"შოკი ჰქონდა, რამდენიმე წუთის მერე ცრემლები წამოუვიდა სიხარულისგან" - ვინ არის აფხაზეთის მთავრობის 33 წლის თავმჯდომარე, რომლის მამა - გაგრის მერი, გაგრის დაცემის დღეს სიცოცხლეს გამოასალმეს - კვირის პალიტრა

"შოკი ჰქონდა, რამდენიმე წუთის მერე ცრემლები წამოუვიდა სიხარულისგან" - ვინ არის აფხაზეთის მთავრობის 33 წლის თავმჯდომარე, რომლის მამა - გაგრის მერი, გაგრის დაცემის დღეს სიცოცხლეს გამოასალმეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 33 წლის გიორგი ჯინჭარაძეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა გამოუცხადა და მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია.

"ჩემთვის ემოციურია, დღეს ვიდგე აქ, ვუყურებდე მამაჩემის, მიხეილ ჯინჭარაძის სურათს და კანდიდატად ვიყო წარდგენილი ამ უმნიშვნელოვანეს, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. მე რაც შემიძლია ჩემი კუთხით ვთქვა, რომ ჩემი შრომა, ჩემი ენერგია იქნება აბსოლუტურად მიმართული დევნილთა საჭიროებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე და არც დროს, არც ენერგიას არ დავზოგავ ამაში", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, მისი მოტივაცია დევნილი საზოგადოების პრობლემების გადაჭრა იქნება.

giorgii-1749722487.jpg

"მე, ზოგადად, იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, აფხაზეთის ომის შვილების წარმომადგენელი, იმ შვილების, რომელთა მშობლებმაც გაიარეს ძალიან მტკივნეული გზა და ეს ტკივილი ღირსეულად ატარეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, ჩვენი დევნილი საზოგადოების გამოწვევები გადავჭრათ ოპტიმალურად, რაციონალურად, ქმედითი ნაბიჯებით და ჩემი მოტივაცია იქნება ამ პრობლემების გადაჭრა. ყველაზე მთავარი, რაც არის, ეს არის აფხაზეთში დაბრუნება. ეს არის ჩვენი მისია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ამ მიზნის ირგვლივ, თითოეული ჩვენგანი, თითოეული დევნილი ვალდებულია, ამ გზას გავყვეთ და არ გადავუხვიოთ", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო გუნდს, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ჯინჭარაძე განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან მოდის. ამბობს, რომ მისთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. აფხაზეთიდან დევნილია, მისი ოჯახი გაგრაში ცხოვრობდა. 4 თვის იყო გიორგი, როცა მამამ, მიხეილ ჯინჭარაძემ მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი სამშვიდობოს გამოიყვანა, თვითონ კი კვლავ თავის ქალაქში დაბრუნდა. მაშინ მიხეილ ჯინჭარაძე გაგრის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდა თავის ქვეყანას, სამწუხაროდ, გაგრის დაცემის დღეს "ბოევიკებმა" ის დახვრიტეს. მას შემდეგ დევნილობაში მყოფ მის ოჯახს რთული გზის გავლა მოუხდა.

ctdgm-yq-1749722298.jpg

- გიორგი, პირველ რიგში გილოცავთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, გვიამბეთ თქვენზე.

- 1992 წლის 6 მაისს დავიბადე გაგრაში, სექტემბრის ბოლოს ომი დაიწყო და 4 თვის ვიყავი, ჩვენი სახლ-კარის დატოვება რომ მოგვიხდა. მამა გაგრის მერის მოვალეობის შემსრულებელი იყო, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მყავს და-ძმა, ჩემი და მაშინ 6 წლის იყო, ძმა - 5 წლის, მამამ დედასთან ერთად ყველანი სოჭში გადაგვიყვანა, ასევე, აქტიურად ეხმარებოდა მოსახლეობას იქიდან გამოსვლაში. თვითონ შებრუნდა გაგრაში, არ დატოვა ქალაქი. ჩვენ სოჭიდან გადმოვფრინდით თბილისში და წლების განმავლობაში სასტუმრო "აჭარაში" ვცხოვრობდით.

