკლებული არ არის.

ხელისუფლება ხანდაზმულთათვის პენსიის დანიშვნის დროს, ალბათ, ეროვნულ ტრადიციებსაც ითვალისწინებს, რომლის ძალითაც მოხუცი მშობლების მიუხედაობა უდიდესი სირცხვილია. თუმცა, არის რეალობაც, - უმუშევარ ადამიანს, რომელიც თავად შიმშილობს, არ შეუძლია მშობელს დაეხმაროს. ოფიციალური სტატისტიკით ჩვენში დაახლოებით 300 ათასი უმუშევარია. ამის გამო ხანდაზმულთა უმეტესობა იძულებულია, თავი თავად დაისაქმოს და ხშირად ოჯახიც არჩინოს. თვითდასაქმების არეალი კი უმთავრესად ქუჩაა, სადაც ასეულობით მოხუცი დილიდან დაღამებამდე მუშაობს.

მოხუცთა დასაქმების ყველაზე გავრცელებულ ფორმად მათხოვრობა ითვლება და თუ ათეული წლის წინ ქართველებისთვის ეს სირცხვილად ითვლებოდა, დღეს ზოგიერთ მოხუცს (და არა მარტო!) ამ საქმეში შვილიშვილებიც კი ჰყავს ჩაბმული. ამას გარკვეულწილად ხელი შეუწყო თბილისში ლტოლვილთა უდიდესი ნაკადის ჩამოსვლამ, რომელიც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო. მათხოვრობის გარდა, მოხუცებისთვის ყველაზე ხელსაყრელი წვრილმანებით ვაჭრობაა (მზესუმზირა, სიგარეტი, კალმები, წინდები, კოლგოტები და ა.შ.). მათ საქონელი ხის ან მუყაოს პატარა ყუთებზე აქვთ დაწყობილი და თავადაც იქვე სხედან. ამ საქმისგან ერთადერთი შეღავათი ის არის, რომ მასზე არ არის დაწესებული გადასახადები, რაც გაუსაძლის მდგომარეობაში აყენებს სხვა მოვაჭრეებს.

მოვაჭრე მოხუცები გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო საკმაოდ აგრესიულები არიან, თუმცა, თუ მათთან საერთო ენის გამონახვა მოახერხე, იმის გაგება მაინც შეიძლება, რას შოულობენ დღეში წვრილმანი ვაჭრობით. გააჩნია დასაქმების ადგილს, - მაგალითად, მზესუმზირით მოვაჭრემ თუკი მოახერხა და სასწავლო წლის განმავლობაში სკოლასთან ახლოს იმუშავა, შეიძლება დღეში დაახლოებით 5 ლარი იშოვოს, მათხოვარმა კი (თუ გავითვალისწინებთ, რომ მათხოვრობა შეუძლებელია, თუ მათხოვარს რომელიმე მათხოვრული "კლანი" არ მფარველობს, რომელიც წილს ითხოვს) დღეში საშუალოდ 30 ლარი (ადგილს გააჩნია). ასეთი მაგალითის მოყვანა მრავლად შეიძლება.

ჩემი მეზობელ 76 წლის მოხუცი ქალი მათხოვრობით ორ ფსიქიკურად დაავადებულ შვილსა და შვილიშვილებს ინახავს. გარდა ამისა, იხდის ბანკის ფულსაც, სადაც მისი ბინა ერთ-ერთმა შვილიშვილმა დააგირავა. ასე რომ, მათხოვრობა შემოსავლიანი საქმეა მოხუცებისთვის. მიუხედავად ამისა, ხანდაზმულთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა შორის ოდესღაც ბევრი წარჩინებული ადამიანი იყო, ხელის გაწვდენას სიკვდილს არჩევს ან ნებისმიერ სამუშაოს, რომელსაც ცხოვრება მოუტანს. ძალზე ბევრი მოხუცი ვაჭრობს ბაზარში შეძენილი ხილ-ბოსტნეულით, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიაქვთ დანიშნულების ადგილას და დარში თუ ავდარში რამდენიმე თეთრით მეტად ყიდიან. ასეთმა მოხუცებმა წლების განმავლობაში საკუთარი კლიენტები შეიძინეს, რომლებსაც როგორც მატერიალურად, ისე სულიერი თანადგომისთვის, ურჩევნიათ ხილ-ბოსტნეული ქუჩაში მოვაჭრე მოხუცებისგან იყიდონ. ზოგიერთი მოხუცი თავად ბაზარში ვაჭრობს, - რამდენიმე ცალ ლიმონს, წიწაკას, ხელსახოცებს, ტუალეტის ქაღალდს, პარკებს დილიდან საღამომდე დაატარებენ და გამვლელებს ეხვეწებიან, შეიძინონ.

ვაჭრობა ვაჭრობად, მაგრამ ჩვენში მოხუცთა ამ საქმიანობის საარსებო ფაქტორი, ალბათ, მაინც ჩვენი მენტალიტეტია, - საზოგადოება ხშირად მათში თავის მომავალ სიბერეს ხედავს, ქუჩაში სამუშაოდ გამოსული უკვე დაუძლურებული ადამიანები ეცოდება და სჭირდება თუ არა, მათგან მაინც რამეს ყიდულობს. პირადად მეც ამის მაგალითი ვარ, - დეზერტირების ბაზარში რამდენჯერმე შემხვდა მოხუცი, რომელიც დაფნით ვაჭრობდა და იხვეწებოდა, იყიდეთო. არასოდეს დავფიქრებულვარ, ისე ვყიდულობდი, არადა, დაფნა, რომელიც ძალიან გემრიელი და სასარგებლოც არის, კერძში ერთხელაც არ ჩამიყრია.

(სპეციალურად საიტისთვის)