„თუ ეს ომი უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს, უბედურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“ - კვირის პალიტრა

„თუ ეს ომი უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს, უბედურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“

ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა - მსოფლიოს ყურადღება მიმართულია ირანისა და ისრაელისკენ. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ამასობაში ჩვენს ქვეყანაში ძალიან მწვავეა შიდაპოლიტიკური კრიზისი. ახსოვთ თუ არა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას გარე ფაქტორები, რა საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის ის ვითარება, რაც აღმოსავლეთშია, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ახლო აღმოსავლეთში ვითარება ძალიან­ მძიმეა. როგორ განვითარდება მოვლენები?

- რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო. იყო მუქარა, საუბრები, რომ ირანს დრო გაჰყავს და აქტიურად არ არის ჩართული მოლაპარაკებაში, რომელსაც სულ აყენებდნენ არა მხოლოდ აშშ, არამედ საერთაშორისო­ ორგანიზაციებიც, ისეთები, როგორიც არიან "მაგატე" და სხვები, რაც გულისხმობს გაურკვევლობას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ირანელები სულ ცდილობდნენ ეს ბირთვული პროგრამა წარმოედგინათ, ასე ვთქვათ, როგორც მშვიდობიანი ატომი. არადა, იყო საგანგაშო ინფორმაცია, რომ ეს იყო ბირთვული იარაღის შექმნის ტენდენცია. როგორც ბოლო დროს გაირკვა, უკვე 60-80%-მდე სამუშაო ჩატარებული იყო პირველი ბირთვული ბომბებისა და იარაღის შექმნისთვის. ირანს ხშირად მიმართავდა აშშ, ირანის ხელისუფლებაც ვითომ თანახმა იყო მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ დრო გაჰყავდა და საბოლოოდ აი, რა მოხდა.­ თან ნუ დაგვავიწყდება, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ირანისთვის 60-დღიანი ულტიმატუმი იყო გამოცხადებული. პრაქტიკულად, 61-ე დღეს მოხდა, რაც მოხდა.

- ტრამპმაც თქვა, 60-დღიანი ულტიმატუმი­ წავუყენე შეთანხმების დასადებადო.

- იერუსალიმში დარწმუნებული არიან, და ეს ლოგიკურიც არის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანი შექმნის ატომურ იარაღს, ისრაელს დიდი დღე არ უწერია. ეს არის მოცემულობა და ძალიან ახლოს არის სიმართლესთან... თუმცა, ისრაელმა უზარმაზარი რესურსი დახარჯა იმისათვის, რომ ჯერ გაენეიტრალებინა ირანის კონტროლირებადი "ჰეზბოლა". გახსოვთ, ალბათ, როგორი ტიპის ოპერაცია იყო, ახლაც ძალიან სერიოზული, მრავალშრიანი ოპერაცია ჩაატარეს, რამაც უზარმაზარი შედეგი მოიტანა ირანის ბირთვული პროგრამის დასამუხრუჭებლად. ამ პროგრამის სრულ განადგურებამდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი, მაგრამ როგორც ისრაელის, და არა მხოლოდ ისრაელის, მედია ირწმუნება, ისრაელმა ძალიან სერიოზულ შედეგს მიაღწია. უპირველესად ეს არის არა მხოლოდ საჰაერო დარტყმები, არამედ წინასწარ მომზადებული დივერსიული აქტები, რომლებსაც ამდენი მაღალჩინოსნისა და მეცნიერის სიკვდილი მოჰყვა.

- მოვისმინეთ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ წინასწარ იყო ინფორმირებული ამის შესახებ. გამოდის, მასთან შეთანხმებული იყო ისრაელის ეს მოქმედება?

- რასაკვირველია. არ იყო აფიშირებუ­ლი, მაგრამ საქმეში ჩახედულმა პირებმა­ იცოდნენ. ამის მანიშნებელია ის, თუ როგორი მზაობა ჰქონდა გარშემო ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც ორიენტირებული არიან დასავლეთზე­ ირანის საპასუხო დარტყმების მოგერიების­ საქმეში.

ის დრონები, რომლებიც ირანმა გაისროლა საპასუხოდ ისრაელის მხარეს, ყველა ნეიტრალიზებულია არა ისრაელის საჰაერო თავდაცვის, არამედ ინგლისის, ამერიკის შეერთებული შტატების, იორდანიის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ. წინასწარ იყვნენ მომზადებული.

isr2-1750010166.jpg

- გამოდის, ომი დაიწყო?

