"საკუთარ მორალთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოხვიდე... მედეა კუჭუხიძემ ერთ დღეს დამიმარტოხელა და მითხრა, მე შენ არაჩვეულებრივი ბიჭი მგონიხარ და შენ ჩვეულებრივად იქცევიო" - რას იხსენებს როლანდ ოქროპირიძე?
ბავშვობაში მეზღვაურობაზე მეოცნებე ბიჭი თეატრალურ უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე აღმოჩნდა და ამ პროფესიის სირთულე და ხიბლიც მალე აღმოაჩინა. როლანდ ოქროპირიძე მაყურებლის ნაწილმა თეატრიდან შეიყვარა, ნაწილმა - სერიალებიდან და ფილმებიდან, ზოგიერთს კი თავი ლექსების კითხვით დაამახსოვრა.
- მსახიობის პროფესია ურთულესია. ძალიან დიდ შრომას და ბევრ დროს მოითხოვს. მსახიობებს სტანდარტული გრაფიკი არ გვაქვს. გადასაღებ მოედანზე, თეატრში, რა დროსაც საჭიროა, იმ დროს უნდა იყო, არ იცი, როდის გათავისუფლდები. ზოგჯერ რეპეტიციას ღამე ვიწყებთ და გამთენიისას ვასრულებთ. ასეთი რეჟიმისა და ბევრი შრომის მიუხედავად, მაინც დაუფასებელი საქმეა. დღეს საქართველოში მსახიობი ოჯახს თავისი პროფესიით ვერ შეინახავს, გამორიცხულია. ამიტომ არის, რომ ყველა დამატებით სამსახურს ეძებს.
- ნათქვამი გაქვთ, ბავშვობაში მეზღვაურობაზე ვოცნებობდი, თავგადასავლების მოყვარული ვიყავიო... როგორ ფიქრობთ, სწორი არჩევანი გაკეთეთ?
- ეს საქმე მიყვარს და მაინტერესებს, თუმცა ხადახან ვფიქრობ, შანსი რომ მქონდეს, ალბათ, ასე აღარ მოვიქცეოდი. ეს განცდა ბევრი მიზეზის გამო მაქვს, სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა, რეჟისორმა უნდა დაგინახოს, როლი მოგცეს.
- ამ პროფესიის ხიბლი რა არის?
- მაყურებლის სიყვარული და ამას ყოველდღე ვგრძნობ. უზომოდ სასიამოვნოა, როდესაც ქუჩაში გაჩერებენ, სიყვარულს გიზიარებენ... ეს პროცესი ბედნიერებას მანიჭებს, პოზიტივით მავსებს. ხშირად პერსონაჟის სახელსაც მეძახიან. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ბავშვების გულწრფელი სიყვარული არ მაკლია. ეკრანული პერსონაჟები გაცილებით პოპულარულია, ვიდრე თეატრის - თეატრში ყველა ვერ და არ დადის. ახლაც კომედიურ სერიალში ვთამაშობ, გავდივარ ქუჩაში და მეკითხებიან, რა მოხდება ჩემი პერსონაჟის ცხოვრებაში? ხშირად მსახიობს პერსონაჟთან აიგივებენ. შეიძლება ვინმემ შენი პერსონაჟის ქცევის გამო პასუხიც კი მოგთხოვოს (იცინის).
თეატრალურში გენიალურ მედეა კუჭუხიძის ჯგუფში ვსწავლობდი, მაგრამ მალე აღმოვაჩინე, რომ სულ სხვა ადგილზე ვიყავი. ერთი წლის შემდეგ დავფიქრდი, საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა, მეორე სემესტრიდან სწავლა უნდა გამეგრძელებინა თუ არა? რამდენად მინდოდა ეს პროფესია? მაშინ სხვა შესაძლებლობები ნაკლებად იყო, ქვეყანაშიც კარგი არაფერი ხდებოდა და გადავწყვიტე, რადგან ჩაბარებული მქონდა, კარგად უნდა მესწავლა. მაშინ კიდევ არ ვიცოდი, რა სირთულეები შეიძლებოდა შემხვედროდა. დღეს ჩემს პროფესიაში რამეს თუ წარმოვადგენ, მედეა კუჭუხიძის დამსახურებაა. ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაშიც დიდი როლი ითამაშა. მის კეთილგანწყობას ყოველთვის ვგრძნობდი, სულ დატვირთული ვიყავი კარგი როლებით, მაგრამ ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობაც.
