“ხვიჩას ღმერთი უყვარს და ღმერთსაც უყვარს ეს ბიჭი“ - კვირის პალიტრა

“ხვიჩას ღმერთი უყვარს და ღმერთსაც უყვარს ეს ბიჭი“

ბიჭი თვალებში ციმციმა ვარსკვალებით­ გაიზარდა და ნამდვილი ვარსკვლავი გახდა! ჯერ საკუთარი ქვეყანა აალაპარაკა, მერე - მსოფლიო. სახელი და გვარი ყველას დაამახსოვრა. სიამაყის განცდა და გამარჯვების სიხარული ყველას ერთად განგვაცდევინა.

"უზომოდ თბილი, მეგობრული, შრომისმოყვარე, მიზანდასახული" - მშობლი­ურ 169-ე საჯარო სკოლაში ხვიჩა­ კვარაც­ხელიაზე ყველა სიამაყითა და სიამოვ­ნებით საუბრობს.

"ხვიჩას სხვების სიხარულით გულწრფელად გახარების უნარი აქვს, ეს უდიდესი ნიჭია"

ლეილა ხიჩაკაძე, პედაგოგი:

- ხვიჩას თამაშებს თვალს ადევნებთ?

- რა თქმა უნდა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე რომ ითამაშა, იმ საღამოს შინ გვიან უზომოდ დაღლილი დავბრუნდი, რადგან მეორე დღეს პირველი ივნისი იყო და სკოლაში ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებები­ გვქონდა დაგეგმილი. ხვიჩამ გოლი რომ გაიტანა, არ ვიცი, სავარძლიდან როგორ­ წამ­ოვფრინდი, ძალა საიდან მომეცა.­ სას­წაული განცდა იყო, ახლაც სიხარულისგან მეტირება. ეს ბიჭი შვილივით მიყვარს. ხვიჩა და ჩემი შვილი, გიორგი ბლიაძე, ერთ კლასში სწავლობდნენ. მათემატიკას ვასწავლიდი, მეგობრობდნენ და ახლაც მეგობრობენ, გიორგი ხვიჩას მეჯვარეა.

- როგორი ბავშვი იყო ხვიჩა?

- უზომოდ თბილი, კეთილი, მეგობრული და ეს თვისებები დღემდე აქვს. მიზანდასახული რომ იყო, ეს ისედაც ცხადია.

მეხუთე კლასში იყვნენ, ჩემი შვილისთვის დაბადების დღის რესტორანში გადახდა რომ მოვინდომე, მაგრამ გიორგისთვის ეს ამბავი­ წინასწარ არ მითქვამს, მინდოდა სიურპრიზი მომეწყო. კლასელები რესტორანში მისგან მალულად წავიყვანე და ამ ამბით ხვიჩა აღფრთოვანებული იყო, გზაში ხელზე ხელს მადებდა და მეუბნებოდა, მასწ, თქვენ მსოფლიოში საუკეთესო დედა ხართ! ბავშვები რომ შევკრიბე, მერე მივიყვანე ჩემი შვილი. ცოტა ხნის შემდეგ, სუფრიდან რომ ადგნენ და გართობა დაიწყეს, ხვიჩამ თქვა, დღეს ვარჯიში მაქვს, უნდა წავიდეო. სად უნდა წახვიდე, ერთი დღე თუ არ ივარჯიშებ, რა უჭირს-მეთქი? ვარჯიშს ვერ გავაცდენო, მითხრა. მიუხედავად იმისა, რომ კლასელებთან გართობა უნდოდა, ვარჯიშზე მაინც წავიდა.

ხვიჩა უზომოდ კეთილია და რაც მასში­ ძალიან მომწონს, ის არის, რომ სხვების­ სიხარულით გულწრფელად გახარ­ების უნარი აქვს, ეს უდიდესი ნიჭია. 36 წელია სკოლაში ვასწავლი და დღემდე­ არ მინახავს მეორე ისეთი ბავშვი, სხვისი­ ბედნიერების გაზიარება ხვიჩასნაირად რომ შეეძლოს. ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის­ თავგადა­დებული ბიჭია. ჩვენ უბნელებიც ვართ და ახლა უბანში რომ გაიაროთ, მისი ყველა თანატოლი და მასზე უმცროსე­ბიც გეტყვიან,­ რომ ხვიჩას ძმაკაცია და არც ერთი არ იტყუება. არ ვიცი როგორ ახერხებს, დღემდე ყველასთან მეგობრობს, აქვს უნარი სიყვარული ყველას გაუზიაროს. თბილისში რომ ჩამოდის, ყველა უნდა ნახოს, მაკა (ხვიჩას დედა) სულ წუხს, ჩვენთვის დრო აღარ რჩებაო.

leila-xichakaze-1749412836.jpg

- არასდროს გაუბრაზებიხართ?

- ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება­. ხვიჩას გაკვეთილების გაცდენა ხშირად უწევდა, მაგრამ მიზეზი ყოვე­ლთვის საპატიო იყო - ხან თამაში ჰქონდა, ხან შეკრებაზე იყო, ეს ჩვენ ვიცოდით, მუდმივად გვქონდა კონტაქტი ოჯახთან. ზოგჯერ ცნობაც მოჰქონდა. გაცდენის მიუხედავად, სკოლაში რომ მოვიდოდა, შეგეძლო 2-3 გაკვეთილი აგეხსნა და მან უკვე იცოდა.

X-XI კლასში გამოცდები ჰქონდათ, ბავშვებს მთელი წელი ვამზადებდით, ხვიჩამ კი მათთან მხოლოდ ერთი კვირა იმეცადინა და ყველა გამოცდა იდეალურად ჩააბარა.

ეს ბიჭი დღემდე იმაზეა ორიენტირებული, რომ ვიღაცას ასიამოვნოს და თავად ამ დროს ყველაზე ბედნიერია. პატარა რომ იყო ხელფასი ჰქონდა,­ მართალია, მცირე თანხა, მაგრამ მის კლასელებს­ ხელფასი ხომ არ ჰქონდათ და როგორც კი დაერიცხებოდა, ყველას შეკრებდა და ხან შაურმაზე დაპატიჟებდა, ხან სადღაც­ მიდიოდნენ. ჯერ კიდევ მოსწავლე იყო, წარმატებებს რომ მიაღწია და მიუხედავად­ ამისა, სულ თავდახრილი გელაპარაკებოდა. თავმდაბლობით, მოკრძალებით გამორჩეულია, ახლაც რომ მელაპარაკება, სულ ცდილობს­ პატივისცემა გამოხატოს. ძალიან კარგი შვილია.

- ბოლოს როდის და რაზე ესაუბრეთ?

- საუბარზე მეტად მიმოწერა გვაქვს ხოლმე. ჩემი შვილი მეუბნება, იმდენი ვინმე სწერს, შეიძლება შენი მინაწერი ვერც ნახოს და მერე გული არ დაგწყდესო. მაგრამ დღემდე არ მქონია შემთხვევა, ჩემს მინაწერზე პასუხი არ დაებრუნებინოს. შარშან ივლისში ვნახე. ხვიჩას აქ ყოფნას ჩემი შვილის დაბადების დღე დაემთხვა. ნიცა და ხვიჩა­ ღამე ტორტით მოვიდნენ, იმხიარულეს, ძველი ამბები გაიხსენეს. მეც მათთან ვიყავი, ვუსმენდი და მსიამოვნებდა.

- საქართველო ამაყობს ბიჭით, რომლის აღზრდაშიც გარკვეული წვლილი თქვენც მიგიძღვით, ეს რა განცდაა?

- უზომოდ ბედნიერი ვარ და მეამაყება. მოედანზე ხვიჩას რომ წააქცევენ ხოლმე, ლამის გავგიჟდე, მაკას სულ ვეუბნები, როგორ შეგიძლია, სტადიონზე მისი წაქცევა ნახო-მეთქი? მე ამ დროს ვკვდები. ხვიჩას თამაშზე მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი.

- რას ეტყვით ხვიჩას "კვირის პალიტრიდან"?­

- ყოველთვის, როცა ხვიჩა თამაშობს, განვმარტოვდები და ვლოცულობ, კიდევ უფრო დიდ წარმატებას ვუსურვებ! ზუსტად ვიცოდი, რა მიმართულებაც არ უნდა აერჩია, წარმატებული იქნებოდა, რადგან საოცარი გონების და მონაცემების პატრონია.

საოცარი დედის გაზრდილი შვილია, მე თორნიკესაც ვასწავლიდი მათემატიკას და თოკოს გონიერებაზეც უსასრულოდ შემიძლია ლაპარაკი. სკოლაში მუდმივად უნდოდა დაფასთან მდგარიყო, ყველა ამოცანა კარგი მათემატიკოსივით გამოჰყავდა.

- 169-ე საჯარო სკოლაში ალბათ ყველა მოსწავლემ იცის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ სკოლაში სწავლობდა, ყველაზე ხშირად მის შესახებ რას გეკეთხებიან?

- როგორ სწავლობდა? როგორ იქცეოდა? ყველას ვეუბნები, რომ ხვიჩასგან მაგალითი აიღონ და იცოდნენ, დაუღალავი შრომით, რამდენად დიდ წარმატებას შეიძლება მიაღწიო. ხვიჩა ვარჯიშზე ბევრჯერ ღამეც კი მიდიოდა. მაკას თორნიკე რომ შეეძინა, ზოგჯერ ვერ ახერხებდა გაყოლას, აივანზე იდგა და შვილს იქიდან ადევნებდა თვალს. მის წარმატებაში დედამისს უდიდესი შრომა აქვს ჩადებული. მიხარია, რომ გაუმართლა, სულ ასეთი ბედნიერი დედა იყოს!

kvara-da-giorgi-1749412836.jpg

"ფეხბურთის ყურება ხვიჩამ დამაწყებინა"

