„33 წლის შემდეგ დავბრუნდი ჩემს სამშობლოში“ - კვირის პალიტრა

„33 წლის შემდეგ დავბრუნდი ჩემს სამშობლოში“

აფხაზეთიდან გააძევეს რუსეთის მოქალაქე 63 წლის ქართველი მამაკაცი, რომელიც სოხუმში თავისი სახლის მოსანახულებლად იყო ჩასული, და ვიდეოში ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნდა. მისი გაძევების შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის გააძევეს "ფართო საზოგადოების აღშფოთების"­ გამო და ასეთი ვიდეო შეურაცხყოფს "აფხაზების "პატრიოტულ გრძნობებს".

ადგილობრივი მედიის ცნობით, 63 წლის ოთარ კობახიძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, სოხუმში ქალიშვილთან ერთად ჩავიდა იმ სახლის მოსანახულებლად, სადაც ქართულ-აფხაზურ ომამდე ცხოვრობდა. მან ეზოში გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს ბალახ­მოდებული მოუვლელი ეზო და მიტოვებული სახლი. ვიდეოჩანაწერი მან "ტიკ-ტოკზე"­ გამოაქვეყნა, სადაც ამბობს: "33 წლის შემდეგ დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, ეს იყო ჩემი ოცნება". როგორც დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, ვიდეოჩანაწერმა "ფართო საზოგადოებრივი აღშფოთება" გამოიწვია, რის შემდეგაც დე ფაქტო უწყების თანამშრომლებმა კობახიძე დააკავეს, ბოდიშიც მოახდევინეს, შემდეგ გააძევეს და სამომავლოდაც აუკრძალეს "ქვეყანაში შესვლა".

333-1749415369.jpg

"იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ვიდეოები შეურაცხყოფს აფხაზეთის მოქალაქეების პატრიოტულ გრძნობებს, ასევე კონფლიქტური სიტუაციებისა და საზოგადოებაში შემდგომი დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა აფხაზეთის რესპუბლიკის გარეთ რუსეთის ფედერაციაში გადაიყვანეს. მომავალში მოქალაქე კობახიძეს ქვეყანაში შესვლაზე­ უარი ეთქვა", - ნათქვამია ე.წ. აფხაზური კა-გე-ბეს განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის ვიდეოჩანაწერი, რომელშიც დაბნეული კობახიძე ამბობს: "ბოდიშს ვუხდი აფხაზ ხალხს, რომ ასე გამოვიდა".

"როგორ შემოვიდა, ვინ შემოუშვა? შენი სახლი საქართველოშია და იქ იცხოვრე... ამჯერად ტანკით არ მოსულხარ და ცოტა შეგეშინდა? პირუტყვი"...

"კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. ვწუხვარ ჩვენი პატრიოტების გამო, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და ახლა საფლავებში ტრიალებენ"...

"არ უნდა ელაპარაკა კამერასთან, ჩუმად ევლო და არაფერი მოუვიდოდა. აქ ბევრი ქართველი დადის და საკუთარი სახლების ვიდეოს იღებს, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ არ აფიქსირებენ და არ აძევებენ"...

"სწორედ ასეთი შემთხვევების გამო ეწინააღმდეგება აფხაზეთის მოსახლეობა აპარტ-ოტელების მშენებლობებს, რომ კობახიძეები რომ არ შემოვიდნენ რუსული პასპორტებით და აქ მშვიდად იცხოვრონ"...

ოკუპირებულ აფხაზეთში ადრეც ჩასულან ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქეები. 2024 წლის აგვისტოში რუსულ-ქართული მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენი­ ერასტი ბუკია ჩავიდა გაგრის სოფელ განთიადში (წანდრიფში) და მოინახულა სახლი, სადაც ის ქართულ-აფხაზურ ომამდე­ ცხოვრობდა. როგორც აფხაზური მედია წერდა, ბიზნესმენმა მისი სახლის ამჟამინდელ მფლობელთან თქვა, რომ აუცილებლად დაბრუნდება აფხაზეთში, როცა ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რომ "არ არსებობს ცალკე აფხაზეთი - არსებობს მხოლოდ ერთიანი საქართველო". მისი წასვლის შემდეგ წანდრიფშელები შეიკრიბნენ და ეს ინციდენტი დე ფაქტო კა-გე-ბეს შეატყობინეს, რის შემდეგაც ბუკია აფხაზეთიდან გააძევეს. ამ სკანდალს გაგრძელებაც მოჰყვა, როცა გაირკვა, რომ ქართველ ბიზნესმენს გაგრაში ჩასვლაზე თანხმობა და უსაფრთხოების გარანტია მისცა მოსკოვში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე ორხან შამბამ, რომელიც მაშინდელი დე ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი შამბას შვილია.

სკანდალი მოჰყვა 2023 წლის ნოემბერში გადაღებულ ფოტოსა და ვიდეოს. ფოტო გადაღებული იყო სოხუმში, სპილოების პალმების ხეივანში. მასზე 13 კაცია გამოსახული, ქართული წარწერით: "ჩვენ ერთმანეთს დავუბრუნდებით". "იუთუბზე" გამოქვეყნდა ვიდეოც, საიდანაც ირკვევა, რომ ჯგუფის წევრებმა სამი დღე გაატარეს აფხაზეთში, მოიარეს სოხუმი, გაგრა, რიწის ტბა და ბზიფის ხეობა... მომხმარებლები მიმართავდნენ დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურს, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს და ე.წ. პრეზიდენტს და მოითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, თუ ვინ მისცა ქართველებს ჩამოსვლის ნებართვა, რატომ არიან "სამთავრობო უწყებები" დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან ბრძოლით, მაშინ როდესაც საქართველოდან ჩამოსული ჯგუფები "თავისუფლად დაეხეტებიან მათ ტერიტორიაზე".

მაშინ ყოფილმა ე.წ. შს მინისტრმა ასლან­ კობახიამ თქვა, "ამ ხალხს შუბლზე არ წერია, რომ ქართველები არიან და როგორ უნდა მიმხვდარიყვნენ მათ ვინაობას". დიდი აჟიოტაჟის შემდეგ გალის მაშინდელმა დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ "საქართველოდან აფხაზეთში მხოლოდ ერთი ადამიანი ჩავიდა, დანარჩენი ადგილობრივები იყვნენ, გალიდან".

222-1749415369.jpg

„აფხაზურ შიდა პოლიტიკაში ვინც უფრო ხმამაღლა იტყვის რამე ანტიქართულს, ის ითვლება პატრიოტად“

შმაგი სამხარაძე, მოძრაობა "სამოქალაქო თანხმობის" დამფუძნებელი: - აფხაზეთში საქართველოსა და ქართველების მიუღებლობა ძლიერია, წლებია თაობები იზრდებიან წარმოდგენით, რომ იყვნენ დამოუკიდებლები, შემდეგ ჩამოასახლეს ქართველები, მათ დომინირება მოინდომებს და აფხაზებს ჩაგრავდნენ. ამის შემდეგ დაიწყო ომი, ქართველებმა აფხაზებს დაუხოცეს საუკეთესო შვილები, მაგრამ აფხაზებმა გმირულად მოიგეს და გაყარეს ქართველები. მთელი პროპაგანდა და სწავლება აგებულია ამ ისტორიებზე და ამიტომაც დიდია ეთნიკური ნაციონალიზმი. გარდა ამისა, არის შიდაპოლიტიკური მომენტიც. ბადრა გუნბა, რომელიც ახლა გახდა ე.წ. პრეზიდენტი, კრემლის ინტერესების გამტარებელია. მისი გუნდი, ძირითადად, ბიზნესზეა ორიენტირებული და ეთნიკურ-ნაციონალისტურ საკითხებს თავს არიდებს, მაგრამ არის ოპოზიციის ჯგუფი, რომელიც გუნბას­ მმართველობის შერყევისთვის იბრძვის და ცდილობს აქცენტი­ ორ მიმართულებაზე გააკეთოს: ერთია ნაციონალისტური - ისინი ამბობენ, ჩვენ ვართ აფხაზი ხალხი, ჩვენ გვეკუთვნის ეს ქვეყანა და მას სხვა ეთნოსი არ უნდა დაეპატრონოსო, და მეორე მიმართულება - ე.წ. დემოკრატიული, რომ რუსეთი, მაგალითად, უცხოეთის აგენტებისა თუ სხვა კანონის შემოგდებით არასამთავრობოებსა და დემოკრატიულ ჯგუფებს ერჩის. ოპოზიციონერი ადგურ არძინბას ირგვლივ სწორედ ასეთი ხალხი გაერთიანდა - ნაწილი უკიდურესად ნაციონალისტია და ნაწილი კი ის, ვინც ასლან ბჟანიასა და ინალ არძინბას პოლიტიკის გამო დაზარალდა რაღაც არასამთავრობო პროექტებში და თავს დემოკრატიულ სექტორად მოიაზრებს. სწორედ ეს ჯგუფი და მისი მხარდამჭერები ცდილობენ ნაციონალისტური საკითხები აქტიურად გამოიყენონ ე.წ. ხელისუფლების გასაკრიტიკებლად. აფხაზეთში ანტიქართული რიტორიკა ყოველთვის კარგად იყიდება. აფხაზურ შიდა პოლიტიკაში, ვინც უფრო ივაჟკაცებს და ხმამაღლა იტყვის რამე ანტიქართულს, ის ითვლება პატრიოტად. ამიტომ, როდესაც ოპოზიციურმა არხებმა წამოსწიეს თემა, რომ ვიღაც ქართველი "ტიკ-ტოკზე" ლაპარაკობს აფხაზეთში ჩასვლაზე, დე ფაქტო ხელისუფლებამაც უსწრაფესი რეაგირება მოახდინა, რომ ოპოზიციისთვის კოზირი არ მიეცა.

