"შინააშლილობა აძაბუნებდა სახელმწიფოს... სპეცსამსახურების მწყობრი სისტემა დავით აღმაშენებლის "მსტოვრობის ინსტიტუტის" შემდეგ, XX საუკუნის 20-იან წლებამდე, საქართველოს არ ჰქონია"
ყველა სისტემა (რთულიც და მარტივიც) სამ განზომილებაში შესწავლას მოითხოვს: როგორი იყო, როგორი არის და როგორი უნდა იყოს. სპეცსამსახურების რამდენადმე ერთიანი, მწყობრი სისტემა დავით აღმაშენებლის „მსტოვრობის ინსტიტუტის“ შემდეგ, მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე საქართველოს არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, სანდო ისტორიული წყაროებით ამგვარი არ დასტურდება. ერთადერთი რითაც ამ მხრივ თავის მოწონება შეგვიძლია, სწორედ დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდში, ცენტრალიზებული ფეოდალური სახელმწიფოს გაძლიერების პროცესში მეფის ერთგული „მსტოვრების გუნდის“ აქტიური მონაწილეობაა.
1089 წელი იდგა, როცა მეფე გიორგი II-მ საკუთარი ნებით დაადგა გვირგვინი ჭაბუკ დავითს. ქართველ ისტორიკოსთა უმრავლესობა გიორგი მეფის ამ ნაბიჯს უმთავრეს გონივრულ გადაწყვეტილებად თვლის, მისი მეფობის მანძილზე. სამწუხაროდ, გიორგის მეფობის 17-მა წელმა ისე ჩაიქროლა ბრძოლა-ნადიმობა-ნადირობებში, რომ ამ პერიოდის მკვლევრებს ხელთ მხოლოდ ქვეყნის მძიმე მდგომარეობის ამსახველი ისტორიული ფაქტებიღა შერჩათ. ხოლო მეფის ხშირად მართლაც გასაოცარ-გასაკვირი გადაწყვეტილებების დედააზრის ამხსნელმა უტყუარმა ცნობებმა ჩვენამდე არ მოაღწია. ფრიად სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში, გიორგი II-ს მეფობის შედეგების შეფასებისას, ისტორიკოსთა ვარაუდებმა და მოსაზრებებმა ისტორიული წყაროები ჩაანაცვლა. ქვეყანა კი მართლაც მძიმე დღეში მყოფი მიიღო ჭაბუკმა მეფემ. თურქნი დაუსჯელად დათარეშობდნენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს. შემოდგომის მიწურულს, დედაბუდიანად აყრილები, საქართველოს შუაგულს მოაწყდებოდნენ და გაჩიანის, ავჭალისა და დიღმის ბარაქიან ჭალებში ბანაკდებოდნენ გამოსაზამთრებლად. “დიდი თურქობის” შედეგად, მემატიანის სიტყვებით: “და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოხრდა ქვეყანა და ტყედ გარდაიქცა და ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკვიდრნეს მასა შინა”. გაიძარცვა და გაპარტახდა ეკლესია-მონასტრები, თურქები არ ინდობდნენ არც მოხუცს, არც ქალს, არც ბავშვს.
დიდგვაროვანი ფეოდალები გიორგი II-ს არად აგდებდნენ და საკუთარ მამულებში თავად ენებათ მეფობა. ერთი წლის მანძილზე სამჯერ უღალატა მეფეს ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშმა, კლდეკარის პატრონმა. სამჯერვე აპატია მიმნდობმა გიორგიმ. უფრო მეტიც, ბრძოლაში დამარცხებულ მოღალატე ფეოდალებს კი არ სჯიდა, არამედ - უხვადაც აჯილდოვებდა. აღსართან კახთა მეფემ, სამეფოს შენარჩუნების იმედად, ქრისტიანობა უარყო, მუსლიმანობა მიიღო, ეახლა სულთან მალიქ-შაჰს და ასე შეინარჩუნა ტახტი.
