ისრაელ-ირანის „სარაკეტო დუელი“ ბირთვულ კატასტროფაში გადაზრდის საფრთხით...
2025 წლის 13 ივნისის გამთენიას ისრაელმა ფართომასშტაბიანი საჰაერო შეტევა მიიტანა ირანის ბირთვულ და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე. ისრაელის საჰაერო ოპერაციაში, სახელწოდებით "აღმავალი ლომი", მონაწილეობდა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-მდე სამხედრო და საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებმაც ირანის ტერიტორიაზე არსებულ 100-ზე მეტ სამიზნეს 330-ზე მეტი მართვადი რაკეტითა და ბომბით შეუტიეს.
ისრაელის საჰაერო თავდასხმის სამიზნეების სიაში აღმოჩნდა ირანის ბირთვული ობიექტები ნატანზში, ფორდოსა და თეირანში, ასევე "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ბაზები, საზენიტო-სარაკეტო ბატარეები, სამხედრო აეროდრომები და ა.შ.
ისრაელის ავიაციის წერტილოვანი საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპული არიან ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" სარდალი, ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი და რამდენიმე ირანელი მეცნიერი, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
ასეთი "სიზუსტე" შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ ისრაელის ავიაციის საჰაერო დარტყმების პარალელურად ირანის დედაქალაქში დივერსიული აქტები მოაწყვეს თეირანში ფარულად მოქმედმა "მოსადის" აგენტებმაც ზემოხსენებული ირანელი მნიშვნელოვანი ფიგურების სალიკვიდაციოდ.
"აღმავალი ლომის" ოპერაციის მეტწილად წარმატებულმა შედეგმა, რასაც ოცამდე ირანელი მაღალჩინოსანი სამხედროს, ბირთვული საკითხების ცხრა მეცნიერის ლიკვიდაცია, ბირთვული ობიექტების დაზიანება, ასევე ირანის საჰაერო თავდაცვის ლოკატორების, საზენიტო და ბალისტიკური რაკეტების დიდი ნაწილის განადგურება მოჰყვა, გააკვირვა სპეციალისტები, რადგან ირანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ისრაელის ავიაციის ეს შეტევა მოულოდნელი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე დაიწყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მყოფი თავისი მოქალაქეების გაფრთხილება და ევაკუაცია.
მაშინ რატომ შეხვდა ირანის სამხედრო სარდლობა და ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემა ასე მოუმზადებელი ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებიდან გამოშვებულ რაკეტებს?
როგორც ირკვევა, ისრაელის "მოსადმა" გამოიყენა დაახლოებით ისეთივე ტაქტიკა, რითაც ამ თვის დამდეგს, 1-ელ ივნისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ჩაატარა უნიკალური სპეცოპერაცია "ობობას ქსელი" და რუსეთს რამდენიმე ათეული სტრატეგიული და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი დაუზიანა და გაუნადგურა სატვირთო ავტომობილებზე დატვირთული კონტეინერებიდან აფრენილი დისტანციურად მართვადი კვადროკოპტერის სქემის კამიკაძე-დრონებით.
იმის მტკიცება, რომ ისრაელის "მოსადმა" მაინცდამაინც უკრაინელ კოლეგებს მიჰბაძა, არ იქნება სწორი, რადგან ასეთი მასშტაბური სპეცოპერაციები თვეობითა და წლობით მზადდება.
"მოსადის" აგენტურულმა ქსელმაც წინასწარ შეიტანა ირანის ტერიტორიაზე კამიკაძე-დრონები, ასევე კომპაქტური მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები და ისინი ირანის საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორებისა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ბაზირების ადგილების ახლოს განათავსა.
ოპერაცია "აღმავალი ლომის" დაწყებისთანავე, როგორც კი ორასამდე სამხედრო და საბრძოლო თვითმფრინავი ისრაელის აეროდრომებიდან აფრინდა და სირიისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით ირანის საზღვრისკენ გაფრინდა, "მოსადის" აგენტებიც გააქტიურდნენ და კამიკაძე-დრონებითა და მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით იერიში მიიტანეს ირანის რადიოლოკატორებზე, რითაც "დააბრმავეს" ირანის საჰაერო თავდაცვა, ხოლო საზენიტო დანადგარების მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით აფეთქებამ ირანელი მეზენიტეები უიარაღოდ დატოვა, რითაც ისარგებლეს ისრაელის მფრინავებმა და ფრთოსანი რაკეტები ზუსტად გაუშვეს სამიზნეებზე.
