"აქციებზე სიარულის გამო, გაათავისუფლეს ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი. 5 თვის ორსული ვარ, აქვთ უფლება მეც გამიშვან?", "როდის შეიძლება საქორწინო ხელშეკრუ - კვირის პალიტრა

"აქციებზე სიარულის გამო, გაათავისუფლეს ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი. 5 თვის ორსული ვარ, აქვთ უფლება მეც გამიშვან?", "როდის შეიძლება საქორწინო ხელშეკრულების გაფორმება?" - იურისტის პასუხები

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

nugbara-advokati-1699644231.jpg

მოგესალმებით. ვმუშაობ საჯარო სამსახურში და ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან. რეალური მიზეზი აქციებზე სიარულია. ველი, რომ მეც გამიშვებენ. ვარ 5 თვის ორსული, შეუძლიათ თუ არა სამსახურიდან ჩემი გათავისუფლება?

- დასაქმებული ორსული ქალისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ არ არსებობს შემდეგი გარემოებები: შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება; დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება; მხარეთა წერილობითი შეთანხმება; დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობა; დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით, ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა; სასამართლო განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს.

nugbara-rostiashvil-1746959139.jpg

სასამართლოდან მომივიდა ფურცელი და არ ჩამიბარებია. მქონდა სესხი და არ ვიხდი უკვე რამდენიმე წელია. მაინტერესებს რომ არ ჩავიბარო შეტყობინება, სასამართლოდან შემექმნება თუ არა პრობლემა?

- გზავნილის ჩაუბარებლობა არ აჩერებს თქვენს ვალდებულებას და არ აბრკოლებს სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას. თუ თქვენ გამოგეგზავნათ სარჩელი და არ ჩაიბარეთ, სასამართლოს შეუძლია საჯარო გამოცხადების გზით ჩაბარებულად გამოაცხადოს, ხოლო როცა თქვენ მიერ არ იქნება სარჩელზე პასუხი გაცემული ანუ არ გექნებათ წარდგენლი შესაგებელი, მიღებულ იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარმოუდგენლობის საფუძვლით, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშიც იმავე პრინციპით შევა და ჩვეულებრივად მიექცევა სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად.

შემიძლია თუ არა ჩემი ძველი საქმის გამოთხოვა სასამართლოდან? რამდენ ხანს ინახება განაჩენი სასამართლოში? გასამართლებიდან 14 წელია გასული.

- უნდა მიმართოთ სასამართლოს კანცელარიას ან არქივს, ვინაიდან 14 წელია გასული, დიდი ალბათობით, არქივისათვის მოგიწევთ მიმართვა.

მეუღლის სახელზე იყო რამდენიმე ქონება, სამი თვის წინ გარდაიცვალა, ჰყავს ასევე პირველი ქორწინებიდან შვილი, ხოლო მეორე ქორწინებიდან - ერთი. სანამ სამკვიდროს მივიღებთ, შემიძლია თუ არა მივმართო ნოტარიუსს და მოვითხოვო ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ჩემი წილი და მერე დარჩენილი განაწილდეს როგორც სამკვიდრო ქონება ჩემსა და შვილებზე?

- დიახ, შეგიძლიათ და თქვენთვის უფრო უპრიანიც იქნება, რომ მიმართოთ ნოტარიუსს და მოითხოვოთ საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა, ხოლო თქვენი მეუღლის სამკვიდრო ქონებაზე ანუ ქონების ნახევრის მემკვიდრეები იქნებით პირველი რიგის მემკვიდრეები თანაბრად, თქვენ, თქვენი შვილი და მისი პირველი შვილი, ასევე თუ მეუღლის მშობლები ცოცხლები არიან, ისინიც.

რამდენიმე თვეა სოციალურ ქსელში გაკეთებული მაქვს ონლაინ ყიდვა-გაყიდვის საიტი. აუცილებელია თუ არა მცირე მეწარმედ დარეგისტრირება?

- ონლაინგაყიდვების რეგისტრაცია არ წარმოადგენს აუცილებლობას და არ არის სავალდებულო.

ვარ ნაშვილები, ჩვილობიდან გავიზარდე მშვილებლის ოჯახში. ეს წლებია კარგი ურთიერთობა გვქონდა. გამზრდელი მამა 4 წელია გარდაიცვალა და ამის შემდეგ მოვძებნე ბიოლოგიური მშობლები. მათთან ურთიერთობის გამო ჩემთან კონტაქტი გაწყვიტა გამზრდელმა დედამ და გამომიშვა სახლიდან, ბინა კი გადაუფორმა ყიდვა-გაყიდვით თავის ძმისშვილს. ახლა ვცხოვრობ ნაქირავებში ჩემს არასრულწლოვან შვილთან ერთად. დედა ქონების გაყოფაზე უარს ამბობს და მეუბნება, რომ მოვთხოვო წილი ბიოლოგიურ მშობლებს, მათ კი არა აქვთ არც პირობები და არც ქონება, რომ მე დამეხმარონ. რა შეიძლება გავაკეთო, რომ ქუჩაში არ დავრჩე? ძლივს ვიხდი ქირას.

