"აშკარაა, რომ რუსეთი მთავარ სავაჭრო პარტნიორადაა გადაქცეული. საქართველო აფხაზეთიანად რუსეთში უკანონო ტვირთების გადაზიდვის ჰაბი გახდა" - რა სტატუსი ექნება აფხაზეთს? - პაატა ზაქარეიშვილის მიმოხილვა
დაბრუნდა თუ არა დღის წესრიგში აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი, ეს არის თემა, რომელიც აფხაზურ მედიაში გააქტიურდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს ბიზნესასოციაციების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა, სადაც განიხილეს სავაჭრო ბრუნვის გაფართოების საკითხი, ითქვა, რომ ლარსის საბაჟოზე მუდმივი რიგებია, ეს პრობლემაა და რუსეთ-საქართველოს სატვირთო რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობაზეც ილაპარაკეს... დე ფაქტო სახელისუფლებო ტელეგრამარხების ცნობით, "აფხაზეთისთვის შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება", ოპოზიციური მედია კი წერდა, რომ ეკონომიკურად რკინიგზის ამოქმედება სასარგებლოა, თუმცა სოხუმისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, რა სტატუსი ექნება აფხაზეთს. ტვირთების გატარებისას საბუთებზე დაირტყმება თუ არა აფხაზური შტამპი.
ცნობისთვის: მოსკოვში შეხვედრა 14 მაისს გაიმართა. ქართულ მხარეს წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ნიშნიანიძე, რუსულს - ასოციაციის გენერალური დირექტორი მარატ შაიდაევი.
პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი რეინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრი:
- აშკარაა, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარ სავაჭრო პარტნიორად არის გადაქცეული. საქართველო აფხაზეთიანად რუსეთში უკანონო ტვირთების გადაზიდვის ჰაბი გახდა. სოხუმის აეროპორტის გახსნაც ამის ნაწილია. უკრაინაში შეჭრამდე სოხუმის აეროპორტი მოსკოვს არ აინტერესებდა, აღადგინა მას შემდეგ, რაც ომის გამო რუსეთის სამხრეთის აეროპორტები დაიხურა. აშკარაა, რომ სოხუმის აეროპორტი მხოლოდ რუსი ტურისტებისთვის არ აღადგინეს, მას სატვირთო გადაზიდვებისთვის გამოიყენებენ. რუსეთისთვის საქართველოს გავლით ტვირთების გადასაზიდად დღეს სამი სახმელეთო გზაა: ერთია ლარსის მიმართულება და ორი რეალურად ცარიელი გზა - ერთი აფხაზეთის და მეორე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. როცა ლარსი იკეტება, შესაძლებელია მანქანების ნაკადის გადმოსროლა ამ ორ ცარიელ საავტომობილო გზაზე. რაც შეეხება რკინიგზას, მისი გახსნა ძალიან რთულია, ის არც საავტომობილო გზაა და არც საჰაერო, რომ ერთ დღეში გახსნა. ზუგდიდიდან გალში, ან პირიქით, გალიდან ზუგდიდში რომ დაიძრას მატარებელი, ეს 6 თვით ადრე გვეცოდინება, იმიტომ, რომ დღეს აფხაზეთის გავლით რკინიგზა არ არსებობს. ოჩამჩირიდან გალამდე და ზუგდიდამდე არ არის მკაფიოდ გამართული რკინიგზის მაგისტრალი. მაგისტრალის გაყვანა შესაძლებელია 2-3 თვეში. პრობლემაა ენგურის რკინიგზის ხიდი, რომელიც 1990-იანი წლებიდან სრულად ამორტიზებულია. მაშინ არ ვარგოდა და საქართველოს შეიარაღებული ძალები აფხაზეთის ტერიტორიაზე საავტომობილო გზით შევიდნენ, რკინიგზით ვერ შეიტანეს იარაღი, უკვე აფეთქებული იყო. მას შემდეგ ხიდი ჩამოშლილია. ახალი ხიდი უნდა აშენდეს და ამას მინიმუმ 1 წელი დასჭირდება, თანაც, ხიდი საოკუპაციო ხაზზეა და ორივე მხარის შეთანხმებაა საჭირო. რუსეთი ვერ მოახერხებს ენგურის ხიდის აშენებას, თუ ქართულ მხარესთან არ შეთანხმდა. ჯერ ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი, ამაზე ინფორმაცია კი არ არსებობს. ამიტომაც რკინიგზის გახსნას ჯერ არ ველოდები, მაგრამ წუთი-წუთზე ველოდები საავტომობილო მაგისტრალის გახსნას აფხაზეთის მიმართულებით, სადაც აფხაზეთის გზას ყოველდღე შეიძლება დაადგეს 40-50 ავტომანქანა.
- ენგურის ხიდთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასრულდა დიდი საბაჟო ტერმინალის მშენებლობა და შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსებს სატვირთო მაგისტრალის გახსნისთვის სჭირდებათ ეს?
