"რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი" - კოტე იოსელიანი ახალ პოსტს აქვეყნებს
"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მეუღლე კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს
"რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მით უმეტეს, რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტი-ქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი!" - წერს იოსელიანი.
ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.
მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".
ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.
შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.