"ხელისუფლებას ეშინია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად არ იბრძოლოს თბილისის მერობისთვის..." - ირაკლი მელაშვილის ანალიზი: ვინ აბულინგებს პოლიტიკოსებს - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ეშინია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად არ იბრძოლოს თბილისის მერობისთვის..." - ირაკლი მელაშვილის ანალიზი: ვინ აბულინგებს პოლიტიკოსებს

ქართული პოლიტიკის მთავარ თემებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.

- ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კონსტიტუციის მე-11 მუხლის ნორმა, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია სამართლის წინაშე, აღარ მუშაობს. "ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლითაც გვითხრა, რომ, თუ, მაგალითად, ირაკლი მელაშვილი შეაგინებს დიტო სამხარაძეს, ირაკლი მელაშვილი დაისჯება, მაგრამ, თუ დიტო სამხარაძე შეაგინებს ირაკლი მელაშვილს, დიტო სამხარაძე არ დაისჯება - ანუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი კანონის ძალით დაეცვა, რომ მათთვის შეურაცხყოფის მიყენება უნდა ისჯებოდეს კანონით, ხოლო ისინი თუ შეურაცხყოფენ მოსახლეობას - აგენტებს, უსამშობლოებს, გაყიდულებს დაუძახებენ, ამაზე პასუხს არავინ აგებს. ამიტომ ამხანაგ ზარქუას შეუძლია, რაც უნდა, ის ილაპარაკოს ჩვენზე, მაგრამ ჩვენ თუ პასუხად იმავეს დავუბრუნებთ, სისხლის სამართლის დამნაშავეები აღმოვჩნდებით. ამასთან, XXI საუკუნეში "ფეისბუკპოლიციის" შექმნა მძიმე შეცდომაა და კონტრპროდუქტიულია...

ხედავთ, რას დაემსგავსა ეს სასამართლო პროცესები? მოწმეს ეკითხებიან კონკრეტულ ბრალდებულზე, აქ რომელიაო, და ისიც უთითებს ვიღაცაზე, ეს არისო, და ამ დროს ის ბრალდებული იმ სასამართლო დარბაზში საერთოდ არ იმყოფება.

ეს კარგად აჩვენებს, რამდენად ბლეფია ეს ყველაფერი და სამართალთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მოუწევთ პასუხის გაცემა იმაზე, რასაც აკეთებენ. ამიტომ, ვფიქრობ, უნდა შედგეს სიები ყველა იმ ცრუ მოწმის, ყველა იმ ცრუ ბრალდების წამყენებლის, იმ მოსამართლეების, რომლებიც ამ ცრუ ბრალდებებზე იღებენ განაჩენებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, რადგან სინამდვილეში ყველაზე საშიში, ყველაზე ცუდი ადამიანები ისინი არიან, ვინც სახელმწიფო სამსახურშია და მზად არიან ყველაფერი შეასრულონ. ასე დაცულები არიან, არ ეშინიათ იმის, რომ პასუხს მოსთხოვენ. ამის იმედად მზად არიან, დაჩაგრონ მოქალაქეები, ემსახურონ ამ რეჟიმს და ამ გზით მოიპოვონ კეთილდღეობა. საკუთარ კეთილდღეობას აგებენ სხვისი უბედურების, სხვისი უსამართლოდ დაჩაგვრის ხარჯზე. ეს ამბავი საქართველოში არა და არ დამთავრდა. ქართული სამართალდამცავი სისტემა არასოდეს ყოფილა კანონის სადარაჯოზე, ის ყოველთვის ხელისუფლების სადარაჯოზეა და ეს საზოგადოების პრობლემაა. ეს მის აზროვნებაში დევს, რომ სახელმწიფო სამსახურში რომ მიდის, ქვეყანასა და ხალხს კი არა, ხელისუფლებას უნდა ემსახუროს. ეს ადამიანები არ ემსახურებიან სახელმწიფოს, საზოგადოებას, ემსახურებიან მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ პირებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასე იყო "მოქკავშირის" დროსაც, "ნაცმოძრაობის" დროსაც და ასეა ახლაც. ამ მხრივ არც ერთ ხელისუფლებას არა აქვს საკუთარი საქციელის გამართლება.

