სია - ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და აქტივისტები, რომლებიც სასამართლოში დაიბარეს
ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი შვილი, მარიამ გეგუჩაძის გარდა, სასამართლო პროცესები სხვა ჟურნალისტებს, პოლიტიკურ პირებსა და აქტივისტებსაც ჩაუნიშნეს.
ტელეწამყვან ვიკა ბუკიას განცხადებით, დეპუტატ მარიამ ლაშხისთვის „მონას“ დაძახების გამო სასამართლოში დაიბარეს.როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, სხდომა 12 ივნისს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.
„კი, მაგრამ ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა?“, - წერს ვიკა ბუკია და დასძენს, რომ საქმეს მოსამართლე დავით თეთრაული განიხილავს.
სასამართლოში იბარებენ “ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს. ინფორმაციას “ტაბულა ავრცელებს. “ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს ხვალ სასამართლოში იბარებენ სოციალურ ქსელში მდინარაძისა და წულუკიანის შეურაცხყოფის მიზეზით.
ჩერგოლეიშვილი არ აპირებს სასამართლოში გამოცხადებას, ოფიციალური საბუთის წარდგენამდე, სადაც განმარტებული იქნება დაბარების ოფიციალური მიზეზები. ის მიიჩნევს რომ ტელეფონით შეუძლებელია იდენტიფიცირება ნამდვილად ოფიციალური პირი რეკავს თუ რომელიმე “პრანკერი“, - წერს გამოცემა.
ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, სასამართლო პროცესი ხვალ ჩაუნიშნეს ჟურნალისტ ვახო სანაიას, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, ოპოზიციის წარმომადგენელ ელენე ხოშტარიას, აქტივისტ ანა სუბელიანს და სხვებს.“სია განახლდა მეგობრებო. ხვალ დაგვიბარეს: ვახო სანაია, მე, მარიამ გეგუჩაძე, ვიკა ბუკია, ანა სუბელიანი, ეკა მიშველაძე, ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, ბაია პატარაია, გიორგი ქადაგიძე, დეა მამისეიშვილი... ისტერიკა.ჯი,“ - წერს ჟორჟოლიანი.
“მირეკავენ დაჟინებით სასამართლოდან, ვუშვებ ნინო წილოსანთან და მარიამ ლაშხთან, ნეტა თუ მიხვდნენ სად გავუშვი?“ - წერს ელენე ხოშტარია.
ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასამართლოში იბარებენ, ადასტურებს ანა სუბელიანიც.“ხალხო, ამაზე მიბარებენ ხვალ სასამართლოში, ნინო წილოსანს შეურაცხყოფა მიაყენეო. არაქალი წყენია,“ - წერს სუბელიანი.
"ხვალ სასამართლოში მიბარებენ, რადგან მამუკას ვაწყენინე,“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.“მამუკა მდინარაძემ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად და შსს-მ და სასამართლომ იგრძნეს თავი საჭიროდ. ჰაი, გეკა მამუკა მიჩივის 25 თებერვლის პოსტის გამო...,“ - წერს ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში.
მანამდე, ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ფეისბუქზე" დაწერა, რომ ისიც არის დაბარებული სასამართლოში. როგორც ტელეწამყვანი წერს, მას მარიამ ლაშხმა “ფეისბუკზე” დაწერილი პოსტის გამო უჩივლა, სადაც ჟორჟოლიანმა მას „მონა“ უწოდა.