„იჩქერიელმა მგლებმა მონობის უღელზე დაბადებიდანვე თქვეს უარი“
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და აქ საუკუნეების განმავლობაში მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები (ზოგიერთი ეთნოსის საქართველოში ცხოვრების ათვლის წერტილი 26 საუკუნის მიღმიდანაც იწყება მაგ. ებრაელების), ქართულ მწერლობაში განსაკუთრებული საგმირო საგა მხოლოდ ქისტებზეა შექმნილი. მაგალითად, ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელი", "გველის მჭამელი", გრიგოლ რობაქიძის "ლამარა", კონსტანტინე გამსახურდიას "ხოგაის მინდია" და ა.შ. ქართველების ასეთი დამოკიდებულებით ქისტებიც ამაყობენ და ჩვენ მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულსა და ერთგულებას გამოხატავენ. ამ ორმა ერმა ღირსეული მტერმოყვრობის საოცარი ბალადები შექმნა.„ცხოვრების ყველა ეპოქა, ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, მეტად ქარიშხლიანი აღმოჩნდა კავკასიელებისათვის, განსაკუთრებული ბედისწერა ამ მხრივ ჩრდილოკავკასიელებსა (გამორჩეულად ვაინახებს) და ქართველებს ერგოთ. ბოლო 400 წლის განმავლობაში კი შეუსვენებლივ მოუწიათ გაშმაგებულ ურჩხულთან ბრძოლამ, თუმცა კავკასიელებს ქედი არ მოუხრიათ და წამიერადაც არ შეუწყვეტიათ ფიქრი და ბრძოლა თავისუფლებისათვის... კავკასიელი ხალხები თავისუფლებისა და ძმობის დროშის ქვეშ გაერთიანდნენ. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ქართველი გენიოსების არაერთი შედევრი", - აღნიშნავს მექა ხანგოშვილი და პოეზიაში ჩაქსოვილი ქართულ-ქისტურ გასაოცარ ძმობასა და სიყვარულზე გვიამბობს.
- როდესაც რუსები თავისუფლების დროშასა და წინააღმდეგობის ძალას სისხლში ახშობდნენ, პირდაპირ ხვრეტდნენ თავისუფლებისმოყვარე ლომგულა ვაჟებს, მაინც არ განელებულა ქართველებისა და ქისტების სიყვარული და ძმობა... იწყება რეპრესიებისა და კაცთა კვლის ხანგრძლივი პროცესი, ხალხს თავისუფლებასა და გაერთიანებაზე ფიქრსაც კი უკრძალავენ და მაინც არ იღლება სამეგობროდ აღმართული ქართული კალამი, ქართველი კლასიკოსები უფრო მძაფრად უმღერიან ერთიანობასა და ძმობას. "გველის მჭამელს" ფეხდაფეხ მოჰყვება რობაქიძის„"ლამარა"“და დიდი კონსტანტინეს„"ხოგაის მინდია"... მიღმეთიდან სულთი ჯახოტი გულში იკრავს ციციას და თეთრ რაშზე ამხედრებული ქარაფებზე მიაქროლებს ნანატრ სიყვარულს. იტანჯება ყაზბეგის გული და თავს მხოლოდ იმით იმშვიდებს, რომ მუჰაჯირობის მტანჯველ გზაზე ჩერბიჟანთ ანზორი გულით ლოცავს ვაჟიასა და ელისოს ხანმოკლე ბედნიერებას... გიგი ხორნაულის ქისტი ბიძა არავის აძლევს ძმის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას და იცავს მის პატივსა და ღირსებას; „"სისხლში ნაწრთობი" ქისტი და ხევსური ვაჟკაცები კი დახმარების თხოვნით მისულ მტერსაც ღირსეულად მასპინძლობენ. გამორჩეული სიმძაფრითა და საოცარი ტრაგიზმით აისახა უსამართლობასთან შერკინებული და ქედმოუხრელი ლომების სამშობლოდან აყრა და უცხო მხარეში გადასახლება გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიაში, განსაკუთრებულად „დაიტირა“ პოეტმა ვაინახების ბედისწერა ციკლით "ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაო"“და სამარადისო ძეგლი დაუდგა მათ ძმობასა და მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას.