ამის პარალელურად ოფიციალური თბილისის პოლიტიკის მიხედვით, ჩვენ ვმკურნალობთ აფხაზებს, არავითარი ზიზღი არ არსებობს, სკოლებში ამას არ ვახალისებთ. "ქართული ოცნება" ბოდიშებს იხდის, კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით და რუსეთთან დაახლოებით ცდილობს. აფხაზეთში რუსეთის ქმედებებზე ხმას არ იღებს, გაიფუჭა ურთიერთობები დასავლეთთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, აფხაზების კეთილგანწყობა მაინც ვერ მოიპოვა და დღეს რიგით ქართველს, რომელიც საკუთარი სახლის სანახავად ჩავიდა აფხაზების დე ფაქტო კანონების სრული დაცვით, მასაც კი აგდებენ. არანაირი პოლიტიკური განცხადება, რომ აფხაზეთი საქართველოა, არ ყოფილა, თან, ამ ადამიანმა დაარღვია "საქართველოს ოკუპაციის შესახებ" კანონი, იმათი წესების დაცვით ფსოუდან შევიდა სოხუმში და არა ენგურის ხიდიდან, მაგრამ მაინც გააგდეს.

აფხაზების თავდაცვის მექანიზმია, მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ისინი ქართველებთან ერთად არ იცხოვრებენ, რიგით აფხაზს ეზიზღება ქართველი და წარმოუდგენელია, აფხაზებმა ოდესმე ქართულ სახელმწიფოში იცხოვრონ. აფხაზების წარმოდგენით, ასეთი პოლიტიკა მათი კოზირია მსოფლიოს დასარწმუნებლად, რომ აფხაზეთი დამოუკიდებლად აღიარონ და თუკი აღიარება იქნება, შემდეგ შეურიგდება­ საქართველოს და კეთილმეზობლური ურთიერთობა ექნება.

- არაოკუპირებული საქართველოდან აფხაზეთში ჩადიან ქართველები?

- ჩადიან, ოღონდ მათი ოჯახის წევრს არ უნდა ჰქონდეს აფხაზეთის ომში მონაწილეობა მიღებული. ნებართვა უნდა მოითხოვო და შეგიძლია სოხუმშიც ჩახვიდე. ბევრი ვიცი, ვინც სოხუმში ჩასულა, ქართველები სამუშაოდ გაგრაშიც დადიან.

- აფხაზები წერენ, სწორედ ამიტომ ვართ აპარტ-ოტელების წინააღმდეგი,­ რომ შეიძლება რუსეთის პასპორტით ჩამოვიდნენ ქართველები და აფხაზეთში გადაწყვიტონ ცხოვრებაო.

- რა თქმა უნდა. ისინი ამბობენ, რომ ქართველების ჩამოსვლა დემოგრაფიულ დისბალანსს გამოიწვევს და შემდეგ შეიძლება ძალაუფლება­ აიღონ ხელში. თუ ქართველი აღიარებს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელია, მაშინ არანაირი პრობლემა არ ექნება.

- აფხაზებს გალის ქართველების მიმართ დღესაც აპარტეიდული მიდგომა­ აქვთ, გალში აკრძალულია ქართულად სწავლა, ქართულად ლაპარაკიც კი, ასევე დე ფაქტო­ არჩევნებში ხმის მიცემა. დე ფაქტო ხელისუფლების ამ აპარტეიდს რიგითი აფხაზიც ამართლებს?

- სოხუმში გალის ქართველების თემაზე განხილვები და მსჯელობები მიდის. არის ჯგუფი, ვინც ამბობს, რომ ამ ადამიანების აფხაზეთში რეინტეგრაცია უნდა მოახდინონ. აფხაზები ამბობენ, გალის მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეები არიან, ისინი საქართველოს რბილი ძალაა ჩვენს ტერიტორიაზე და თუ ჩვენ მათ მივცემთ ხმის უფლებას­ და ქართულად საუბრის უფლებასაც, არჩევნების თუ სხვა გზით შეუქმნიან პრობლემებს ჩვენს დამოუკიდებლობასო. ამიტომაც მათთვის მნიშვნელოვანია, გალის ქართველებმა გაწყვიტონ ურთიერთობა დანარჩენ ქართველებთან, დაიწყონ აფხაზურისა და რუსულის შესწავლა და ამ საკითხის მოგვარების შემდეგ უნდა გახდნენ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის სრულფასოვანი მომხრეები. თვლიან, რომ მანამდე გალელებისთვის "არჩევნებში" მონაწილეობის უფლების მიცემა სახიფათოა.

ეკატერინე ბასილაია