- სწორედ ასეა. ის ტერმინალი ტყუილად არ ააშენეს, მანქანები უკვე მიდი-მოდის, თუმცა ჯერ დატვირთული არ არის. ამ ტერმინალს ერთდროულად 4-5 მანქანის დამუშავება შეუძლია. აფხაზებს ერთდროულად 5 მანქანის დამუშავება არ სჭირდებათ, მთელი კვირის განმავლობაში ჰყოფნით 5 მანქანის ტვირთი. აშკარად ტერმინალი ტვირთებისთვის არის, ალბათ, ძირითადად, თურქული ტვირთებისთვის, რომლებიც ზუგდიდიდან შევა ოკუპირებულ მხარეს, გადაფასოვდება რუსულ ტვირთად და შემდეგ ნაწილი მანქანებით, ხოლო ნაწილი თვითმფრინავებით შევა რუსეთში. სოხუმის აეროპორტიდან წავა ციმბირში, ხოლო მანქანებით წავა სოჭში, როსტოვსა თუ სხვა ახლომდებარე რუსულ ქალაქებში.
- მაინც რა არის ის ძირითადი ტვირთები, რითაც საქართველო რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბი გახდა?
- მაგალითად, საქართველო მსუბუქი მანქანების ყველაზე დიდი რეექსპორტიორი იყო რუსეთის მეზობლებში. როცა თბილისში ჩამოვიდნენ დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და შტატების კომისრები, რომლებიც სანქციებზე მუშაობდნენ, მეორე დღიდანვე საქართველოს მსუბუქი მანქანების რეექსპორტი შეჩერდა რუსეთში და დაიწყო ყირგიზეთში. ახლა ყირგიზეთია ნომერი პირველი სახელმწიფო, რომელიც რუსეთში მსუბუქი მანქანების რეექსპორტს ახორციელებს. ყველა ხვდება, რაშია საქმე - საქართველოდან რუსეთისთვის განკუთვნილი ტვირთები ყირგიზეთში გააქვთ და შემდეგ მიდის რუსეთში. ყირგიზეთი არ მიდის არც ევროკავშირში, არც ნატოში, ჩვენგან განსხვავებით ვალდებულებები არა აქვს მსოფლიოს წინაშე, ამიტომ ვაჭრობს საქართველოსთან. საქართველოს შემოსავალი არ მოჰკლებია, უბრალოდ, პირდაპირ რუსეთში არ ყიდის მანქანებს და ხელს ვერ დაადებ, რომ ვაჭრობს. ეს ეხება ყველაფერს. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკებმა დააწესეს ლიმიტი ძვირფასეულობის შეძენაზე რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის. 300 ევროზე მეტს ვერ გადაიხდიან ძვირფასეულობაში. რუსები საქართველოში ყიდულობდნენ ძვირფასეულობას: ალმასს, ბრილიანტს, ოქროს და შემდეგ ყიდდნენ რუსეთში. ვინაიდან ჩვენი საბანკო სისტემა მიბმულია მსოფლიო სისტემაზე, ჩვენი ბანკები იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ მსოფლიო საბანკო მოთხოვნებზე და ჩაჭრეს ეს მიმართულება. საქართველოდან ბევრი რამ გადის. ამ ტვირთების გადაზიდვის სქემაში აფხაზეთის მონაკვეთი რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელია. საერთაშორისო სამართლით აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. თურქეთიდან შემოდის მანქანა საქართველოში, ის საქართველოში განიტვირთება, გაიყიდება სადღაც კახეთში, იმერეთსა თუ აფხაზეთში. როცა მანქანა აფხაზეთში შედის, ორთქლდება, წადი და ეძებე. ფორმალურად ენგურის ხიდზე ქართულ საგუშაგოს არ ევალება ტვირთის გაკონტროლება, ამ დროს კი სოხუმიდან, ამ შავი ხვრელიდან, გადის რუსეთში.
- თქვენ აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ყოველთვის უჭერდით მხარს. ახლა რას ფიქრობთ, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა როგორ უნდა მომხდარიყო?
- ვიდრე უკრაინაში ომია, ეს ყოვლად დაუშვებელია. როცა ომი დამთავრდება, ისევ მომხრე ვიქნები. რატომ? ერთადერთი მიზეზით - ჩვენ აფხაზებს მოვაბამდით საქართველოს ეკონომიკას. ჩემი კონტექსტი ასეთი იყო - საქართველო ხელს აწერს რუსეთთან, ჩვენ არანაირი საქმე არა გვაქვს დე ფაქტო ხელისუფლებასთან. აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, საიდანაც ტვირთები რუსეთში გადის. თუ აფხაზებს აქვთ პრეტენზია, რომ მათ გარეშე ეს ვერ უნდა მოხდეს, ეს რუსეთმა უნდა მოაგვაროს... როგორც კი აფხაზები მოითხოვენ აფხაზური შტამპის ჩარტყმას ტვირთების გადაზიდვისას, ეს შეთანხმება არ გამოვა. დარწმუნებული ვარ, მოსკოვში დღესაც მუშაობს ლაბორატორიები, თუ როგორ აღდგეს აფხაზეთის რკინიგზა. უბრალოდ, ეს ერთ-ორ დღეში არ მოხდება, მით უმეტეს, როცა ორი ცარიელი საავტომობილო გზა არსებობს.
სტატია სრულად წაიკითხეთ ბმულზე: ვინ განიხილავს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხს მოსკოვში