კიდევ ერთი კატასტროფა ის არის, რაც მოსამართლეთა კორპუსში ხდება. ბევრ ქვეყანაში უცდიათ ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, მაგრამ, მგონი, საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ გამოჩნდა არც ერთი მოსამართლე, რომელიც კანონს დააყენებდა საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა, რომელსაც ეყოფოდა იმის სინდისი, რომ საკუთარი კონფორმიზმისთვის არ გაეწირა სხვები და სხვისი უბედურებით არ მიეღო საკუთარი კეთილდღეობა. ეს კატასტროფაა და ჩვენ ამაზე დიდი დაფიქრება გვმართებს, როგორც საზოგადოებას. ახლა რაც ხდება, ეს ქართველი საზოგადოების რაღაც განსაწმენდელივითაა, რომ საკუთარ თავს კრიტიკულად შეხედოს. ძალიან ვბაქიბუქობთ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო, მაგრამ ეს პერმანენტულად ხდება ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად უპრინციპო, ღირებულებებს მოკლებული ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე სხვისი ბედის გადამწყვეტი და მოქალაქეების ბედს წყვეტენ საკუთარი კეთილდღეობიდან გამომდინარე. ამ 21 წლის ბიჭისთვის 4.5-წლიანი სასჯელი ვისაც სამართლიანად მიაჩნია, იმას ან ჭკუა არა აქვს, ან გული, ან ორივე ერთად.

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლებამ თავისი ნაბიჯებით ისე გაამწვავოს სიტუაცია, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რაც, ცხადია, მას ერთპიროვნულ მოგებას გაუმარტივებს?

- რა თქმა უნდა, ისეთი ფონი უნდა შეიქმნას, რომ ოპოზიციას მორალური დილემა დაუყენოს, და საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ, ბერკეტი მისცეს. ჩემი აზრით, რეალურად დღეს "ოცნებას" რისიც ეშინია, არის თბილისში კონსოლიდირებული ოპოზიციის გასვლა მერობის მოსაგებად.

ერთადერთი, რაც მას ადარდებს, სწორედ ეს არის. ყველა ნაბიჯი იდგმება სწორედ იმისათვის, რომ ოპოზიციამ თავად თქვას უარი არჩევნებზე და შექმნას ისეთი მორალური კლიმატი, როდესაც დაკავებულთა მშობლები, პროტესტში მონაწილე ახალგაზრდები მიადგებიან ოპოზიციას და ეტყვიან, არაფრით არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობაო. თუ მაინც ვინმე გადაწყვეტს მონაწილეობას, ეს იყოს ის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება ადვილად დააბულინგებს და დააბრალებს, რომ მათ უღალატეს საპროტესტო მოძრაობას. "ოცნება" შეუწყობს ხელს, რომ საზოგადოებაში ეს აზრი განმტკიცდეს და ამით უზრუნველყოს ამ არჩევნებშიც გამარჯვება. "ქართული ოცნების" ტაქტიკა ყოველთვის იყო ორიენტირებული მიმდინარე და უახლესი ამოცანების გადაჭრაზე. ახლა ამოცანა აქვთ, რომ ამ არჩევნებზე რაც შეიძლება მაგრად მოიგონ და ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა და არ დასჭირდეთ არც გაყალბება, არც არანაირი სირთულის გადალახვა, რათა მთელ მსოფლიოს დაანახონ, ჩემგან რა გინდათ, აი, გაუყალბებელი არჩევნები ჩავატარე და თუ უნდოდათ, მიეღოთ მონაწილეობაო. ყოველი შემთხვევისთვის, ისინი ეცდებიან ამით დამატებითი ქულები მოიპოვონ საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მე არა მგონია, ეს მაინცდამაინც კარგად გამოუვიდეთ, მაგრამ აშკარაა, ეს არის ხელისუფლებისთვის უკეთესი სცენარი, ვიდრე ის, რომ ოპოზიცია ერთიანი კანდიდატებით წავიდეს არჩევნებზე. ოპოზიციას ერთიანი კანდიდატებით ამ არჩევნების მოგების სერიოზული შანსი აქვს, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, ეს უკვე შეუძლებელია, რადგან ეს ბულინგი და წნეხი ოპოზიციაზე უკვე ძალიან დიდია.

მე ვხვდები ოპოზიციის ლიდერებს და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ერთია, რასაც ეს ადამიანები პირად საუბრებში ამბობენ და მეორე, რასაც საჯაროდ ამბობენ. ძალიან ბევრი ხვდება, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ ამ ფონზე, რომელიც არის შექმნილი და შეიძლება ხელისუფლებაც უწყობდეს ხელს სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ რადიკალური განწყობების გაღვივებას, ამას ხმამაღლა ვეღარ ამბობენ.

