რა შეიძლება გახდეს პოლიტიკური არასტაბილურობის „წამალი“?! - კვირის პალიტრა

რა შეიძლება გახდეს პოლიტიკური არასტაბილურობის „წამალი“?!

სამართალი სამართლიანი უნდა იყოს. სწორედ ამიტომ მოიგონა კაცობრიობამ სასამართლო სისტემა. სწორედ ამიტომ არის მოსამართლე მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიგურა. მოსამართლემ განაჩენის გამოტანისას სურათს ზემოდან და ფართოდ უნდა შეხედოს, უნდა გაითვალისწინოს ყველანაირი კონტექსტი და ფაქტორი - ქვეყანაში­ შექმნილი მდგომარეობით დაწყებული და განსასჯელის პიროვნული თვისებებით დასრულებული, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. სხვანაირად სულ არ იქნებოდნენ საჭირო მოსამართლეები. გვეყოლებოდა პოლიცია და გვექნებოდა სისხლის სამართლის კოდექსი. პოლიცია დააკავებდა, იპოვიდა შესაბამის მუხლს კოდექსში და ჰაიდა, ციხეში. ან კომპიუტერი გამოგვიცხადებდა, ბოლოს და ბოლოს, განაჩენს.

გინდა ხელისუფლების მომხრე იყავი, გინდა ოპოზიციის, გინდა ნეიტრალური და გინდა "მარსიანელი" - 21 წლის მათე დევიძისთვის 4 წლითა და 6 თვით ციხეში­ გაშვება სამართლიანი სამართალი არ არის. რა თქმა უნდა, პოლიციელზე თავდასხმა მიუღებელი და დასაგმობია, თუმცა მათე დევიძე პოლიციელებს სადმე სადარბაზოში არ ჩასაფრებია. ეს იყო შეტაკება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის - მდგომარეობა კონტროლიდან იყო გამოსული და საფუძვლად ედო ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა. ვიმეორებთ - პოლიციელს არც ქვები უნდა ესროლო და არც ჯოხი უნდა ურტყა, მაგრამ ზემოხსენებული კონტექსტი გასათვალისწინებელია. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება 21 წლის ახალგაზრდას, რომელიც მანამდე რაიმე სამართალდარღვევაში შემჩნეული არ იყო. არსებობს ჯარიმა, ელექტროსამაჯური და ა.შ.

დაგვავიწყდა, რა დღეები გამოვიარეთ 2024 წლის დეკემბერში?! გადავრჩით მსხვერპლს და მოვლენების ისეთ განვითარებას,­ როდესაც ყველაფერი უკან დაგვრჩებოდა. ეს კრიზისი არსად არ წასულა­ - გამწვავებულიდან სტაბილურად­ მძიმე გახდა. დაძაბულობა ჰაერშია ჩამოკიდებული. ასეთ დროს სწორი იქნებოდა, რომ ხელისუფლების ძალოვან მანქანას ცოტა "აბაროტები" დაეგდო. კრიზისი, რა თქმა უნდა, ვერ განიმუხტებოდა, მაგრამ შედარებით მშვიდი გარემო შეიქმნებოდა.

ასევე, სამართლიანად ისმის კითხვა­ - აქამდე რატომ არ დააკავეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ის ნიღბიანები, რომლებიც­ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს დაუნდობლად უსწორდებოდნენ?!

საქართველოში სტაბილური გარემოს­ შენარჩუნება, პირველ რიგში, ხელისუფ­ლების პასუხისმგებლობაა, მათე დევიძის მსგავსი პრეცედენტები კი ამას ნამდვილად­ არ ემსახურება. იმედია, მიხეილ ყაველაშვილი გამოიყენებს შეწყალების უფლებას.

ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა?!

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანა ისეთი სასამართლო სისტემის შექმნაა, რომელიც საზოგადოების ყველა ფენის ნდობით ისარგებლებს. სწორედ ეს იქნება ქვეყნის შიდაპოლიტიკური სტაბილურობის გარანტია.

საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის მთავარი წყარო არჩევნები და მას შემდეგ დაწყებული გამიშვი-გამატარეა. ბოლო არჩევნები, რომელსაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ გამოუწვევია, 2017 წელს ჩატარდა. კი ბატონო, საარჩევნო დავების განხილვის ბოლო ინსტანცია სასამართლოა, მაგრამ იქაც იგივე ხდება, რაც არჩევნების შემდეგ - ზოგი ცნობს ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზოგი არა.

