"მოსადმა" უკრაინული "ობობას ქსელის" მაგვარი ტაქტიკა გამოიყენა ისრაელის ირანზე საჰაერო თავდასხმის წინ... - კვირის პალიტრა

"მოსადმა" უკრაინული "ობობას ქსელის" მაგვარი ტაქტიკა გამოიყენა ისრაელის ირანზე საჰაერო თავდასხმის წინ...

13 ივნისის გამთენიისას განხორციელებულ ისრაელის ფართომასშტაბიან თავდასხმაზე ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე, თანდათანობით უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი...

ისრაელის მიერ განხორციელებული „აღმავალი ლომის“ ოპერაციის მეტწილად წარმატებულმა შედეგმა, რასაც ოცამდე ირანელი მაღალჩინოსანი სამხედროს, ბირთვული საკითხების ცხრა მეცნიერის ლიკვიდაცია, ბირთვული ობიექტების დაზიანება, ასევე ირანის საჰაერო თავდაცვის ლოკატორების, საზენიტო და ბალისტიკური რაკეტების დიდი ნაწილის განადგურება მოჰყვა, დიდი გაკვირვება გამოიწვია სპეციალისტებში, რადგან ირანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ისრაელის ავიაციის ეს შეტევა მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო, მითუმეტეს, რომ თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მყოფი თავისი მოქალაქეების გაფრთხილება და ევაკუაცია...

მაშინ რატომ შეხვდა ირანის სამხედრო სარდლობა და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემა ასე მოუმზადებელი ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებიდან გამოშვებულ რაკეტებს?

როგორც ირკვევა, ისრაელის „მოსადმა“ გამოიყენა დაახლოებით ისეთივე ტაქტიკა, რითაც ამ თვის დასაწყისში-1 ივნისს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განახორციელა უნიკალური სპეცოპერაცია „ობობას ქსელი“ და რუსეთს რამდენიმე ათეული სტრატეგიული და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენები დაუზიანა და გაუნადგურა სატვირთო ავტომობილებზე დატვირთული კონტეინერებიდან აფრენილი დისტანციურად მართვადი კვადროკოპტერის სქემის კამიკაძე-დრონებით...

იმის მტკიცება, რომ ისრაელის „მოსადმა“ მაინცდამაინც უკრაინელ კოლეგებს მიბაძა, არ იქნებოდა სწორი,რადგან ასეთი მასშტაბური სპეცოპერაციები თვეობით და წლობით მზადდება.

„მოსადის“ აგენტურულმა ქსელმაც წინასწარ შეიტანა ირანის ტერიტორიაზე კამიკაძე-დრონები, ასევე კომპაქტური მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები და ისინი განათავსა ირანის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორებისა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ბაზირების ადგილების სიახლოვეს.

„აღმავალი ლომის“ ოპერაციის დაწყებისთანავე, როგორც კი ორასამდე სამხედრო და საბრძოლო თვითმფრინავი ისრაელის აეროდრომებიდან აფრინდნენ და სირიისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით ირანის საზღვრისკენ გაფრინდნენ, „მოსადის“ აგენტებიც გააქტიურდნენ და კამიკაძე-დრონებითა და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით შეტევა მიიტანეს ირანის რადიოლოკატორებზე, რითაც „დააბრმავეს“ ირანის საჰაერო თავდაცვა, ხოლო საზენიტო დანადგარების მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით აფეთქებამ, კი ირანელი მეზენიტეები უიარაღოდ დატოვა,რითაც ისარგებლეს ისრაელის მფრინავებმა და ფრთოსანი რაკეტები ზუსტად გაუშვეს სამიზნეებზე...

გარდა ამისა, „მოსადის“ აგენტურამ „წაინადირა“ ირანის ბალისტიკური რაკეტების პოზიციებზეც და ეტყობა წარმატებითაც, რადგან ირანმა საპასუხო დარტყმისთვის მხოლოდ 150-მდე კამიკაძე-დრონი „შაჰიდის“ გაშვება თუ მოახერხა (თითქმის ყველა მათგანი ჩამოაგდეს ისრაელისა და მისი მოკავშირეების ავიაციამ და საზენიტო რაკეტებმა), მაგრამ მათ უკან ვეღარ „მიაყოლა“ სტარტისთვის გამზადებული ბალისტიკური რაკეტებიც...

ცხრა ირანელი „ბირთვული“ მეცნიერის ერთდროულად ლიკვიდაციაც ეტყობა „მოსადის“ სინდისზეა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა მოპოვებული ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელების შესახებ, რის შემდეგაც ზოგიერთი მნიშვნელოვანი ირანელი მეცნიერის საცხოვრებელი კორპუსის კონკრეტული სართულის ფანჯრებისკენ მილიონდოლარიანი ფრთოსანი რაკეტების მიმართვაც კი არ დაენანათ...

რაც შეეხება ოცამდე ირანელი მაღალჩინოსანი სამხედროს და მათ შორის რამდენიმე გენერლის ლიკვიდაციას, ეს სავარაუდოდ იმ მიწისქვეშა ბუნკერში მოხდა,რომელშიც ირანის მთელი სამხედრო ელიტა შეიკრიბა ისრაელისგან მოსალოდნელი თავდასხმისთვის მოსამზადებლად-ირანელი გენერლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მიწისქვეშა რკინაბეტონის ბუნკერი მათ ყველაფრისგან დაიცავდა, მაგრამ მათდა სამწუხაროდ ასე არ მოხდა-ისრაელის ავიაციამ გამოიყენა ახალი ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა-ბომბები, რომლებიც მიწაში რამდენიმე ათეულ მეტრზეც აღწევენ და იქ საშინელი ძალით ფეთქდებიან...

მთელი დღის, 13 ივნისის განმავლობაში, ისრაელის ავიაცია დროდადრო აყენებდა მორიგ საჰაერო დარტყმებს ირანის სხვადასხვა ობიექტებს და ეტყობა ასე გაგრძელდება კიდევ რამდენიმე დღე.

P.S. 13 ივნისის დღის ბოლოსკენ ირანმა დაიწყო ბალისტიკური რაკეტების გაშვება ისრაელის მიმართულებით. ირანელებმა შურისძიების ოპერაციას „მკაცრი დასჯა“ დაარქვეს და 150-მდე რაკეტის სტარტი განახორციელეს, მათგან ისრაელის ტერიტორიაზე ათამდე ჩამოვარდა, ისრაელის რიგ ქალაქებში გამოცხადებულია საჰაერო განგაში...ისრაელ-ირანის დაპირისპირება სერიოზულ ომში გადადის...