"მესამე კურსზე ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა, ორი თვე შოკიდან ვერ გამოვედი..." - მანანა ალფაიძის მოგონებები გენიალურ მუსიკოსებზე, ჟიული შარტავაზე და გალ - კვირის პალიტრა

"მესამე კურსზე ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა, ორი თვე შოკიდან ვერ გამოვედი..." - მანანა ალფაიძის მოგონებები გენიალურ მუსიკოსებზე, ჟიული შარტავაზე და გალაკტიონთან ნათესაურ კავშირზე

"ბებია თავისი ბავშვობიდან ერთ ეპიზოდს ჰყვებოდა, როცა სოფელში წავიდა მდინარეზე საბანაოდ და წვერიანი კაცი დაინახა, დიდი ხის ძირში მჯდომარე. იმ კაცს თვალები მაღლა აღეპყრო და რაღაცას ბუტბუტებდაო. სახლში დაბრუნებულ ბებიას უთქვამს, მდინარესთან ერთი გიჟი, გაბურძგნილი კაცი ვნახეო. რაზეც უპასუხეს: ნეტა, ეგეთი გიჟი ბევრი ჰყავდეს საქართველოს, ეგ გალაკტიონი იყოო..."

რუსთავის სამუსიკო სკოლის მეხუთე კლასში სწავლობდა მანანა ალფაიძე, როცა შექმნა პირველი საკუთარი ნაწარმოები, საფორტეპიანო პიესა „წვიმა“. ამაში წვლილი მიუძღვის მის ფორტეპიანოს პედაგოგს კომპოზიტორ კარლო ჩუხრუკიძეს, რომელმაც ყურადღება მიაქცია მოწაფის მიდრეკილებას იმპროვიზებისადმი. სწორედ მასწავლებელმა განაწყო მანანა იმისთვის, რომ დაეწერა პიესა.

batumshi-pestivalze-1750601414.jpg
ბათუმში ფესტივალზე

მუსიკალურ ტექნიკუმში მისაღები გამოცდის თავმჯდომარე იყო კომპოზიტორი ოთარ გორდელი, რომლის დასწრებამ ისე ააღელვა აბიტურიენტი, რომ მის წინ გადაშლილი საკუთარი ნაწარმოების ტექსტი ზუსტად ვერ დაუკრა და განსხვავებული ვერსია ააჟღერა. ოთარ გორდელმა შენიშნა, რომ ნოტში დაწერილი არ ემთხვეოდა მოსმენილს და მანანა ასე დაახასიათა - ეს არის შემოქმედი გოგონა! კომპოზიტორი მანანა ალფაიძე საუბრობს იმ ადამიანებზე, ვინც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მის ცხოვრებაში.

ორი კორიფე

- კონსერვატორიაში საკომპოზიტორო ფაკულტეტზე შევედი და ჩემი თაობა ცოცხალ კლასიკოსებს მოესწრო. დავით (გუგული) თორაძის კლასში ვსწავლობდი, მესამე კურსზე ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა. ნოემბერი იდგა, ორი თვე შოკიდან ვერ გამოვედი. ახალი სემესტრიდან ალექსი მაჭავარიანთან გადამიყვანეს (თვითონ უთქვამს, ალფაიძე - ჩემთანო). კომპოზიციას ორი კორიფე მასწავლიდა და ვეზიარე ორი უდიდესი პიროვნების ინტელექტს, ცოდნას, გემოვნებას, ურთიერთობას მუსიკასთან და ა.შ. ვტრაბახობდი კიდეც, წინა თუ მომდევნო წლის კურსელებთან: თქვენ ერთი პედაგოგი გყავდათ, მე კი - ორი-მეთქი. ბატონ დავითთან სახლში მივდიოდი და მახსოვს, მეტყოდა ხოლმე: აბა, ახლა დატრიალდი, საჭმელი გამიკეთე და ერთად ვისადილოთო. თავად გაძლევდა იმის განცდას, რომ შენც თითქმის მისი ოჯახის წევრად თვლიდი თავს. წლების განმავლობაში, ჩემს აზროვნებაში, სულ გუგულის გონების და სწორების ქვეშ ვიყავი, ის იყო ჩემი სანთელი.