გაგრის დაცემის დღეს, 2 ოქტომბერს, მამაჩემი დახვრიტეს. ვინ დახვრიტა, ამაზე სხვადასხვა ვერსია გვაქვს. მამას აფხაზებისთვის ბევრი კარგი რამ ჰქონდა გაკეთებული, ამიტომ დღემდე ვფიქრობთ, რომ აფხაზი არ გაიმეტებდა მოსაკლავად. რომელმა ჯგუფმა დახვრიტა, ამის გარკვევა ძალიან რთულია...

დევნილობის წლები არ იყო ადვილი. ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ. 29 წლის იყო დედა, რომ დაქვრივდა და სამ შვილთან ერთად დარჩა დევნილობაში, მე მაშინ ყველაზე პატარა, 4 თვის ვიყავი. ბევრი წელი ვიცხოვრეთ კომპაქტურ დასახლებაში და ძალიან კარგად არის ნაცნობი ჩემთვის ის პირობები, რაშიც დევნილებს უწევთ ცხოვრება. კარგად ვიცი მათი საჭიროებები, იქ არსებული პრობლემები და ამ რწმენით შემიძლია ამ საჭიროებების და გამოწვევების გადაჭრაში მონაწილეობა მივიღო, მორალურადაც გავიზიარო მათი მდგომარეობა.

2004 წელს სასტუმრო "აჭარიდან" გაგვასახლეს იქ მაცხოვრებლები, თითო ოთახზე 7 000 დოლარი იყო. ამ ფულით შევიძინეთ ბინა. დედა მაქსიმალურს აკეთებდა, რომ ჩვენ კარგი განათლება მიგვეღო, ამაზე ჰქონდა განსაკუთრებული აქცენტი. ჩვენთვის დედას ღვაწლიც მამის ღვაწლზე არანაკლებია. სამი შვილი გაგვზარდა, მარტომ, დედას არანაკლები გმირობა გაუკეთებია, თავისი ცხოვრება ჩვენ მოგვიძღვნა. ურთულესი წლები გამოვიარეთ. აქვე უნდა აღვნიშნო, მე და ჩემი და-ძმა ვსწავლობდით კერძო სკოლაში, სადაც სწავლა ფასიანი იყო, თუმცა ქალბატონმა ანა კლიმიაშვილმა როცა გაიგო, რომ დევნილები ვიყავით, გაიგო მამაჩემის შესახებ, ჩვენ, სამივეს, აბსოლუტურად უფასოდ დაგვამთავრებინა სკოლა, უანგაროდ დაგვეხმარა, რისთვისაც მისი მადლობელი ვიქნებით ყოველთვის.

აფხაზეთის თემატიკა ჩემი თანამგზავრი იყო ყოველთვის, თუ გავიგებდი, რომ რომელიმე ორგანიზაცია მუშაობდა აფხაზეთის თემატიკაზე, ვცდილობდი, იქ ჩავრთულიყავი და ძალიან ვაქტიურობდი ხოლმე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უფრო აქტიურად ჩავერთე და აფხაზეთის მთავრობასთან არსებულ ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროექტებში ვმონაწილეობდი.

პროფესიით ფინანსისტი ვარ, მაგრამ აქტიურად ვიყავი ჩართული იმ საკითხებში, რაც ეხებოდა კონფლიქტოლოგიას. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყების შემდეგ კი უფრო აქტიურად ჩავერთე ამ პროცესებში. ეროვნული გმირების დამსახურებები, მათი ბიოგრაფიების შესწავლა იყო ჩემთვის საინტერესო სფერო. 2016 წელს, წავედი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში და 4 წელი იქ გავატარე. იქიდან დაბრუნების დროს შემომთავაზეს აფხაზეთის მთავრობაში სამსახური, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დავინიშნე. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. შევუდექი აქტიურად მუშაობას, ჩემი მიმართულება იყო ეკონომიკური პროგრამები, ფინანსები და ყოველთვის ჩართული ვიყავი დევნილების პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში. მივლინებები ხშირად მიწევდა დასავლეთ საქართველოს იმ ადგილებში, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული დევნილები, ვესაუბრებოდი მათ და ვიცი მათი საჭიროებებიც. პატარა წვლილი მაქვს შეტანილი ამ მიმართულებითაც, მათი სერვისების გაუმჯობესებაში.