- თუ ბინა იყო თქვენი გამზრდელი დედის სახელზე, მას უფლება აქვს განკარგოს მისი სურვილისამებრ. თქვენ მამის გარდაცვალების შემდგომ შეგეძლოთ მიგეღოთ მისი სამკვიდრო, თუკი მის სახელზე რაიმე ქონება ირიცხებოდა, თუმცა ვინაიდან მისი გარდაცვალების შემდგომ 4 წელია გასული, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც გასულია.

ჩემს შვილს აქვს პირობითი სასჯელი მისჯილი და დაეკისრა ასევე ფულადი ჯარიმა, 3.000 ლარი. ვართ სოციალურად დაუცველები. როგორ შეიძლება ჩამოგვიწერონ ეს თანხა? სოციალურად დაუცველის სტატუსი ვერ დაგვიცავს?

- სოციალურად დაუცველობა არ გათავისუფლებთ ჯარიმის გადახდისგან, თუმცა შეგიძლიათ მოითხოვოთ ჯარიმის გადახდის გადავადება ან განწილვადება.

მაქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. შევიტანე შეტყობინება სახლის აშენებაზე, პარალელურად დავიწყე მშენებლობა, რადგან მეშინოდა უარის. სახლი ავაშენე და გადავხურე, სულ 52 კვადრატულია. უარი თუ მომივა, სახლსაც დამინგრევენ?

- მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია სახლის ასაშენებლად გჭირდებოდათ მარტივი ნებართვა, ანუ მხოლოდ შეტყობინების გაკეთება, უნდა დალოდებოდით თანხმობის მიღებას. თუ თანხმობამდე გადაამოწმეს, შესაძლოა დაჯარიმდეთ და დაგევალოთ დემონტაჟიც.

ჩუღურეთის რაიონში 12 წლის წინ ავაშენე 60 კვადრატული კერძო სახლი, მაქვს ძალიან პატარა ეზოც. მყავს ორი შვილი. ახლა მინდა სახლს ზემოთ დავაშენო მეორე სართული, ისევ 60 კვადრატული. როცა პირველი სართული ავაშენე, არ დამჭირვებია ნებართვა, ახლა დამჭირდება რაიმე დოკუმენტის მომზადება, თუ შემიძლია იმავე ფართის ბინა ავაშენო? მინდა ჩემი შვილის სახელზე გავაფორმო, მის სახელზე არაფერია რეგისტრირებული და როგორც ვიცი, 60 კვადრატამდე მშენებლობას არ სჭირდება ნებართვა. ეს მეორე სართული რომ არის, ეს რაიმეს ხომ არ ცვლის?

- 60 კვმ სახლის მშენებლობისათვის საჭიროა მარტივი ნებართვა, ანუ შეტყობინების გაკეთება და თანხმობის მიღების შემდგომ მშენებლობა. თქვენს შემთხვევაში გამოდის, უნებართვოდ გაქვთ აშენებული და შესაძლოა გადამოწმებისას მოგთხოვონ დემონტაჟი და შეუსრულებლობის შემდგომ დაგაკისრონ ჯარიმა, ხოლო დემონტაჟი მოხდეს იძულებითი აღსრულების გზით. ასევე ვინაიდან გსურთ ამ 60 კვმ-ზე დაშენება, შენობა აღარ ჩაითვლება მარტივი ნებართვით თანხმობის გაცემით ასაშენებელ ფართობად. თუ მაინც ააშენებთ, დემონტაჟს მოგთხოვენ და დაგაჯარიმებენ კიდეც.

ჩემს ეზოში დგას ელექტროენერგიის ბოძი, ვითხოვ გადატანას, მაგრამ უარს მეუბნებიან, ხარჯებს მე მთხოვენ. შემიძლია სასამართლოში ვუჩივლო კომპანიას?

- დიახ, უნდა მიმართოთ სასამართლოს აღნიშნული ბოძის გადასატანად.

ე.წ. იტალიურ ეზოში ვცხოვრობ. მეზობელმა რემონტის შედეგად დააზიანა ჩემი ბინის კედლები, მაგრამ უარს ამბობს შეკეთებაზე. როგორ მოვიქცე?

- უნდა მიმართოთ სასამართლოს, ჩაატაროთ ექსპერტიზა და მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება.