- ფრთხილად მოვეკიდოთ ამ თემას. ირანში დივერსიული აქტები ისრაელს­ არაერთხელ მოუწყვია. ყველა ამ თავდასხმას­ ჰქონდა დივერსიული ხასიათი, მაგრამ ახლა მასშტაბი ბევრად დიდია.

ვფიქრობ, ახლა ირანი შეეცდება ამ მდგომარეობიდან ისე გამოვიდეს, საბრძოლო მოქმედებები არ წამოიწყოს, იმიტომ, რომ ირანში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მთელი ირანი აღშფოთებული იყოს იმით, რაც მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ კონსოლიდირებულია მოსახლეობა ხელისუფლების გარშემო. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ პერიფერიებში სკეპტიკური განწყობაა ირანის დღევანდელი ხელისუფლების, როგორც რელიგიური ლიდერების, ისე "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ირანის დიდ ქალაქებში დაიწყო მთავრობის მხარდასაჭერი ანტიისრაელური მიტინგები, სოცქსელი მოსახლეობის განწყობები ძალიან კარგი მანიშნებელია - მოსახლეობის ნაწილს უხარია ეს ამბავი.

- ნეთანიაჰუმ მიმართა ირანელ ხალხს, თქვენ არ გებრძვითო, შეიძლება ქვეყნის შიგნითაც რამე მოხდეს?

- ათწლეულში ერთხელ ირანში სხვადასხვა ტიპის გამოსვლებია ხოლმე, რომელსაც, როგორც წესი, სისხლში ახშობენ. ირანის თავდაცვითი სტრუქტურა უცნაურია: ერთია "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი", რომელიც ბევრად პრესტიჟული და გავლენიანია, მატერიალური დოვლათის 40 პროცენტს ფლობენ. ირანი 80-მილიონიანია, ხოლო "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" რიცხოვნობა არც ისე დიდია. მეორე თავდაცვის სტრუქტურაა არმია. პრაქტიკულად, მსოფლიოში აღარ დარჩა ქვეყანა, სადაც ორი ერთმანეთის გამაწონასწორებელი სამხედრო სტრუქტურა არსებობდეს. ეს მხოლოდ ირანშია. როგორც­ ვთქვი, მატერიალური დოვლათის დიდ ნაწილს "ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ფლობს, ასევე ის ძალები და პირები, რომლებიც მათთან არიან ასოცირებული. ეს კი ირანელებს ძალიან აღიზიანებთ. ქვეყანა დიდი ხანია სანქცირებულია, მძიმე სოციალური მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ კმაყოფილება მაინცდამაინც დიდია დღევანდელი ხელისუფლების, განსაკუთრებით კი რელიგიური ნარატივის მიმართ.

ომის, შიდა სამოქალაქო დაპირისპირების წარმოდგენა ჩემთვის რთულია, თუმცა ვიმეორებ, ქვეყანაში ორი სამხედრო სტრუქტურაა, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ.

- ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა ჩვენთვისაც.

- დიახ, სახიფათოა. დღეს პრინციპში, პერმანენტული საომარი მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში. კონფლიქტი დაიწყო 90-იანი წლებიდან და მას შემდეგ სხვადასხვა ფორმით გრძელდება. ახლა ფრონტი უფრო გაიშალა.

ცოტა ხნის წინ ძლივს ჩაახშვეს პაკისტანის კონფლიქტი, ერაყშიც სულ შიდა კონფლიქტია სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ; ლიბანსა და სირიის ტერიტორიაზე რაც ხდება, იცით. ამ ყველაფერში ჩართული არიან მსოფლიოს მსხვილი პოლიტიკური და პლუს რეგიონული მოთამაშეები, ირანი იქნება, თურქეთი თუ სხვა. ახლა ამან უფრო სხვა მასშტაბი მიიღო.

მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ომი იქნება და სახმელეთო ოპერაციები დაიწყება. ეს სულ დაანგრევს ისედაც მყიფე მდგომარეობას რეგიონში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უცებ დაეტყობა ჩვენს რეგიონს. 200 კილომეტრია აქედან ირანამდე. მაგალითად, ჩვენი უახლოესი რეგიონი, ირანის აზერბაიჯანს რომ ვეძახით, ის ქალაქი დაიბომბა, იმიტომ, რომ იქაც განლაგებულია ბირთული ობიექტები. ბუშერის სადგურს რომ არ დაარტყეს, მიკვირს. შეიძლება ვცდები, მაგრამ არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ბუშერის ატომური სადგურის მშენებლობასა და მართვაში რუსეთი მონაწილეობს. როგორც წესი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებას აუცილებლად მოსდევს დევნილების უზარმაზარი ნაკადი. დევნილებისთვის ყველაზე ახლო და კომფორტული ტერიტორია სამხრეთი კავკასიაა. საქართველოში ისედაც უამრავი მიგრანტია და ახლა მათი რიცხვი გაასმაგდება. მიგრანტების ტალღას თავისი დიდი მინუსები ახლავს - კრიმინალი, ნარკოტიკი, ბევრი სხვა რამ. გარდა ამისა, როცა ყველა ამხელა ქვეყანა ომშია ჩართული, ეს მის სამეზობლოს ეკონომიკას აუცილებლად მძიმედ დაეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური კავშირები არ არის. თუ ომი უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს, მაშინ ხომ მთლად უბედურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ბევრად დიდია გამოწვევების ის სკალა, რომელიც დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წინაშე დგას.