გვანცა ხულელიძე, პედაგოგი: - ხვიჩას­ ყველა თამაშს განვიცდი, ვნერვიულობ­ და იმავდროულად მაქვს მოლოდინი და რწმენა, რომ იმ დღეს სტადიონზე სასწაული უნდა მოახდინოს. ჩემს იმედს­ ხშირად ამართლებს. ხვიჩას ინგლისურ ენას ვასწავლიდი. დღეს როდესაც მის ინტერვიუებს ვუსმენ, მის ქცევებს ვაკვირდები­, ვრწმუნდები, ადამიანს ბავშვობაში რა თვისებე­ბიც აქვს, დიდობაშიც არ იკარგება. V კლასშიც­ ასეთი სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო, თვალებში სულ ვარსკვ­ლავები უციმციმებდა. სხარტი აზროვნებით გამოირჩეოდა. მოწესრიგებული, ჩამოყალიბებული ბავშვი იყო, მისგან გაუაზრებელი ქცევა, ლაპარაკი არ მახსენდება. უნდა გენახათ, კლასელებთან როგორი თბილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან დაკავებულია, მაინც ახერხებს, ჰქონდეს ურთიერთობა ბავშვობის მეგობრებთან. სკოლაში გამორჩეული კლასი იყო, მეგობრული, შეკრული.

- ვიცი, რომ ხვიჩა სკოლაში გყავდათ მიწვეული, ეს დღე როგორ გახსოვთ?

- ჩვენი სკოლა რემონტდებოდა და დაახლოებით 3 წლის წინ, როდესაც შენობაში­ დავბრუნდით, ისე დაემთხვა, ხვიჩა აქ იყო, იმ ღამეს მიფრინავდა, მაგრამ მაინც მოახერხა მოსულიყო. ისეთი დეტალები გაიხსენა, თავად რომ აღარ მახსოვდა. მკითხა, ცელქები ვიყავით და ხომ არ გაბრაზდებდითო? არა, რას ამბობ, ეგეთი არ მახსენდება-მეთქი. ხვიჩას გამოხედვაც კი განსხვავებული ჰქონდა, შინაგანი ენერგია მოდიოდა. სპორტის გაკვეთილი იყო თუ გაკვეთილებს შორის დასვენება, ხვიჩა და ბურთი განუყრელი იყვნენ. იმის გაცნობიერება, რომ პაწაწინა­ მარცვალი მის ცხოვრებაში მეც მაქვს ჩადე­ბული, იმდენად დიდი ემოციაა, არც ვიცი, რას შევადარო. სულ მინდა აღვნიშნო ქალბატონი მაკას სამაგალითო დედობა. ჩვენს სკოლაში პარასკევი მშობლებთან შეხვედრის დღეა და ყოველ პარასკევს მოდიოდა, მუდმივად ჩართული იყო შვილის ცხოვრებაში. ხვიჩას არაერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ დედა ყოველთვის გვერდში ჰყავდა, დაჰყვებოდა ვარჯიშებზე ქარში, წვიმაში, სიცივეში... ასე მოდიოდა სკოლაშიც... შემდეგ, როდესაც ხვიჩას კლასში აღარ შევდიოდი, სკოლაში მოსულს, ხელში ბავშვითაც ვხედავდი.­ ნახეთ როგორია ხვიჩას ურთიერთობა მშობლებთან - პატივისცემა უფროსისადმი, მას ეს კულტურა ოჯახიდან აქვს, კარგად აღზრდილია. ის დამოკიდებულება, რაც ხვიჩას მშობლებისადმი ჰქონდა, ჰქონდა მასწავლებლებისადმიც. ბავშვი, რომელიც მშობლების მიმართ პატივისცემას გამოხატავს, სხვა ადამიანსაც არ სტკენს გულს.

- ახლა რას ეტყოდით ხვიჩას?

- ბევრჯერ გაგვახაროს და გაგვაბედნიეროს! უნდა ვაღიარო, რომ ფეხბურთისადმი ინტერესი არასდროს მქონდა, არანაირი­ წესი არ ვიცოდი, ვერც ფეხბურთელებს ვცნობდი, ნანახი ერთი მატჩიც კი არ მქონდა. ახლა მთელი­ ოჯახი ჩართული ვართ. ჩემი პატარა შვილი ხვიჩას ფანია. ახლა ისეთი ემოცია მაქვს, ვამბობ ხოლმე, აქამდე სად ვიყავი? ფეხბურთის ყურება­ ხვიჩამ დამაწყებინა. მის ცხოვრებაში უდიდესი მადლი მოდის მისი რწმენიდან. ყოველთვის ღმერთს ახსენებს, ყოველთვის პირჯვარს იწერს, ეს მას აძლიერებს. ეკლესიურად ცხოვრობს, ხვიჩას ღმერთი უყვარს და ღმერთსაც უყვარს ეს ბიჭი. უკვე წარმატებულია, მაგრამ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ! ზუსტად ვიცი, ეს მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის.

თამუნა კვინიკაძე