"22 წლის, ძალიან კარგი ბიჭი იყო. დივერსია მოხდა, დიდი ალბათობით, მას მიაწოდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გაურკვეველი პირის მიერ იყო განგებ შემოტანილი"
სამწუხაროდ, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც ირკვევა, დივერსია მოხდა, რასაც ახალგაზრდა მებრძოლის - დემეტრე დარჩიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
"დღეს ქართული ლეგიონის ბაზაზე მოხდა დივერსიული აქტი, რის შედეგადაც დეტონაციაში მოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შემოტანილი იყო გაურკვეველი პირის მიერ. ამ შემთხვევამ გამოიწვია ჩვენი მებრძოლის, დემეტრე დარჩიას დაღუპვა. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.
შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ გამოძიებას. ამ ეტაპზე, სხვა დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის. ქართული ლეგიონის თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას. ვუსამძიმრებთ ოჯახს და ნათესავებს", -ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში უამრავი სამძიმრის წერილია.
"მშვიდობით განისვენე ჩემო უსაყვარლესო და კეთილო დემეტრე. არ ვიცი, სიტყვები არ მოიძებნება ოჯახის სანუგეშოდ. საოცარი ბიჭი იყავი. ძალიან დიდი ტკივილია. 22 წლის ბიჭი იბრძოდა ისტორიული მტრის წინააღმდეგ, თანავუგრძნობ ოჯახს", - წერს ახლობელი.
როგორც ერთ-ერთი მეომარი გვიყვება, დემეტრე დარჩია რამდენიმე თვის ჩასული იყო საომრად და ის კიევში, ლეგიონის ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე დაიღუპა. ფაქტს ადასტურებს ლეგიონის მეთაური მამულაშვილი. მისი თქმით, დემეტრე დარჩია "ქართულ ლეგიონს" დაახლოებით 5-6 თვის წინ შეუერთდა და ვინაიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა, გადიოდა სწავლებას ბაზაზე, სადაც არ ინახება ასაფეთქებელი მოწყობილობები.
"ძალიან კარგი ბიჭი იყო. ძალიან მოტივირებული, უნდოდა, რომ ბრძოლის ველზე მყოფ მებრძოლებს დახმარებოდა. უშუალოდ ბრძოლის ველზე არ ვუშვებდით. თითქმის ბავშვი იყო, არანაირი საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა და რამდენადაც შესაძლებელი იყო, ბაზაზე ვაყოვნებდით. რას წარმოვიდგენდი ამას?..
ძალიან დამწყდა გული. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და დადგინდება დეტალები.
დიდი ალბათობით, მას მიაწოდეს ყუთი, რომელშიც სავარაუდოდ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა და რომლის ოთახში გახსნის დროსაც მოხდა დეტონაცია", - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილას სხვა მებრძოლები არ იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს დემეტრეს ოჯახსა და მეგობრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს ამ ტრაგედიას.
(სპეციალურად საიტისთვის)