"რუსეთზე არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ნატოსა და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება" - ქართველი გენერალ-მაი - კვირის პალიტრა

"რუსეთზე არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ნატოსა და ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება" - ქართველი გენერალ-მაიორის პროგნოზი

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც განხილულია ჩრდილოატლანტიკური ბლოკის გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს მიერ ლონდონში ყოფნის დროს გაკეთებული განცხადებები. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ხუთი წლის შემდეგ რუსეთი მზად იქნება ნატოზე თავდასხმისთვის, შესაბამისად, მიმდინარე თვიდან ალიანსის ლიდერებმა სამხედრო ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-მდე უნდა გაზარდონ. მისივე თქმით, ნატოსთვის აუცილებელია "ხარისხობრივი ნახტომი კოლექტიურ თავდაცვაში", რომელიც ნიშნავს სრულყოფილ გადაიარაღებას სულ უფრო მზარდი მილიტარიზებული რუსეთის შესაკავებლად. სრულყოფილ გადაიარაღებაში იგულისხმება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ხუთმაგი გადიდება, დამატებით ათასი ტანკისა და მილიონობით საარტილერიო ჭურვის წარმოება, რათა ნატოს ქვეყნები დაეწიონ რუსეთის მრეწველობის შესაძლებლობებს.

"ეჭვი მეპარება, რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე დასარტყმელად ემზადებოდეს. რუსეთმა როგორ უნდა შეძლოს ნატოს წინააღმდეგ გალაშქრება? - ეს წარმოუდგენელია. იმაში, რომ რუსეთმა ნატოს ომი გამოუცხადოს, მის რომელიმე ქვეყანაში შეიჭრას თუნდაც იმის დასატესტად, გამოიყენებს თუ არა ალიანსი მე-5 მუხლს, ძალიან მეპარება ეჭვი. რუსეთზე არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ მეორე ფრონტის გახსნა და რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება", - გვეუბნება

გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი

ვახტანგ კაპანაძე:

- ფრონტზე დიდი ცვლილებები ისევ არ არის, რუსები ძალიან მცირე ტემპით მიდიან წინ. ეს განსაკუთრებით ეხება სუმის ოლქს ჩრდილოეთით, კურსკის ოლქის მომიჯნავედ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ძირითადი დარტყმა პოკროვსკის მიმართულებაზე იყო (და რჩება კიდეც). ვინაიდან პოკროვსკის მიმართულება უკრაინელებს უფრო დაცული აქვთ (აქ არის მნიშვნელოვანი თავდაცვითი ზღუდეები კრამატორსკისა და სლავიანსკის სახით), რუსები 50-ათასიანი დაჯგუფებით შედარებით წინსვლას ახერხებენ სუმის მიმართულებაზე. რუსები დიდი დანაკარგის წინაშე დგანან, თუმცა ეს არ ადარდებთ. წარმოიდგინეთ, როგორც პუტინმა წაიტრაბახა, წელიწადში 600-630 ათასი კაცი აფორმებს კონტრაქტს. უკვე მესამე წელია ომია და სად წავიდა ეს ხალხი? ასეთი კატეგორია, ძირითადად, ასე ვთქვათ, ხარჯში, შევსებაზე მიდის და არა მიმართულებით გაძლიერებაზე. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ ფინეთის ნატოში გაწევრების შემდეგ რუსეთს 1200 კმ-იანი საზღვარი დაემატა, რომელსაც დაცვა და რესურსები სჭირდება. რუსეთის რესურსი კი ულევი არ არის და თუ მოკავშირეებისგან მნიშვნელოვანი დახმარება არ მიიღო, როგორც ეს ჩრდილო კორეიდან მოხდა, რუსეთისთვის ზაფხულის ეს აქტიურობა შეიძლება წელს ბოლო მნიშვნელოვანი აქტიურობა იყოს.

- როგორც ვარაუდობდნენ, რუსული­ აეროდრომების დაბომბვის შემდეგ პუტინის შურისძიება შედარებით მკაცრი იქნებოდა. აქვს რუსეთს შესაძლებლობა, რომ უმნიშვნელოვანესი დანაკარგისთვის პასუხი აგებინოს უკრაინას?