konservatoriashi-1750601775.jpg
კონსერვატორიაში

ჩვენს ოთახს, კომპოზიტორების კლასს გამორჩეული, მრგვალი ფანჯარა აქვს. უმეტეს დროს იქ ატარებდა გუგული. მას დიაბეტი ჰქონდა, ყოველ სამ საათში ერთხელ უნდა ეჭამა, ამიტომ, ყოველთვის მოდიოდა „სალფეტკში“ გახვეული ბუტერბროდებით და ყველას გვთავაზობდა. უარს ვეუბნებოდით, ის გვიხსნიდა, რომ თქვენთვის წამოვიღეო, ბევრი მოჰქონდა, ჩვენზე ფიქრობდა.

გუგულის პანაშვიდზე წასასვლელად მისი ყოფილი სტუდენტები შევიკრიბეთ, შევედით ოთახში და მეუღლემ (მსახიობი ლიანა ასათიანი) რომ დაგვინახა, ერთადერთი რამ გვითხრა: აბა, წადით ახლა და ნახეთ სადმე, მეორე გუგულიო.

gonisziebaze-1750601900.jpg

თორაძე და მაჭავარიანი უახლოესი მეგობრები და თანამოაზრეები იყვნენ. გუგულისაც და ალექსისაც ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ სტუდენტებთან, რომ მათთან სახლშიც მიდიოდნენ. ჩემს ოჯახშიც არაერთხელ ყოფილან.

ერთხელ, გუგული მეკითხება:

- რას შვრება მამაშენი, ისევ დადის ნაშებშიო?

შევიცხადე, რა დროს მაგის ნაშებია-მეთქი. მამაჩემი გუგულიზე 12 წლით უმცროსი იყო.

- როგორ, შენ გგონია, მე ქალები აღარ მაინტერესებსო? - გაიკვირვა გუგულიმ.

სახელმწიფო გამოცდა

- იმ წელს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა გამოსაშვებ გამოცდაზე სტუდენტ-კომპოზიტორთა ნაწარმოებები პირველად შეასრულა სიმფონიურმა ორკესტრმა. ორიგინალში ვუსმენდით საკუთარ ნაწარმოებს რადიო-ტელევიზიის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. ბედი მქონდა, რომ შემარჩიეს. სახელმწიფო გამოცდა ტარდებოდა ტელევიზიაში, მას ესწრებოდა კონსერვატორიის პრორექტორი, ხოლო კომისიის თავმჯდომარე გია ყანჩელი გახლდათ. ერთი ნაწარმოები რომ დასრულდებოდა, მეორე იწყებოდა. მხოლოდ ჩემი ნამუშევრის შესრულების შემდეგ იკითხა ყანჩელმა: ვისი მოწაფეაო და ალექსი მაჭავარიანმა უპასუხა - გუგულისო.

manana-alpaize-1750601872.png

კონსერვატორია დავამთავრე და მალევე, კომპოზიტორთა კავშირის ახალგაზრდული სექციის ხელმძღვანელმა გია ყანჩელმა გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა კომპოზიტორების სიმფონიური ნაწარმოებების კონცერტი ჩაეტარებინა და დაიწყო მისი ორგანიზება. ყანჩელს ჩემი გვარი არ ახსოვდა და უთქვამს, ის გოგო რუსთავიდან რომ იყო, იმასაც დაუკავშირდითო, მაშინ რუსთავში ვცხოვრობდი. მართლაც დამირეკეს, მაგრამ ის კონცერტი აღარ გაიმართა... გია ყანჩელი საზღვარგარეთ წავიდა.

shexvedra-ninocmindis-samusiko-skolastan1-1750601728.jpg
შეხვედრა ნინოწმინდის სამუსიკო სკოლასთან

მინდა მადლიერებით გავიხსენო კომპოზიციაში ჩემი პირველი პედაგოგი ნუგზარ ვაწაძე. სიტყვაძუნწი კაცი იყო, ერთ წინადადებას იტყოდა, მაგრამ იმაში იდო ყველა მინიშნება და ნააზრევი. ბედნიერი ვარ, რომ მასწავლიდნენ სულხან ცინცაძე, ნოდარ მამისაშვილი, შოთა მილორავა, ფელიქს ღლონტი, შალვა მშველიძე, რუბენ კაჟილოტი...