- თქვენი აზრით, ირანის საპასუხო ქმედებები უფრო მოზომილი იქნება?

- ირანის ხელისუფლებას საკუთარი ხალხის მაინცდამაინც დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ირანის მოწინააღმდეგე რეგიონში მარტო ისრაელი­ არ არის. მასთან აქვს სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება, მაგრამ ასეთივე პოლიტიკურ-ეკონომიკური დაპირისპირება ირანს არაბულ სამყაროსთანაც აქვს. გახსოვთ, ალბათ, შარშან საუდის არაბეთისა და ირანის "შერიგების" შუამავალი ჩინეთი იყო. ახლა არაბული სამყაროსთვის ირანის გავლენის შეზღუდვა ძალიან მნიშვნელოვანია. კონფლიქტი სათავეს მე-7 საუკუნიდან იღებს - ეს არის სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირება. ირანი ცდილობს შიიტური სამყაროს ლიდერი იყოს. ის წლების განმავლობაში აშენებდა ამ სამყაროს იემენიდან ლიბანამდე და საბოლოოდ ძალიან ძლიერი გავლენების სფერო შექმნა. მაგრამ გასულ წელს ისრაელმა ეს ნაწილობრივ დაუნგრია. "ჰეზბოლას" გავლენა ძლიერი იყო, ახლა კი მის გარშემო დარჩნენ იემენელი ჰუსიტები და შიიტებით დასახლებული რამდენიმე რეგიონი. ძალიან სერიოზული ძალაა ერაყული შიიტური მოსახლეობაც. ეს სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. შიიტიზმზე დაფუძნებული სახელმწიფო მათთვის უპირველესი მტერია, ვიდრე სხვა რელიგიის მატარებელი ქვეყნები. ისრაელს აშკარად მხარს არავინ დაუჭერს, მაგრამ მალულად შეეცდებიან, რომ ირანს დამატებითი პრობლემები შეუქმნან. პირველ რიგში ვგულისხმობ საუდის არაბეთსა­ და ქუვეითს, კატარზე აღარაფერს ვიტყვი. ომი დაიწყება თუ არა, რთული სათქმელია, იმიტომ, რომ რაზეც ვისაუბრე, ეს ისპაანში კარგად იციან.

ირანის სამხედრო პოტენციალი არ არის ისეთი, რომ ამ ყველაფერს წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა შეუძლია რამდენიმე ისეთი ნაბიჯი გადადგას, რბილად რომ ვთქვათ, ნერვები აუშალოს დანარჩენ სამყაროს. მას შეუძლია სპარსეთის ყურეში პრაქტიკულად ჩაკლას ნაოსნობა და წარმოიდგინეთ, რა მოხდება ნავთობის ბაზარზე. ტანკერების მოძრაობის მთავარი არტერია ხომ სპარსეთის ყურეა. ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი სამხედრო ხომალდებს გზავნიან ამ სივრცეში. ვფიქრობ, ყოველივე ამას გაითვალისწინებს ირანის ხელისუფლება და შეეცდება სახმელეთო ოპერაცია არ წამოიწყოს. ის ამ ომში ვერ გაიმარჯვებს, არა აქვს ისეთი დონის სამხედრო პოტენციალი, რომ გაუძლოს. თუმცა რიცხოვნობა და გარკვეული მექანიზმები აქვს.

ჩემი ასაკიდან გამომდინარე, პროგნოზები უფრო სამშვიდობო ხასიათის მაქვს, ჩვენი­ რეგიონი იმსახურებს მშვიდობას, რომ რაღაც პროდუქტი შევქმნათ წელში გამართული სახელმწიფოს სახით. საუკუნეების განმავლობაში არაერთი გამოწვევა ჰქონია საქართველოს, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე კი ამ გამოწვევების ნელ-ნელა ესკალაცია მოხდა და ახლა მივიღეთ პროდუქტი, რომელზე უარესიც პირდაპირ ჩვენი დედაქალაქის დაკავება შეიძლება იყოს.