- რა თქმა უნდა, გაბოროტებულები მაქსიმალურად იყენებენ რესურსებს მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებისთვის ხერსონში, ხარკოვსა და ოდესაში, უკრაინელები კი გეგმურ დარტყმებს აყენებენ. ოპერაცია "აბლაბუდას" შემდეგ, მთელი სტრატეგიული ავიაცია, ძირითადად, ჩუკოტკაზე და შორეულ აღმოსავლეთში გადაისროლეს, რამდენიმე ერთეული თათრეთში განათავსეს და ა.შ. მეტი რა უნდა გაეკეთებინა უკრაინას, რომ კიდევ ერთხელ დაამცირონ და გააქარწყლონ ლეგენდა რუსეთის უძლეველობაზე? ბოლოს და ბოლოს, რუსეთის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გაპიარებული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო F-16-მა, რაც პირველად მოხდა... თან F-16 შედარებით ძველი­ თვითმფრინავია. F-16-მა 70-80 კმ-ზე დააფი­ქსირა Су-35 და მას ისე მოხვდა რაკეტა, რუს პილოტს არც გაუგია, მიზანში რომ იყო ამოღებული. ეს არის ქსელურ-ცენტრული ომის ერთი მშვენიერი მაგალითი. დასავლეთში ამას დიდი ხანია იყენებენ და აღმოჩნდა, რომ ასეთი მეთოდებით თუნდაც უძლეველ­ Су-35-საც არ უწერია დიდი დღე. ნუ დაგვავიწყდება, რომ "სააბისა" და "ავაქსის" ტიპის თვითმფრინავი AR-50 რუსეთს სულ 6 ჰყავდა და აქედან უკრაინელებმა 2 გაუნადგურეს. ასე რომ, რუსეთს ნამდვილად არ ულხინს, ამას რუსებიც აღიარებენ და ეჭვი მეპარება, რომ წლის ბოლომდე შეძლებენ დონბასზე გასვლას და მთელი დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარში კონტროლის დამყარებას. რუსეთი აიღებს რამდენიმე პატარა ქალაქს, დასახლებულ პუნქტს, ეს იქნება და ეს.

- სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, უკრაინის შემდგომი შეტევა საზღვაო კომპონენტზე - ფლოტზე იქნება.

- შავი ზღვის ფლოტი, ფაქტობრივად,­ უმოქმედოდაა, ნოვოროსიისკშია გადამალ­ული. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დღეს თითქმის განადგურებულია. ამავე დროს, დრონებით დაარტყეს მურმანსკში წყალქვეშა ნავების სადგომს. წარმოიდგინეთ, ცნობილი ბირთვული ტრიადის საჰაერო კომპონენტი რუსებმა ჩუკოტკაზე გადამალეს. ამ ტრიადის საზღვაო კომპონენტს სად დამალავენ და კიდევ რა მოხდება, ღმერთმა უწყის. სახმელეთო კომპონენტთან დაკავშირებით საერთოდ კომიკური ამბავი მოხდა, როცა ორი კვირის წინ ჟურნალისტებს ხელში ჩაუვარდათ 2 მილიონი ფაილი. საინტერესო იყო და

რატომღაც ყურადღება არავინ მიაქცია, როგორ განადგურდა ყირიმში 100 ერთეული ჯავშანტექნიკა თავისი ეშელონიანად - ეშელონს ჩაუარა სატვირთო მატარებელმა, რომლის ჭერი გადაიხსნა და ამოფრინდნენ დრონები, რომლებმაც ის გაანადგურეს. დიდი ეჭვი მაქვს და იმედია, არ ვცდები, "აბლაბუდა" შეიძლება ყურადღების გადამტანი ოპერაცია იყო და უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია წინ არის.

არ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე უკრაინას შესწევს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ძალა, მაგრამ რუსეთს რომ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს, ეს შეუძლია. ასევე რუსეთმა უპირატესობა მოიპოვა დრონების სახეობების გამოყენებაში (ბოჭკოვანი, დარტყმითი დრონების და ა.შ.), მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ დასავლეთს აქვს აღებული პასუხისმგებლობა, დარწმუნებული ვარ, ის სიტყვას შეასრულებს. უკრაინას შეუძლია რუსეთს უკეთესი ტექნოლოგიური შესაძლებლობები დაუპირისპიროს, რაც მისცემს საშუალებას, ადამიანურ და ტექნოლოგიურ რესურსში რუსეთის უპირატესობა გაანეიტრალოს. დასავლური წინა თაობების ტექნიკა, რომელიც უკრაინამ მიიღო, ათი თავით სჯობს საბჭოთა ტექნიკას და რუსული წარმოებისას, თუნდაც უახლესს, ეს ფაქტია - არც ერთ დასავლურ ტანკს არ უპირისპირდება თ-90 თუ თ-72, იმიტომ, რომ არ შესწევთ ამის უნარი. მხოლოდ ჩასაფრებიდან თუ გაისვრიან და ისიც უშედეგოდ. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა "ლეოპარდს" მთელი კოლონა გაუჩერებია და რუსების მთელი ჯავშანტექნიკა გაუნადგურებია.

- ბრიტანულ "გარდიანში" გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება და ამიტომაც ალიანსის წევრებს სამხედრო ბიუჯეტის 5%-მდე გაზრდა მოუწევთ. ალბათ, ასე რომ მოხდეს, მანამდე რუსეთმა უნდა დაამარცხოს უკრაინა და მერე დაიწყოს შეტევა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე. რეალურია ეს?

- ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე დასარტყმელად ემზადებოდეს. როგორ უნდა შეძლოს ნატოზე გალაშქრება? ეს მაინც დასავლეთის პოლიტიკური განცხადებები მგონია, რათა გადასახადების გადამხდელი მოსახლეობა მზად იყოს, რომ გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი.

ანუ რუსეთმა ჯერ უკრაინა უნდა დაიკავოს და მერე დანარჩენ მსოფლიოს შეუტიოს? რუსეთმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რომც დაიწყოს ნატოსთან დაპირისპირება, ფლანგზე იტოვებს ამხელა მოწინააღმდეგეს (უკრაინას), რომელიც არ შეურიგდება ასეთ ვითარებას და თავის მომენტს დაელოდება. როგორ შეძლებს რუსეთი ორივე ფრონტზე ბრძოლას? თუმცა არ გამოვრიცხავ ჰიბრიდულ პროვოკაციებს ესტონეთისა და ლატვიის მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს: რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით ქვეყანა­ში ძალების შეშვება, სპეცსამსახურების ამოქმედება, შიდაარეულობის მოწყობის მცდელობა და სხვა, ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში დივერსია, ტერაქტები, მაგრამ ის, რომ რუსეთმა ნატოს ომი გამოუცხადოს, ნატოს რომელიმე ქვეყანაში შეიჭრას თუნდაც იმის დასატესტად, გამოიყენებს თუ არა ნატო მე-5 მუხლს, ძალიან საეჭვოა.

- ანუ მარკ რუიტეს განცხადება, "საფრთხე არ გაქრება მაშინაც კი, როცა ომი დასრულდება", უფრო პოლიტიკური განცხადებაა?

- დიახ, თავის დაზღვევა უფრო მგონია, ვიდრე რეალობასთან მიახლოებული, რათა გამართლებული იქნეს ის ხარჯები, რომელსაც ალიანსის ქვეყნები გეგმავენ - მაგალითად, გერმანია მშპ-ს 5%-მდე გაზრდას გეგმავს, ასევე საფრანგეთიც და ბრიტანეთიც, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ხარჯები ექნება და სხვა. ან 5 წელი ვინ დაითვალა, ან ის, როდის და რით დამთავრდება ომი? რუსეთზე არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ მეორე ფრონტის გახსნა და რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება.

დღესდღეობით უკრაინაა რუსეთის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაც. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად გერმანული ჯავშანსატანკო ბატალიონის გადასროლა ბალტიისპირეთშიც შემაკავებელი ფაქტორია, ჰაერში პოლისინგიც ანუ ნატოს ავიაციის მორიგეობა ბალტიის თავზე და ა.შ. ასეთ პირობებში რუსეთი ბალტიისპირეთს დაარტყამს? ნატო გაჩუმდება თუ რუსეთი გაბედავს და ფინეთს დაარტყამს, ახალ ავანტიურას წამოიწყებს ფინეთთან ისე, რომ ზარალს ვერ ნახავს და ამ დროს უკრაინა გაჩერდება? რუსეთს რა ძალა უნდა ეყოს, რომ ამ ორ მიმართულებაზე ერთდროულად იომოს?!

- ამ ვითარებაში რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება ომის დამთავრებასა და მშვიდობის დამყარებაზე?

- ომის დამთავრებაზე არავითარი პროგნოზი არა მაქვს. ეს ომი კარგა ხანს გაგრძელდება. დიდი იმედი მაქვს, წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დაიდება.