3nfbgvjn-1749722342.jpg

მერე გადავედი აფხაზეთის განათლების სამინისტროში, მინისტრის პირველ მოადგილედ. იქაც ფინანსები ჩამბარდა, კულტურის სიპები გვაქვს და ვატარებდით ძალიან საინტერესო ღონისძიებებს. კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ჩვენი ისტორია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით მომავალშიც ბევრ რამეს გავაკეთებთ.

2024 წელს გადავედი განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე და 8 თვის შემდეგ ეს უდიდესი პასუხისმგებლობა დადგა.

ახლა კი ამ მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ამირჩიეს. ჯერ როგორც მამაჩემის შვილს, დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს თანამდებობა ეკავა ბატონ ჟიული შარტავას და ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, პატივია ეს თანამდებობა. ასევე, დევნილების წინაშეც უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მთავარია, შევძლოთ არსებული მდგომარეობის და გამოწვევების მუდმივი გაუმჯობესება. ვფიქრობ, ის რესურსი, რაც გაგვაჩნია, მოვახმაროთ ჩვენს დევნილებს, მათ საჭიროებებს. დიდი მოტივაცია მაქვს, ჩავერთო ამ პროცესში და მათი საჭიროებები მოვისმინო, პირადად ვეწვიო ყველა კომპაქტურ ჩასახლებას და უკეთესად გავეცნო მათ მდგომარეობას, შევძლოთ კარგი, აქტიური მხარდაჭერის გამოცხადება. ჯანდაცვის, განათლების, კულტურის - ყველა მიმართულებით მაქვს ხედვები და დავიწყებთ აქტიურად მუშაობას. მინდა, იმედები გავამართლო, ამისთვის არ დავზოგავ თავს და ენერგიას.

giorgi-1749722541.jpg

- რა რეაქცია ჰქონდა დედას, როცა გაიგო, რომ ამ თანამდებობაზე ინიშნებოდით?

- ძალიან ემოციური იყო, როცა პირველად დედას ვუთხარი ეს ყველაფერი. შოკი ჰქონდა, რამდენიმე წუთის მერე ცრემლები წამოუვიდა -სიხარულისგან.

- როგორც ვიცი, ერთი პერიოდი კურირებდით ჯანდაცვის სფეროსაც, ამ მიმართულებით რის გაკეთებას აპირებთ?

- ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვის მიმართულება, ხარისხიანი მკურნალობა და ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე. მე წლების განმავლობაში ჩართული ვიყავი ამ პროცესში და მოგეხსენებათ, მქონდა კავშირი პოლიკლინიკებთან. ჩემი ხედვები მაქვს, რა კუთხითაც შეგვიძლია აღნიშნული მიმართულება განვავითაროთ და ჩვენს დევნილებს შევუქმნათ ღირსეული, ხარისხიანი სერვისები.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა და ამ კუთხითაც, სამთავრობო დაწესებულებებთან კომუნიკაციით, თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულწილად აღნიშნულ გამოწვევასაც გადავჭრით და ღირსეულ ინფრასტრუქტურას შევთავაზებთ ჩვენ დევნილებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო პროცესში. ამ მიზნით, გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, დევნილებს შევთავაზოთ განათლების უზრუნველყოფა. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების ინფრასტრუქტურა, განათლების სამინისტროში მე ვკურირებდი ინფრასტრუქტურის სააგენტოს, ასე რომ, ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს და მიზანმიმართულად უკვე გეგმა-გრაფიკიც მაქვს შემუშავებული, როგორც წვრილმანი რეაბილიტაციის, ასევე, სრული რეაბილიტაციის კუთხით.

