რა მოუვა მსოფლიოს, თუკი ირანელები ორმუზის,ხოლო ჰუსიტები კი ბაბ-ელ-მანდების სრუტეებს ჩაკეტავენ?
ომებში ყველაფერი ყოველთვის მარტო შეიარაღების სიძლიერითა და რაოდენობით როდი ისაზღვრება, არსებობს სიტუაციები, როდესაც არასაბრძოლო გზით გადამწყვეტი დარტყმა შეიძლება მიაყენო შენზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეს და აიძულო ის, შეწყვიტოს ბრძოლა...
მიუხედვად იმისა, რომ ისრაელ-ირანის „სარაკეტო დუელში“ ჯერ მხოლოდ მეორე დღე მიილია და ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა თელ-ავივსა და ისრაელის სხვა ქალაქებში აფეთქებებით დიდი შიში დათესეს, უკვე იკვეთება, რომ ისრაელი მალე სრულ საბრძოლო უპირატესობას მოიპოვებს ირანზე, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ისრაელის საბრძოლო ავიაციამ უკვე შესძლო საბრძოლო გაფრენების განხორციელება უშუალოდ ირანის საჰაერო სივრცეში, თეირანამდეც კი, რაც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის მიყენებული მძიმე დანაკარგების შედეგად გახდა შესაძლებელი...
ხოლო ის, ვინც აკონტროლებს ცას, როგორც წესი იმარჯვებს კიდეც, თუმცა ისრაელ-ირანის ეს შეიარაღებული დაპირისპირება იმითაც გამოირჩევა სხვა ომებისგან, რომ მათ საერთო სახმელეთო საზღვარი და ფრონტის ხაზიც კი არ აქვთ.
თუკი ასე გაგრძელდა, ისრაელი აუცილებლად ეცდება ხელი შეუწყოს ირანში აითოლების რამდენიმეათეულწლიანი მმართველობის ჩამოშლას და თეირანში ირანის შაჰის შთამომავლების დაბრუნებას, რასაც ირანის მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილმა შეიძლება დაუჭიროს მხარი...
მანამდე კი აითოლების ხელისუფლებამ შეიძლება არაორდინალური, მაგრამ ეფექტიანი ნაბიჯი გადადგას და ორმუზის სრუტის ჩაკეტვა სცადოს...
თუ რა მოჰყვება სპარსეთის ყურის ინდოეთის ოკეანესთან დამაკავშირებელი ორმუზის სრუტის ჩაკეტვას, უბრალოდ გაფიქრებადაც კი არ ღირს- ჯერ მხოლოდ მეორე დღეა ისრაელი და ირანი სარაკეტო „პინგ-პონგს“ თამაშობენ და ნავთობის მსოფლიო ფასი უკვე 10-15 დოლარით „ავარდა“ და რა მოხდება, თუკი სპარსეთის ყურიდან ტანკერები ვეღარ შესძლებენ ერაყისა და ქუვეითის ნედლი ნავთობის გამოტანას?!
უფრო მეტიც-თეირანმა შეიძლება თავის „უმცროს ძმებს“-იემენელ ჰუსიტებსაც „რჩევა“ მისცეს, პარალელურად ბაბ-ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვაზე, რაც უკვე სრული კატასტროფა გახდება მსოფლიოს საზღვაო ნაოსნობისთვის, რადგან ხმელთაშუა ზღვიდან სუეცის არხის გავლით წამოსული სავაჭრო გემები ვეღარ გავლენ ადენის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში და მოუწევთ აფრიკის კონტინენტის შემოვლა, ისევე როგორც შუა საუკუნეებში...
ორზუმის სრუტეში ყველაზე ვიწრო ადგილი 60 კმ-მდეა, ბაბ-ელ-მანდების სრუტეში კი სამჯერ უფრო ვიწრო-20 კმ-ია, რაც ირანელებსა და ჰუსიტებსაც საშუალებას აძლევს ისე „გამოთოფონ“ ეს ვიწრო სრუტეები, რომ პატარა კატარღაც კი ვერ „გაძვრეს“, რომ აღარაფერი ვთქვათ 300 მ სიგრძის სუპერტანკერებზე, რომლებიც საუკეთესო საზღვაო სამიზნეებად გადაიქცევიან...
ამერიკა, ისევე როგორც ევროპა, აუცილებლად შეეწინაღმდეგება ამ ორივე სტრატეგიული მნიშვნელობის სრუტის ჩაკეტვის ნებისმიერ მცდელობას, რამაც ისრაელის მიერ ირანთან წამოწყებული საჰაერო ომი საზღვაო ომშიც კი შეიძლება გადაიზარდოს...
თუმცა, გასათვალისწინებელია ჩინეთის ფაქტორიც, რომელსაც არანაირად არ აწყობს ნავთობის ფასის კატასტროფული გაზრდა და მის პოზიციას თეირანში სავარაუდოდ აუცილებლად გაითვალისწინებენ...
სამაგიეროდ ვინ დარჩება ყველაზე მოგებული ნავთობის მსოფლიო ფასების ავარდნით?
რა თქმა უნდა, კრემლის უხუცესი ბინადარი, რომელსაც დამატებითი მილიარდები გამოუჩნდება რუსული ნედლი ნავთობის ბევრად უფრო ძვირად გაყიდვის შედეგად (დასავლეთის სანქციები ამას წინ ვერ აღუდგებიან) და შესაბამისად ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად უკრაინის წინააღმდეგ...