"რუსები კონსტანტინოვკას ალყაში აქცევენ..." - ფრონტის 1000 კილომეტრი: რა მიმართულებებით უტევს პუტინის არმია უკრაინელებს - კვირის პალიტრა

"რუსები კონსტანტინოვკას ალყაში აქცევენ..." - ფრონტის 1000 კილომეტრი: რა მიმართულებებით უტევს პუტინის არმია უკრაინელებს?

ამერიკული გაზეთის - The Wall Street Journal-ის 12 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რომელი მიმართულებით მიიწევს წინ რუსეთის არმია და რისი მიღწევა სურს კრემლს?“ (ავტორები - იან ლოვეტი, ენდრიუ ბარნეტი, ნიკიტა ნიკოლაენკო). „მაისში რუსეთის ჯარებმა უკრაინის უფრო მეტი ტერიტორია დაიკავეს, ვიდრე ოდესმე დაუკავებიათ, 2022 წლის დეკემბრიდან. კრემლმა, როგორც ჩანს, საზაფხულო შეტევა იმ მიზნით დაიწყო, რომ დასავლეთს აჩვენოს - გამარჯვება უკვე მის ხელშია“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზი უკიდურესად ნელა იცვლებოდა. ორივე მხარეს საომარი მოქმედება უდიდეს ფასად უჯდებოდა, მაგრამ ბოლო თვეებში რუსეთმა მაინც მოახერხა შეტევის ტემპის დაჩქარება - გასული წლის შემოდგომის მსგავსად, სანამ წვიმებმა და ყინვებმა წინსვლა არ შეაფერხეს. ახლა უკვე ზაფხულია, შეტევისათვის ყველაზე საუკეთესო დრო და რუსეთის არმიაც სიტუაციით სარგებლობს.

სამშვიდობო მოლაპარაკება ფაქტობრივად ჩიხშია შესული: საერთაშორისო საზოგადოების იმედები არ გამართლდა. მსოფლიოს ყურადღება ისევ ბრძოლის ველზეა გადატანილი, სადაც, როგორც ჩანს, ომის ბედი გადაწყდება.

რუსეთი ცდილობს, ისეთ წარმატებებს მიაღწიოს, რითაც კიევს აიძულებს, წაყენებულ მოთხოვნებზე დათანხმდეს, რომლებიც კაპიტულაციის ტოლფასია. თავის მხრივ, უკრაინა ცდილობს რუსეთის შეკავებას და მისთვის ისეთი დარტყმის მიყენებას, რომ კრემლმა გააცნობიეროს: სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარი მას ძვირად დაუჯდება.

მოსკოვი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე უტევს, ეძებს მოწინააღმდეგის სუსტ ადგილებს და ფრონტის გარღვევის გეგმებს ადგენს. კრემლი ცდილობს, ცოცხალი ძალის მხრივ თავისი დიდი უპირატესობით ისარგებლოს და აიძულებს უკრაინის არმიას, ათასკილომეტრიან ფრონტზე თავდაცვითი ბრძოლები აწარმოოს, შეტევაზე რომ არაფერი ვთქვათ. უკრაინა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი იმ მხრივაც, რომ გართულდა რუსული ქვედანაყოფების ადგილმდებარეობის დაზუსტება - სუმისა და ხარკოვის ოლქების ტყეებში მწვანე მცენარეული საფარი (ფოთლები) ხელს უშლის უკრაინულ დრონებს, თვალი მიადევნონ რუსი ქვეითების გადაადგილებას.

"კრემლი განაგრძობს ომში უდიდესი მატერიალური და ცოცხალი ძალის რესურსების გამოყენებას. მისი მთავარი ამოცანაა, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ რუსეთი ომს აუცილებლად მოიგებს და რომ დასავლეთმა უკრაინას როგორი დახმარებაც უნდა გაუწიოს, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მცდელობა ფუჭი იქნება", - განმარტავს კონფლიქტების ანალიტიკოსი ჯორჯ ბაროსი, ომის შემსწავლელი ვაშინგტონის ინსტიტუტიდან.

„რუსეთ-უკრაინის ომის სიმძიმის ცენტრს ტერიტორია არ წარმოადგენს. საომარი მოქმედებების მთავარი თეატრი, სადაც ქვეყნის ბედი გადაწყდება - ესაა დასავლური დედაქალაქების პოლიტიკოსთან აღქმის სივრცე... თუ ფრონტის ხაზი კიევს მიუახლოვდება, რუსებს შეუძლიათ თქვან: „აი, ხომ ხედავთ, რომ ჩვენ წინ მივიწევთ. უკრაინის საქმე წასულია. რამდენი მილიარდის დახარჯვა შეგიძლიათ კიდევ?“, - ამბობს ჯორჯ ბაროსი.