შესაბამისად, როდესაც გვექნება საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სასამართლო, საარჩევნო დავებზე გამოტანილი განაჩენი აღარ გახდება მორიგი ვაი-უშველებელის საგანი - ანუ პოლიტიკური კრიზისი­ დასრულდება სასამართლოში და აღარ გამოვა­ ქუჩაში, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. პოლიტიკურ სტაბილურობაზე კი ბევრი რამ არის მიბმული­ - ეკონომიკით დაწყებული, უსაფრთხოების თემებით დამთავრებული. ის პოლიტიკური ძალა თუ ფიგურა, ვინც ამას გააკეთებს, ნამდვილად ოქროს ასოებით შევა ისტორიაში.

ციხის პოლიტიკა და ოპოზიციის გეგმა

ამ დროისთვის ციხეში სხედან ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძე და ირაკლი ოქრუაშვილი. მათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის შეფარდებული გირაო არ გადაიხადეს. როდესაც ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში სხედან, ეს ცუდია ხელისუფლებისთვის საერთაშორისო საზოგადოების კუთხითაც და შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებითაც.

სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზნით ოპოზიციის ლიდერთა გარკვეული ნაწილი ციხეში­ სპეციალურად რომ წავიდოდა, ამის გამოცნობა რთული არ იყო. თუმცა რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, საკითხავი აი, ეს არის. აქაც მთავარია, მოქმედება რა გარემოებაში და რა ვითარებაში ხდება. დღეს არ არის არც 2017 ან 2020 წელი, როდესაც ნიკა მელიამ ხელისუფლებას თავი დააჭერინა მას შემდეგ, რაც ელექტროსამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა­ და გადააგდო. მაშინ ციხეში­ ისხდნენ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც. დასავლეთში ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

თუმცა 2020 წელსა და 2025 წელს შორის განსხვავება დიდია. 2020 წელს ხელისუფლება დიდ ანგარიშს უწევდა დასავ­ლეთს - შეგახსენებთ, მაშინდელი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში ჩართული იყვნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები, ასევე უშუალოდ ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თავისი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით.

სალომე ზურაბიშვილს ჯერ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეაწყალებინეს. სხვათა შორის, მაშინდელი პრეზიდე­ნტი ამბობდა, რომ ოპოზიცია დესტაბილი­ზაციის პროვოცირებას ცდილობდა. მან ისიც თქვა, რომ არანაირი პოლიტპატიმრები­ უგულავა და ოქრუაშვილი არ იყვნენ, მათ ოდიოზური ფიგურები უწოდა და თქვა, რომ დამნაშავე დამნაშავედ რჩება. მოგვიანებით ნიკა მელიას ევროკავშირის ერთ-ერთ ფონდმა 40-ათასლარიანი­ გირაო გადაუხადა და ისიც გამოუშვეს.

თუმცა დღეს 2025 წელია. დასავლეთში­ საკუთარი პრობლემები თავზე საყრელად აქვთ, დაწყებული უკრაინის ომით და ექსცენტრიკული ტრამპით დასრულებული. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის აღარ არის ისეთი ურთიერთობა, როგორიც თუნდაც 2020-2021 წლებში იყო და ოფიციალურ თბილისს ნაკლებად ადარდებს, რას იტყვიან­ ევროპის დედაქალაქებში ნიკა მელიაზე თუ ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძეზე. შესაბამისად, "არიქა, გამიშვი, ციხეში ჩავჯდები" შეცდომაა.

ამასობაში, ოპოზიციის ზოგიერთმა ლიდერმა ისაუბრა იმ გეგმაზე, რომელიც ბოიკოტისტებს აქვთ. ეს ყოფილა აქციების­ ინტენსივობის შენარჩუნება, პროტესტის საზოგადოების ყველა ფენაში შეღწევა, ყველა ხალხმრავალი სივრცის (მეტრო, სავაჭრო მოლები და ა.შ) გამოყენება პროტესტისთვის და პარალელურად, დასავლეთის ზეწოლა. ეს გეგმა კი არა, სურვილების ჩამონათვალია. ჯერ ერთი, რას ნიშნავს პროტესტის შეღწევა საზოგადოების ყველა ფენაში?!­ აქციების დაწყებიდან 8 თვე გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, სადაც შესაღწევი იყო, შეაღწევდა. დღეს რა უშლით ხელს, რომ პროტესტი უფრო ინტენსიური გახადონ?! და მერე რა ხდება - ხელისუფლებას შეეშინდება, გადააბარებს ძალაუფლებას ოპოზიციას და გაიქცევა?!