ცხრა ირანელი "ბირთვული" მეცნიერის ერთდროულად ლიკვიდაციაც, ეტყობა, "მოსადის" სინდისზეა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა მოპოვებული ინფორმაცია მათი ადგილსამყოფელის შესახებ, რის შემდეგაც ზოგიერთი მნიშვნელოვანი ირანელი მეცნიერის საცხოვრებელი კორპუსის კონკრეტული სართულის ფანჯრებისკენ მილიონდოლარიანი ფრთოსანი რაკეტების მიმართვაც კი არ დაენანათ.
რაც შეეხება ოცამდე ირანელი მაღალჩინოსანი სამხედროს და მათ შორის რამდენიმე გენერლის ლიკვიდაციას, სავარაუდოდ, ეს იმ მიწისქვეშა ბუნკერში მოხდა, რომელშიც ირანის მთელი სამხედრო ელიტა შეიკრიბა ისრაელისგან მოსალოდნელი თავდასხმისთვის მოსამზადებლად. ირანელი გენერლები დარწმუნებული იყვნენ, რომ მიწისქვეშა რკინაბეტონის ბუნკერი მათ ყველაფრისგან დაიცავდა, მაგრამ, მათდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა - ისრაელის ავიაციამ გამოიყენა ახალი ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა-ბომბები, რომლებიც მიწაში რამდენიმე ათეულ მეტრზეც აღწევენ და იქ საშინელი ძალით ფეთქდებიან.
"ისრაელმა დაიწყო ოპერაცია "აღმავალი ლომი", მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, და გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება საშიშროების აღმოსაფხვრელად. ბოლო თვეებში ირანმა გადადგა ნაბიჯები, რომლებიც არასდროს გადაუდგამს, ნაბიჯები, გამდიდრებული ურანით იარაღის შესაქმნელად. თუ არ შეჩერდება, ირანს შეუძლია ძალიან მოკლე დროში შექმნას ბირთვული იარაღი. ეს შეიძლება ერთ წელიწადში მოხდეს, შეიძლება რამდენიმე თვეშიც, ერთ წელზე ნაკლებ დროში. ეს აშკარა და რეალური საფრთხეა ისრაელის გადარჩენისთვის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ინფორმირებული იყო, რომ ისრაელი ირანს დარტყმას მიაყენებდა და ეს მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა: "არ შეიძლება ირანს ბირთვული ბომბი ჰქონდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ირანის ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან", - აღნიშნა ტრამპმა.
ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანზე ისრაელის თავდასხმა მის "საშინელ ბუნებას" ავლენს. "ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა, რომელსაც აუცილებლად მიიღებს", - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.
13 ივნისის საღამოს ირანმა დაიწყო ბალისტიკური რაკეტების გაშვება ისრაელისკენ. ირანელებმა შურისძიების ოპერაციას "მკაცრი დასჯა" დაარქვეს და 150-მდე ბალისტიკური რაკეტის სტარტი განახორციელეს, მათგან ისრაელის ტერიტორიაზე ათამდე ჩამოვარდა, მათ შორის თელ-ავივის იმ რაიონშიც, სადაც ისრაელის "ცახალის" შტაბბინაა. ირანმა სარაკეტო იერიში მიიტანა იმ სამ სამხედრო აეროდრომზეც, საიდანაც აფრენილი საბრძოლო თვითმფრინავები რაკეტებს უშვებენ ირანის ბირთვული ობიექტებისკენ.
