ირანის ბალისტიკური რაკეტა ისრაელის „პენტაგონს“ მოხვდა... - კვირის პალიტრა

ირანის ბალისტიკური რაკეტა ისრაელის „პენტაგონს“ მოხვდა...

მხოლოდ ერთი დღე-ღამეა გასული, რაც ისრაელ-ირანის „სარაკეტო დუელი“ დაიწყო და ორივე მხარეს შეუძლია იამაყოს მოწინააღმდეგის „შიგ გულში“ ზუსტი სარაკეტო დარტყმებით...

თავდაპირველად ისრაელმა მიაღწია დიდ წარმატებას, როდესაც ზუსტი საჰაერო შეტევებით ირანის შეიარაღებული ძალების ორ ათეულამდე მაღალჩინოსანი სამხედროს ლიკვიდაცია მოახდინა მიწისქვეშა ბუნკერში, ახლა კი ირანმა შესძლო ისრაელის „პენტაგონის“-თელ-ავივის კირიათის რაიონში მდებარე ისრაელის შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის შენობების კომპლექსის დაზიანება ბალისტიკური რაკეტის ზუსტი მოხვედრით...

1-shet-1749891840.jpg
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ეს შენობა თელ-ავივში, წარმოადგენს ირანული ბალისტიკური რაკეტების მთავარ სამიზნეს...

13 ივნისის მიწურულიდან დაწყებული, ირანმა შურისძიების ოპერაციის ფარგლებში ისრაელის ქალაქებისა და სამხედრო აეროდრომების მიმართულებით ოთხ ეტაპად არანაკლებ 150 ერთეული სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

2-shet-1749891840.png
ისრაელის თელ-ავივის ღამისეული ცის სახიფათო „ტრასერები“-ირანული ბალისტიკური რაკეტების მასიურ თავდასხმას ისრაელის ანტირაკეტები იგერიებენ...

მათ მოგერიებაში მონაწილეობდნენ, როგორც ისრაელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები-Iron Dome, David's Sling, Arrow, Patriot-ები, ისე ამერიკული ანტისარაკეტო THAAD-ებიც, მაგრამ მიუხედავად ამისა ათმა ან უფრო მეტმა ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ მაინც მიაღწია მიზანს, მათ შორის ისრაელის „პენტაგონსაც“...

3-shet-1749891840.jpg
ირანელებს ეტყობა ჯერ კიდევ ბევრი ბალისტიკური რაკეტა აქვთ გადამალული მიწისქვეშა საცავებში,სადაც ვერც ისრაელის ბუნკერსაწინააღმდეგო რაკეტა-ბომბები სწვდებიან...

ასზე მეტი ბალისტიკური რაკეტის დაზიანება/ჩამოგდება საუცხოო შედეგია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბალისტიკური რაკეტებით ასეთი მასიური შეტევისას ასპროცენტიანი უსაფრთხოების გარანტიის მიცემა დღეს არსებულ არცერთ ყველაზე თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემასაც კი არ შეუძლია, რადგან ხდება ამ სისტემების „გადატვირთვა“ ბევრი ზებგერითი და შეიძლება, ჰიპერბგერითი სიჩქარის მქონე საჰაერო მიზნებით და იქმნება რეაგირების დროის მწვავე ცაიტნოტი, რასაც ემატება სასტარტო პოზიციებზე გამზადებული საზენიტო რაკეტების შეზღუდული რაოდენობაც.

4-shet-1749891840.png
ისრაელის თანამედროვე რაკეტსაწინაღმდეგო სისტემა David's Sling-ი მოქმედებაში...

უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ისრაელის საჰაერო დარტყმები საბრძოლო ეფექტიანობაზეა გათვლილი, ირანის საპასუხო სარაკეტო შეტევები შეიძლება უფრო შტამბეჭდავი ეფექტების მოხდენას ემსახურებოდეს და ამით ირანელი აითოლები თავის მიზანს აღწევენ-გაჩახჩახებულ ცათამბჯენებიან თელ-ავივში ღამის ციდან უსწრაფესად „გამოტყორცნილი“ „ცეცხლის ისრები“ საშინელ აფეთქებებს იწვევენ... რითაც ეს სურათი ძალიან წააგავს ცნობილი კინორეჟისორის პოლ ვერხოვენის მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკური ფილმის „ვარსკვლავური დესანტის“ კადრებს, როდესაც უცხოპლანტელი გიგანტური ობობები კოსმოსის გავლით დედამიწის ქალაქებისკენ მეტეორიტებს გამოსტყორცნიან...