თუმცა მეორე საკითხია, რომ ემოციებიც გასაგებია და ისიც, რომ შეუპოვარი ბრძოლა და გამარჯვება გინდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის ბოიკოტი არჩევნებისთვის პოლიტპატიმრებს ციხიდან როგორ გამოიყვანს და არსებულ სიტუაციას როგორ შეცვლის. ბრძოლას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ერთი მთავარი მიზანი - რა უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ამ ხელისუფლებას. თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის უნარი და სურვილი, რომ დასხდნენ, კარგად გათვალონ, რა არის ქვეყნისთვის მომგებიანი ოპოზიციისთვის, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, თბილისის წართმევა ხელისუფლებისთვის თუ ბოიკოტზე წასვლა. ჩემი აზრით, საღ აზრზე მყოფი ადამიანი აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის წართმევა ყველა ვარიანტში უკეთესია. ამის მერე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, თუ ამას როგორ უნდა მივაღწიოთ.

ხელისუფლების შესაცვლელად სულ სამი გზა არსებობს - არჩევნები, რევოლუცია და სამხედრო გადატრიალება, სხვა გზა კაცობრიობას არ მოუგონია. არჩევნებზე თუ უარს ვამბობთ, რჩება რევოლუცია და სამხედრო გადატრიალება. სამხედრო გადატრიალება არ არის პარტიების და საზოგადოების გზა, გამოდის, მხოლოდ რევოლუციური გზა რჩება. რევოლუცია რომ მოახდინო, ამისთვის გჭირდება ბელადი, ლიდერი, ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც ექნება ძალიან დიდი ავტორიტეტი და ხალხი თვალდახუჭული გაჰყვება. რაც მთავარია, გჭირდება რევოლუციურად განწყობილი მასა, რომელიც ამ იდეით იქნება აღტყინებული. ვინმემ მითხრას, ამ მოცემულობებიდან ერთი მაინც არსებობს? მე ვერ ვხედავ, მაგრამ ეტყობა, სხვები ხედავენ, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გვითხრან? ან ციური მანანას იმედი აქვთ, რომ ამ ყველაფერს ღმერთი გადმოგვიყრის. ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ არჩევნებზე უარი ვთქვათ. არგუმენტად მხოლოდ ის აქვთ, რომ გააყალბებენ. რა თქმა უნდა, გააყალბებენ და ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ გაყალბების გარეშე მოიგონ და "ოცნებას" ნამუსი მოვწმინდოთ? თუ მივდივართ არჩევნებზე და "ოცნება" გააყალბებს, ეს დამატებითი არგუმენტი იქნება ისევ "ოცნების" საწინააღმდეგოდ. შევძლებთ თუ ვერა ამის გამოყენებას, ეს ერთი თემაა, მაგრამ პინაზე "ოცნების" დანაშაულების კიდევ ერთი გირი დაიდება. ახლა ვიბრძვით იმისათვის, რომ ეს გირი არ დაიდოს და "ოცნებამ" გაუყალბებლად მოიგოს? კი ბატონო, თუ ეს არის მიზანი, მე არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი იმ ადამიანების მაგივრად, ვინც ამას ქადაგებს.

- ოპოზიციას დასავლეთის იმედი აქვს. პოლონეთმა ახლა ისევ გაააქტიურა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. იმოქმედებს ეს "ოცნების" საწინააღმდეგოდ? ან დასავლეთს თუ აქვს ისეთი ინსტრუმენტი, რომ ამ მოცემულობაში არჩევნების გარეშე მიაღწიოს ოპოზიციამ გამარჯვებას - ანუ ივანიშვილი სახლში გაუშვას, რაზეც რეალურად აპელირებს ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილი?