მოსკოვის ჯარების ამჟამინდელი შეტევის საკვანძო მიზანია აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი კონსტანტინოვკა, რომელიც ფრონტის ახლოს მდებარე მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს, იმდენად მნიშვნელოვანს, რომ რუსეთის არმიის სარდლობამ თითქმის ალყაშემორტყმული პოკროვსკიდან ქვედანაყოფები მოხსნა და ისინი კონსტანტინოვკისაკენ გადაისროლა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს ტაქტიკის ცვლილებას მიუთითებს, თუმცა სტრატეგია იგივე რჩება.

ჩასოვ იართან და კრასნოარმეისკთან ამასწინანდელმა ცხარე ბრძოლებმა აჩვენა, რომ რუსეთი ძველებურად მზადაა, დიდი რესურსები (ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალები) დახარჯოს იმ ქალაქების დასაკავებლად, რომლებსაც სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვთ. კონსტანტინოვკისათვის ბრძოლა, როგორც ჩანს, გაჭიანურებული და სისხლისმღვრელი იქნება.

„ამჟამად რუსები ქალაქის მისადგომებს უახლოვდებიან და სამი მხრიდან ალყაში აქცევენ. დღეს კონსტანტინოვკაზე ფრონტის ხაზი გადის“, - ამბობს უკრაინის არმიის უფროსი ლეიტენანტი, რომლის ქვედანაყოფი ქალაქს იცავს.

სამწუხაროდ, დღეისათვის უკრაინული დრონები თავიანთი მოქმედების ეფექტით ძალიან ჩამოუვარდებიან რუსული დრონების მოქმედებას. რუსები თავიანთ უპილოტოებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით მართავენ, რის შედეგადაც მათი ფრენის სიშორე უკვე 40 კილომეტრს აღწევს - ორჯერ მეტს, ვიდრე ერთი წლის წინ. მათზე გავლენას არ ახდენს რადიოელექტრული ბრძოლის საშუალებები. ამის შედეგად, დრონების მოქმედების რადიუსში აღმოჩნდა ახლომდებარე ლოჯისტიკა - გზები და სატრანსპორტო საშუალებები. რასაკვირველია, ასეთი დრონები უკრაინელებსაც აქვთ, მაგრამ - ნაკლები რაოდენობით. „რუსული დრონების დარტყმები ხშირი და ზუსტი ხდება“, - ამბობს უფროსი ლეიტენანტი.

რუსეთის არმიამ უკვე მთლიანად გაათავისუფლა კურსკის ოლქის ტერიტორია, რომლის მოულოდნელი დაკავება გასული წლის ზაფხულში კრემლისთვის შოკი აღმოჩნდა, ხოლო კიეველი პოლიტიკოსები და გენერლები ძალიან ამაყობდნენ. დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი: ამ ადგილებში მოსკოვმა თავი მოუყარა 50-ათასიან სამხედრო დაჯგუფებას, რომლის ქვედანაყოფები დროდადრო მეზობელი სუმის ოლქის - უკრაინის - ტერიტორიას უტევენ, სოფლებს იკავებენ და ქვას ქვაზე არ ტოვებენ. „რუსეთის არმიის მთავარ მიზანს საოლქო ცენტრის - სუმის დაკავება წარმოადგენს“, - ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სერჟანტი, რომლის ქვედანაყოფი საზღვართან ახლოს არის დისლოცირებული, - „აქედან სუმამდე მხოლოდ 30 კილომეტრია დარჩენილი. ძალიან გაძნელდა სამხედრო ტვირთების გადაზიდვა და დაჭრილების ევაკუაცია. ასეთი სქემა ჩვენთვის ნაცნობია - რუსებს სურთ, მომარაგების გარეშე დავრჩეთ. ჯერჯერობით ძალები საკმარისი გვაქვს, მაგრამ ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით მტრის ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება“.

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, რობ ლის აზრით, ჯერჯერობით ნაადრევია უკრაინის თავდაცვის ხაზის კრახი, მაგრამ რუსეთის ჯარების მიახლოება სუმთან კრემლის გავლენას და ავტორიტეტს გაზრდის.

მოსკოვი იქაც კი აგრძელებს წარუმატებელ შეტევებს, რომელი მიმართულებითაც მისი წინსვლა უკვე შეჩერებულია - დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან. „მათ, როგორც ჩანს, ბუფერული ზონის შექმნა სურთ და თავიანთ ჯარისკაცებს ხორცსაკეპში შეუბრალებლად ერეკებიან“.

უკრაინელი სამხედროების თქმით, მოსკოვი თავს უყრის ძალებს მეზობელ ზაპოროჟიეს ოლქშიც. „ვვარაუდობთ, რომ ამ ზაფხულს სიტუაცია ყველა მიმართულებით გაუარესდება“, - ამბობს უფროსი ლეიტანტი კონსტანტინოვკიდან, - „ჩვენი პირადი შემადგენლობა დაქანცულია, არ ხდება როტაცია, ყველა შესაძლებლობების ზღვარზე ვართ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო