"ადრე ვამბობდი, რომ "ქართული ოცნებისგან" იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ახლა..." - რას ფიქრობს ირმა სოხაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე?
"მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში" - მათე დევიძის ამ სიტყვებმა გუშინ მთელი საქართველო მოიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 21 წლის ბიჭი დამნაშავედ სცნო და 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილში დიდი მღელვარება გამოიწვია, მით უმეტეს, რომ მათეს თანატოლებიც ციხეში რჩებიან.
ამ მოვლენაზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს არაერთი ქართველისთვის საყვარელი მომღერალი ირმა სოხაძე:
- ძალიან აღელვებული და გაოგნებული ვარ, რადგან ამ ბავშვებს ისეთი არაფერი დაუშავებიათ, რომ წლობით ციხეში გამოკეტონ! ახალგაზრდები ქუჩაში გამოვიდნენ იმის გამო, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი ოთხი წლით შეჩერდა. სწორედ ასე თქვა პრემიერ-მინისტრმა 28 ნოემბერს და გაგიჟებული ახალგაზრდები ქუჩაში გამოცვივდნენ. შეიძლება აქციაზე ვიღაცამ ქვა ისროლა, ვიღაცამ - ფოიერვერკი და ვიღაცამ ჯოხიც მოიქნია, მაგრამ ამას დამტკიცება ხომ უნდა? ათასობით ადამიანში სამართალდამრღვევიც გამოერევა და პროვოკატორიც, ამის გამო უდანაშაულო ხალხი ციხეში უნდა დაამწყვდიო?! ეს საუკეთესო, ნიჭიერი ბიჭები 4-5 წელი ციხეში უნდა იყვნენ? რატომ?! - იქნებ, ვინმემ ამიხსნას და დამარწმუნოს! არც ერთ მათგანს დანაშაული არ უმტკიცდება და ვერც ერთმა პოლიციელმა მათ ხელი ვერ დაადო.
- "ოცნების" მომხრეებიც კი ამბობენ, რომ ეს ბიჭები ციხიდან უნდა გამოუშვან.
- ამას "ოცნების" მომხრეობა არ სჭირდება, ელემენტარული სინდისია საჭირო. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ მათე დევიძეს გაათავისუფლებდნენ და ამით "ქართული ოცნება" ძალიან დიდ პლუსს დაიწერდა. მე სულ ველოდი ასეთ განცხადებას - "მართალია, ამ ახალგაზრდებმა გაგვაჯავრეს, მაგრამ უკვე იწყება მათი გათავისუფლების სერიაო". აბა, რას აპირებენ? - ეს უდანაშაულო ბიჭები, ჩვეულებრივ სიტუაციაში ბუზს რომ არ გაჭყლეტდნენ და ჭიანჭველას არ მოკლავდდნენ, ციხეში უნდა გაუშვან? ზოგიერთი მათგანი მუსიკოსია, ზოგი ლექსებს წერს და ზოგი მსახიობია. წლობით კი არა, ეს ბიჭები ექვსი თვე რომ სხედან ციხეში, ამის გამოც გული მეწურება და მიკვდება.
რომ წარმოვიდგენ, ზოგი როიალის ნაცვლად მაგიდაზე უკრავს, ზოგს თავისი გიტარა, ან სცენა ენატრება და თავისუფლებას ნატრობს, გული მიკვდება! თან, როგორი გმირი ბიჭები არიან, როგორ უძლებენ ამხელა სტრესს და განსაცდელს... ტყუილად კი არ შეარქვეს "ღიმილის ბიჭები"? - ისინი მართლა "ღიმილის ბიჭები" არიან. მაგათი დედა რომ ვიყო, წარმოდგენა არა მაქვს, რას ვიზამდი და ახლა რა მდგომარეობაში ვიქნებოდი.
