"7 ივნისს დავრეკე, მდინარეზე საშიშროებაა მოსალოდნელი-მეთქი, დიდი მადლობაო და ყურმილი დამიკიდეს... ვერეს აუზში 7 ფაქტორი ერთობლივად გამოიკვეთა" - რას ამბობს სპეციალისტი 13 ივნისის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე? - კვირის პალიტრა

"7 ივნისს დავრეკე, მდინარეზე საშიშროებაა მოსალოდნელი-მეთქი, დიდი მადლობაო და ყურმილი დამიკიდეს... ვერეს აუზში 7 ფაქტორი ერთობლივად გამოიკვეთა" - რას ამბობს სპეციალისტი 13 ივნისის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე?

2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეზე მომხდარმა წყალმოვარდნამ კატასტროფული შედეგი მოიტანა, რადგან მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო დიდი მოცულობის ჩამონადენის სწრაფი გატარება. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. დღეს რა ანალიზი და შეფასება შეიძლება მივცეთ იმ ფაქტებს, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში და რა არის კიდევ გასაკეთებელი? - ამ საკითხებზე გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი გვესაუბრება, თსუ-ის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე 1979 წლიდან. ეს ლაბორატორია სწორედ იმ მიდამოში მდებარეობდა და ისიც განადგურდა.

- თქვენ რა დროს და როგორ გაიგეთ ტრაგედიის შესახებ?

- ღამის 12-ის ნახევარზე მდინარე წამოვიდა ძალიან ძლიერი ნაკადით. მალე, ლაბორატორიის ეზოში ამოვიდა წყალი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ლაბორატორიის დაცვამ ეს შეამჩნია. მან, ასევე, დაინახა, რომ წყალი დიდი ნაკადით მოდიოდა იქვე მდებარე კორპუსთან. დაცვის თანამშრომელმა ძლივს აასწრო კიბეზე (იქ ერთი ძაღლი ყოფილა, რომელიც გადაარჩინა) და გამოვიდა ტერიტორიის გარეთ იმ ადგილამდე, სადაც მანქანებს ვაჩერებთ. თავისი მანქანის სიგნალი ჩართო და მოსახლეობას მოუწოდა, რომ სასწრაფოდ გარეთ გამოსულიყვნენ. თავადაც დაიძრა იმიტომ, რომ წამოვიდა წყლის შემდეგი ტალღა. ხალხმა, ვინც გამოვიდა ბინებიდან, თავს უშველა. მაგრამ 7 კაცი მაინც დაიღუპა ჩვენ უბანში. დაცვის თანამშრომელს ასე რომ არ ემოქმედა, ვერავინ იფიქრებდა, რომ წყალი სახლებში შეუვარდებოდათ, მით უმეტეს, ბევრს უკვე ეძინა.

vake-saburtalos-gvirabi-da-distanciuri-gadamcemi-nalekmzomebi-1749728129.png
ვაკე-საბურთალოს გვირაბი და დისტანციური გადამცემი ნალექმზომები

საერთოდ, ხშირად ვრჩებოდი ლაბორატორიაში, მაგრამ იმ ღამეს არ ვიყავი, დილით ადრე უნდა წავსულიყავი მდინარე ლაკბეზე, ჰიდროლოგიური გაზომვების ჩასატარებლად, შეთანხმებული ვიყავი. ვერეს ამბავზე დამირეკეს ღამის სამის ნახევარზე და მითხრეს, ჩართე ტელევიზორი, ნახე რა ხდებაო. ასე გავიგე ეს საშინელი ამბავი. იმდენად იმოქმედა ჩემზე, მაშინვე ვერ შევძელი წამოსვლა, დილის 7 საათზე მივედი ადგილზე.

- წყალმოვარდნის ძირითად ბუნებრივ მიზეზად მიიჩნიეს 4-5 საათის განმავლობაში მოსული დიდი რაოდენობის ნალექი. კიდევ რა ფაქტორები გახდა მიზეზი, დაწვრილებით რომ გაგვარკვიოთ?

