ახალი ათონის შემოსავლების ხელში ჩასაგდებად აფხაზ მღვდლებს შორის დიდი დაპირისპირება დაიწყო - კვირის პალიტრა

ახალი ათონის შემოსავლების ხელში ჩასაგდებად აფხაზ მღვდლებს შორის დიდი დაპირისპირება დაიწყო

აფხაზეთში თვითაღიარებულ ეკლესიებს შორის 14 წლის წინ დაწყებული დაპირისპირება ახალი სიმწვავით განახლდა. თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ვისარიონ აპლია მეთაურობს და მთავარი ტაძარი სოხუმში აქვს, ცდილობს წლების წინ ახალი ათონის მონასტერში შექმნილ ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას, რომელსაც დოროთეი დბარი უდგას სათავეში, წაართვას მონასტერი და მიმდებარე ტერიტორიები.

ადგილობრივი ტელეგრამარხების ცნობით, დოროთეი დბარს გავლენიანი პოლიტიკოსი, ალექსანდრე ანქვაბი მფარველობდა და ამიტომ შეინარჩუნა ამდენი წელი ყველაზე შემოსავლიანი მონასტერი, ახლა კი, როდესაც ანქვაბი დე ფაქტო ხელისუფლებიდან გაუშვეს და პოლიტიკაშიც აღარ ჩანს, ვისარიონ აპლიამ ჩათვალა, რომ დბარის პოზიცია შესუსტებულია და დრო იხელთა პრეტენზიების ხელახლა წამოსაყენებლად.

ვისარიონ აპლიას ჯგუფი დოროთეი დბარს აფხაზეთის მრავალეროვნული მართლმადიდებელი ხალხის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა“ და „სალოცავის შებილწვაში“ ადანაშაულებს. ახალ ათონში ულტიმატუმის წერილი 3 ივნისს გაიგზავნა, სადაც წერია, რომ აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის საბჭო მოითხოვს "დოროთეი დბარმა დატოვოს მონასტრის ტერიტორია, რომელსაც „წლებია უკანონოდ იკავებს". უარის შემთხვევაში, საბჭომ პირობა დადო, რომ დაუკავშირდება დე ფაქტო ხელისუფლებას დბარის იძულებითი გამოძევების მოთხოვნით.

"მონასტრის დატოვებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას თქვენი გაძევების მოთხოვნით, რათა აღდგეს აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უფლებები", - ნათქვამია დოკუმენტში.

წერილს ხელს აწერენ ვისარიონ აპლია და კიდევ 17 აფხაზი სასულიერო პირი. განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ხელმომწერებს შორის არის იეროდიაკონი დავით სარსანია, რომელიც დბარის თანამოაზრე იყო, 2011 წელს დოროთეი დბართან ერთად დააარსა ე.წ. წმინდა მიტროპოლია და მხოლოდ ახლა, ორი თვის წინ განუდგა თავის გუნდს და აპლიას ბანაკს შეუერთდა. როგორც აფხაზური ტელეგრამარხები იუწყებიან, სარსანიას გავლენების გაფართოების ამბიცია გაუჩნდა და ე.წ. წმინდა მიტროპოლიაში­ ინტრიგებს ხლართავდა დბარის წინააღმდეგ, რის გამოც დბარმა ის მარტში სვიმონ კანანელის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ სარსანია საკუთარ გუნდს განუდგა­ და საჯაროდ მოინანია 2011 წლის "განხეთქილებაში მონაწილეობა". მან დოროთეისაც მიმართა, ეღიარებინა თავისი არჩეული გზის შეცდომა" და შეერთებოდა "აფხაზეთის ეკლესიის ჯგუფს". დბარის მხარდამჭერებმა სარსანიას ქცევას ამაზრზენი უწოდეს.

