"სად წავიდა ნინო გიორგობიანი? დიახ, ნინო აღარ არის საჯარო სამსახურში" - რას წერს ქეთი ხოსიტაშვილი მეგობარზე?
ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ნინო გიორგობიანმა საჯარო სამსახური დატოვა.
იგი წლების განმავლობაში მუშაობდა შსს-ში, შემდეგ საქართველოს მთავრობაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი იყო, იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა. ახალი პრემიერის დანიშვნასთან ერთად, შეიცვალა სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსიც. ბოლოს კი გიორგობიანი ვახტანგ გომელაურის მრჩეველი გახლდათ, ეს თანამდებობა მინისტრისთვის მედიის მიმართულებით რჩევების მიცემას გულისხმობდა.
"სად წავიდა ნინო?
დილიდან ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და ვარჩიე საჯაროდ ვუპასუხო ყველას კითხვას:
1. დიახ, ნინო აღარ არის საჯარო სამსახურში, ხელშეკრულების ვადა გასდიოდა და 1 კვირის წინ დაწერა განცხადება წასვლაზე - ღირსეული ადამიანია და სხვანაირ ნაბიჯს მისგან არც ველოდი
2. მრავალი წელი ერთგულად და პროფესიონალურად ემსახურა სამშობლოს, არც საქმეში შეშლია და არც ურთიერთობებში - ერთია იყო გამოცდილი კადრი და მეორე - ამპოლარიზებულ რეალობაში შეინარჩუნო ადამიანის სახე! ნინომ ეს შეძლო და დარწმუნებული ვარ, “ყველა მხარეს” ჯარია იმ ადამიანების, ვისაც მისი ნაკეთები საქმეები, სიკეთე და გვერდში დგომა ახსოვს!
3. სად მიდის? კოსმოსში )))) კიდევ შორს წავა და უფრო მაგრად იქნება! დისტანციიდან, ზემოდან და შორიდან მეტი სიცხადით სჩანს ხოლმე ყველაფერი… მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, ერთად მოვდივართ და ყოველთვის ახერხებს ჩემს გაოცებას - ვერ ამოვწურე მისი შესაძლებლობები!
4. მისი ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად ალბათ ნინოს შვილი, ნატატო და ჩვენ, მეგობრები გავბედნიერდით - ბოლოს და ბოლოს დაგვიბრუნდა ჩვენი უტვირთებო ნინო - წინ უამრავი ფერადი დღე და ამბავი გვაქვს ისედაც მთელი ცხოვრება სამსახურს მიუძღვნა, პირადი ცხოვრების ხარჯზე…
და ბოლოს, ყველას გისურვებთ ისეთი მეგობრობისა და სიყვარულის უნარი გქონდეთ, როგორც ეს ჩემს ნინოს შეუძლია და რისი დეფიციტიც დღევანდელ სამყაროში ნამდვილად გვაქვს გამიმართლა, რომ ოდესღაც ჩემი ადამიანი ვუწოდე".