- ალბათ, ამ მხრივ აღსანიშნავია ამირან არაბულის შემოქმედებაც.
- რა თქმა უნდა. მთელ არსებას რომ დაგინაწევრებს და თანალმობით თავბრუს დაგახვევს, აი, სწორედ ისეთია ამირან არაბულის წუხილი და თანაგრძნობა ვაინახების მიმართ ამ ციკლის შესავალში "ღილღოს ნგრეული აულების მოზარე". ასევე აღსანიშნავია ლადო მრელაშვილი, მხოლოდ დიდზე დიდ სიყვარულსა და მართალ გულს შეუძლია ისეთი სისპეტაკითა და აღტაცებით გადმოსცეს მსოფლიო საოცრება„"ქისტური ცეკვა", როგორც ბატონი ლადო აღწერს. სხვათა შორის, ვაჟკაცობის, ურთიერთდანდობის, მეგობრობისა და პატივისცემის, ღირსებისა და სიმამაცის საოცარი ბალადაა შოთა არაბულის შემოქმედება. ალბათ, მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათად მოიძებნება წუთისოფლის მკვიდრთა, მგლისფერა ვაჟების ნეთხიჩოელი ელიმარძისა და არხოტიონი მანგიას ღირსეული მტერმოყვრობის საოცარი მაგალითი. და არც მოსისხლე მტრის მიერ სამიზნედ ამოღებული ხიზირის ცეცხლოვანი ქისტური ცეკვა დაავიწყდება ისტორიას. ადამიანთა რეალურ ცხოვრებაში იშვიათი მოვლენაა, როცა ჟამთააღმწერელი უზუსტესად, შელამაზებისა და დამახინჯების გარეშე აღწერს ფაქტებსა და რეალურ ისტორიებს, არსად აკნინებს მტრის ღირსებას, არასოდეს წარმოაჩენს საკუთარ უპირატესობას და ზედმიწევნით რეალურად ასახავს სინამდვილეს. ამის დასტურია ახლახან მზის შუქზე გამოსული ალექსი ოჩიაურის "მოსისხლეობა და ჭრა-ჭრილობა ხევსურეთში", ქისტებისა და ხევსურების ღირსეული მტერმოყვრობის საოცარი მატიანე. მამა-შვილი მურმან და მზია რატიანები განსაკუთრებული სიყვარულით, კავკასიური ღირსებითა და დოკუმენტური სიზუსტით აღწერენ ჩეჩენ-კავკასიელ მთიელთა ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ და მამაც აბრაგთა თავგანწირვას ზნეობრივი კოდექსის სადარაჯოზე. რთულია სევდისა და გოდების, ამავე დროს, სიამაყის გარეშე წაიკითხო გრიგოლ აბაშიძის "უკაცური აული" და გიორგი გობეჩიას "თავისუფალი არწივი".
- ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა და კავკასიელებმა გადააფასონ და ახლებურად გაიაზრონ რუსების გაყალბებული ჩვენი ისტორია, ტრადიციები.
