დავით აღმაშენებლის უნიკალური სპეცოპერაცია - სამშვილდის ციხის "მოპარვა" - კვირის პალიტრა

დავით აღმაშენებლის უნიკალური სპეცოპერაცია - სამშვილდის ციხის "მოპარვა"

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი საუბრის მთავარი თემა საქართველოს საგარეო დაზვერვის წარსული, აწმყო და მომავალია. თუმცა შუა საუკუნეებში დღევანდელი დეფინიციები: „საგარეო დაზვერვა“, „სამხედრო დაზვერვა“ ,“პოლიტიკური დაზვერვა“, „კონტრდაზვერვა“ და ა.შ. ცალ-ცალკე აღებული, არ არსებობდა. მაშინ მსტოვარ/აეშაგნი ყველა ამ ოპერაციას პარალელურ რეჟიმში ახორციელებდნენ და ცალკე „ფუნქციონალური სპეციალიზაცია“ არც არსებობდა.

ჩვენს ხელთ არსებული ისტორიული წყაროებით, ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება დავით აღმაშენებლის მიერ არა მარტო საგარეო დაზვერვის, არამედ - ზოგადად, ცალკე, მსტოვართა დამოუკიდებელი, ცენტრალიზებული სტრუქტურის შექმნა. ამის შესახებ დღეისთვის არსებული ყველა მასალა დავითის მემატიანის თხზულების კომენტარები და ინტერპრეტაციაა. დოკუმენტური სიზუსტით არ დგინდება ის პერიოდი, როცა მსტოვართა რაიმე ცენტრალიზებული ორგანიზაცია შეიქმნა და ვინ იყო მისი უშუალო ხელმძღვანელი, სამწუხაროდ, ასევე უცნობია ქართველი მსტოვარ/აეშაგების გვარ-სახელებიც. კომუნისტური მმართველობის პერიოდში გამოცემულ ისტორიულ ნაშრომებში და ისტორიის სახელმძღვანელოებში დავითის მიერ შექმნილი მსტოვარ-ჯაშუშთა მწყობრი სისტემის მნიშვნელობის დაკნინების ანდა შენიღბვის მიზნით, მათ მოქმედებას სახელად “საპოლიციო აპარატის გაძლიერებას” არქმევდნენ. სად საპოლიციო აპარატი და სად მზვერავ-მსტოვრები? თუმცა, ამგვარი თავის დაზღვევის ფაქტები საბჭოთა დიქტატურის გაფურჩქვნის ხანაში იშვიათი არ იყო და დღევანდელი გადასახედიდან, სავსებით გასაგებია. მიუხედავად ამისა, გამართლებულად უნდა მივიჩნიოთ ქართველ ისტორიკოსთა და მწერალთა მიდგომა, რომელნიც “ხეების მიღმა ტყეს ხედავენ” ანუ დავით მეფის მიერ გატარებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ჰორიზონტს მიღმა, კარგად ორგანიზებულ და გაწვრთნილ მსტოვართა ქმედებებს “ლანდავენ”, რის საფუძველზე კი, მსტოვართა მტკიცე ორგანიზაციის არსებობას ვარაუდობენ. იმ პერიოდის წერილობითი წყაროების ანალიზი (რაც დაწვრილებითაა მოცემული ქართულ ისტორიოგრაფიაში) ნათელს ფენს, რომ მაშინ, ისევე, როგორც დღეს, ინფორმაციის მოპოვების ძირითადი წყარო და მსტოვრობის “კლონდაიკი” საგარეო და საშინაო ვაჭრობა, ელჩობა-მისიონერობა და ხელოსნობა იყო.