- მდინარე ვერეს აუზში 7 ფაქტორი ერთობლივად გამოიკვეთა, რაც შეუძლებელი იყო, ერთი შეხედვით, მაგრამ - ასეა. საგულისხმოა ისიც, რომ მხოლოდ ვერეს აუზში მოვიდა უხვი ნალექი, როცა მის მეზობლად მდებარე მდინარეების - დიღმისწყლისა და ალგეთის ხეობებში მსგავს პროცესებს ადგილი არ ჰქონია.

4-1749728130.jpg
სტიქიის შედეგი

პირველი ფაქტორი არის ეროზიული მოქმედებების გაძლიერება. 13 ივნისის თავსხმა წვიმის დროს, აუზის ორივე ფერდობზე, ხევების გასწვრივ, განვითარდა ძლიერი ეროზია, გამოიწვია მათი დაღრმავება და დიდი მოცულობის ნაშალი მასალის წარმოქმნა, რომელიც ღვარცოფული ნაკადებით მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა. მსგავსი კლდეზვავური პროცესები ივნისამდე ორი თვით ადრეც ხდებოდა, ლაბორატორიის მოპირდაპირედ, მდინარე ვერეს მარცხენა კლდის ფერდობზე, რასაც ყოველდღე ვუყურებდით და ასეთი რამ ადგილობრივ უხუცესებს არ ენახათ.

1-1749728130.webp
ჩანგრეული გზა

კლდის ნაშალი (ლოდებთან ერთად დიდი ხეები და მცენარეები) ჩამოდიოდა და ჩამოდიოდა. შემეშინდა და მაისის ბოლოს 112 ორჯერ გამოვიძახე და კალაპოტი გავაწმენდინე;

მეორე ფაქტორი არის ატმოსფერული ნალექების სიუხვე. სტიქიამდე დიდი რაოდენობის ნალექი მოდიოდა, 2 თვის მანძილზე, ხოლო 4 ივნისს დაფიქსირდა მდინარის ზემოწელში 120 მმ-მდე, რომელმაც გამოიწვია მდინარის ძლიერი წყალმოვარდნა 156 კუბური მეტრი/წმ ხარჯით, რაც 1960 წლის 5 ივლისის შემდეგ არ ყოფილა;

მესამე ფაქტორი: დანაშაული იყო ვერეს ხეობის განაშენიანება - მდინარის ნაპირზე, ზედა წელში, კერძო სახლები აშენდა;

2-1749728130.jpg
ზოოპარკის მიდამოები

მეოთხე ფაქტორი: 2-3 დღით ადრე წამოვიდა ყვითელი თიხისფერი წყალი, რაც იყო ჯოხონისხევის ფერდის ქვეშ დელუვიური თიხნარის გამორეცხვის შედეგი;

მეხუთე ფაქტორი: მეწყრული პროცესი განვითარდა ჯოხონისხევში, მოწყდა მთლიანი მასა იქ, სადაც ეს ხევი მდინარე ვერეს უერთდება;

მეექვსე ფაქტორი: ღვარცოფული ნაკადი ჯოხონისხევიდან შეუერთდა მდინარე ვერეს. პირველი ტალღა ჩვენს უბანში წამოვიდა, 12-ს რომ აკლდა 5 წუთი, ეს იყო ღვარცოფული ნაკადი ხე-მცენარეებით;

ხუთ წუთში ახალმა ტალღამ წამოიღო (მეშვიდე ფაქტორი) თამაზ ელიზბარაშვილის 2 სატვირთო მანქანა, სიგარეტებით დატვირთული და 300 ძაღლის რკინის კონსტრუქციები, რომელიც ჩაიხერგა ვაკე-საბურთალოს გვირაბში, ამ ჩახერგილს ზედ მიეყარა ღვარცოფული ნაკადისგან წამოღებული ხე-ტყე. მოხდა შეტბორვა 45 წუთის მანძილზე და წყალმა აიწია 17 მეტრით. ჩვენს ტერიტორიაზე მდინარე უკვე აბობოქრებული მოდიოდა. ლაბორატორიის შენობას მთლიანად გადაუარა.

merab-alaverdashvili-1749728130.jpeg
ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე მერაბ ალავერდაშვილი

- მომხდარის შემდეგ რა იყო პირველი შეფასებები თქვენი მხრიდან?