- ამაზე ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება და ოპოზიცია?

- ამას ვამბობ მას შემდეგ, რაც ჩვენთან დაიწყო დაპირისპირება ქუჩებში. თავიდანვე ვამბობდი, რომ კომპრომისია საჭირო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ქვეყანა სახელმწიფოს მშენებლობის გზაზეა.

ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული და ამ ფაქტორზე ვართ ძალიან მიბმული. ეს უშლის ხელს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და წელში გამართვას. ჩვენ დღეს უფრო მეტად ქვეყანა ვართ, ვიდრე სახელმწიფო, თან გვაქვს უამრავი გამოწვევა - უპირველესად მსხვილი მოთამაშეების, რეგიონული მოთამაშეების ინტერესები, გამოწვევაა პოლიტიკური ისლამის ფაქტორი, რომლითაც ოპერირება ხდება ჩვენს ტერიტორიაზე. აღარ ვლაპარაკობ მსხვილი მოთამაშეების, გინდ დასავლეთი იყოს და გინდ რუსეთი, სხვადასხვა ფორმატზე. თან ვართ ფეთქებად რეგიონში. თუნდაც ჩვენი პატარა მეზობლების, აზერბაიჯანისა და სომხეთის მდგომარეობა საკმაოდ მყიფეა. სამშვიდობო ხელშეკრულება არც დაუდვიათ და გარკვეულწილად ნელთბილი ომის რეჟიმში არიან. ამდენი გამოწვევის გამო არა გვაქვს უფლება, რომ ასეთი ფორმის ურთიერთდაპირისპირება იყოს. ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო კომპრომისი, რათა ქვეყანამ ის მდგომარეობა მაინც შეინარჩუნოს, რომელიც დღეს აქვს. ხვალ გვიან იქნება ამაზე მსჯელობა.

- ქვეყანაში შიდაპოლიტიკური კრიზისია და ამის მოგვარების გზები არ ჩანს.

- ჩემთვის მთავარი კრიზისი მდგომარეობს იმ უზარმაზარ ფსიქოლოგიურ დაპირისპირებაში, რომელიც საზოგადოებაშია, რომელმაც გახლიჩა ხალხი და ეს დღითი დღე ღრმავდება. არა აქვს მნიშვნელობა, ვის მხარეზე რამდენი კაცია. არსებობს კიდევ მესამე სეგმენტი, რომელსაც საერთოდ არ აღელვებს, რა ხდება თბილისში. ჩემი მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვატყობ, როგორ დისტანცირდება ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონები დანარჩენი საქართველოსგან. როგორ მუშაობენ არა მარტო ამ რეგიონებში, არამედ სპეციფიკურ რეგიონებშიც სხვადასხვა ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთის, სამხრეთის, ისე დასავლეთისა და ჩრდილოეთის სხვადასხვა ტიპის ემისრები. ზუსტად ამას ჰქვია ქვეყნის დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯები. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ხელისუფლება არაფერს აკეთებს და შესაბამისმა ორგანოებმა ეს არ იციან.

- ოპოზიციური პარტიის ლიდერებს სვამენ ციხეში, ეს კრიზისს კიდევ მეტად ხომ გაამწვავებს? რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება?

- შთაბეჭდილება ხომ არ გრჩებათ, რომ ეს ლიდერები თვითონ შეგნებულად აკეთებენ ამას.

- თუნდაც ასე იყოს, ამას ხომ ხელს უწყობს ხელისუფლება?

- მე ვახსენე სიტყვა "კომპრომისი", მგონი, გასაგებად ვთქვი. არ მინდა განსჯა დავიწყო, ვინ რაშია დამნაშავე. დანაშაული და შეცდომები ყველას აქვს, ორივე მხარეს. ყველაფერზე მაღლა უნდა ვიდგეთ, იმიტომ, რომ ქვეყანას ახლა სხვა ტიპის გამოწვევები აქვს, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ეფემერული მიდგომა, რომელიც დაიბადა გასული წლის ოქტომბერში, არჩევნები გინდა თუ არა გააყალბესო.

- როგორ ფიქრობთ, ეს გამოწვევები ახსოვს თუ არა დღეს პოლიტიკურ ელიტას?

- ამაშია საქმე, სხვის კაბინეტში ხომ ვერ შევიხედავ დაუკითხავად, მოქმედების მიხედვით ოპოზიციის ლიდერებს ეს რომ არ ახსოვს, ვხედავ. ხელისუფლებას რომ ახსოვს, ამასაც ვხედავ, მაგრამ დომინანტი რომ არ არის ეს გამოწვევები, ამასაც ვხედავ. საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული დღემდე მთავარი ის არის, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი.