ომი ახლო აღმოსავლეთში მაინც დაიწყო და ახლა მთელი მსოფლიო და მათ შორის ახლო აღმოსავლეთის მეზობელი სამხრეთ კავკასიაც მხოლოდ იმაზე უნდა ლოცულობდეს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიყენებული დარტყმების შედეგად ატმოსფეროში არ გამოჟონოს მაღალრადიაქტიური ურან-235-ის ნაწილაკებმა და ისინი ქარმა არ გაფანტოს სხვა რეგიონებშიც, მათ შორის ირანიდან სულ რაღაც 160-ოდე კმ-ით დაშორებულ საქართველოსკენაც. მით უმეტეს, უკვე დაფიქსირდა ალფა-ნაწილაკების კონცენტრაციის მცირედ გაზრდა ნატანზის ბირთვულ ობიექტზე შეტევის შემდეგ, თუმცა ეს ობიექტი ისპაანის პროვინციაშია, საქართველოს სამხრეთ საზღვრიდან პირდაპირი ხაზით ათას კმ-ზე მეტადაა დაშორებული და საშიშროებას არ წარმოადგენს.
და კიდევ უფრო უარესი პროგნოზი - ირანის საპასუხო ფართომასშტაბიანი დარტყმის ან დარტყმების შემდეგ ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დგამს ბოლო ნაბიჯს და ირანს "პასუხის პასუხად"... ბირთვულქობინიანი რაკეტებით დარტყმებს აყენებს.
როგორ იწყებოდა ისრაელ-ირანის „სარაკეტო პინგ-პონგი“
ის, რაც დღეს ხდება ისრაელ-ირანს შორის და რასაც დიდი შიშით შეჰყურებს მსოფლიო, რომ ეს ყველაფერი მესამე, ამჯერად ბირთვული მსოფლიო ომის პრელუდიად არ იქცეს, გასულ წელს დაიწყო. ისრაელ-ირანის სარაკეტო "პინგ-პონგი" კი ასე ვითარდებოდა: 2024 წლის 13-14 აპრილის ღამეს პირველად მოხდა ის, რასაც ახლო აღმოსავლეთში ბოლო ათწლეული შიშით ელოდნენ - პირდაპირი საჰაერო დარტყმა ერთმანეთისგან 1000 კმ-ით დაშორებულ ირანსა და ისრაელს შორის. მანამდე, 2024 წლის 1-ელ აპრილს, ისრაელმა სარაკეტო დარტყმით ააფეთქა ირანის საკონსულოს შენობა სირიის დედაქალაქ დამასკოში, რასაც 13 კაცის დაღუპვა მოჰყვა, მათ შორის ორი ირანელი მაღალჩინოსანი გენერლის.
საპასუხოდ ირანმა ორი კვირის თავზე ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით საერთო ჯამში გაუშვა 120-მდე ბალისტიკური რაკეტა და 170-მდე კამიკაძე-დრონი, რომელთა უდიდესი ნაწილი ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ამერიკელების, ბრიტანელების, ფრანგებისა და იორდანიელების დახმარებით შუა გზაშივე ჩამოაგდო და ისრაელის სამხედრო აეროდრომებამდე მხოლოდ ოთხმა ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ თუ მიაღწია.
ანგარიში გაიხსნა - 1:0 ირანის სასარგებლოდ და ყველა ელოდა ისრაელის რეაგირებას, რადგან ეს ქვეყანა, როგორც წესი, "ვალში არავისთან რჩება"...
მართლაც, რამდენიმე დღეში, 2024 წლის 19 აპრილის დილას, ისრაელმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა ირანის ტერიტორიაზე რამდენიმე სამხედრო ობიექტს - თავისი მასშტაბით ისრაელის საპასუხო შეტევა, რა თქმა უნდა, ახლოსაც ვერ მივიდოდა ირანის მიერ მანამდე ისრაელისკენ გაშვებულ 300-მდე რაკეტასა და კამიკაძე-დრონთან, თუმცა ისრაელის გაშვებულმა მაღალი სიზუსტის "ჰაერი-ხმელეთი" კლასის რამდენიმე მართვადმა რაკეტამ შეიძლება უფრო მეტი ზიანიც კი მიაყენა ირანის სამხედრო პოტენციალს. უბრალოდ, ოფიციალურმა თეირანმა გაასაიდუმლოა საბრძოლო დანაკარგები და არც ისრაელი იკლავდა თავს ყოველივე ამის გაპიარებით.
ისრაელ-ირანს შორის დაწყებული "სარაკეტო პინგ-პონგის" ანგარიში გათანაბრდა - 1:1 და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისრაელსაც და ირანსაც დიდად აღარ სურდათ მისი გაგრძელება.