სანამ პოლიტიკოსი ლიდერები ილუ­ზიებში­ ცხოვრებას არ შეეშვებიან, მანამდე ოპოზიციურ ფლანგზე სულ ისეთი სიტუაცია იქნება, როგორიც დღეს არის. საინტერესოა, ზემოხსენებული "გეგმა" მოსწონს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ბოიკოტის აქტიური მომხრეა?! სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილმა პარტიებთან აქტიური შეხვედრები დაიწყო - სავარაუდოდ, ცდილობს დაარწმუნოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღონ­ მონაწილეობა. ვეჭვობთ, მან გახარიას­ გადარწმუნება შეძლოს. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ერთობლივად მოსაფიქრებელია გამარჯვების ფორმულა და სალომე ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმა" უნდა აღდგეს.

გამარჯვების ფორმულის მოფიქრებასთან დაკავშირებული განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ მამუკა ხაზარაძემ გადაი­ფიქრა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ამას გავიგებთ. რაც შეეხება "წინააღმდეგობის პლატფორმის" აღდგენას, ეს ცოტა ძნელი საქმეა. "ნაცმოძრაობა" სალომე ზურაბიშვილს უუნაროს ეძახის, "ახალი" გახარიას - "ოცნებასთან" გარიგებულს, იქით პაატა­ ბურჭულაძეს რაღაც ალტერნატიული პლატფორმა აქვს...

მთავარი ის არის, რომ სამ ბარიერგადალახულ პარტიას (მეოთხეს - გახარიას უკვე მიღებული აქვს) ცოტა დრო რჩება გადაწყვეტილების მისაღებად, მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნები მაინც ჩატარდება - პარტიების მეტი რა არის და ისე არ გამოვიდეს, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ოპოზიცია საბოლოოდ დაადგეს მარგინალიზაციის გზას.

ტუსკის საგანგაშო განცხადება

პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი იწყებს­ ევროკავშირში საქართველოსთვის უვიზო­ მიმოსვლის შეწყვეტის საკითხის ლობი­რებას.­ ტუსკმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის მესამედია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების მომხრე. საინტერესოა, საიდან აქვს ასეთი მონაცემები პოლონეთის პრემიერს? რაიმე კვლევა ჩატარდა საქართველოში და არ ვიცით? თუ კვლევა პოლონეთის საელჩომ ჩაატარა?

კარგი ამბავი ის არის, რომ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, დიახ, ერთ-ერთ თემად უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხი განიხილებაო, მაგრამ ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა­ ამ იდეას ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება ტუსკს - თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი. ხელისუფლებაზე­ ზეწოლასა და ხალხის დასჯას შორის დიდი წითელი ხაზებია გასავლები. დარწმუნებული ვართ, პოლონეთს ბევრად მეტი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს მოსაგვარებელი, ვიდრე იმის ლობირება, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად გადაადგილების უფლება აღარ ჰქონდეთ. მეზობლად დიდი ომი აქვთ და დასავლელი პოლიტიკოსები იმაზე მსჯელობენ, როდის "მიაკითხავს" პუტინი ბალტიისპირეთსა და პოლონეთს - 2028 თუ 2029 წელს...

დასავლეთისკენ მივდიოდით ბოლო 35 წლის განმავლობაში და სწორედ ამიტომ გვერჩოდა რუსეთი თავისი ჰიბრიდული თუ პირდაპირი აგრესიით 90-იანებში თუ 2008 წელს. ამ იდეას ათასობით ქართველი სამხედრო თუ მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. თუმცა არასოდეს ქართველ საზოგადოებაში, უმრავლესობაში არ გაჩენილა კითხვა - რატომ ვაკვლევინებთ რუსებს თავს, დავყვეთ­ მოსკოვის ნება-სურვილს და ვიცხოვროთ წყნარად და მშვიდად.

იმედია, ჩვენი ევროპელი მეგობრები ამ ყველაფერს წყალში არ ჩაყრიან.

გიორგი კვიტაშვილი