"ვერც წარმოვიდგენდი, რომ გაზეთი ამდენი წლის მერე ამას ჩვენამდე ასე მოიტანდა" - „კვირის პალიტრამ“ ბავშვობაში დამაბრუნა“
"კვირის პალიტრა" პროექტ "გზავნილი მომავალში" წერილების ადრესატებისა და ავტორების ახლოს გაცნობას აგრძელებს. ამჯერად ეკა გოქაძეს გაგაცნობთ, რომელმაც წერილი 2000 წელს, 10 წლის ასაკში მომავალ შვილს მისწერა.
ეკა ახლა 34 წლისაა, არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერია. ჰყავს 2 შვილი - ალექსი და თინია ხუროძეები. უფროსი, ალექსი ხუროძე, ახლა ზუსტად იმ ასაკშია, რა ასაკშიც მისი დედიკო წერილის დაწერისას იყო.
- საკმაოდ აქტიური ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. გაზეთის ეს პროექტი რომ დაიწყო, 10 წლის გახლდით და წერილის დაწერის სურვილი გამიჩნდა.
- "კვირის პალიტრას" კითხულობდით?
- არა, სახლში ჟურნალ-გაზეთები უყვარდათ და სულ მოჰქონდათ. შესაბამისად "კვირის პალიტრასაც" კითხულობდნენ და მუდმივად გვქონდა. მე უფრო საბავშვო ჟურნალები მომწონდა... მახსოვს, როცა გავიგე, რომ შესაძლებლობა იყო წერილი მომავალში დაგვეწერა, აღნიშნულ მისამართზე გაგვეგზავნა და 25 წლის შემდეგ უკან დაბრუნდებოდა, ძალიან მომეწონა და ოჯახში მომავალში წერილის დაწერის საშუალება მთელი ბრძოლით შევიხვედრე. მაშინ გაზეთის რამდენიმე ეგზემპლარს ვინ იყიდდა, ერთი იყო, ჰოდა, გამოვაცხადე, მე უნდა დავწერო-მეთქი.
- და მისწერეთ მომავალ შვილს, ხომ?
- ორი შვილი მყავს, მაგრამ მაშინ ასე გადავწყვიტე, რომ წერილი ზოგადად შვილისთვის უნდა მიმეწერა... მოკლედ, ასე ვიწყებ: ახლა შენ დაახლოებით ჩემი ტოლი ხარ-მეთქი და ზუსტად ასე არ აღმოჩნდა?! ჩემმა შვილმა წერილი იმ ასაკში მიიღო, რა ასაკშიც მე მაშინ ამ წერილს ვწერდი. მოკლედ, ბიჭი 10 წლისაა, გოგონა - 6 წლის.
წერილში ვუყვები ჩემი მაშინდელი ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს. ვწერ, რომ შეყვარებული ვარ და ნეტავ შენ თუ იქნები მაგ დროს შეყვარებული-მეთქი. ძალიან სასაცილო და საყვარელი ტექსტია. მერე მამაჩემზე ვწერ, ბაბუაშენი ახლა პორტუგალიაშია და შემოდგომაზე შეიძლება მეც იქ "დავახვიო"-მეთქი. ასე ჟარგონულ სიტყვებსაც ვიყენებ... ვუყვები ზაზუნაზე, რომელიც მაშინ მყავდა, და თუ შენამდე ამ ზაზუნამ მოაღწია, ხომ გაჩვენებ. თან ახლა ამ წერილს რომ ვწერ, ჩაი მიცივდება-მეთქი. ეტყობა, თან ჩაის ვსვამდი... მოკლედ, ქუთაისში აღზრდილი მეტიჩარა პატარა გოგოს წერილია.
- ასეთი ტექსტი 10 წლის ბავშვისთვის, თან მომავალ შვილს რომ სწერს, ცოტა უჩვეულოა...