ამის შემყურე არაგვის ერისთავი ძაგან აბულეთის ძეც განუდგა გიორგი მეფეს და აღსართანს მიემხრო. შინააშლილობა აძაბუნებდა სახელმწიფოს. გიორგი II-მ ვერ შეძლო ერთიანი სახელისუფლებო სტრუქტურების: ერთიანი ჯარისა და მსტოვარ-მზვერავების ერთგული გუნდის შექმნა. დიდგვაროვნებს საკუთარი ლაშქარი გამოჰყავდათ ბრძოლის ველზე და მხოლოდ მათზე იყო დამოკიდებული, თუ საით მიმართავდნენ სამხედრო ძალას. თუ დიდგვაროვანი განდგომილი იყო, მეფეს კი არ მიახმარდა ჯარს, პირიქით, მის წინააღმდეგ იბრძოლებდა. ამიტომ იყო, რომ სამმხრივ გლეჯდნენ საქართველოს თავგასული ფეოდალები: კახეთ-ჰერეთიდან აღსართან მეფე იბღვირებოდა გაბანჯგვლული წარბებიდან; თრიალეთი ხომ ოდითგან “კრაზანების ბუდე” იყო – ივანე და ლიპარიტ ბაღუაშ ორბელიანებს და მათ საგვარეულოს სისხლში მოსდგამდა ღალატი და განდგომა. თუ ქართველები არ ინდობდნენ საქართველოს, თბილისის ამირას რაღა მოეთხოვებოდა? მაჰმადიანობის ბუდედ და თურქ-სელჯუკ ჯაშუშთა თავშესაფრად ქცეულიყო მაშინ თბილისი.
გიორგი II. 1072-1089 წ.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც არ იყო ყველაფერი რიგზე. დავითის გამეფების პერიოდში ეკლესიის მესვეურნი დიდგვაროვან აზნაურთა წრიდან იყვნენ და ივანე ჯავახიშვილის სიტყვები რომ მოვიშველიოთ: “ამიტომაც ზოგიერთი მათგანნი მეფე-აზნაურთა შორის ამტყდარი უთანხმოების დროს საიდუმლოდ, თუ დაუფარავად, სწორედ ამ ურჩ და მოღალატე დიდგვარიან აზნაურ ხელისუფლებს უჭერდნენ მხარს”.
მტრის ჯაშუშები დაუსჯელად მოქმედებდნენ. იმრავლა ღალატმა ქართველთ შორისაც. ისტორიული ფაქტები მეტყველებენ, რომ გიორგის მეფობის პერიოდში მისი მზვერავ-მსტოვრების სიძაბუნე მართლაც რომ უსაზღვრო იყო. გარდა იმისა, რომ მეფის მსტოვრები დიდგვაროვანი ფეოდალების ზრახვებს ვერ იტყობდნენ დროულად, მტრის ლაშქრის შემოტევასაც მძინარე-დაბანგულებივით ხვდებოდნენ! ამის დასტურად ერთ-ერთი ასეთი ისტორიული ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ:
გიორგი სამი-ოთხი წლის გამეფებული იყო, ყველის ციხეს იდგა, როცა აჰმად ამირას მეთაურობით თურქთა ლაშქარი, მოღალატე ქართველების მიერ გზანასწავლი, “უგრძნეულად” დაესხა თავს. მანამდე თურქებმა ქალაქი კარი აიღეს და მერე შემოუტიეს ყველის ციხეს. მეფისა და მისი მსტოვრებისთვის ეს გაათკეცებული ყურადღებისა და საბრძოლო მზადყოფნის ნიშანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით კი მოხდა: “აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი”. მტერს დიდძალი ტყვე და ქონება ჩაუვარდა ხელში, თავად მეფემ კი აფხაზეთს შეაფარა თავი. ახლაც კი, უმწეობისაგან გააფთრებულს, არ შეიძლება არ აღმოგხდეს: სად იყვნენ მეფის მსტოვრები? სად იყვნენ “მენაპირენი”? სად იყვნენ ციხის მზირები?