- რუსები ყოველთვის ხელმძღვანელობდნენ "გათიშე და იბატონეს" პრინციპით, მაგრამ ვერასდროს გააქრობენ და ვერც გადააკეთებენ იმას, რაც პოეზიამ და პროზამ შემოგვინახა. მე კობა არაბულის ქისტების სიყვარულსა და ძმობაში არც არასოდეს შემპარვია ეჭვი, თუმცა ახლა ორმაგად მეძვირფასება, როდესაც ვიცი, რომ მისი სადარდებელი და საზრუნავია, მომავალმა თაობამ გაიაზროს, ვინ არიან ქისტები. თავადაც პანკისელი ვალერიან ჩეკურიშვილი არავის უთმობს მეზობელი ქისტების სიყვარულსა და ქომაგობას. მიხეილ ღანიშაშვილი კავკასიელებს მიმართავს, იჩქერიელ მგლებს მიჰბაძონ, რადგან მათ მონობის უღელზე დაბადებიდანვე თქვეს უარი. აი, ამ ყველაფერს რას უზამენ რუსები?
- სხვათა შორის, არაერთი ქართველი ავტორის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქისტი ქალის ფენომენს.
- ნამვილად აღსანიშნავია ქისტი ქალის ფენომენი ქართულ პოეზიასა და პროზაშიც. ვაჟამ აღაზას სახით მსოფლიო ლიტერატურის შედევრად აქცია, ხოლო გრიგოლ რობაქიძემ ლამარას სახელით სამუდამო ძეგლი დაუდგა. გაბრიელ ჯაბუშანურის ჰადიშათმა ტრფობის ყველა საზღვარი გაარღვია, ხოლო ტარიელ ხარხელაურმა ქისტი ქალის თვალთა ხავერდით საკუთარი ტაძრის ჭერი მოაფარდაგა; ანა კალანდაძე ქისტ ქალს შნოსა და ლაზათს, სიამაყესა და თავმდაბლობას უქებს; მიხა ხელაშვილი, რომელიც ყოველწამიერად უყურებს სიკვდილს თვალებში, ქისტი ქალის სილამაზითა და სიყვარულით იყუჩებს გულს. ქისტი ქალის რჯულის სხვაობას არაფრად აგდებს მგელიკა ჭინჭარაული, მას მხოლოდ სატრფოსთან დაშორების შიში აკრთობს. ვერც რუსეთმა და ვერც დღევანდელმა გლობალურმა ცვლილებებმა, ცივილიზაციის თავისებურმა ეპოქამ ქართველი პოეტებისა და მწერლების დამოკიდებულება ქისტების მიმართ ოდნავადაც ვერ შეცვალა. ჩვენთვისაც ძალიან ძვირფასია თითოეული მწერალი და პოეტი, იქნება ის დიდი გენია თუ რიგითი პოეტი, მწერალი თუ კრიტიკოსი. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა მივმართო მათ. იცით, რამდენჯერ აგვატირეთ თქვენი განსაკუთრებული დამოკიდებულებით, გულიანო ქართველებო?! იცით, რამდენი მზიანი დღე და მთვარიანი ღამე გაგვითენეთ საქართველოს ულამაზეს ცისქვეშეთში?! იცით, რამდენჯერ ვიამაყეთ, რომ სწორედ თქვენი შვილობა გვარგუნა ბედმა?! იცით, რამდენჯერ გავიხარეთ, რომ სწორედ ამ მადლიან მიწაზე დაირწა ჩვენი აკვანი?! რამდენჯერ გაგვითბა გული თქვენი სითბოთი და სიყვარულით?! რამდენი უჩუმარი და გულწრფელი მადლობა გითხარით, ვინ მოთვლის?! ჩვენ ახლაც ვაგრძელებთ ლოცვას და ყოვლისშემძლეს მთელი არსებით შევთხოვთ, მოწყალების კალთა გადააფაროს ჩვენსა და თქვენს ტკბილ სამშობლოს! დალოცვილი და ერთიანი ყოფილიყოს ჩვენი საქართველო, დედა კავკასია. არაერთხელ ეხარებინოს გული და გონება კაცთმოყვარეობის, თანალმობის, ურთიერთდანდობა-პატივისცემისა და მეგობრობის სამარადისო ძეგლს - ქისტების ქართულ საგას ამ მადლიან და დალოცვილ მიწაზე, ამინ!
ხათუნა ბახტურიძე