ვისგან იგებდნენ აკრძალული კომპოზიტორების გვარებს

- პირველ კურსზე თანამედროვე მუსიკას, ხოლო მეოთხეზე - ქართული მუსიკის ისტორიას გვიკითხავდა ანტონ (ტატული) წულუკიძე. ძალიან წყნარი და მშვიდი პიროვნება იყო, საერთოდ არ იცოდა გაბრაზება. ლექციის დროს აუდიტორიაში იდილიური სიმშვიდე სუფევდა. მისი საუბრიდან არაფერი მიდიოდა ყურს გარეთ, ყველაფერი გონებაში შედიოდა. კლასიკური ტიპის ლექტორი გახლდათ თავისი აკადემიური ქცევით. კომუნისტების პერიოდში ვსწავლობდი და თანამედროვე მუსიკაში ვეცნობოდით, აუცილებლად ცენზურაგამოვლილ კომპოზიტორებს და მათ ნაწარმოებებს. თუმცა ბატონი ანტონი, ასე ვთქვათ, ჩუმად, აკრძალულ გვარებსაც გვაცნობდა. ესენი იყვნენ მე-20 საუკუნის მოდერნისტი ანუ ნონკონფორმისტული კომპოზიტორები: სოფია გუბაიდულინა, კარლ-ჰაინც შტოკჰაუზენი, ჯონ კეიჯი, ალფრედ შნიდკე, არვო პერტი. ბატონ ანტონს იმდენი სითამამე ჰქონდა, რომ სადაც საჭირო იყო, შეეძლო ყვირილიც და ბრძოლაც. ამ დროს, ლექციაზე ვხედავდით აბსოლუტურად განსხვავებულ პიროვნებას. კონსერვატორიის დამთავრებისთანავე მომიწია მოსკოვსა და ლენინგრადში წასვლა. მახსოვს, ბატონ ანტონთან მივედი და ვთხოვე, აკრძალული კომპოზიტორების გვარები ეკარნახა. მინდოდა რუსეთში მომეძებნა მათი ჩანაწერები ან ნოტები და ჩამოვიტანე კიდეც.

kompozitorebtan-ertad-1750601675.jpg
კომპოზიტორებთან ერთად

ანტონ წულუკიძე წლების განმავლობაში მუსიკალური ხელოვნებისა და დრამატული თეატრების სარეპერტუარო-სარედაქციო კოლეგიის მთავარი რედაქტორი გახლდათ. მის სახელს უკავშირდება ერთი სახალისო ამბავი. ქუთაისის ოპერის თეატრში დაიდგა „დიდოსტატის მარჯვენა“ და ბატონი ანტონი იმდენად იყო ჩართული დირიჟორის, კონცერტმაისტერის, მხატვრის და ზოგადად, სადადგმო ჯგუფის წევრების საქმიანობაში, რომ ის იყო მთავარი ამ ყველაფერში. ამაზე ქუთაისელები ხუმრობდნენ ეს „დიდოსტატის მარჯვენა“ კი არა, „ტატუსტანის მარჯვენა“ არისო.