გიორგი მეფის ლაშქარში ძალზე დაბალი სამხედრო დისციპლინა ყოფილა. მემატიანე მოგვითხრობს, რომ: “საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი და გინება ღმერთისა” და სხვა მრავალი “უწესოება” ყოფილა ლაშქარში გავრცელებული. თითქოს ეს უბედურებები არ კმაროდაო და 1088-1089 წლებში საშინელმა მიწისძვრებმა დაანგრია და მოსრა ქართლი. მემატიანის სიტყვებით: “რამეთუ მეფე იქმნა დავით, მოოხრებულ იყო ქართლი და თვინიერ ციხეთა სადამე არა სადა იყო კაცი სოფელსა შინა, არცარა შენებულობა”. ასეთ დროს და ამ პირობებში გამეფდა დავითი. ის თავად ხედავდა მამამისის მეფობის სუსტ მხარეებს და ქვეყანაში დაგროვილ პრობლემებს. მათ შორის კი ერთ-ერთი უმთავრესი მსტოვრობის საქმის სისუსტე იყო.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მძიმე და ადრეულ ტვირთად დააწვა ჭაბუკ მეფეს. რამდენიმე მიმართულებით უხდებოდა ერთდროულად ბრძოლა. ამ ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ დავითს ჯერ არ ჰყავდა სანდო და დროული ინფორმაციის შემკრებ-მიმწოდებლები. ინფორმაცია კი ყველა დროში ხომ ყველაზე მთავარი და ძვირფასი მონაპოვარია! ამიტომ, ლოგიკურად, დავით IV-ს ჯერ მსტოვარ-მზვერავთა ერთგული გუნდი უნდა შეეკრა და მერე შედგომოდა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ დიდი ბრძოლების დაწყებას, დიდგვაროვანი ფეოდალების მორჯულებას, საეკლესიო რეფორმების ჩატარებას, სახელმწიფოს მართვის სტრუქტურის სრულყოფასა და ერთიანი ჯარის შექმნას.
სავარაუდოა, რომ თავდაპირველად მეფის მზვერავთა გუნდი მისი ერთგული ქვეშევრდომების ახალგაზრდა თაობისგან შედგა. ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ დავითის მეფობის პირველ ათწლეულში მზვერავთა გუნდს, წარმატებებთან ერთად, ხელიც ბევრჯერ მოეცარა, რაც გამოუცდელობას უნდა მივაწეროთ. შემდგომ განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა დაამტკიცა, რომ მსტოვრობის გაძლიერება და განვითარება დავით მეფის დიდი ჩანაფიქრი და მისი რეფორმების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა. ამაზე დავითის მემატიანე ცალკე და პირდაპირ არსად უთითებს, თუმცა იმდროინდელ მოვლენებში თვალნათლივ ჩანს ძალზე სერიოზული სახელმწიფო მიდგომა ამ საქმისადმი. დავით IV-ის მემატიანე “მსტოვრებს” პირდაპირ სულ ორად-ორჯერ ახსენებს: პირველად, როცა მეფის ერთ-ერთ სამხედრო-ტაქტიკურ ხერხს და მტრის დეზინფორმაციის მრავალგზის გამოყენებულ მეთოდს ხსნის (“რამეთუ მოიმსტვარნის მეფემან რომელთა მოსვრა ეგებოდის, და უგრძნობლად დაესხის და მოსწყვიდნის”), ხოლო მეორედ, როცა თურქ-სელჩუკების ჯაშუშთა აქტიურობას აღწერს (“რამეთუ მათნიცა მსტოვარანი ზედა ადგიან მეფესა და ეძებდიან გზათა მისთა”). ყველა სხვა შემთხვევაში, მემატიანის ძუნწ სტრიქონებს შორის ალაგ-ალაგ მიმობნეული და შეფარვით გადმოცემული მსტოვართა საქმენი მარცვალ-მარცვალაა ამოსაკრეფი.
საინტერესოა, რომ XX საუკუნეში, მსტოვართა თემატიკის ანალიზისას, განსაკუთრებით ფრთხილობდნენ ქართველი ისტორიკოსები და მწერლები. გასაკვირი არცაა, რადგან მეოცე საუკუნის იმ პერიოდში, საბჭოთა იმპერიის პირობებში, მსტოვარ-ჯაშუშების თემა ტაბუდადებული იყო, რადგან კომუნისტურ დიქტატურას არასასურველი პარალელების ეშინოდა. ოცდაათი წლის მანძილზე იმპერიის „მთავარი ცენზორი“ ხომ თავად იოსებ სტალინი გახლდათ. მან ბევრი კომენტარი და შენიშვნა მიაწერა კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებლის" 1942 წელს ქართულ ენაზე გამოცემულ ტეტრალოგიის პირველი წიგნის გვერდებს. ამ წიგნს, ჩემი ვარაუდით, „ბელადი“ ომის შემდგომ წლებში უნდა გასცნობოდა.