- მანამდე, 4 ივნისის ძლიერი წყალმოვარდნიდან გამომდინარე, 7 ივნისს დავრეკე რუსთავი-2-ში და ვუთხარი, რომ მდინარეზე საშიშროება იყო მოსალოდნელი... დიდი მადლობაო და, ყურმილი დამიკიდეს. შეფასებას რაც შეეხება, ამის პროგნოზი შეუძლებელი იყო. მაგრამ არა ერთხელ ვთქვი და დავწერე კიდეც, რომ მდინარე ვერეზე წყალმოვარდნები გახშირდა 1990 წლიდან, ხოლო 2000 წლიდან პროცესი უკვე კატასტროფულში გადადიოდა. ხშირად მეკითხებიან: რატომ არ მიეცით პროგნოზი ნალექის შესახებო? მდინარე ვერეს აუზში მეტეოროლოგიური სადგურები 90-იანი წლების შემდეგ აღარ არსებობს. მე გავეცი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საშიში პროცესები მიდის-მეთქი. 2015 წელსვე დეტალური აღწერა გავაკეთეთ ნაშრომში: „რა მოხდა მდინარე ვერეს წყალშემკრებ აუზში 2015 წლის 13 ივნისს“.

mdinaris-cqlis-doneebis-agmricxveli-distanciuri-sensoruli-sistema-1749728130.png
მდინარის წყლის დონეების აღმრიცხველი დისტანციური სენსორული სისტემა

- ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ გზაზე და გვირაბებზე მაინტერესებს თქვენი აზრი.

- 2010 წელს დაიწყო გზის მშენებლობა და ერთი მონაკვეთი ჩემ თვალწინ კეთდებოდა. ერთხელ გვირაბის რკალები მოიტანეს და მეორე ტერასაზე დაალაგეს. წვიმები იყო რამდენიმე დღე და მშენებლებს ვუთხარი, ძალიან საშიშია ეგ ადგილი-მეთქი. ორშაბათს მივედი ლაბორატორიაში და აღმოჩნდა, რომ წინადღეების წვიმებს ყველაფერი წაელეკა. მერე მკითხეს, რა უნდა გავითვალისწინოთო და მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმი ავუხსენი, აინტერესებდათ გვირაბების წყალგამტარობა.

მდინარე ვერეზე წყალმოვარდნები ბევრჯერ ყოფილა, ყველაზე ძლიერი 1924 წელს მოხდა. ღამის გასათევად დაბანაკებული გლეხები ნიაღვარს ხარურმებიანად მტკვარში ჩაუტანია და დაუხრჩვია. 2010 წელს დააგრძელეს 1958 წელს აშენებული გვირაბი და მერე, ამას აბრალებდნენ 13 ივნისის ამბებს (გვირაბი ცოტა მოხვევით გაკეთდა), მაგრამ დაბეჯითებით გეუბნებით, ამ დაგრძელებულმა გვირაბმა გადაარჩინა წყნეთის ქუჩაზე მდებარე 4-5 კორპუსი იმიტომ, რომ პირდაპირ იქ წავიდოდა წყლის უზარმაზარი ნაკადი. შეცდომები დაუშვეს ჯერ კიდევ 30-იან წლებში, როცა მდინარე ვერე მოაქციეს გმირთა მოედნისა და ზოოპარკის გვირაბებში. თავიდანვე უნდა გაკეთებულიყო წყალგამტარი ხიდი გმირთა მოედნის ტერიტორიაზე და ვაკე-საბურთალოს გადასასვლელზე, რომელიც 1958 წელს აშენდა. კარგია, რომ სტიქიის მერე გაკეთდა რაგბის კავშირის შენობამდე წყალგამტარი ხიდი, რომელიც ატარებს 1470 კუბური მეტრი/წმ. წყალს. შედარებისთვის გეტყვით, რომ ვაკე-საბურთალოს გვირაბის წყალგამტარობა იყო 500-მდე კუბური მეტრი/წმ .

cxauris-konstrukciebi-napetvrebisa-da-saburtalos-sasaplaos-midamoebshi-1749728129.png

ცხაურის კონსტრუქციები ნაფეტვრებისა და საბურთალოს სასაფლაოს მიდამოებში

- თქვენი ლაბორატორიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის რა გაკეთდა?

