"ებრაელთა ერს და სახელმწიფოს დიდი პლუსი აქვს - ჩვენ ვიცით მიწის ფასი, ამიტომ გადავიტანეთ ამდენი რამ, ამიტომ გადარჩა ებრაელი ერი"
ისრაელსა და ირანს შორის არსებული ვითარება ისევ მწავედ რჩება. ორივე ქვეყანაში ისევ საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული და ისევ ისმის აფეთქებების ხმა. ხალხი ყოველ წუთას ელოდება განგაშის სიგნალს. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუკი ირანი კვლავ განაგრძობს ისრაელის დაბომბვას, ირანელ ხალხს ძვირი ფასის გადახდა მოუწევს.
კვირას, 15 ივნისსაც, ისრაელმა და ირანმა განაგრძეს საჰაერო იერიშები. ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანი დაბომბეს. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის დარტყმების შედეგად სულ 128 ადამიანი დაიღუპა და 900 დაიჭრა. საპასუხოდ, ირანმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა ისრაელის ტერიტორია, სადაც ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაიჭრა.
დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი მზად არის შეწყვიტოს ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები, თუ ისრაელი შეაჩერებს თავის იერიშებს ირანზე. არაღჩის თქმით, ირანს არ სურს კონფლიქტის გაფართოება რეგიონის სხვა ქვეყნებზე და მოქმედებს მხოლოდ „თავდაცვის“ ფარგლებში. როგორც საზოგადობისთვის ცნობილია, 13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს. ჩნობილია, რომ ჩაკეტილია საჰაერო სივრცეთ, შეწყვეტილია ფერენები და მთელი მსოფლიო ელოდება სიტუაციის დასტაბილურებას.
ჩვენ ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელს ლევან ბარდანაშვილს დავუკავშირდით. ბატონი ლევანი, იგივე ლევ ბარდანი დიდი ხნის წინ მშობლებთან ერთად წავიდა საქართველოდან და რამდენიმე ათეული წელია ისრაელში ცხოვრობს. წლების განმავლობაში იგი ისრაელის წარმომადგენელი იყო აზერბაიჯანსა და კავკასიაში. ბატონ ლევანს ტერორიზმის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს, ისრაელში უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა, ადრე იქ უშიშროების საბჭოს წევრიც იყო. მისი თქმით, ისრაელში მდგომარეობა ისევ რთულია.
- ბატონო ლევან, რა ვითარებაა ისრაელში, ისევ ისმის განგაშის სიგნალი?
- სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის იოლი, სულ განგაშის სიგნალის მოლოდინში ვართ, იცით რომ ჩვენთანაც არის მსხვერპლი. თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ ისრაელის მიერ ირანში განხორციელებულ იმ 48 საათიან მოქმედებას, ეს არის მართლა საოცრება. ნახეთ რა შედეგი, როგორი წარმატება მოიტანა ამან. ირანში რაც ისრაელმა გააკეთა, ეს არ არის იოლი საქმე, ამხელა მასშტაბზეა საუბარი, ეს ისტორიული საოცრებაა. ეს არის გარკვეული წლების ბრძოლა. იცით, თითქმის 30 წელია იბრძვის ირანი, რომ ისრაელი, როგორც სახელმწიფო გაანადგუროს. ისრაელი იძულებული იყო დღეს ეს ნაბიჯი გადაედგა, რადგან ირანი მოქმედებებს მაინც აგრძელებდა. 