- არა, რა თქმა უნდა. დასავლეთი რუსეთი არ არის, აქ ჯარს არ შემოიყვანს და ომს არ დაიწყებს. დასავლეთს იმდენი პრობლემა აქვს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილის პრობლემა მეასე კი არა, მეათასეხარისხოვანია მისთვის. საქართველოზე განცხადებებს ევროპარლამენტის მხოლოდ 3-4 დეპუტატი თუ აკეთებს. იცით, რამდენი დეპუტატია ევროპარლამენტში? 720 და 1%-ც კი არ არის იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც აქტიურად რეაგირებენ საქართველოს საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ფეხებზე ვკიდივართ, მაგრამ დასავლეთის დღის წესრიგში დღეს არ არის საქართველო. გარდა ამისა, ევროპარლამენტი ერთია და აღმასრულებელი სექტორი საქართველოს საკითხით დაკავდებაო, ძალიან არარეალისტური გათვლაა. თუ ვინმე ოპოზიციაში ასე ფიქრობს, ძალიან ცდება. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ვფიქრობ, არათუ კონსენსუსი, არამედ ის 15 ხმაც კი არ არსებობს, რაც შეჩერებისთვის არის საჭირო. გარდა ამისა, კიდევ ერთი თემაა მნიშვნელოვანი, ეს შეჩერება რას მოიტანს. მოიტანს იმას, რომ ამით მოხდება საქართველოს კიდევ უფრო მეტი იზოლირება დასავლეთისგან და ქართული სახელმწიფო უფრო ჩაკეტილ სისტემაში აღმოჩნდება, სადაც ავტორიტარიზმის შენარჩუნება უფრო ადვილია. რაც მთავარია, ის საზოგადოება, რომელსაც "ოცნება" ამდენი ხანია ჩასძახის, დასავლეთი სუვერენიტეტს გვართმევსო, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ვის დააბრალებს? ცხადია, ისევ ევროკავშირს და ამას რა შედეგებიც მოჰყვება, ადვილი წარმოსადგენია. ამიტომ ტუსკის ინიციატივა, არა მგონია, ჭკვიანური იყოს. რამდენად ესმის მას საქართველოს პრობლემების ბუნება, ეჭვი მეპარება. ამიტომ მე არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში, შემოდგომამდე უვიზო რეჟიმის შეჩერებას ან გაუქმებას. ვფიქრობ, სერიოზულ გადაწყვეტილებებს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიიღებენ. სხვათა შორის, ევროპელებმა მკაფიოდ თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს. ერთია, რომ ევროპა ბოიკოტისკენ არასოდეს მოუწოდებს, მეორე მხრივ კი ევროპისთვისაც დასაფიქრებელია, თუ რას წარმოადგენს ქართული ოპოზიცია. ევროპა ძალიან კარგად ხვდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როდესაც ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლა პროტესტში არიან ჩართული, არც ერთ არჩევით ორგანოში არ იქნებიან წარმოდგენილი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ რამდენად ლეგიტიმურია ეს ხალხი, რამდენად გამოხატავენ ქართველი საზოგადოების ინტერესებს. ამიტომ უნდათ ევროპელებს, რომ ოპოზიციას რაღაც პოლიტიკური სტატუსი ჰქონდეს, საერთაშორისო ორგანიზაციებში იყოს წარმოდგენილი, თავისუფლად შეძლოს ხმის მიწვდენა და ა.შ. ოპოზიცია ამას არ აკეთებს, უარს ამბობს და ვნახოთ, შედეგი რა იქნება. დღეს იმის იმედზე ვართ, დაუშვებს თუ არა ხელისუფლება მორიგ დიდ შეცდომას.

- რა შანსია, რომ დაუშვას?

- არავინ იცის. ამ ადამიანების ნაბიჯების სერიოზული გათვლა რთულია, რადგან ხშირ შემთხვევაში, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველი პიროვნული ფაქტორებია ხოლმე - ივანიშვილმა რაღაცა პრობლემა დაინახა და გადაწყვიტა, რომ კონკრეტულად ეს არის ამ პრობლემის აქტუალიზაციისა და მოგვარების გზა და დანარჩენები უბრალოდ მსახურები არიან ამ საკითხში.

- ოპოზიცია, რომელიც თავიდანვე ვერ ან არ მიხვდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, ახლა დადგა იმ სინამდვილის წინაშე, რომ მეორე ნაწილი ამბობს, ამაზე ლაპარაკი მაინც ღირსო. ახლა მაინც რატომ ვერ ხვდება, რომ უნდა გააანალიზოს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება? ოპოზიციას რა სჭირს?

- ვერ გეტყვით, არ ვიცი და მეც სულ ამას ვკითხულობ. შესაძლოა სხვადასხვა ინტერესია, შესაძლოა სხვადასხვანაირად ვხედავთ რეალობას, ან არ სწამთ გამარჯვების და კიდევ ერთხელ წაგება არ უნდათ. უამრავი მიზეზია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ძალიან კარგად ვიცი, რომ ის ხალხი, ვინც გარეთ ძალიან აგრესიულად ლაპარაკობს იმაზე, რომ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, ძალიან ბევრი პირად საუბრებში მეუბნება, რომ მონაწილეობა აუცილებელია. არ ვიცი, რა სჭირთ, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს. ასე რომ, ყველა დამოკიდებული ვართ იმაზე, კიდევ რამე დიდ სისულელეს გააკეთებს თუ არა "ოცნება".

რუსა მაჩაიძე