მივიწყებული ქართული კურორტები
საქართველოს კურორტების სილამაზით არაერთი უცხოელი მოგზაური მონუსხულა. მზით გასხივოსნებული ველ-მინდვრები და თოვლიანი მთები მოგზაურს აიძულებს თქვას, რომ ამ ქვეყანაში სიმშვიდე ეუფლება. მიუხედავად ამისა, საქართველოს კურორტების ნაწილი მიტოვებული და გამოუყენებელია. რამდენიმე მათგანზე გვიამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ქემერტელიძე:
ალპური სამოთხე
ლებარდე მარტვილის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე მდებარეობს. ისიც ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ნაწილობრივ ალპურ ზონაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე. ლებარდეში შემორჩენილია ძველი კოტეჯები, სადაც ცხოვრება შეუძლებელია, ამიტომ იქ კარვით უნდა წახვიდეთ. ეს ბალნეოლოგიური კურორტი ცნობილია რკინის შემცველი მინერალური წყლით, რომელიც იშვიათი თვისებებით გამოირჩევა. კურორტი თავისი ალპური ტბებით, ულამაზესი ხედებითა და სუფთა ჰაერით დღემდე ხიბლავს მნახველებს. რკინის დიდი შემცველობის გამო ლებარდეს წყალს გასტროენტეროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. ლებარდეში პირველი საკურორტო სეზონი 1922 წელს გაიხსნა, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარული გახდა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. ლებარდეს, შესანიშნავი მდებარეობისა და თვალწარმტაცი ლანდშაფტის მიუხედავად, გზის პრობლემა აქვს: 28 კმ-იანი მონაკვეთის გავლას დაახლოებით, 4-5 საათი სჭირდება და ეს მაშინ, როცა ლებარდედან ადვილად შეიძლება ტობავარჩხილის ტბაზე და ლეჩხუმში გადასვლა. კურორტის განვითარებისთვის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი სწორედ უგზოობაა. თუ კურორტისკენ მიმავალი გზა აღდგება, ლებარდე მომავალში მრავალპროფილურ კურორტად გადაიქცევა და ბახმაროსავით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცევა.
მენჯი - "ყავარჯნების სასაფლაო"
გასულ საუკუნეში სოციალურმა თუ პოლიტიკურმა ცვლილებებმა ბევრი უნიკალური კურორტის მუშაობა შეაჩერა. მათ შორისაა უნიკალური კურორტი მენჯი. წინა თაობა კარგად იცნობს ამ საოცარ ადგილს, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მენჯი ბალნეოლოგიური კურორტია, ცნობილია მშვიდი გარემოთი, სუფთა ჰაერითა და ულამაზესი ბუნებით. სიტყვა, "მენჯი" მეგრულად მჟავე წყალს ნიშნავს. ხალხმა ამ კურორტს სასწაულმოქმედი თვისებების გამო "ყავარჯნების სამარე" შეარქვა. საბჭოთა პერიოდში იქ იმდენი ხალხი ჩამოდიოდა, რომ რკინიგზის სადგურიც კი გახსნეს. ჩამოდიოდნენ და უკან განკურნებული ბრუნდებოდნენ. ამის მიზეზი იყო უნიკალური შემადგენლობის სულფიდური მინერალური წყალი, რომელიც მხოლოდ მენჯშია. სამწუხაროდ, სამოქალაქო ომის პერიოდში კურორტი განადგურდა. დღეს მენჯში მხოლოდ ძველი შენობების ჩონჩხებია შემორჩენილი. კურორტის ინფრასტრუქტურაც მიტოვებულია და შენობები ავარიულია. ცხადია, მენჯი მოქმედი კურორტი რომ იყოს, საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანდა.
ალბათ, მკითხველს დაებადება კითხვა: რა უშლის ხელს მენჯის აღდგენას? - პირველ ყოვლისა ის, რომ ინფრასტრუქტურა სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა სამკურნალო წყალი, რომელიც მენჯის მთავარი რესურსია, კერძო. კურორტის აღდგენას და განვითარებას კი სოლიდური სახსრები სჭირდება.
კვერეთი - გერმანელი ტყვეების საჩუქარი
სულ რაღაც 50 წლის წინ კვერეთი ერთ-ერთი კურორტი იყო საჩხერეში. კვერეთი ბალნეოკლიმატური კურორტია, სადაც რბილი ზამთარი და ზომიერად ნოტიო ზაფხული იცის. იქაურობა განთქმული იყო სულფიდური მინერალური წყლით, რომელიც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ უებარია. კურორტს საინტერესო ისტორიაც აქვს: ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს. კვერეთი პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებს შორის. დღეს კურორტი მიტოვებულია, ხოლო შენობები ავარიული. ეს ძალზე საწყენია, რადგან კვერეთის ბუნება ნებისმიერი ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ტურისტს მიიზიდავს. ამჟამად იქ ხალხი მარტო ზაფხულობით ადის, თანაც მხოლოდ ერთი დღით, რადგან ღამის გასათევი ადგილი არ არის. ზაფხულის სიცხეში კვერეთში ყოფნას არაფერი სჯობს, მაგრამ ეს მშვენიერი კურორტი საქართველოს ვერანაირ ეკონომიკურ სარგებელს ვერ აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მდებარეობა, ჰაერი, წყალი, ბუნება - ყველაფერი ხელს უწყობს, რომ კვერეთმა ძველი დიდება დაიბრუნოს.
სამედიცინო ტურიზმის ცნება დღევანდელ მსოფლიოში ძირეულად შეიცვალა: რაც უნდა კარგი წყალი და ჰაერი იყოს ბალნეოლოგიურ კურორტზე, თუ იქ გზა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა არ იქნება, ტურისტებს ვერ მიიზიდავს. ჩვენს კურორტებზე წყალი, ჰაერი, ბუნება, კლიმატი, ყველაფერი იდეალურია, მაგრამ უგზოობისა და გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ტურისტები ვეღარ დადიან.
შეუდარებელი ლიბანი
ლიბანი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1300-1400 მეტრზე მდებარეობს. ლიბანის დიდ სანატორიუმში გარდა ტუბერკულოზისა, მკურნალობდნენ კუჭ-ნაწლავისა და ნერვული სისტემის დაავადებებსაც. კურორტი გამოირჩეოდა შეუდარებელი მინერალური წყლებითა და სანატორიუმის შენობით, რომელიც დღემდე შენარჩუნებულია და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. დღეს სანატორიუმის შენობა დაზიანებული და მიტოვებულია, თუმცა მისი აღდგენა შეიძლება. დღეს ტუბერკულოზის განკურნება სამედიცინო ჩარევითაც შეიძლება, ამას კურორტზე წასვლა აღარ სჭირდება. ამიტომ ლიბანმა თავისი ფუნქცია დაკარგა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც პოპულარული სამკურნალო კურორტი დღეს შეჩერებულია. არადა, ლიბანს ბორჯომზე უკეთესი მდებარეობა აქვს. რაც მთავარია, ლიბანში არის მინერალური წყალი და ბუნება, რომელიც ამ კურორტს განსაკუთრებულ ადგილად აქცევს.
ხათუნა ჩიგოგიძე