ერთხელ ძალიან რთული დავალება მომცა. გავიდა რამდენიმე თვე და ამ დავალებას ვერ ვასრულებდი. ერთ დღეს დამიმარტოხელა და მითხრა, მე შენ არაჩვეულებრივი ბიჭი მგონიხარ და შენ ჩვეულებრივად იქცევიო... ამ ფორმით შემაძლებინა საკუთარ თავში მეპოვა ძალა, უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და მართლა ურთულესი დავალება შევასრულე - ორი კვირის განმავლობაში ძალიან ცოტა მეძინა, ეს საქმე იმდენად დიდ ფიზიკურ და გონებრივ შრომას მოითხოვდა. შეიძლება ითქვას, ჩემი პედაგოგის იმედები გავამართლე... ბედნიერი იყო. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
- პერსონაჟის მიუღებლობა გქონიათ?
- არაერთხელ... სერიალები: "ჩიფსების თაობა", "ბიჭები და გოგონები", "ჩვენი ოფისი" - ეს იყო ერთგვარი დაკვეთა, რომელსაც მაშინდელი ხელისუფლება მიშა მშვილდაძეს ასრულებინებდა. მომავალი თაობა ისეთი გემოვნებითა და აზროვნებით უნდა აღეზარდათ, როგორიც თავად აწყობდათ, მათ სხვა მენტალობა უნდა ჰქონოდა... ისეთი სცენარი მოდიოდა, რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი, ამას რა მათამაშებს-მეთქი? ჩვენ შორის ყოველთვის კარგი ურთიერთობა არ იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი პერსონაჟი პოპულარობით სარგებლობდა, არ უნდოდათ გავეშვი...
მსგავსი შემთხვევები თეატრშიც ყოფილა. მოდის რეჟისორი, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სპექტაკლს ადგმევინებენ...
- სერიალებში რას აპროტესტებდით, კონკრეტული მაგალითი გაიხსენეთ.
- რთულია, როცა შენს მოქალაქეობრივ პოზიციასთან, ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდიხარ. მაგალითად, ერთ დღეს ასეთი სცენარი მოვიდა: ბიჭს ჰყავს შეყვარებული და მისი მეგობარი ბიჭები ბჭობენ, შეყვარებული წყვილისთვის რა გააკეთონ? ერთი ამბობს, ვუმღეროთო, ეს იდეა ყველას მოსწონს, აიტაცებენ... იქვე იბადება კითხვა, - რა ვუმღეროთ? ის პერსონაჟი, რომელიც ჩამორჩენილად ითვლება და ყველა დასცინის, ამბობს, ქართული სიმღერა ვუმღეროთო. სამეგობროში ვინც ყველაზე კარგ ტიპად ითვლება, ის ამ ბიჭს დასცინებს, მერე მას სხვებიც აჰყვებიან, საბოლოოდ იმ კარგი ტიპის აზრი იმარჯვებს და რომელიღაც უცხოურ სიმღერას მღერიან... ეს სცენარი რომ წავიკითხე, ძალიან გავბრაზდი, ქართული სიმღერის მიზანმიმართული დაკნინება ხდება.
რამდენიმე დღის წინ ჩემს შვილებს ჩავურთე ეს სერიალი... თურმე სად ვთამაშობდი...
- რა არის წითელი ხაზები თქვენთვის?
- საკუთარ მორალთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოხვიდე... ამაღლებული ადგილიდან, რომელსაც სცენა ჰქვია, ლაპარაკია იდეოლოგიაზე, როგორი უნდა იყოს ადამიანი. საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში თეატრს, ტელევიზიას უდიდესი ძალა აქვს.
- როგორ ფიქრობთ, იღბლიანი მსახიობი ხართ?
- ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაყურებლის სიყვარული არ მაკლია, ამ მხრივ ნამდვილად იღბლიანი ვარ.
თამუნა კვინიკაძე