თუმცა გადის დრო და ისრაელის სპეცსამსახურები ლიბანში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" მებრძოლებს ხელებში უფეთქებენ მანამდე საიდუმლოდ დანაღმულ ოთხი ათასზე მეტ პეიჯერსა და რაციას, რასაც თან მოჰყვება "ჰეზბოლასა" და "ჰამასის" ლიდერების წერტილოვანი ლიკვიდაცია, რისთვისაც ირანს, ეტყობა, აუცილებლად უნდა ეპასუხა, რომ მსოფლიოს თვალში ისრაელისგან დაჩოქებული არ გამოჩენილიყო.
და 2024 წლის 1-ელ ოქტომბრის საღამოს ირანიდან სტარტს იღებს და ისრაელისკენ მიფრინავს 180-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ნაწილს ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვა აგდებს (მათ წაეხმარნენ ამერიკული საესკადრო ნაღმოსნებიდან გაშვებული "სტანდარდის" ანტირაკეტებიც), თუმცა ისრაელის უმთავრეს საჰაერო ბაზამდე, სადაც 35I Aდირ -ის ტიპის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავების დაცული ანგარებია განთავსებული, არანაკლებ 32 ირანული ბალისტიკური რაკეტა აღწევს და ფეთქდება, რაც ხუთ ანგარს აზიანებს. გარდა ამისა, საჰაერო ბაზა ოვდაში ფიქსირდება ოთხი ირანული რაკეტის აფეთქება, მათგან ერთ-ერთი მთლიანად ანგრევს ფრენების მართვის ცენტრის კოშკს.
ანგარიში "სარაკეტო პინგ-პონგში" 2:1 ხდება ირანის სასარგებლოდ და ეს მეორე გატანილი "გოლი" ირანელებს ბევრად "ლამაზი" გამოსდით, რადგან პირველთან შედარებით უფრო მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ ისრაელის სამხედრო ინფრასტრუქტურას... და იწყება კვლავ მოლოდინი, თუ როდის ეცდება ისრაელი ამ სამკვდრო-სასიცოცხლო "მატჩში" ანგარიშის გათანაბრებას. ამჯერად ბევრად დიდხანს, თითქმის მთელი თვით ლოდინი შეიქნა საჭირო და 26 ოქტომბრის დილას, ისრაელი ანგარიშს ისევ ათანაბრებს - 2:2.
26 ოქტომბრის დილას ისრაელმა მაინც მიიტანა მეორე საპასუხო საჰაერო იერიში ირანზე 100-ზე მეტი თვითმფრინავით, მათ შორის მეხუთე თაობის F-35I Aდირ-ებმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედების ზონაში შეუსვლელად მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცეებიდან "ჰაერი-ხმელეთი" კლასის რაკეტები გაუშვეს ირანში 20-მდე მნიშვნელოვანი სამიზნის გასანადგურებლად.
მაშინ, გასულ წელს, ისრაელ-ირანის საჰაერო პაექრობა მაინც ეპიზოდური იყო, ახლა კი საქმე დიდი ომის დაწყების საშიშროებასთან გვაქვს, რადგან უკან დახევას არც თელ-ავივი და არც თეირანი არ აპირებენ.
ჩვენ უკვე ვწერდით ასეთ სცენარზე...