დოროთეი დბარი მისი გამოსახლების ულტიმატუმს "ფეისბუქზე" ვრცელი წერილით გამოეხმაურა, რომ მხარდამჭერები მონასტერთან შეკრებებს გეგმავენ, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ და მოუწოდა, რომ ამ ეტაპზე თავი შეიკავონ. იქვე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში აფხაზმა სასულიერო პირებმა­ მოითხოვონ მისი ეკლესიიდან განკვეთა და ანათემა.

"არ გამიკვირდება, თუ უახლოეს მომავა­ლში ზემოხსენებული დოკუმენტის ხელმომწერი აფხაზი სასულიერო პირები ახალ მოთხოვნას წამოაყენებენ ეკლესიიდან­ ჩემი განკვეთისა და ანათემის შესახებ. მაგრამ... ეს არაფერს გადაჭრის!.. მე ვაგრძელებ ჩემს გზას და სანამ ცოცხა­ლი ვარ არ მივატოვებ ჩემს სამწყსოს, მთელი ძალით დავიცავ აფხაზეთის ეკლესიის ინტერესებს, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს. შემდეგ ისტორია განგვსჯის ყველას!" - წერს დბარი "ფეისბუქზე".

ოფიციალურად აფხაზეთი საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილია, თუმცა 1992-93 წლების ომის შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზები ქართველ სასულიერო პირებს არ უშვებენ და ბმა შექმნეს - თავისი ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის ცენტრია სოხუმში, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია და მას მეთაურად ჩაუდგა­ ვისარიონ აპლია. აპლია საქართველოს ეკლესიის მიერ არის მღვდლად ნაკურთხი. ის თავს აფხაზეთის ეკლესიის მეთაურად მი­იჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ წოდებით მხოლოდ მღვდელია. აპლია წლებია ითხოვს, რომ რუსეთის ეკლესიამ აფხაზეთი თავის იურისდიქციაში ოფიციალურად შეიყვანოს. რუსეთის პატრიარქი ამ მოთხოვნას საჯაროდ არასდროს პასუხობს, თუმცა ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ვებგვერდის მიხედვით, აფხაზეთის რელიგიურ ორგანიზაციაში შედის რუსეთის ეკლესიის 10 სასულიერო პირი, ისინი ჩადიან აფხაზეთში და ატარებენ საეკლესიო რიტუალებს. ამ აფხაზურ თვითგამოცხადებულ საეკლესიო სტრუქტურაში განხეთქილება 2010 წლიდან დაიწყო, როდესაც ახალი ათონის მღველმთავრად დანიშნულმა დოროთეი დბარმა და მისმა თანამოაზრეებმა დატოვეს ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის რიგები. 2011 წელს დოროთეიმ ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია შექმნა და ცენტრად ახალი ათონი გამოაცხადა. მას რუსეთის ეკლესია 2023 წლიდან განკვეთილად მიიჩნევს. დოროთეის სასულიერო განათლება კონსტანტინოპოლში აქვს მიღებული, მღვდლად კონსტანტინოპოლში აკურთხეს და ამის შემდეგ დაბრუნდა აფხაზეთში. დბარი აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიისთვის იბრძვის.

ვისარიონ აპლია 2011 წლიდან ცდილობს ახალი ათონიდან გამოაძევოს დბარის ჯგუფი და დრო და დრო გზავნის ულტიმატუმის წერილებს. საინტერესოა, რომ აღდგომას, 21 აპრილს, გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც დოროთეი დბარი და ვისარიონ აპლია ათონის მონასტერში ერთად ლოცვისას იყვნენ აღბეჭდილი და მაშინ აფხაზეთში ბევრმა ჩათვალა, რომ ეს შერიგების სიმბოლო იყო.

ოპოზიციური ტელეგრამარხები თავშეკავებულად გამოხატავენ დოროთეი დბარის მხარდაჭერას, დე ფაქტო სახელისუფლებო არხები კი ე.წ. წმინდა მიტროპოლიის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან. როგორც ტელეგრამარხი „"ამრა-ლაიფი"“ წერს, „წმინდა მიტროპოლიამ“ რეგისტრაცია სამართლებრივი დარღვევით და მაშინდელი „"პრეზიდენტის"“, ალექსანდრე ანქვაბის მხარდაჭერით მიიღო და ამიტომაც „სამართლებრივად“ ამ ორგანიზაციის გაუქმების შესაძლებლობა არსებობს. გარდა ამისა, დოროთეი წლების წინ მონაწილეობდა პოლიტიკურ დისკუსიებში, ჰქონდა თანამდებობაზე კენჭისყრის განზრახვა, რაც მკაცრად აკრძალულია რელიგიური დოგმებით და ამის გამო უნდა მოიკვეთოს რელიგიურადაც. „"ამრა-ლაიფის"“ მტკიცებით, ვისარიონ აპლიას მხარს უჭერს აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, დბარის მხარდამჭერი კი ანტირუსულად განწყობილი ოპოზიციის ნაწილი და ის ხალხია, ვინც ახალი ათონის ტერიტორიით კომერციულად სარგებლობს.

„დოროთეის მხარდამჭერთა ქმედებები მოტივირებულია არა იმდენად იდეოლოგიური მოსაზრებებით, რამდენადაც მრევლის შემოწირულობებიდან და მონასტრის გარშემო არსებული სხვადასხვა ობიექტის კომერციული საქმიანობიდან მიღებული მატერიალური სარგებლით. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც მონასტრის გამოყენებას ფულის გასათეთრებლად აგრძელებს. არიან ისეთებიც, ვინც მონასტრის ფინანსური ნაკადების გაკონტროლებაში არიან ეჭვმიტანილი. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ოპოზიციონერი ნატალი სმირი, რომელსაც, ათონელების თქმით, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე უკანონო კომერციული ქონება აქვს, განხეთქილებამ კი შესაძლოა არსებული ფინანსური სქემა დაანგრიოს, რაც კონფლიქტს რელიგიურიდან ეკონომიკურ დაპირისპირებაში გადაიტანს. თავის მხრივ, დოროთეი არა მხოლოდ არ ავლენს გაერთიანების სურვილს, არამედ აქტიურად თანამშრომლობს რუსეთში აკრძალულ ორგანიზაცია „"ეხო კავკაზასთან"“ და აქვეყნებს ერთობლივ მასალებს. ასეთი ფაქტები კითხვებს ბადებს, თუ ვინ არის სინამდვილეში დაინტერესებული აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების შენარჩუნებით და რა ინტერესები დგას ამ ქმედებების უკან", - წერს "ამრა-ლაიფი".

"აპლია თავის დროზე დიაკვნად საქართველოს პატრიარქმა აკურთხა და ახლა დიაკვანს მიაჩნია, რომ მეთაურია"

მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი:

- დოროთეი დბარის ჩამოყალიბებული ე.წ. წმინდა მიტროპოლია კანონიკურ ურთიერთობაშია ერთ-ერთ განდგომილ ბერძნულ ეკლესიასთან და არ ექვემდებარება ბესარიონ აპლიას ე.წ. აფხაზურ ეკლესიას. მართლმადიდებლური კანონით, ცნება "აფხაზური ეკლესია" არ არსებობს, რადგან ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის რუსულიც, აფხაზეთს საქართველოს ეკლესიის განუყოფელ ნაწილად თვლის. ამდენად, აპლია რომ ბევრს ლაპარაკობს, თითქოს აფხაზეთის ეკლესიის მეთაურია, ეს ხელოვნურად შექმნილი პოსტია. ის თავის დროზე დიაკვნად საქართველოს პატრიარქმა აკურთხა და ახლა დიაკვანს მიაჩნია, რომ მეთაურია. ე.წ. წმინდა მიტროპოლიის ყოფილი წევრი დავით სარსანიაც მღვდლად ჩვენი პატრიარქის ხელდასხმულია.

ამ დაპირისპირების საფუძველი დიდწილად პოლიტიკურია, იმიტომ, რომ დოროთეი დბართან უფრო ახლოს იყვნენ აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენლები, ისინი, ვინც დღეს ცნობილია, მათ შორის ნატალია სმირიც და ადგურ არძინბაც. აპლია არ ურიგდება იმას, რომ დბარმა თავის დროზე ახალი ათონი დაიკავა. როდესაც დე ფაქტო ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსანი მფარველობდა დბარს, აპლიას ჯგუფი ჩუმდებოდა და იწყებოდა კულუარული ბრძოლა. როგორც კი მფარველობა შესუსტდებოდა, დაპირისპირება იმ წუთშივე საჯაროდ გამოდიოდა. დბარი აცხადებს, რომ აფხაზური ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი, აპლია კი რუსეთთან შეერთების მომხრეა. ძალიან კარგად იცის დბარმა, რომ აფხაზეთის ეკლესიას დამოუკიდებლობას არავინ მისცემს, მაგრამ ეს პლატფორმა მომგებიანია, რომ აი, დბარი აღმოჩნდა უფრო დიდი "პატრიოტი", აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა უნდაო. დბარი განათლებული და მოაზროვნე ადამიანია, გარდა ამისა, ბრძოლის წესები აქვს შემუშავებული და ამ ბრძოლის და პიარის ნაწილია, რასაც ქადაგებს - აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა. რაც შეეხება აპლიას, ის პრაქტიკულად უდგება სიტუაციას, იცის, რომ ავტოკეფალიას არავინ მიანიჭებს, ამიტომ ითხოვდა რუსეთის ეკლესიასთან შეერთებას.

დბარს ანქვაბი მფარველობდა, რადგან ანქვაბის ცოლი, გვარად შონია, დბარის ახლობელია. დბარი აფხაზეთში ძლიერი გვარია, ამას ემატება პირადი ადამიანური ურთიერთობები. ის ქარიზმატულია და ამითაც ახერხებს წარჩინებულ პირებთან კარგი ურთიერთობის დამყარებას. ამდენად, დბარს ჰყავს თავისი მრევლი, მათ შორის იქაური ინტელიგენციის დიდი ნაწილი, აპლიას გარშემო კი უფრო რიგითი ადამიანები ტრიალებენ. უფრო სწორად, ხალხი აპლიას ირგვლივ კი არა, არამედ ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ირგვლივ არის შემოკრებილი. დბარის ეპარქიას „წმინდა მიტროპოლია“ ჰქვია და ვიღაც ბერძნებზე არიან დაქვემდებარებული, აპლია კი ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის სახელით მოქმედებს, ამიტომ ხალხიც და ნაწილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებაც აპლიას გვერდით არიან.

დბარს ჰყავს თავისი მრევლი, რომელსაც გავლენა აქვს დღესაც. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებიდან რამდენჯერაც მოუნდომეს გამოძევება, იმდენჯერ ამ ოპერაციას წყვეტდნენ, იმიტომ, რომ აფხაზ საზოგადოებაში დაპირისპირება არავის აწყობდა. ახლაც იგივე მოხდება, თუ რაღაც განსაკუთრებული უბედურება და კრიმინალი არ აღმოუჩინეს. რუსეთის ეკლესიამ რომც მოინდომოს, გაუჭირდება მისი გამოძევება, იმიტომ, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. რუსეთს აფხაზეთში სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საპატრიარქო მალულად მოქმედებს აფხაზთა თემში გავლენის მოსაპოვებლად და სასულიერო პირებს გზავნის, რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიასთან მაინც ცდილობს დელიკატურობის შენარჩუნებას. საქმე ის არის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათა გაერთიანებაში რუსეთის ეკლესია პირველი არ არის არც ტრადიციის და არც ისტორიის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ცდილობს არ გახადოს მდგომარეობა საკამათო. არ სჭირდებათ აპლიას ან დბარის გამო ახალი თავსატეხი.

ეკატერინე ბასილაია