- მდინარე ვერეზე ოთხ ადგილზე - სვანიძის ქუჩა, ბაგებისხევი, დრე, ვანათი - დაიდგა სწრაფი შეტყობინების დანადგარები და გარემოს ეროვნული სააგენტოსგან ინფორმაციას ვიღებთ ნალექების შესახებ. ბატონი თენგიზ ცინცაძის ხელმძღვანელობით, დისტანციური მეტეოსადგური დაგვიდგა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტმა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მოგვცა სენსორები, ნალექმზომები... მდინარე ვერეზე გაკეთდა ცხაური-დანადგარები - ნაფეტვრებისხევის (542 მ. ზღვის დონიდან) შეერთების ადგილზე და საბურთალოს სასაფლაოსთან (472 მ. ზღვის დონიდან). ისინი შეასუსტებს წყლის ნაკადის ზემოქმედებას ვაკე-საბურთალოს გვირაბამდე. მოეწყო მეტეომოედანი, გაკეთდა ჰიდრომეტრიული ხიდი და იქამდე მისასვლელი, 1 მეტრი სიგანის მოასფალტებული გზა - გვაქვს ჰიდრომეტრიული ხიდი ბეტონირებული კედლებით. მთავარია, გვქონდეს შენობა და ამაზე, ალბათ, იფიქრებს მთავრობა. ჩვენი ლაბორატორიის აღდგენის პროექტი 2018 წელს დაგვიმტკიცა ბატონმა კახი კალაძემ. მისი ღირებულება დღევანდელი გაანგარიშებით აღწევს მილიონ 250 ათასს.

- მონიტორინგის სისტემა მუშაობს, მაგრამ რამე რეკომენდაცია თუ გაქვთ?

- 1962 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობდა მდინარე ვერეზე დაკვირვება. მაშინაც კი, როცა ლაბორატორია უკვე აღარ არსებობდა და ყოველი ანათვალის აღება გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. მდინარე ვერეზე ძლიერ წვიმებს მოაქვს მყარი ნატანი ხე-მცენარეების სახით და აუცილებელია რკინა-ბეტონის ცხაურების გაწმენდა. ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია, რაც მერიამ უნდა განახორციელოს. ამაზე მათ ერთხელ პატარა შენიშვნა მივეცი, ამის შემდეგ პირნათლად და კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

და კიდევ ერთი, მდინარე ვერეს 41 პატარა შენაკადი აქვს. კარგი იქნება, თუ გაკეთდება ბარაჟები (ყველაზე - არა, რამდენიმეზე), რომლებიც ღვარცოფული ნაკადების მიერ ჩამოტანილ მასალას დააგროვებს და ის არ ჩავა პირდაპირ მდინარეში.

31-1749728129.jpg
სტიქიის შემდეგ

- სტიქიამდე იყო მდინარე ვერეს ჭალაში აშენებული კერძო სახლები (რაც არასწორი იყო). დღეს რა მდგომარეობაა, მგონი ერთი კორპუსი აშენდა თქვენს უბანში, არა?

- სვანიძის ქუჩაზე ორი კორპუსი აშენდა, მაგრამ მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ლაბორატორიის ზევით არსებული ძველი ხიდი შეიცვალა ახლით, რომელიც 520 კუბურ მეტრს წამში ატარებს და ეს ფართობი მოქცეულია 15,5 მეტრი სიმაღლის და 220 მეტრი სიგრძის ბეტონირებულ კალაპოტში. კერძო სახლებზე გეტყვით ამას: გეოლოგებმა დაადგინეს, რომ თელეთიდან ბეთანიამდე რელიეფის რღვევის ხაზი გადის და სწორედ ამ ხაზზე აშენდა კერძო სახლები ქვემო წყნეთიდან ბაგებამდე. მეწყრულ ფერდზე მშენებლობა რომ დაუშვებელია, ეს მითქვამს არა ერთ გამოსვლაში, მაგრამ ვის ესმის? ღმერთმა არ ქნას და ერთ დღესაც, ის ფერდი რომ მოწყდეს, ყველაფერს წალეკავს, ბაგების დასახლების ჩათვლით.

P.S. 13 ივნისის ამსახველი მემორიალი - ჰიპოპოტამ ბეგოს ქანდაკება დაიდგა „მზიურში“ 3 წლის წინ.

ნანული ზოტიკიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)