ბოლო დროს გააქტიურდა მიგრა­ციის, საზღვრის უკანონო კვეთის საკითხი. ბევრი ადამიანია შემოსული აღმოსავლეთიდან...

მიდგომები აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ყველაფერს სისტემურობა სჭირდება.­ როდესაც კარს უღებ მიგრაციულ პროცესს, მზად უნდა იყო იმისთვის, რამდენი­ ადამიანი მიიღო, როგორ უნდა მოახერხო მათი განთავსება, ინტეგრაცია. მთავარია პოლიტიკური პლატფორმების შექმნა, თორემ სპეცსამსახურები და პოლიცია თავის საქმეს ამ მიმართულებით აკეთებენ, მაგრამ პოლიტიკას ისინი ვერ შექმნიან. ეს არ არის მათი მოვალეობა, მათი მოვალეობა პრევენციაა, მოქმედება, დავალების შესრულება. პოლიტიკა პოლიტელიტის საქმეა, ის კი დაკავებულია სულ სხვა რამით. ეს არის უბედურება. ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამენ იმ საქმისთვის, რასაც სახელმწიფოს მშენებლობა ჰქვია, მაგრამ ზედაპირზე სხვა რამე დევს. საზოგადოება სხვა რამით არის დაკავებული. ვერც ერთი ხელისუფლება ამ პრობლემებს ვერ მოუვლის, თუ საზოგადოება და ხელისუფლება არ იქნებიან კონცენტრირებული ძირითად პრობლემებზე. თუ არ იქნება კონსოლიდირებული მიდგომა, სახელმწიფოს მშენებლობა ყოველთვის დამუხრუჭებული იქნება - ეს აქსიომაა. ამიტომ ზუსტად შევაფასოთ ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება, დავუპირისპირდეთ ერთმანეთს თუ პირიქით, მორატორიუმი გამოვაცხადოთ. უფრო სწორად, დავიწყოთ ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას.

- ხელისუფლება აკავებს ახალგაზრდებს და ციხეში უშვებს...

- მე ამას ვამბობდი და ყველა დონეზე ვიტყვი - ასეთ გადაწყვეტილებებს ხელს შევუშლიდი. პოლიციაზე რომ იძალადეს და დამნაშავეები არიან, მაგაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ არსებობს ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები, როცა საჭიროა ერისა და ბერის ერთიანობა. ამიტომ რა ჯობია, ციხეში გავუშვათ ახალგაზრდები თუ გამოწვევებს ერთად ვებრძოლოთ? ხელისუფლების ადგილას მე სხვანაირად მოვიქცეოდი.

გამოსავალი ყოველთვის არსებობს, კონსტრუქციული მიდგომაა საჭირო. კომპრომისია, როცა ცდილობ შენი და სხვისი აზრები ერთმანეთს დაამთხვიო ისე, რომ უკეთესი შედეგი დადგეს საქმისთვის. ისე, რა გითხრათ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ცუდიც და კარგიც.

90-იან წლებში მეც ასე ვიდექი ქუჩაში, ვითხოვდი სამართლიანობას, დემოკრატიას, ბოლომდე მივყევი იმ პროცესს, რაც დამთავრდა უზარმა­ზარი სისხლის ღვრით, ქალაქის დანგრევით, ქვეყნის განადგურებითა­ და სახელმწიფოებრივი მშენებლობის შეწყვეტით. მას მერე 100-ჯერ გამოვედი სხვადასხვა ეთერში და ბოდიში მოვიხადე ზუსტად იმიტომ, რომ ამაში ვმონაწილეობდი. იმიტომ, რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვით და მაშინდელი ჭრილობა დღემდე არ შეხორცებულა. მართალია, მე მაშინ იარაღით არ ვმონაწილეობდი, მაგრამ არც არაფერი დამიკლია. არაერთი ახლობელი დავკარგე, მერე ამას მოჰყვა ის შეცდომები, რომელიც სამაჩაბლოსა და აფხაზეთში დავუშვით. რუსებმა ორჯერ დაგვიგეს ხაფანგიდა ორჯერვე გავყავით თავი.

ქვეყანაში ყოველთვის დაპირისპირებაა "მე ვარ და ჩემი ნაბადის" პრინციპით და საბოლოოდ ქვეყანას ვანგრევთ. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში აბსოლუტურად არ არსებობს, შეიძლება მხოლოდ მცირე ნაწილში იყოს. როცა ასეთი დაძაბული ვითარებაა მთელ მსოფლიოში, აუცილებელია ერთიანობა, თორემ მოგვერევიან!