ეპიზოდი ვაჟა აზარაშვილზე

- ვაჟა აზარაშვილი პარტიტურის კითხვას მასწავლიდა. ცხრილში მითითებულ დროს გამოვცხადდი (ინდივიდუალური შეხვედრა გვქონდა თითოეულ სტუდენტს) და არ მოვიდა, არც მეორედ მოვიდა, ასე გაგრძელდა მთელი თვე. მერე მითხრეს, წინასწარ დაურეკე და ისე მიდიო. მეც დავურეკე, დამიბარა კონკრეტულ დღეს, ამა და ამ საათზე და ისევ არ მოვიდა. ეს განმეორდა რამდენჯერმე, უკვე აღარც ვურეკავდი... ამასობაში სემესტრი მიიწურა. მოვიდა ჩათვლის დრო და დამიბარა. კონსერვატორიაში მესამე სართულზე ავდივარ და აზარაშვილი დგას კომპოზიტორებთან ერთად, ბევრნი არიან და საუბრობენ.

ბატონ ვაჟას ნანახი ვყავდი, დამინახა და:

- სად ხარ, რატომ არ დადიხარო? - დამიყვირა... ამას ახსნა მერე მოვუძებნე. გულწრფელად ვუპასუხე:

- რამდენჯერ მოვედი და თქვენ არ იყავით-მეთქი...

დედაა, გაგიჟდა, იყვირა.

- როგორ, ბალეტს ვწერ („ხევისბერ გოჩაზე“ მუშაობდა), უნდა მივატოვო საქმე და კონსერვატორიაში გამოვიქცე ლექციის ჩასატარებლადო?

vazha-azarashviltan-ertad-1750601637.jpg

ცრემლები მომერია, ვერ მივხვდი, თავს რატომ დამესხა. არადა, ის იყო ადამიანი-გული, საოცარი პიროვნება. ჩვენ მერე დავმეგობრდით, მისი შემოქმედებითი საღამო რუსთავში მე მიმყავდა. ეს არ ნიშნავდა მხოლოდ ნომრის გამოცხადებას, აქ იყო შემოქმედების ანალიზი, მიმოხილვა, დამსახურებები - ყველაფერი შევისწავლე. როცა შემოქმედი ადამიანი რაღაცას ქმნის, პროცესში იმდენად არის ჩართული და იმდენი ემოცია აქვს იმ პერიოდში, რომ მხოლოდ ნაწარმოებზე ფიქრობს. აწუხებს რაღაც მომენტები, რაც ნამუშევარს უკავშირდება. მეც ასე ვარ, სადაც არ უნდა ვიყო ფიზიკურად, გონებაში როიალთან ვარ. ბატონ ვაჟას მაშინ, სწორედ ის დაძაბული მუხტი ამოძრავებდა.

„სიმღერა რუსთავზე“

- ჟიული შარტავა იყო რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი და ჩვენ ქალაქში ოფისი ჰქონდა. კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან გამოუთქვამს სურვილი: ვიცი, რუსთავზე ბევრი სიმღერაა, მაგრამ მინდა ვიყო მოთავე იმისა, რომ ახალი სიმღერა დაიწეროსო და ერთ დღესაც, კომპოზიტორებს და პოეტებს შეგვხვდა.

jiuli-1690124152.jpg

როცა ლექსები დაიწერა, რატომღაც თითქმის ყველამ ჩემთან მოიტანა თავისი ნამუშევარი. ბელა შალვაშვილის ტექსტზე დავწერე სიმღერა: შესავალი კვარტეტისთვის გავაკეთე და მისამღერში გუნდი შემოდის. ჟიულიმ სიმღერა მოისმინა ჩემი შესრულებით. კვარტეტისთვის და გუნდისთვის შექმნილ სიმღერას ერთ ხმაში რომ აჩვენებ, როგორ უნდა მოიგოს მელოდიამ, რომ ადამიანს მოეწონოს. ე.ი. გამომივიდა ის, რაც ჩავიფიქრე.

ჟიული ერთხანს გაჩუმებული იყო, მერე წამოდგა და მითხრა: შვილიშვილი რომ მკითხავს - ბაბუ, რა არის მუსიკაო (ცნება - მუსიკა), ამას ჩავურთავ და ვეტყვი, აი, ეს არისო.

