"ამ ადგილას ორი წლის წინაც დატრიალდა ტრაგედია. ლიახვში ტრაქტორები ხშირად მუშაობენ, გადათხრილია და დიდი ორმოები გაკეთდება" - რას ჰყვებიან გორში დაღუპულ 16 წლის ბიჭზე
ტრაგედია დატრიალდა გორში. 16 წლის მოზარდი, ლუკა დედანაშვილი მდინარე ლიახვში დაიხრჩო. მისი ცხედარი სოფელ თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიასთან იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიჭი მოულოდნელად მდინარემ გაიტაცა.
"დიდი ტრაგედია დატრიალდა. ამბობენ, რომ ბიჭი წმინდაწყლიდან არისო. არ ვიცი დეტალები, მხოლოდ ის გავიგე, რომ საცურაოდ ყოფილან წასულები მდინარე ლიახვზე. ახალდაბის ტერიტორიაზეა საცურაო ადგილი და იქიდან გაუტაცია მდინარეს ბავშვი. სად იპოვეს, ზუსტად არ ვიცი.
სამწუხაროდ, ამ ადგილას ორი წლის წინაც დატრიალდა ტრაგედია, მაშინაც დაიხრჩო ახალგაზრდა. ლიახვია და ბანაობენ ბავშვები მდინარეში..." - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.
ერთ-ერთი ქალბატონის თქმით, ლიახვი არ არის დიდი მდინარე.
"ლიახვი არ არის დიდიმდინარე, მაგრამ მასში ტრაქტორები ხშირად მუშაობენ, გადათხრილია და დიდი ორმოები გაკეთდა. არ ვიცი, რა გახდა ლუკას გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც პრობლემაა, ეს ორმოები ძალიან საშიშია, რომ იქ არ ჩავარდნენ ბავშვები", -ამბობს ის. შსს-ს ცნობით, დაწყებულია გამოძიება.
(სპეციალურად საიტისთვის)