მსტოვრებს აგზავნიდნენ უცხო ქვეყნებში, ვითომ ისინი ელჩები, ვაჭრები, მოგზაურები და ექიმები იყვნენ. მათ უცხო ქვეყნებში უნდა შეეგროვებინათ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია ჯარის რაოდენობაზე, შეიარაღებაზე, პოლიტიკურ ინტრიგებზე, ხელმწიფე-მმართველის კარზე არსებულ ძალთა თანაფარდობაზე, წოდებრივ განსხვავებებზე, კორუფციაზე, ცალკეული სახელმწიფო მოხელეების შესახებ გავრცელებულ კომპრომატებზე და ა.შ

ამავე დროს, მათ ზუსტად უნდა აღენუსხათ უცხო ქვეყნის გზების, ხიდების და წყაროების მდებარეობა, მდინარეებზე ლაშქრის გადაყვანის შესაძლებლობა და სხვ. საქართველოდან და მისი ვასალი ქვეყნებიდან საქარავნო ვაჭრობა და მიმოსვლა ხორციელდებოდა ინდოეთთან, სპარსეთთან, ერაყთან, სირიასთან, ბიზანტიასთან, ეგვიპტესთან, ჩრდილოეთით მდებარე სამთავროებთან და სხვა, უფრო შორეულ ქვეყნებთანაც. მსტოვრობა და ჯაშუშობა ყოველთვის ორმხრივი პროცესია და თუ ქართველ მსტოვართა ხელმძღვანელები საქართველოში დაფუძნებული ვაჭრებისგან იღებდნენ ინფორმაციას, ასევე თურქ-სელჩუკების, ბიზანტიის და სხვა ქვეყნების მმართველებიც იყენებდნენ ვაჭრებსა და მოგზაურებს, საქართველოს შესახებ ინფორმაციის შესაკრებად. ინფორმაციის მოპოვებასთან ერთად ამა თუ იმ ქვეყნებში ყოფნისას ვაჭრები ხშირად ებმებოდნენ ადგილობრივი მსტოვრების მიერ დაგებულ მახეში და ხდებოდნენ დეზინფორმაციის ოპერაციის მონაწილენი.

ჭკვიანი მასპინძელი: მეფე, სულთანი თუ შაჰი, მათ “დეზას” გავრცელების არხ/წყაროდაც. ბიზანტიაში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში დიდვაჭრები და „ვაჭართა ამხანაგობები“ ანუ ისინი, ვისაც საკმაო შეძლება ჰქონდათ უცხოეთში სავაჭრო მიმოსვლისათვის, საგარეო დაზვერვის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდნენ. დიდვაჭრები იყვნენ სამეფო კარის ინფორმატორები უცხო ქვეყანათა საქმეებში და ხშირად ასრულებდნენ სხვადასხვა დიპლომატიურ-სადაზვერვო დავალებებს. დავუბრუნდეთ დავით აღმაშენებლის მეფობის პერიოდს.

დავითის უმთავრესი მიზანი უკვე ნაწილობრივ გაერთიანებული საქართველოს ფარგლებს მიღმა დარჩენილი ქართული მიწების დედასამშობლოსთვის შემოერთება-შემომტკიცება იყო. დავითი მეფობის პირველ პერიოდშივე ზრუნავდა „საგარეო და საშინაო დაზვერვის“ შექმნასა და მსტოვრების შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებაზე, რასაც მაშინდელი მოვლენების განვითარება ადასტურებს. ეს მაგალითები, ერთი მხრივ, „საგარეო დაზვერვის“ კარგ მუშაობაზე მეტყველებენ, ხოლო, მეორე მხრივ, დავით IV-ის მიერ მსტოვრების გამოყენებით შიდაპოლიტიკური სიტუაციების ოსტატურად მართვის ხელოვნებაზე მიგვანიშნებენ. თუნდაც ის, რომ სელჩუკთა იმპერიის დასუსტება და ჯვაროსნების მიერ 1099 წელს იერუსალიმის აღება დავითის მსტოვრებს არ გამოპარვიათ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მეფემ მთლიანად შეცვალა საგარეო პოლიტიკა და სამხედრო სტრატეგია. დავით აღმაშენებლის მსტოვარ/აეშაგთა ერთ-ერთი წარმატებული ოპერაცია სამშვილდის ციხის „მოპარვა“ იყო.