გვყავს ორი შვილი, პატარა 7 თვისაა. ვცხოვრობთ ქირით. როგორც შევიტყვე, არსებობს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა და რადგან მყავს წლამდე ბავშვი, შემიძლია ვისარგებლო და პროცენტის 4%-ს დამიფარავს სახელმწიფო. ღირს თუ არა გარისკვა და ბინის შეძენა? რას უნდა მივაქციო ყურადღება­ ბანკში, რომ არ აღმოვჩნდე რაიმე პრობლემის წინაშე? ხომ არ არის მოსალოდნელი, სახელმწიფომ უარი თქვას გადახდაზე, გვაქვს ცოტაოდენი დანაზოგი და ამ თანხით პირველადი შენატანის გაკეთებას შევძლებდით.

- ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუ არ შეიცავს სტანდარტულ და მრავალჯერადი გამოყენების პირობებს, საჭიროებს საკითხის დეტალურად გავლას. მოცემულ საკითხზე რამდენიმე კითხვაა დასმული, კერძოდ, კითხვაზე, თუ რამდენად ღირს გარისკვა და ბინის შეძენა. ეს არის უშუალოდ თქვენი ფინანსური შესაძლებლობების საკითხი და ცხადია, იურისტის რჩევა ალოგიკური იქნება, კითხვა ასევე შეიცავს ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, რაზეც იურისტის პასუხი ასევე ალოგიკური იქნება. რაც შეეხება საკითხს, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ რაიმეში არ შეცდეს მსესხებელი, სამართლებრივი შეცდომის დაშვება თითქმის დაზღვეულია იმ საფუძვლით, რომ ნებისმიერი ბანკი მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული სტანდარტებით. რაც შეეხება სესხის გაცემის საკითხს, უშუალოდ ბანკთან გასავლელი თემაა. ამ საკითხზე პასუხი ბანკის ნაცვლად ასევე ალოგიკური იქნება.

"მოგოდან" მქონდა ავტომობილი გამოყვანილი, მოგვივიდა ავარია და მანქანა ისე დაიმტვრა, რომ დაშლილებში ჩავაბარეთ. ავარიის დროს ჩემი ბრალეულობა გამოვლინდა და მომიხდა მეორე დამტვრეული მანქანის ანაზღაურებაც, დაშავებულების მკურნალობაც და საკმაოდ სოლიდური თანხა დამეხარჯა. არ მქონდა იმის საშუალება, რომ "მოგოში" პროცენტები მეხადა, ვთხოვეთ გადანაწილება, მაგრამ სანამ გადაანაწილებდნენ, გვთხოვეს 2.000 ლარი შემეტანა, მაგრამ ვერ შევძელი. როგორც ახლა გავიგე, საქმე გადაეცა სააღსრულებოს და თანხა ძალიან გაზრდილია, რისი გადახდის საშუალება ისევ არა მაქვს, ვართ სოციალურად დაუცველები. რა შეიძლება გავაკეთოთ?

- მოცემული საკითხის შეფასებისას საჭიროა დადგინდეს, თუ რა ხელშეკრულება იყო გაფორმებული, ანუ მანქანა შეძენილ იქნა ავტოსესხითა და გირავნობის უზრუნველყოფით, თუ მანქანა გამოყვანილი იყო ლიზინგით. რაც შეეხება საკითხს თანხის გადანაწილების შესახებ, ეს არის მხარეთა შეთანხმების საკითხი - ანუ მსესხებელს არა აქვს სამართლებრივი ბერკეტი მისთვის სასურველ პირობაზე დაითანხმოს კრედიტორი.

ვარ ოფიციალურ ქორწინებაში 5 წელია. შემიძლია თუ არა ამდენი ხნის მერე დავდო საქორწინო ხელშეკრულება ჩემს მეუღლესთან? როგორ უნდა განაწილდეს ამ წლებში შეძენილი ქონება? თუ ეს დამოკიდებულია შეთანხმებაზე? ასევე მაინტერესებს, საქორწინო კონტრაქტს რა უპირატესობები აქვს და შეუძლია თუ არა რომელიმე მხარეს მისი გაუქმება?

- საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქორწინების რეგისტრაციამდეც და რეგისტრაციის შემდგომაც. მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. აუცილებელია ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმება. რაც შეეხება ქონებას, შეგიძლიათ თავად მეუღლეები შეთანხმდეთ, თუ როგორ იქნება ის განკარგული. საქორწინო ხელშეკრულების უპირატესობად შეგვიძლია ის მივიჩნიოთ, რომ მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით, ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია. საქორწინო ხელშეკრულება წყდება განქორწინებისას.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები