ტრამპი ფარული თამაში ანუ არ ვაწყენინოთ პუტინს - "თეთრი სახლის წარმომადგენლები ჩუმად რეკავდნენ კონგრესში და..." - კვირის პალიტრა

ტრამპის ფარული თამაში ანუ არ ვაწყენინოთ პუტინს - "თეთრი სახლის წარმომადგენლები ჩუმად რეკავდნენ კონგრესში და..."

ამერიკულ გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „თეთრი სახლი ფარულად ახდენს ზეწოლას სენატის წევრებზე, რომ მათ ანტირუსული სანქციების კანონპროექტის მკაცრი დებულებები შეარბილონ“ (ავტორები - ალექსანდრე უორდი და ლინდსი უაიზი). პუბლიკაციაში განხილულია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის საბოლოოდ მიღების პერსპექტივა და კრემლის მიმართ ახალი მკაცრი სანქციების დაწესების ალბათობა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, გარკვეული ზემოქმედება განახორციელოს რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემის მიმართ (სამხრეთ კაროლინადან), რათა მან თავისი კანონპროექტი ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების თაობაზე როგორმე შეარბილოს. თავის მხრივ, თეთრი სახლი - იმის ნაცვლად, რომ რუსეთი დასაჯოს უკრაინაში ომის შეწყვეტაზე უარის გამო, აქტიურ ძალისხმევას მიმართავს მოსკოვთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

კანონპროექტი, რომელსაც ხმა უკვე 80-მა სენატორმა მისცა, შეიცავს ახალი სანქციური ზეწოლის ზომებს კრემლის რიგი ჩინოვნიკების წინააღმდეგ და, აგრეთვე, ჯარიმებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთთან ბიზნესს განაგრძობენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ლინდსი გრემის მცდელობები მნიშვნელოვნად გააუარესებს აშშ-რუსეთის ურთიერთობას, რომელიც კრიზისიდან გამოდის.

როგორც „უოლ სტრიტ ჯორნალის“ წყაროები ამბობენ, კონგრესიდან, თეთრი სახლის წარმომადგენლები გასულ კვირას ჩუმად, ტელეფონით რეკავდნენ ლინდსი გრემის ოფისში ერთი თხოვნით - იქნებ სენატორმა ფორმულირებები ისეთნაირად შეარბილოს, რომ პრეზიდენტს თვითონ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომელიმე კონკრეტული „სადამსჯელო ზომა“ შეარჩიოს.

თეთრი სახლის თხოვნა ეხებოდა შემდეგ ფორმულირებებს: კანონპროექტში სიტყვა „ვალდებულია“ იქნებ შეიცვალოს სიტყვით - „შეუძლია“, რათა წინადადებებს სანქციების დაწესების შესახებ მოთხოვნითი ხასიათი კი არ ჰქონდეს, არამედ - მხოლოდ სარეკომენდაციო.

რასაკვირველია, ზოგადად, ადმინისტრაცია ყოველთვის ცდილობს, კონგრესის მიერ კანონპროექტის მომზადების პროცესში რაღაც გავლენა მოახდინოს. მიზანი აშკარაა: პრეზიდენტი დაინტერესებულია, რომ მას მანევრების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს და რომ მისი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები თავსმოხვეულად არ იქნას აღქმული. მაგრამ კონგრესში სხვანაირად ფიქრობენ: „თუ დოკუმენტში პრეზიდენტის დამავალდებულებელი (ანუ აუცილებლად შესასრულებელი) დებულებები არ იქნება შეტანილი, მაშინ ლინდსი გრემის კანონპროექტი „უკბილო“ გამოვა“, - განმარტავენ კონგრესმენები.

კანონპროექტის თანაავტორმა, დემოკრატმა სენატორმა, კონეკტიკუტის შტატიდან, რიჩარდ ბლუმენტალმა „უოლ სტრიტ ჯორნელის“ ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან სატელეფონო ზარები ნამდვილად იყო, თუმცა მან უარი თქვა საუბრის შინაარსზე ელაპარაკა და კომენტარი გაეკეთებინა. „ჩვენ საკუთარი მიზნისაკენ მივდივართ, თეთრი სახლი აქტიურად არის ჩართული დისკუსიაში“, - ხაზი გაუსვა სენატორმა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა გაზეთის ჟურნალისტის თხოვნაზე, რაიმე კომენტარი გაეკეთებინა შექმნილი სიტუაციისათვის, განაცხადა, რომ „აშშ-ის კონსტიტუცია ამერიკის ლიდერს უფლებას აძლევს, დიპლომატიური დიალოგი აწარმოოს უცხოეთის ქვეყნებთან. ამიტომ სანქციების ნებისმიერი პაკეტი პრეზიდენტს მანევრის შესაძლებლობებს უნდა უტოვებდეს. მას მოქნილი და ეფექტიანი დიპლომატიის გატარების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, საკუთარი შეხედულებით“.

ლინდსი გრემმა საჯაროდ განაცხადა, რომ განზრახული აქვს, კანონპროექტში მართლაც შეიტანოს ცვლილებები, მათ შორის, დაამატოს ფორმულირება, რომელიც ზოგიერთი ქვეყნისათვის, რომლებიც უკრაინას გარკვეულწილად ეხმარებიან, სანქციების დაწესების საკითხში პოზიტიურ გამონაკლისს დაუშვებს, მაგალითად, ევროპელი მოკავშირეებისათვის, რომლებიც, ვთქვათ, არ გადაიხდიან 500%-იან ბაჟს აშშ-დან შეტანილ პროდუქციაზე, მიუხედავად იმისა, იმპორტირებენ თუ არა რუსულ ნავთობს ან გაზს.

ვაშინგტონის მხრიდან უკრაინისადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა დიდი ხნის განმავლობაში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კონსენსუსის თითქმის ერთადერთ პუნქტს წარმოადგენდა - ორივე პარტია გამოხატავდა სურვილს, კიევს დახმარებოდა, დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და რამდენ ფინანსებს მოითხოვს. ბევრი ამერიკელი კანონმდებელი გაუყვა სარისკო ეკლიან გზას კიევისაკენ, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პირადად შეხვედროდა და საკუთარი თვალით ენახა, თუ როგორი ზარალი მიადგა უკრაინას, თუმცა შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ მეომარი ქვეყნის მიმართ რაიმე ოფიციალური ბრძანებულება და სხვა დოკუმენტი არ გამოცემულა.

დონალდ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ სინანულს გამოხატავს, ომში ათასობით დაღუპულის გამო, მაინც უარს აცხადებს მოსკოვისადმი ზეწოლაზე. იმავდროულად, მცირდება უკრაინის დახმარების ამერიკული პაკეტებიც.

დემოკრატ სენატორებს, რომლებიც რესპუბლიკელი ლინდსი გრემის კანონპროექტს მხარს უჭერენ, სურთ, რომ დოკუმენტი მკაცრი იყოს, მაგრამ ისინი აცნობიერებენ, რომ ამჟამინდელი სახით, კორექტირების გარეშე, მას არსებობის პერსპექტივა არ აქვს. ვირჯინიელი დემოკრატი სენატორის - ტიმ კეინის თქმით, დოკუმენტის ტექსტს წინ არსებითი ცვლილება ელოდება.

„ახალი სანქციების რეალისტური სცენარი მისი სრული შერბილება იქნება, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს, - მსჯელობს ტიმ კეინი, - „ლინდსი ასეთი საკითხების მიმართ საკმაოდ ხისტ ხასიათს ამჟღავნებს... თუმცა, თუ იგი კორექტირებას მხარს დაუჭერს, ჩვენ მას მივემხრობით“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო