ყირიმ-კონგოს ცხელება საქართველოში
10 ივნისს საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა, თანაც ორივე შემთხვევა სამცხე-ჯავახეთში. "კვირის პალიტრა" აღნიშნული თემით დაინტერესდა.
"საქონელს ტკიპა შიშველი ხელით არ უნდა მოაშოროთ"
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენდირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში: - უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს ქვეყანაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები ფიქსირდება. რატომ ჰქვია ყირიმ-კონგო? იმიტომ, რომ ყირიმით დაწყებული და კონგოთი დამთავრებული, ყველგან არის. სულ ახლახან ესპანეთშიც იყო.
- საქართველოში სად ვხვდებით?
- ძირითადად, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულმა ადამიანებმა ტკიპა საქონელს შიშველი ხელით არ უნდა მოაშორონ, ხელთათმანი უნდა ჩაიცვან.
- ვაქცინაცია თუ არსებობს პრევენციის მიზნით?
- არ არსებობს. თუ ეჭვი გვაქვს, რომ ტკიპამ გვიკბინა, ექიმთან უნდა მივიდეთ.
"სწორედ საძოვრებია ტკიპების რეზერვუარი"
მზია პაპაშვილი, ასპინძის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი: - ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებას სეზონურობა ახასიათებს. ახლა სწორედ სეზონია, მარტის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით. წელს აპრილში იყო ინფიცირების 1 შემთხვევა (სოფ. რუსთავი), მაისში ერთი (სოფელი ოშორა), რომელიც ლეტალურად დასრულდა, ივნისში გამოვლინდა ერთი შემთხვევა (სოფელ რუსთავი) ლეტალური გამოსავლით. არის ინფიცირების 1 შემთხვევა დაბა ასპინძაში და ამ დროისთვის პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის. ახლა მინდორში სამუშაოებია, პირუტყვი საძოვრებზე გაჰყავთ. სწორედ ისაა ტკიპების რეზერვუარი.
- ლეტალური შედეგი გაუფრთხილებლობა და ექიმთან დაგვიანებული ვიზიტია, თუ...
- პირველი ლეტალობის შემთხვევაში ვიზიტი დაგვიანდა, მაგრამ მეორე შემთხვევა აბსოლუტურად დროული იყო, თუმცა...
- ამჟამად რა ეპიდემიოლოგიური სურათი გვაქვს?
- ამჟამად ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბულია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, ადგილობრივი ჯანდაცვაც ვაკონტროლებთ ყველა შემთხვევას.
- სეზონზე დაახლოებით რამდენი ინფიცირებული მოგმართავთ?
- საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები 2009 წლიდან არის რეგისტრირებული. ჩვენთან 2012-13 წლიდან დაიწყო, პირველი 2 შემთხვევა სოფელ ოშორაში დაფიქსირდა. შემდეგ რამდენიმე წელი არ ყოფილა. 2017-18-19 წლებში თითო-ოროლა შემთხვევა იყო, 2022-23 წლებში სეზონზე 6-6 შემთხვევა გვქონდა. 2024 წელს იყო 3 შემთხვევა და აგერ, მიმდინარე წელს, უკვე 4 შემთხვევაა. სულ აღრიცხულია 33 შემთხვევა, აქედან 4 ლეტალური დასასრულით.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების თაობაზე მოსახლეობას ხშირად ვხვდებით, საინფორმაციო სახის ბუკლეტებსა და პოსტერებსაც ვურიგებთ, თუ როგორ მოიქცნენ იქ, სადაც ტკიპაა გავრცელებული. ყურადღებით უნდა იყვნენ, ტკიპამ ღრმად ჩამაგრება იცის კანში და სასურველია ჯანდაცვის განყოფილებაში მოაცილონ პირუტყვს. დაავადებას ინკუბაციის 3-დღიანი პერიოდი აქვს, იშვიათად 2 კვირამდეც. იწყება ციებით, ტემპერატურის მკვეთრი აწევით, თავის ტკივილით, გულისრევის შეგრძნებით, ღებინებით, დიარეით, მუცლის, ზურგის ტკივილით. ეს პირველი ფაზააა. შემდეგ იწყება ჰემორაგიების ფაზა. აუცილებელია პაციენტმა პირველივე ფაზაში მიმართოს ექიმს. დროულობას დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დასაწყებად.
- დამძიმება როგორ ხდება და რას განიცდის ამ დროს პაციენტი?
- დამძიმება ელვისებურია და იცის ნაღვენთები, სისხლჩაქცევები, გამონაყარი კანზე ან ინიექციის ადგილას სისხლდენა, ისევე როგორც ღრძილებიდან, ცხვირიდან. ამას მოსდევს შინაგანი სისხლდენა. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტებისა და თრომბოციტების ნაკლებობა, დინამიკაში პროგრესული კლება.
- საქართველოში კიდევ სად ვხვდებით?
- ალბათ, ტკიპებს ჩვენი კლიმატი მოსწონთ, სხვაგან იშვიათად ვხვდებით. აჭარაში არ ყოფილა, არც იმერეთში.
ახალქალაქში 2 შემთხვევა იყო და მაშინაც ასპინძის ტერიტორია აღმოჩნდა წყარო. ადრე ბორჯომშიც იყო რამდენიმე შემთხვევა, ახლა კი ახალციხესა და ადიგენშია.
პრევენციისთვის, გარდა პირუტყვის დამუშავებისა, მაღალი ბალახი უნდა მოითიბოს და საჭიროა ხშირად მოხდეს მიწის გადახვნა, ეს ძალიან შველის.

"ტკიპები ფრინველებს გადააქვთ ერთი ტერიტორიიდან მეორეზე"
მიხეილ სოხაძე, ვეტერინარი, ექსპერტი: - ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ვირუსული დაავადებაა, რომლის გადამტანები ტკიპები არიან. ფრინველებს გადააქვთ, რადგან ტკიპები სწორედ ფრინველებთან ერთად მოძრაობენ. გავრცელებულია მთელ აზიაში, სამხრეთ ევროპაში... ყველაზე დიდი საშიშროება ტკიპებიდან მომდინარეობს. ცუდი ის არის, რომ როდესაც ტკიპები მრავლდებიან, ეს ვირუსი სქესობრივი კავშირითაც გადადის და შთამომავლობასაც გადასცემენ. ტკიპები 2-6 წლამდე ცოცხლობენ და დაავადების გავრცელების შესაძლებლობას სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებენ. ეს დაავადება ჩვენთან ყველაზე ხშირად სამცხე-ჯავახეთში გვხვდება, ადრე რაჭაშიც დასნებოვნდა 1 კაცი, სამცხიდან წაღებული თივა აღმოჩნდა ინფიცირების კერა. სეზონი გვიან გაზაფხულიდან იწყება. ეს პერიოდი ტკიპების აქტიურობას ემთხვევა, გადამფრენი ფრინველების მიგრაციის მარშრუტი ამ ტერიტორიებზე გადის. ფრინველები სადაც ისვენებენ, იქ საძოვრებია, იქიდან კი პირუტყვზე გადადის. ავადდება არა მარტო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, არამედ მღრღნელებიც. ცუდი ისაა, რომ თვითონ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში ეს დაავადება პრობლემას არ წარმოადგენს, ვერ ვნებს. დასნებოვნებიდან, ანუ ტკიპის კბენიდან 1 კვირის შემდეგ პირუტყვი თავისუფალია ამ ვირუსისგან. თუ დასნებოვნებიდან 1 კვირაში არ აუღე ანალიზი, ვერც გაიგებ.
თუ დაემთხვა და სწორედ ამ ერთ კვირაში დაიკლა პირუტყვი და მისი სისხლი რაიმე ნაკაწრზე ან ჭრილობაზე შეგეხოთ, შესაძლებელია დაინფიცირდეთ, თუმცა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ მქონია.
- როგორ უნდა დავიცვათ თავი?
- რადგან პირუტყვს კლინიკური ნიშნები არა აქვს, ვერც ვერავინ იფიქრებს, რომ რაიმეთია დაავადებული, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. პირუტყვი უნდა დამუშავდეს წელიწადში ორჯერ, ერთხელ დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც ბაგიდან გარეთ უშვებენ, გაზაფხულზე, და მეორედ შემოდგომის ბოლოს.
- პროცედურა რამდენად ძვირია?
- დაახლოებით 2-5 ლარი ღირს. მარტივად გამოიყენება - ხერხემლის გაყოლებაზე უნდა დაასხათ წვრილად, ესაა სულ. სამწუხაროდ, ამასაც არ აკეთებენ და ეს ხდება მიზეზი ინფიცირებისა. ფრინველები მაინც იფრენენ, ტკიპები მაინც იქნებიან, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ - საქონელი უნდა დავამუშაოთ. ტკიპას ნაკბენი არ არის ხუმრობა და ჯობს დროულად მივმართოთ ექიმს. ასე მარტივად განიკურნება, ხოლო დაგვიანების შემთხვევაში 40% შესაძლოა ლეტალური გამოსავლით დასრულდეს. წელიწადში დედამიწაზე დაახლოებით 500 კაცი კვდება ყირიმ-კონგოს ვირუსით, მაშინ როდესაც 10-დან 15 ათასამდე ინფიცირდება. ამ ვირუსის გავრცელების არეალი დიდია. ფაქტობრივად, ბევრგან ვხვდებით. სამხრეთ აფრიკაშიც და ჩინეთშიც, მაგრამ მას უფრო თბილი კლიმატი უყვარს. საბერძნეთშიც ხშირად არის შემთხვევები, ესპანეთშიც....
"ყირიმ-კონგოს პრევენციის მიზნით ვაქცინა არ არსებობს"
ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი, - დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში აღმოჩნდა, მოგვიანებით აღირიცხა კონგოში, ნიგერიაში, სენეგალსა და კენიაში. საქართველოში პირველი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ფიქსირდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები. ბოლო წლებში გაუმჯობესდა დიაგნოსტიკა და ამიტომ შედარებით მეტი შემთხვევა ვლინდება - ყოველწლიურად 2-დან 4 ათეულამდე. ამ დაავადებას მაღალი ლეტალობა ახასიათებს. საზოგადოდ, ჰემორაგიულ ცხელებებს აქვთ მაღალი ლეტალობა, დაახლოებით 10-დან 35%-მდე.
- ადამიანიდან ადამიანს თუ გადაედება?
- არის ერთეული შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, თუ მძიმე პაციენტთან აქვს ადამიანს კონტაქტი და არ იყენებს სპეციალურ დამცავ საშუალებებს, როგორიცაა პირბადე, სათვალე და ა.შ.
თუ ინფიცირებული ადამიანის სისხლის წვეთი მეორე ადამიანს ლორწოვანზე მოხვდება, შეიძლება ვირუსი გადაედოს, თუმცა ეს იშვიათია.
ეს დაავადება არ გადადის არც საყოფაცხოვრებო და არც ჰაერწვეთოვანი გზით.
- ინკუბაციის პერიოდი რამდენ ხანს გრძელდება?
- ორიდან 9 დღემდე, იშვიათ შემთხვევაში 2 კვირა. ნაკბენიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში შეიძლება გამოვლინდეს სიმპტომები. პირველ სტადიაზე სიმპტომები შეიძლება იყოს არასპეციფიკური. ადამიანს ჰქონდეს ზოგადი ხასიათის სიმპტომები: ცხელება (39-400 С-მდე აწევით), სახსრებისა და კუნთების, თავის ტკივილი, კონიუნქტივიტი. ამ სიმპტომებით რთულია დაავადების ამოცნობა, ხოლო მეორე ეტაპზე იწყება სპეციფიკური სიმპტომები რომლითაც ხასიათდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. ესაა გამონაყარი კანზე, დიდი ზომის სისხლჩაქცევები, ჰემორაგიები არამხოლოდ კანზე. შემდეგ ვითარდება შინაგანი სისხლდენა, მაგალითად, პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს სისხლიანი ხველა, სისხლიანი შარდი, თვალებში ჩაქცევები, ღრძილებიდან სისხლდენა... შინაგანი სისხლდენა ჰემორაგიული ცხელების მთავარი და მძიმე გართულებაა. ასეთ დროს მკურნალობა რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოზი საწყის ეტაპზე დაისვას, როდესაც ადამიანს აღენიშნება არასპეციფიკური ცვლილებები.
პირველ ეტაპზე სისხლის საერთო ანალიზითაც შეგვიძლია ინფორმაციის მიღება, რადგან სისხლში თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება იწყება. ამის შემდეგ პაციენტი სპეციალიზებულ კლინიკაში იგზავნება და ხდება სპეციალური კვლევებით დიაგნოსტირება.
- თუ შევნიშნეთ ტკიპას ნაკბენი, როგორ ვიქცევით?
- 2 არჩევანი გვაქვს: თუ ახლოსაა სამედიცინო პუნქტი, სადაც 2-3 საათში მაინც მივალთ, იქ დაგვეხმარებიან ტკიპას სწორად ამოღებაში. თუ ვერ ვახერხებთ დროულად მიმართვას, უნდა ვცადოთ საკუთარი ძალებით მისი ამოყვანა ისე, რომ ტკიპას ნაწილი არ დარჩეს კანში. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ სპეციალური პინცეტი, ანტისეპტიკური ხსნარი და თან შიშველი ხელით არ უნდა ვიმოქმედოთ.
- როგორ გამოიყურება ტკიპას ნაკბენი?
- როგორც წესი, ტკიპა თავისით იშვიათად ტოვებს ჩვენს სხეულს... თუ მოხდა ისე, რომ მაინც მოშორდა, ის ტოვებს წითელ რგოლს, რომელიც შუაში ღია ფერის შეუცვლელი კანია, ხოლო გარედან რგოლად დასდევს სიწითლე.
გვახსოვდეს, რომ ყირიმ-კონგოს პრევენციისთვის ვაქცინა არ არსებობს. ამიტომ მაღალ რისკ-ჯგუფში მყოფმა პირებმა (ფერმერები, მონადირეები, ვეტერინარები) შესაბამისი ეკიპირებით უნდა იარონ მინდვრებში ან ცხოველთან სიახლოვისას, შინ მისვლისას კი დაითვალიერონ სხეული და თუ საჭიროება მოითხოვს, არ გადადონ ექიმთან ვიზიტი.