2025 წლის 13 ივნისიდან დაწყებული ისრაელ-ირანის დღევანდელი დაპირისპირება, განსხვავებით გასული წლის ოქტომბრის "სარაკეტო დუელებისგან", ეტყობა, გახანგრძლივდება და ბევრად დიდ მასშტაბს მიიღებს საზღვაო და სახმელეთო საბრძოლო ელემენტების ჩათვლითაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას საერთო საზღვარი არა აქვს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ა.წ. დამდეგს ჩვენ უკვე ვწერდით "კვირის პალიტრაში" იმ შესაძლო სცენარზე, თუ როგორ შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები თელ-ავივისა და თეირანის დაპირისპირებაში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი თეთრ სახლში შეაბიჯებდა, ანუ როდესაც 20 იანვრის ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი დაუბრუნდებოდა ოვალურ კაბინეტში თავის საყვარელ მაგიდასა და სავარძელს. 2025 წლის 20 იანვრის სტატიაში სათაურით: "შიში და იმედი"“ვწერდით: "ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე გაილაშქრებს... აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის გამარჯვებამ მსოფლიოში ყველაზე მეტად ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაახარა. ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპმა არაერთხელ გამოამჟღავნა კეთილგანწყობა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, იქნებოდა ეს იერუსალიმის მის დედაქალაქად აღიარება და იქ აშშ-ის საელჩოს გადატანა, "ცახალისთვის" მრავალმილიარდიანი ამერიკული სამხედრო დახმარება თუ ისრაელის მთავარი მტრის, ირანელი გენერლის სულეიმანის ლიკვიდაციაზე ბრძანების გაცემა. ახლაც, როდესაც ტრამპი ბრუნდება აშშ-ის ლიდერად, ისრაელს უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს თავისი მთავარი ჩანაფიქრის, ირანული ბირთვული პროგრამის გასანადგურებლად. საქმე ის არის, ისრაელმა ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, მოუგო ომი "ჰეზბოლას" სამხრეთ ლიბანში, ხოლო "ჰამასს" - ღაზის სექტორში. ამასთან, მეზობელ სირიაში დამხობილია ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელიც ირანელებს ეხმარებოდა რაკეტებისა და სხვა შეიარაღების "ჰეზბოლასთვის" მიწოდებაში.
ის, რომ ისრაელ-"ჰამასის" შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების დაწყებაზე მიღებულ იქნა სწორედ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციის წინ, შემთხვევითი არ არის, ამით ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ერთგვარი მეგობრული ჟესტი გაუკეთა სწორედ ტრამპს და არა ბაიდენს - ღაზასა და სამხრეთ ლიბანში ცეცხლი შეწყვეტილია, ახლა დადგა დრო ისრაელმა და აშშ-მა ერთობლივი ძალისხმევით ირანის ბირთვულ ობიექტებზე გავილაშქროთო.
დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ ისრაელი ყველაზე მეტად სწორედ ირანის ბირთვულ პროგრამას უფრთხის, რადგან ირანს უკვე აქვს ისრაელამდე მისაღწევი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები (რომლებითაც ორჯერ უკვე მიიტანა მასირებული იერიში ისრაელის ქალაქებზე უშუალოდ ირანის ტერიტორიიდან) და რჩება ბირთვული ქობინების დამზადება მათზე დასაყენებლად. ისრაელის ხელისუფლების შიში კიდევ უფრო გაორმაგდებოდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას მოსკოვში რუსეთმა და ირანმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის ახალ ხელშეკრულებას, რომელიც სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასაც ითვალისწინებს - თუკი მოსკოვი თეირანს გადასცემს ბირთვული ქობინების დამზადების ტექნოლოგიას, ირანს უკვე დაგროვილი აქვს იმ რაოდენობის გამდიდრებული "ურან-235", რომ მაქსიმუმ ერთ წელში გახდეს "ბირთვული ქვეყნების კლუბის" წევრი.
პუტინმა ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშქიანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ხელშეკრულების გასაფორმებლად შემთხვევით როდი მიიწვია მოსკოვში ტრამპის ინაუგურაციამდე სამი დღით ადრე. ამით ის აშშ-ის ძველ-ახალ პრეზიდენტ ტრამპს სიგნალს აძლევს, რომ უკვე შეიკრა რუსეთ-ჩრდილო კორეა-ირანის სამხედრო-პოლიტიკური ღერძი, რომელიც ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგე იქნება აშშ-ისა და მთელი ნატოსთვისაც".
როგორც ხედავთ, ისრაელმა აშშ-ის ჩუმი თანხმობით მართლაც შეუტია ირანის ბირთვულ ობიექტებს, რადგან იგრძნო საფრთხე, რომ თეირანი შეიძლება მალევე მიერთებოდა „ცხრაქვეყნიან ბირთვულ კლუბს“ და მისი მეათე წევრი გამხდარიყო, რაც ისრაელისთვის უდიდესი სახელმწოფოებრივი საშიშროებაა.