picture2-1749801356.jpg

სამშვილდის ციხე-ქალაქი

საქართველოს ისტორიის ეს მნიშვნელოვანი ფურცელი თავიდანვე დავით მეფის ღრმა განჭვრეტითა და ბრძნული ხედვით იწერებოდა. 1110 წელი იდგა. დავითის ხმლის მოშიში თურქნი თაგვებივით შეკეტილიყვნენ სამშვილდისა და ქვემო ქართლის სხვა ციხეებში. მათი მსტოვრები, რომლებიც მრავლად მოდებოდნენ საქართველოს კუთხეებს, ყურადღებით და შიშით ზვერავდნენ დავითის მიმოსვლას. თურქებმა შვებით მხოლოდ მაშინ ამოისუნთქეს, როცა რამდენიმე აეშაგისგან დანამდვილებით შეიტყვეს მეფის დასავლეთ საქართველოში გამგზავრება. მაშინ კი მოეშვნენ და მოდუნდნენ თურქი მეციხოვნენი: დავითის გარეშე ვინ გაბედავდა მიუვალი სამშვილდის ციხე-ქალაქის დალაშქვრას? სამშვილდის ციხე-ქალაქის, როგორც ფორტიფიკაციის დიდ მნიშვნელობას, მის მახლობლად გამავალი სამხრეთის სავაჭრო გზები განაპირობებდნენ.

სამშვილდე, ოდითგან ქვემო ქართლის დიდი ქალაქი და მტკიცე ციხესიმაგრე, ანტიკურ ხანაში იყო აგებული. XII საუკუნეში საქართველოს სამეფოს ფარგლებში არსებულ ციხე-სიმაგრეთა შორის სამშვილდე, ბუნებრივ-რელიეფური მიუვალობით და მყარი ნაშენობით განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ეს მიუვალი ციხე ორი მდინარის: ხრამის და ჭივჭივას შორის სოლისებურად შეჭრილ კონცხზე, ციცაბო ფერდობებიან პლატოზე მდებარეობდა. გვერდებიდან ღრმა ხრამი იცავდა და ციხის აღება მხოლოდ ერთი, პირდაპირი შეტევით იყო შესაძლებელი. მაგრამ მაღალი და მკვიდრად ნაშენი კედელ-გალავნები საიმედოდ იცავდნენ ამ მიმართულებასაც. ქართული ფორტიფიკაციის ცნობილი მკვლევარი, პროფესორი პარმენ ზაქარაია წერს: ”ამ მხარის ჩასაკეტად პლატოს მთელ სიგანეზე მიუყვებოდა 4-5 მ სისქის კედელი. თუ მტერი ამ კედელს დაძლევდა, მაშინ ქალაქის შუა ნაწილში დახვდებოდა პლატოს მთელ სიგანეზე, ფერდობიდან ფერდობამდე გაშლილი ციხე, რომელიც, ფაქტობრივად, ქალაქის ციტადელი იყო... ციხის კედლები სხვადასხვა ზომისაა. სამი მათგანის სისქე ორ მეტრამდეა, მეოთხესი - ექვს მეტრამდე... მშენებლებს კარგად გაუთვალისწინებიათ რელიეფის თავისებურება: რაკი მტრის შემოსევა დასავლეთიდან იყო მოსალოდნელი, კედელიც სწორედ ამ მხარეს უნდა ყოფილიყო საიმედო. ამჟამად ამ დაზიანებული კედლის სიმაღლე 12 მეტრია. თავდაპირველად, ალბათ, უფრო მაღალი იქნებოდა, ქონგურებიც ექნებოდა და იმ დროის ვერც ერთი სანგრევი მანქანა ვერაფერს დააკლებდა. ამიტომაც მოაღწია მან დღემდე. კედელს მხოლოდ ერთგან ეტყობა, რომ აქ უშედეგოდ უცდიათ, მისთვის ძირი გამოეთხარათ”. ამ ვრცელი ციტატის გაცნობის შემდეგ მკითხველი დარწმუნდება, რომ სამშვილდის ციხე-ქალაქის შტურმით აღებას მრავალათასიანი ლაშქარი და მრავალთვიანი ალყა დასჭირდებოდა. სამშვილდის ხელში ჩაგდებას, გარდა წმინდა სამხედრო მიზნებისა, ფრიად დიდი პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა. დავითმა, რომელიც უკვე ორი ათეული წელი მეფობდა, მრავალი ბრძოლა მოიგო, ბევრი მოღალატე დილეგში გამოკეტა და ბევრსაც თავი დააგდებინა.

მან კარგად იცოდა, რომ სანამ სამშვილდეში თურქ–სელჩუკები “ბაირამობდნენ”, ვერც ის და ვერც სრულიად საქართველო ვერ დამშვიდდებოდა. ეს იყო ერთგვარი ტესტი ქართული სამხედრო ხელოვნების სიძლიერის და სიმწიფის, ქართველთ ლაშქრის და მსტოვარ-მზვერავების სიჩაუქის შესამოწმებლად. როგორი იყო დავით მეფის “ოპერატიული კომბინაციები” სამშვილდის ოპერაციის დროს?

ისტორიული წყაროების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართველები წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. ქვეყნის პირველი ვეზირის, მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობით შეიკრიბნენ - თევდორე, ჭყონდიდელის დისწული, იმავდროულად თრიალეთის და კლდეკარის მმართველი; აბულეთი და ივანე ორბელი; მემატიანე დაუფარავი კმაყოფილებით და სიამაყით წერს: “სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდეო”. აი ასე, ყველა სხვა მინიშნება-დაზუსტების გარეშე. არა-რა ბრძოლა და მსხვერპლი, არამედ: “ხერხი სჯობია ღონესა“ და მიუვალი ციხე-ქალაქი უკვე ჩვენია! მემატიანის ამ ძუნწ სტრიქონებს შორის მიმალული აზრები უნდა განვჭვრიტოთ და შედეგებს შევუდაროთ. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ეს უცნობი ავტორი დავით მეფის თანამედროვე და მასთან დაახლოებული პიროვნება უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, საფიქრებელია, რომ როცა ის სამშვილდის ციხის აღებაზე ასე მშრალად წერდა, ეტყობა, ქართველი მსტოვრების მოქმედებების მეთოდ-ხერხების გამჟღავნება არ სურდა და ამ ბრძოლიდან დაახლოებით ორი ათეული წლის შემდეგაც სახელწიფო საიდუმლოებას უფრთხილდებოდა! (მისაბაძი მაგალითია დღევანდელი ქართველი ჩინოვნიკ-მოხელეებისა თუ ჟურნალისტებისთვის).

თუმცა ჩვენ კი გაგვიხადა უფრო მეტი საფიქრალ-სავარაუდო. როგორ „მოიპარეს ქართველებმა სამშვილდის ციხე“: ისტორიული წყაროების და მოვლენების ობიექტური ანალიზის შემდეგ დასკვნა ამგვარია: ციხე ან შიგნიდან “გატყდა” და ქართველების მიერ გადმობირებულმა თურქმა მეციხოვნეებმა ფარულად ჩააბარეს ციხის კლიტენი ჭყონდიდელსა და მის გუნდს, ან ქართველთა მცირე “დივერსიულმა” ჯგუფმა, მოსყიდულ/გადაბირებულ აგენტ-მეციხოვნეთა დახმარებით შეძლო ციხე-ქალაქში შეფარვით შეღწევა და ციხის ბჭენის გახსნა. შემდეგ კი, ჭყონდიდელის მეთაურობით, ქართველთა ლაშქარი ღამის სიბნელეში შეიჭრა ციხე-ქალაქში და მოულოდნელად დაადგა თავს არხეინად მძინარე თურქებს.