განსაკუთრებით საინტერესოა სტალინის ის შენიშვნები, რომელიც ტერმინ "მსტოვარს" ეხება. კ. გამსახურდია ნაწარმოების 461-ე გვერდზე პირველად იყენებს ამ უძველეს ქართულ სიტყვას, სტალინი კი რატომღაც ძალზე მკაცრია, წითელი ფერის ფანქრით გაუხაზავს "მსტოვარნი" და წიგნის კიდეზე ქართულად, დიდი ასოებით მიუწერია: "მზვერავნი". იგივე შენიშვნა აქვს 469-ე გვერდზეც, სადაც უკვე ლურჯი ფერის ფანქრით მიუწერია – „მზვერავი“. საინტერესოა, სტალინი არ იცნობდა სულხან-საბა ორბელიანის "ლექსიკონში" მოცემულ „მსტოვრების“ განმარტებებს თუ მიზეზი სულ სხვა იყო?
დავუბრუნდეთ დავით აღმაშენებლის „მსტოვართა გუნდის“ შექმნის ისტორიას.
თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ გიორგი II სერიოზულად არ ეკიდებოდა მსტოვართა ძალას, დავით IV-ს ეს საქმე თავიდან უნდა დაეწყო და მისი მეფობის პირველი ათწლეულის მთავარი დევიზი - “ყველგან მსტოვრები”- უნდა გამხდარიყო. ამ მოსაზრებას ადასტურებს დავით მეფის მემატიანის ის სტრიქონი, რომ დავითის დროს მსტოვართა შიშით სახლში მეუღლესაც ვერ უმხელდნენ საიდუმლოსო (“ორგულებასა და ზაკვასა და ღალატსა რასამე ვერვინ დიდთა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებადაცა, არა თუ თქმად ვისდა, არცა თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თვისსა თანა“).
დავით მეფე ერთიანი ცენტრალური მმართველობის დამყარებას ისახავდა მიზნად. ამ საქმეში კი დიდგვაროვანი ფეოდალების, უპირველესად მათგან ყველაზე ძლიერი და მზაკვარი ლიპარტ (მეხუთე) ივანეს ძის, კლდეკარის ბაღუაშთა დინასტიის მეთაურის, შეუპოვარი წინააღმდეგობა იყო მოსალოდნელი. ამიტომ მთავარი ამოცანა ლიპარიტის გარემოცვაში მსტოვარ-მზირთა შეგზავნა იყო. დავითის გამეფების პირველ-ორ წელს კლდეკარის ერისთავი მოჩვენებით ერთგულებას იჩენდა. მაგრამ დავითმა კარგად იცოდა ამ ფეოდალური საგვარეულოს მოღალატური ბუნება. დავითის ისტორიკოსი ამბობს: “ლიპარიტ ამირამ იწყო მათვე მამა-პაპეულთა კუალთა სლვა” და როცა ეს დავითმა შეიტყო, “ინება გაწურთა მისი” – შეიპყრო და დილეგში ჩასვა. მემატიანე არ აზუსტებს თუ როგორ შეიტყო დავითმა ლიპარიტის მზაკვრული გეგმები, მაგრამ შექმნილი სიტუაციის და მიღებული შედეგის ლოგიკური ანალიზი გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ იმ დროს დავითს ლიპარიტის გარემოცვაში უკვე მრავლად ჰყავდა გადაბირებული და “ჩანერგილი” მსტოვრები. ისინი გულმოდგინედ უთვალთვალებდნენ ჭირვეული დიდგვაროვანის მოქმედებებს, მიმოწერას და შეხვედრებს სხვა ქართველ ფეოდალებთან, თურქ ამირებთან, ზვერავდნენ მათ ერთობლივ საწვრთნელ და სალაშქრო სამზადისს და ეს ცნობები დავითის ერთგულ ხელქვეითებთან მიჰქონდათ. ხაზგასასმელია, რომ დიდგვაროვნების მიერ შეთქმულების მზადების შესახებ მეფისთვის ცნობილი ხდებოდა ადრეულ, ღალატის საწყის ეტაპზე და დაუნდობელი და მკაცრი ზომების მიღების შემდეგ მოსალოდნელი უფრო მძიმე შედეგები დროულად აღიკვეთებოდა. დავით მეფემ ლიპარიტს პირველად აპატია და არც თანამდებობა ჩამოართვა, მაგრამ მეორე წელს კვლავ ორგულობა რომ შეამჩნია, ჯერ ორი წელი დილეგში ამყოფა, შემდეგ კი ექსორიაყო ანუ საქართველოდან გააძევა და ბიზანტიაში გაასახლა. სავარაუდოა მსტოვრების მონაწილეობა ლიპარიტის ერთადერთი მემკვიდრის, რატის, მოულოდნელ სიკვდილშიც, რის შემდეგაც მეფემ მათი სამფლობელო -თრიალეთი და კლდეკარი, სამეფო მამულებად აქცია.
