"ბოლო 2-3 წელი დემე შეიცვალა, იდუმალი გახდა და საზოგადოებაში აღარ ჩნდებოდა..." - ქართველი ოქროს ბიჭუნას ამბავი, რომელიც რუსულ დივერსიას შეეწირა
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ბათუმში მცხოვრები 21 წლის დემეტრე (დემნა) დარჩიაა - მოცეკვავე თეა დარჩიას ძმის შვილი. ის 6 თვის წინ წასულა უკრაინაში საომრად და დივერსიას შეეწირა.
"დღეს ქართული ლეგიონის ბაზაზე მოხდა დივერსიული აქტი, რის შედეგადაც დეტონაციაში მოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შემოტანილი იყო გაურკვეველი პირის მიერ. ამ შემთხვევამ გამოიწვია ჩვენი მებრძოლის, დემეტრე დარჩიას დაღუპვა. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება. შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ გამოძიებას. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის. ქართული ლეგიონის თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას. ვუსამძიმრებთ ოჯახს და ნათესავებს", - ნათქვამია „ქართული ლეგიონის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
ლეგიონის მეთაური მამულაშვილი ამბობს, რომ დემეტრე დარჩია `ქართულ ლეგიონს" დაახლოებით 5-6 თვის წინ შეუერთდა და რადგან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონდა, სწავლებას ბაზაზე გადიოდა. იქ არ ინახებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობები.
"დიდი ალბათობით, მას მიაწოდეს ყუთი, რომელშიც სავარაუდოდ, იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა. ოთახში გახსნის დროს მოხდა დეტონაცია", - ამბობს მამუკა მამულაშვილი. მისი თქმით, შემთხვევის ადგილას სხვა მებრძოლები არ იმყოფებოდნენ.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ბიჭი ხმის ინჟინერი იყო. მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული და ძალიან წარმატებული ახალგაზრდა.
"ძალიან კარგად ვიცნობდი დემეტრეს. ვმეგობრობდით და ძალიან მტკივა გული. მინდა ყველამ გაიგოს, როგორი კარგი ახალგაზრდა დავკარგეთ. დემეტრე ბათუმელია, ბენზეს დასახლებაში ცხოვრობდა. უკეთილშობილესი ადამიანი იყო, ხმის ინჟინერი. არ არსებობს ადამიანი, ვინც მასზე ნაწყენი იქნება. ძალიან მეგობრული და კარგი სულის ბიჭი იყო. როგორც ვიცი, მოცეკვავე თეა დარჩიას ნათესავია დემე. ჭიანჭველას ფეხს რომ არ დაადგამდა ისეთი ადამიანი და მიკვირს, რატომ მიიღო უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება.
ამ თავისი მოკლე ცხოვრების მანძილზე სულ ცდილობდა ყველასთვის სიკეთე გაეკეთებინა, როგორც ცხოვრებაში, ასევე საქმეში. ბავშვობიდან მუსიკის ინდუსტრიაში იყო. ასევე ცხოვრობდა მონასტრული ცხოვრებით. როგორც არტისტი და მუსიკოსი გეტყვით, რომ ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერი იყო. ძალიან პატარა ასაკში დაინტერესდა ხმის ინჟინერიით. ნებისმიერ ბათუმელს, ვისაც კი მუსიკასთან შეხება ჰქონდა, ყველა გეტყვით - დემეტრეს გარეშე არაფერი კეთდებოდა ამ ქალაქში. ოქროს ბიჭუნას ვეძახდი ხოლმე. უზომოდ დიდი დრო გვაქვს ერთად გატარებული. ერთად ბევრი საქმე გვიკეთებია.
დიდი დრო გვაქვს გატარებული ერთად კლუბ "კიბეში". დაარსების დღიდან იქ იყო. დაახლოებით ერთი წლის წინ მე თბილისში დავბრუნდი საცხოვრებლად და ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს.
ისე ბოლო 2-3 წელი დემე სრულიად შეიცვალა, არსად ჩანდა, იდუმალი გახდა და საზოგადოებაში აღარ ჩნდებოდა. ვფიქრობდი, რომ ეს გამოწვეული იყო მისი ეკლესიური ცხოვრებით. თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რა იყოს ამის მიზეზი.
მონასტერში წასვლის შემდეგ უარი თქვა მუსიკაზე და ამ ინდუსტრუაზე. არ ვიცი, რა იყო მიზეზი. ბოლოს უკრაინაშიც წავიდა და ის სამწუხაროდ დაიღუპა. ძაიან განვიცდი", - ამბობს ჩვენთან საუბარში დემეტრე დარჩიას მეგობარი, მუსიკოსი იაკობ სურმანიძე და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
როგორც აღვნიშნეთ დაღუპული ახალგაზრდა თეა დარჩიას ძმისშვილია და თეამ თავის ფეისბუქ გვერდზე სტატუსიც დადო.
"ეს არაჩვეულებრივი ბიჭი, დემნა დარჩიაა, ჩემი ძმის, დავით დარჩიას შვილი და იღუმენია სიდონია დარჩიას ძმის შვილია. ის უკრაინაში გაექცა მშობლებს საბრძოლველად და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებისას ნაღმზე აფეთქდა. 21 წლის ბავშვი, სიკეთის და სიყვარულის განსახიერება აღარ არის. არ ვიცი, როგორ უნდა გადავიტანოთ ეს არგადასატანი ტკივილი. დავით, ჩემო უსაყვარლესო ძმაო, თეა, ჩემო უსაყვარლესო, დედაო, ჩემო ერთად-ერთო, მეუფეო, ჩემო იმედო და დემნას დებო და ძმებო, ჩემო ტკბილებო, არც ვიცი რით განუგეშოთ ან რა გითხრათ, მაგრამ დემნა ჩემთვის გმირია, გმირი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელმაც უბრალოდ ვერ შეძლო უმოქმედოდ ყოფნა და თავი შესწირა ბოროტებასთან ბრძოლას!!! ნათელი და საუკუნო ხსოვნა შენს უკვდავ სულს ჩემო ლამაზო, ნიჭიერო და კეთილშობილო დემნ. მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები, სანამ პირში სული მიდგას. შენ ჩემი გმირი ხარ დემნა", წერს მოცეკვავე თეა დარჩია.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.