არ ვიცი, მე სიტყვები აღარ მაქვს, ისე ვარ აღელვებული, რომ აზრსაც ვერ ვაყალიბებ, გაოგნებული ვარ! ადრე ვამბობდი, რომ გაწბილებული და იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ახლა უკვე გაოგნებული ვარ! ხომ უნდა დაფიქრდნენ, ნოემბერში რატომ გამოვიდა ეს ხალხი ქუჩაში? არც "გადადექი"-ს ყვიროდა ვინმე, არც მთავრობის გადადგომას ითხოვდა, ყველას ერთადერთი შეკითხვა ჰქონდა: "რატომ დაირღვა 4 წლით ჩვენი ევროინტეგრაცია?" თვითონ დაარღვიეს მუხლი, რომელიც კონსტიტუციაში ჩაწერეს და ეს გაგიჟებული ბავშვები ქუჩაში გამოცვივდნენ.
ამ ხალხს საშინელი იმედგაცრუება და გაწბილება ამოძრავებდა და ამოძრავებს, მაგრამ ამაზე ახლა არავინ ლაპარაკობს. მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვსვამ კითხვას - რატომ შეაჩერეს ევროინტეგრაციის პროცესი 4 წლით? სანამ ახალი კანონი შემოუღიათ და შეკითხვის დასმაც აუკრძალავთ, მე ამ შეკითხვაზე პასუხს მოვითხოვ. თუ ევროპა ცუდია და აღარ გვინდა, მაშინ, რატომ იძახიან, ღირსებით ევროპისკენო? ამ საშინელ აბსურდსა და გაუგებრობაში ხალხი როდემდე შეიძლება ამყოფონ? ყველაზე მეტად იმ ადამიანებისა მიკვირს, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონს და ვისაც სჯერა, რომ ევროპას 2030-ში შევუერთდებით. ფაქტია, რომ მე არავინ გამარკვია და ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი არავინ გამცა.
- ქალბატონო ირმა, ბოლო ხანებში მიღებულ კანონებზე რას ფიქრობთ?
- ამ ახალ კანონებსაც ვერაფერი გავუგე: კი, ბატონო, შემოვიღოთ კანონი, რომელიც "ფეისბუკზე" ლანძღვას და წყევლა-კრულვას აკრძალავს. მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ ეს კანონი ყველას უნდა იცავდეს შეურაცხყოფისგან და არა მარტო მთავრობის წევრებს. სამწუხაროდ, რაც ხდება, ყველაფერი ალოგიკური და ჩვენს რეალობასთან შეუსაბამოა. ეტყობა, რაც უფრო გავოგნდებით და შეუსაბამობაში დავიკარგებით, ეს ვიღაცას ხელს აძლევს და უხარია.
- თანაც, ეს ხდება ქვეყანაში, სადაც თითოეული ქართველის სიცოცხლე ძვირფასი უნდა იყოს.
რატომ არ უფრთხილდებიან ქართველები ერთმანეთს?
- რომელ გაფრთხილებაზეა ლაპარაკი? გადით ქუჩაში და ნახეთ: ათი კაციდან 9 რუსია, ან სხვა ეროვნების წარომადგენელი და შეიძლება ერთმა ქართველმა ჩაგიაროს. ვის ეძვირფასება საერთოდ ქართველები?!
აბა, ჩვენი სიცოცხლის და თავისუფლების ასე ხელყოფა რით უნდა ავხსნათ?!
ბავშვობაში გამიგია, ჩხუბი მორევაზეაო, მაგრამ სამართალიც მორევაზე შეიძლება იყოს?
მაინც და მაინც დეპუტატის შვილი უნდა იყოს ადამიანი, რომ მისი უფლებები დაიცვან? რაც ხდება, ეს უკვე აბსურდის თეატრიც აღარ არის. ახლა სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტების აკრძალვაც უნდათ, კი, ბატონო, ლანძღვა-გინება მეც არ მომწონს, მაგრამ კრიტიკის უფლებასაც მართმევენ? ჩემი აზრის გამოთქმის უფლება არ უნდა მქონდეს?
ვინა ვარ, მონა ვარ მართლა? ძალიან ბევრ შეუგუებელ რამეს გვაგუებენ და ასე არ გამოვა.
ქუჩაში გასვლის უნდა გვეშინოდეს და დამუნჯებულები უნდა ვიყოთ? - მე ამას ცხოვრებას ვერ დავარქმევ და დარწმუნებული ვარ, ამას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეეგუება!
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)