დავით აღმაშენებელი
დავითის “მსტოვართა გუნდი” თანდათან ძლიერდებოდა და ლიპარიტის გაძევების შემდეგ “საშინაო ფრონტზე” კიდევ უფრო დიდ წარმატებებს აღწევდა. წინ კიდევ ერთი, არანაკლებ საჭირბოროტო სატკივარი უნდა მოეგვარებინა დავითს. ეს ქართული ეკლესიის რეფორმირება იყო. თოთხმეტწლიანი მეფობის შემდეგ კიდევ უფრო დაბრძენებული დავით IV დარწმუნდა, რომ შინააშლილობის და დიდგვაროვანთა მუდმივი ორგულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმდროინდელ ეკლესიაში გაბატონებული უწესობა იყო. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამდე, რომელიც 1103 წელს შედგა, ქართულ ეკლესიაში ისევ გიორგი II-ისდროინდელი “უკუნითი” ბატონობდა. მემატიანის შეფასებით: “...წმინდა ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქვაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს, ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი...“ მაშინ დადგენილი წესით, უმაღლესი საეკლესიო თანამდებობები არა პიროვნული ღირსების და დამსახურების გამო, არამედ - მემკვიდრეობითი ნიშნის მიხედვით ნაწილდებოდა. ეკლესია ზოგიერთი ორგული დიდგვაროვნის ხელში აღმოჩნდა და მათ მთავარ დასაყრდენად იყო ქცეული. ისინი კი ყოველგვარი ხრიკებით ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მეფის ერთპიროვნული ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყნის გაერთიანებისთვის. დავით მეფემ ამ “სახლნი ღმრთისანის” “ავაზაკთაგან” გაწმენდა გადაწყვიტა. საყურადღებოა, რომ მან მრავალი წელი შეალია უღირს ეპისკოპოსთა გადაყენებისთვის აუცილებელი ღონისძიებების მომზადებას. მემატიანის ამ სიტყვებიდანაც - “მრავალი დღე გამოწულილვითა ფრიადითა კეთილად გამოიძიეს”, ჩანს, რომ დავით მეფეს ბევრი დრო და ხერხი დასჭირდა, მისთვის ხელსაყრელი სიტუაციის შექმნისა და ეკლესიის ხელმძღვანელობაში საკუთარი მომხრეების შერჩევა-დაწინაურებისთვის. ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ კრების მოწვევა “წინასწარ კარგად მოფიქრებული გეგმის მიხედვით და საეკლესიო კრებისთვის ხელმძღვანელთა მარჯვედ შერჩევის” შემდგომ მომხდარა. ლოგიკურია, რომ უღირს მღვდელთმთავართა ცოდვებისა და “ავაზაკობის” გამოსავლენ-აღსარიცხად მეფე უცილობლად მსტოვრებს და აეშაგებს გამოიყენებდა. კონსტანტინე გამსახურდიას რომანში “დავით აღმაშენებელი” მხატვრულად აქვს გადმოცემული თუ როგორ აგროვებდნენ უღირს ეპისკოპოსებზე “კომპრომატებს” მეფის ერთგული მსტოვრები. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ გამოგონილი მოვლენები და პერსონაჟები ძალზე ახლოს არიან ისტორიულ სინამდვილესთან. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით ის უღირსი მღვდელთმთავარნი, რომლებიც დიდგვაროვნების გამო მემკვიდრეობით ფლობდნენ საეკლესიო თანამდებობებს, გადაყენებულ იყვნენ და მათ ნაცვლად, შთამომავლობისდა მიუხედავად, ღირსეულნი და განსწავლულნი აირჩიეს. ასე რომ, 1103 წელს დავითმა მნიშვნელოვანი საშინაო “ბრძოლა” მოიგო, რაშიც უცილოდ დიდი იყო მსტოვარ-აეშაგთა წვლილი. წინ კი კიდევ ბევრი ბრძოლა იყო მოსაგები.
(მესამე ნაწილის დასასრული)