მალე დაიწყო აფხაზეთის ომი, ჟიული წავიდა სოხუმში. მანამდე მან დამაკავშირა ანზორ ერქომაიშვილთან, რომ დამხმარებოდა სიმღერის ჩაწერაში, რომელიც შეასრულა სახელმწიფო კაპელამ გივი მუნჯიშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო საესტრადო კვარტეტში „იასამანი“, მეც ვმღეროდი. „სიმღერა რუსთავზე“ ჩავწერეთ „მელოდიაში“. წარმოიდგინეთ, აფხაზეთში რა ხდებოდა და ჟიული იქიდანაც გვეხმიანებოდა. სხვადასხვა თემაზე საუბრისას, ერთხელ ისიც უკითხავს - მანანამ სიმღერა ჩაწერაო?

ნაწარმოების პრემიერა გაიმართა რუსთავის დრამატულ თეატრში, ჟიული შარტავას გმირულად დაღუპვის შემდეგ მისი გახსენების საღამოზე და მის ხსოვნას მიეძღვნა.

meri-davitashviltan-ertad-manana-alpaize-1750601947.jpg
მერი დავითაშვილთან ერთად

პოეზიის სიყვარული

- გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები და მამაჩემის ბაბუა - ილარიონ ტაბიძე ერთად იზრდებოდნენ ჭყვიშში. მათი მამები ბიძაშვილები იყვნენ და სახლები სოფელში გვერდიგვერდ იდგა. ბებიაჩემი (მამის დედა) პარასკევა ილარიონის ასული ტაბიძე სამტრედიაში ცხოვრობდა, მე და ჩემი და ყოველ ზაფხულს მასთან ჩავდიოდით. პოეტური სულის ქალისგან მთელი არდადეგების განმავლობაში ვისმენდით პოეზიის ნიმუშებს. ბებიას ყოველთვის ეცვა განიერი, თავისუფალი კაბა, რომელსაც ორი დიდი ჯიბე ეკერა მარჯვენა და მარცხენა მხარეს. მის ყველა კაბას იმხელა ჯიბე ჰქონდა, რომ წიგნი ჩატეულიყო. ერთ ჯიბეში ედო გალაკტიონის, მეორეში - ტიციან ტაბიძის ან ლადო ასათიანის კრებული. წიგნებს დილიდანვე ჯიბეში ჩაიწყობდა და საქმეს ისე აკეთებდა.

manana-bebiastan-paraskeva-tabizestan-ertad-1750601295.jpg
მანანა ბებიასთან, პარასკევა ტაბიძესთან ერთად

როცა ისვენებდა ან პატარა პაუზა ჰქონდა, ბავშვებს დაგვიძახებდა და ერთად დავსხდებოდით. ამოიღებდა რომელიმე კრებულს (სამივე ზეპირად იცოდა), გადაშლიდა რაღაც გვერდზე, სადაც შეიძლება ლექსის გაგრძელება იყო და არა დასაწყისი. დახედავდა და იმ გაგრძელებიდან ზეპირად ამბობდა ლექსს, წიგნი ხელში ეჭირა, მაგრამ გონებით სხვაგან იყო, სადღაც „ზევით“. ეს იყო საოცარი სცენა. საკმაოდ პატარამ გავიგე მისგან ქართველი პოეტების გვარები და საერთოდ, მან შემაყვარა და მაზიარა პოეზიას. მერე წამოვიზარდე და ისეთი ლექსებიც ვიცოდი, რომლებსაც სკოლაში არ გვასწავლიდნენ.

ბებია ჰყვებოდა თავისი ბავშვობიდან ერთ ეპიზოდს, როცა სოფელში წავიდა მდინარეზე საბანაოდ და წვერიანი კაცი დაინახა, დიდი ხის ძირში მჯდომარე. იმ კაცს თვალები მაღლა აღეპყრო და რაღაცას ბუტბუტებდაო. სახლში დაბრუნებულ ბებიას უთქვამს, მდინარესთან ერთი გიჟი, გაბურძგნილი კაცი ვნახეო. რაზეც უპასუხეს: ნეტა, ეგეთი გიჟი ბევრი ჰყავდეს საქართველოს, ეგ გალაკტიონი იყოო...

ნანული ზოტიკიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)