- კონვერტი გაზეთიდან რომ გამოვჭერი და შევკარი, ხომ უნდა დამეწებებინა და მაშინ თხევადი წებოები იყო, დაწებებისას ბევრი გადმოვიდა და ცუდად დაწებდა. მერე იმაზე დიდხანს ვდარდობდი, ამას ჩემი შვილი როგორ გახსნის, ან იმ წებომ შიგნით წერილიც ხომ არ დააწება-მეთქი.
- წახვედით პორტუგალიაში?
- მამა მალე დაბრუნდა პორტუგალიიდან, ვერ წავედი. უბრალოდ, წერილში ვმეტიჩრობდი.
- თქვენმა შვილმა რა თქვა?
- წერილის შინაარსიც მათთვის ძალიან სახალისო იყო, თან ისეთი ტერმინებით მაქვს დაწერილი, რომ არ ელოდნენ. მისი კითხვისას ძალიან გავერთეთ და ვიმხიარულეთ. ბავშვები დედის ბავშვობაში აღმოჩნდნენ.
- თქვენმა მშობლებმა რა თქვეს?
- არც ისინი ელოდნენ. სიმართლე გითხრათ, რაღაც ეტაპზე წერილი რომ დავწერე მახსოვდა, მაგრამ წლების მერე მეგონა, რომ ეს პროექტი მაინც არ შედგებოდა, ამდენი წელი ჩემს წერილს ვინ შეინახავდა და მით უფრო, უკან ვინ დამიბრუნებდა. ამიტომ ეს პროექტი დავივიწყე. მერე "კვირის პალიტრამ" რომ დააანონსა, 25 წლის წინ დაწერილ წერილებს ადრესატები მიიღებდნენ, ძალიან გამიკვირდა, რადგან როგორც გითხარით, ეს ყველაფერი დავიწყებული მქონდა. იმას ვერც წარმოვიდგენდი, რომ გაზეთი ამდენი წლის მერე ამას ჩვენამდე ასე მოიტანდა.
- წერილი მისწერეთ მომავალ შვილს და სქესი არა გაქვთ დაკონკრეტებული? მაგალითად, ჩემო გოგონა ან ბიჭუნა...
- არა, ზოგადად შვილს ველაპარაკები და ჩემზე ვუყვები ამბებს... მაინტერესებს და ვეკითხები, ნეტავ ახლა შენთან რა ხდება-მეთქი. კონვერტის გახსნისა და წაკითხვისას ვიდეო გადავიღე და სოციალურ ქსელში ავტვირთე, დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ჩემი და ჩემი შვილების რეალური შეგრძნებები იმ ვიდეოშია დაფიქსირებული.
ვერ წარმოიდგენთ, 25 წლის შემდეგ წერილის მიღებამ რა შეგრძნებები გამიახლა. თვალწინ დამიდგა ის დღე, ამ წერილს რომ ვწერდი და სამზარეულოში ჩაი მიცივდებოდა, თან რომ არ ვეპუებოდი და ლამაზად ვწერდი. როგორი მონდომებული ვიყავი, ამაზე ჩემი ნაწერიც მეტყველებს. რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვაკეთებდი. თუ რა პასუხისმგებლობა მქონდა, ამაზე ჩემი ლამაზი კალიგრაფია მეტყველებს.
- წერილი რედაქციაში რომ გადმოგცეს, როგორი იყო იმ წუთის ემოცია?
- სასიამოვნო და გულის ამაჩუყებელი. თავიდან ჩემი ნაწერი ვერ ვიცანი. იმდენად მონდომებით, ლამაზად მეწერა, რომ დრო დამჭირდა იმის აღსადგენად, რომ ოდესმე ასე ვწერდი... არ მეგონა, ეს წერილი თუ ასე ამაღელვებდა. გამიხარდა, რომ ისევ არის მომავალში წერილის გაგზავნის საშუალება. ჰოდა, ახლა ჩემმა შვილებმა გაგზავნეს "წერილი მომავალში". ვიცი, რომ ერთმა შვილს გაუგზავნა, მეორემ, არ ვიცი, ვის მისწერა... მადლიერი ვარ, რომ "კვირის პალიტრამ" ბავშვობაში დამაბრუნა, მადლობა ასეთი კარგი და მაგარი პროექტისთვის.