picture1-1749801356.jpg

სამშვილდის ციხე-ქალაქს უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა

ამ ისტორიული მოვლენის ანალიზისას, თვალნათლივ იკვეთება დავით IV-ს და მისი უახლოესი გარემოცვის მიერ „ოპერატიული კომბინაციების“ დაგეგმვისა და განხორციელების კარგი უნარი. სამშვილდის აღების წინ თურქებთან “ოპერატიული თამაში” ორ ეტაპად ჩატარდა: პირველი ეტაპი დავით მეფის დასავლეთ საქართველოში გამგზავრებით დაიწყო. ეს საიდუმლო ინფორმაცია თურქი ჯაშუშებისთვის „დროულად“ გახდა ცნობილი, რაზეც, ალბათ, შეგნებულად იზრუნეს ქართველებმა. ზემოთაც აღვნიშნე, რომ თურქ-სელჩუკებს საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჯაშუშთა ქსელი ჰქონდათ. მათთვის სწრაფადვე ხდებოდა ცნობილი მეფის და მისი დიდებულების გადაადგილების მარშრუტი და დრო. ამ შემთხვევაში კი, სავარაუდოა, რომ ქართველთ მსტოვრებმა მაქსიმალურად დადასტურებული ცნობები “შეუცურეს” თურქებს, რის შედეგად თურქთა ყურადღება საგრძნობლად მოდუნდა. ეს ლოგიკური იყო, რადგან მანამდე არ ყოფილა, რომ მეფის გარეშე საქართველოს ლაშქარს ასეთი მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაეტარებინოს. პარალელურად გრძელდებოდა სპეცოპერაციის გეგმის მეორე ეტაპის, - სამშვილდის ციხე-ქალაქის მეციხოვნეთა შორის მსტოვართა, სპეცსამსახურების ენაზე რომ ვთქვათ, „გადაბირება/ჩანერგვის” სამუშაოები.

ამ ოპერაციას დიდი სამხედრო-ფსიქოლოგიური შედეგი ჰქონდა. ქვემო ქართლის სხვა ციხეებში გამაგრებულმა თურქებმა, შეიტყვეს რა სამშვილდის აღება, თავს უშველეს და „ნიორივით გაიპარნენ“. ქართველებს ციხეების მითვლაღა დარჩენოდათ. ასე “მოიპარეს” ქართველებმა სამშვილდის ციხე და ერთი, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაციის წყალობით, საფუძველი ჩაუყარეს ქვემო ქართლის ტერიტორიის დაბრუნებას.

რამდენიმე წლის შემდეგ, კერძოდ კი - 1115 წელს, დავით აღმაშენებელმა იგივე ხერხი გაიმეორა: თავად ლაშქრით ქართლის შუაგულისკენ გასწია, გიორგი ჭყონდიდელმა კი მოულოდნელად რუსთავს შეუტია და დეზორგანიზებულ მტერს მსწრაფლ “აართვა” ქალაქი. რუსთავის დაკარგვით თურქებს მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული დასაყრდენი და გამოსაზამთრებელი ადგილი გამოეცალათ ხელიდან.

1110 წლიდან ანუ სამშვილდის ციხის “მოპარვიდან” - დავით აღმაშენებლის გარდაცვალებამდე (1125 წ.) ქართველი მსტოვრები თითქმის უშეცდომოდ მოქმედებდნენ და სრულიად საქართველოს აკონტროლებდნენ, საზღვრებთან მტრებს “დარაჯობდნენ” და სხვა ქვეყნებშიც მოიპოვებდნენ სტრატეგიულ ინფორმაციას. დავითის მეფობის მიწურულს მსტოვრების ქსელით ყოფილა დაფარული მთელი სამეფო. მემატიანე აღნიშნავს, რომ დავით მეფეს, ღალატისა და ორგულობის გამოვლენის ნიჭი ღმერთისგან ჰქონდა ბოძებული. ამიტომაც “შიშითა მისითა” ვერც ლაშქარში, ვერც დიდებულებაში, და ვერც სამღვდელოებაში ვერავინ გაივლებდა გულში ღალატსო. უფრო მეტიც, სახლშიც კი - ცოლ-შვილთანაც, ვერავინ ბედავდა მეფეზე აუგის თქმას. ხოლო ვინც ღალატის გზას დაადგა (თუნდაც ლიპარიტ და რატი ბაღუაშები ან სხვა დიდებულები), დავითმა ადრევე შეიტყო და ისინი “განპატიჟებულნი“ (დასჯილნი) იქნენ. მემატიანე ყველას ურჩევდა: “ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას სცნობდი, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ”, შემდეგ კი ასკვნიდა – ეს საქმე (ანუ მსტოვრობა) ცუდი მიზნებისთვის კი არ იყო გამოყენებული: “არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართნა ამით და მრავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა ესე”.

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა ანდერძად დაგვიტოვა:

„...მსაჯული მართლ სჯიდე,

მსახურთა რისხვაჲ ქროდის,

მართალნი ნეტარებდენ,

ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი,

მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო! („გალობანი სინანულისანი“).

(მეოთხე ნაწილის დასასრული)