r8-iaxee-1749722405.jpg

ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი მიმართულებაა კულტურა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და აფხაზური ენის პოპულარიზაცია, რადგან აფხაზეთის ხმა უნდა ესმოდეს მთელ მსოფლიოს. ამ კუთხით ჩვენი მემკვიდრეობა, ჩვენი კულტურა უნდა წარმოვაჩინოთ მსოფლიო მასშტაბითაც და საქართველოშიც ბევრი კარგი აქტივობა უნდა დავგეგმოთ. ამ მიზნითაც აქტიურად იქნება მთავრობა ჩართული.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ესეც პრიორიტეტული მიმართულებაა, ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ და ხელს შევუწყობთ დევნილ მეწარმეებს, მათ განვითარებას, ყურადღება გამახვილდება დევნილ ქალთა მხარდაჭერაზე, იმიტომ, რომ ეკონომიკური მხარდაჭერა არის წინაპირობა შერიგებისა და უშუალოდ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, ეს პრიორიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარია, ასევე, ჩვენი აფხაზეთის სტრუქტურების ოპტიმიზაცია და ეს უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, უმტკივნეულოდ, აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა, მათი შემოყვანა სისტემაში, მათზე პასუხისმგებლობის გაზრდა, რადგან ზოგადად, განათლება და ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ასე რომ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების წინ წამოწევა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მიზნები, რის ირგვლივაც ვართ გაერთიანებული, ერთობლივად მიიღწევა.

უმთავრესი მიზანი არის აფხაზეთში დაბრუნება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვა.

- სოხუმის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობთ?

- ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი, რომ სოხუმის უნივერსიტეტში წამეკითხა ლექციები. ერთი სემესტრი მაინც ჩავატარე ლექციები, მერე, დროის უქონლობის გამო, ვერ შევძელი.

cjnybi5v-1749722374.jpg

- გიორგი, მამის ცხედრის გადმოსვენება თბილისში შეძელით?

- მამაჩემის ცხედარი 2017 წლის დეკემბრამდე იყო გაგრაში დასვენებული. იცით, რომ გაგრის დაცემის შემდეგ არ აძლევდნენ არც ერთი მოკლული ქართველის დაკრძალვის უფლებას ხალხს, მაგრამ მამას დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და, აქედან გამომდინარე, ჩემს ბებიას მისცეს შესაძლებლობა, იქ დარჩენილიყო და მამაჩემის ცხედარი დაესაფლავებინათ. ბებო გარკვეული პერიოდი იქ ცხოვრობდა, თავის ქალაქში. ის პატრონობდა მამაჩემის საფლავს, მაგრამ მერე, რამდენიმე წელში წამოვიდა და თბილისში ცხოვრობდა. ხან ჩვენთან იყო, ხან შვილთან, ჩემს მამიდასთან, ასე მოგზაურობაში იყო. ბებია გარდაიცვალა 2014 წელს, მაშინ მე მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი.

ჩემით, დახმარების გარეშე დავიწყე მუშაობა სადაზღვევო კომპანიაში და ბებოს ძალიან უხაროდა ჩვენი წარმატებები, სულ აღნიშნავდა ამას, ძალიან კმაყოფილი იყო. ყველაზე მეტად უნდოდა თავისი შვილის, მამაჩემის გადმოსვენება თბილისში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო. ეს მისთვის იქნებოდა უაღრესად ემოციური დღე. მამა 2017 წელს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე დავკრძალეთ, დიდი პატივით.

მამას ერთადერთი და ჰყავდა. ძალიან უნიკალური პიროვნება იყო ჩემი მამიდა, ლიანა ჯინჭარაძე, ის მოესწრო მამის გადმოსვენებას და ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც, რაც ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო.

მამა, ცხადია არ მახსოვს, მაგრამ დედა გაუთავებლად გვიყვებოდა მასზე, საინტერესო ისტორიებით გვანებივრებდა მეც და ჩემს და-ძმას, ასევე, ბევრ რამეს გვიამბობდა მამაჩემის გამზრდელი ბიძა და დედის ძმაც, ილია ღადალაძე.

ეს ამბები მუდმივად ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იქნება.

(სპეციალურად საიტისთვის)