21-ე საუკუნის წარმატებული ნაბიჯია ისრაელის ისტორიაში. ასეთ სიტუაციაში, სადაც თითქმის 1800 კილომეტრია დაშორება სახელმწიფოებს შორის და ასეთ წარმატებას მიაღწიო 48 საათში, ეს ძალიან მაგარია, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ისრაელისთვის და ასევე მაგალითი მსოფლიოსთვის. ირანში საავიაციო ცენტრი განადგურებულია, გაანადგურა გენერლები და ის მეცნიერები, ვინც ქმნიდა ატომურ იარაღს. რა თქმა უნდა, მოყვა ამას საპასუხო მოქმედებები ირანის მხრიდან ჩვენი ქალაქების მისამართით, ჩვენთანაც არის სამწუხაროდ მსხვერპლი, მაგრამ ჩვენ შეჩვეულები ვართ ასეთ სიტუაციას, ჩვენი ერი სულ იბრძვის. პირველ დღეს სამი ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა, გუშინ სამწუხაროდ, უფრო დიდი მსხვერპლი იყო. კორპუსები განადგურდა და ამ დრომდე გრძელდება კიდევ ხალხის ამოყვანა ნანგრევებიდან. ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ექვსი ადამიანი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ბათ-იამში დაიღუპა, სადაც დარტყმა საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა. კიდევ ოთხი ადამიანი ქალაქ ტამრაში დაიღუპა, სადაც ასევე შენობები დაზიანდა. სამწუხაროდ გვაქვს მსხვერპლი, ძალიან განვიცდით ამას, მაგრამ ჩვენ ქვეყანას არავითარი უფლება არ აქვს, რომ არ გაუწიოს წინააღმდეგობა ატომური იარაღი შექმნას. ამის შექმნის მიზანი ხომ ის არის ებრაელი სახელმწიფო გაანადგურონ. მადლობა უფალს, უმკლავდება ჩვენი სახელმწიფო და ჰაერში ხდება განეიტრალება ბომბების. ზოგადად, რეგიონში ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა და ვნახოთ რა გაგრძელება ექნება ამას. რთული ვითარებაა რეგიონში რამდენიმე წელია, დიდი ცვლილებებია, რაც მოხდა მთლიანობაში ვნახავთ. ხედავთ ისევ გრძელდება ბრძოლები ღაზის სექტორშიც, იცით როგორ ცდილობდნენ მოლაპარაკების მიღწევას ირანთან, რომ უარი ეთქვა ამის შექმნაზე, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ ირანი მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანას ცდილობდა, ჩვენ უკვე სხვა გზა არ გვქონდა, ჩვენ გამოვნახეთ ის მომენტი, სადაც შეიძლებოდა ჩვენი მიზნები განხორციელებულიყო მტრის წინააღმდეგ და ძალიან დიდი ზარალი მიადგა ირანს. კიდევ რამდენიმე კვირაც დაგვჭირდება ალბათ, მაგრამ ჩვენი უკან დახევა შეუძლებელია. ალბათ გავუძლებთ, ასევე ვნახოთ კიდევ რა როლს ითამაშებს მსოფლიო. ირანს შიგნით, თავის ქვეყანაშიც აქვს პრობლემები. ყველა არ უჭერს მხარს მათ ამ ქმედებებს. სუნიტებსა და შიიტებს შორის რაც ხდება, ირანისთვის ისიც თავსატეხია. ირანში გართულებულია ისედაც ვითარება, ბევრი შიდა პრობლემაა.
- ღამეს თავშესაფრებში ათევთ?
- დიახ, ძირითადად თავშესაფრებშია მოსახლეობა, ან სახლებსაც აქვს დაცული ოთახები და იქაც ვაფარებთ თავს. გვაქვს კომუნიკაცია ახლობლებთან და სულ განგაშის სიგნალის მოლოდინში ვართ, განგაშის სიგნალის მიღებიდან 10 წუთი გვაქვს იმისთვის, რომ თავშესაფარს შევაფაროთ თავი. ირანმა გამოუშვა რაკეტები, მაშინვე ისმის შეტყობინება, გააჩნია, როგორი სახის რაკეტაა, თუკი 12 წუთიანია, 10 წუთში უნდა მოასწრო თავშესაფარში შესვლა და სულ ისმის შეტყობინება, იყავით ახლოს თქვენ თავშესაფრებთან, მერე როცა საფრთხე აღარ არის მოდის შეტყობინება, რომ შეგიძლია დატოვო თავშესაფარი. შეგიძლია ამოხვიდე. ხალხი მიჩვეულია ამას, აქ არ იგრძნობა შიში, ისმის სიმღერები, ლოცვა და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბავშვები არ დაისტრესონ. ბავშვებს კი უჭირთ ხოლმე. მაგალითად დღეს რამდენჯერმე დამირეკა ჩემმა შვილიშვილმა და სულ მეკითხება როგორ ხარო. ამას ვუძლებთ არ არის იოლი. ჩვენი მოსახლეობა ძლიერია, ჩვენთვის მთავარია ისრაელის დაცვა, მისი სიძლიერე. მაღაზიები ყველაფერი ღიაა ნებისმიერ დროს შეგიძლია პროდუქტების ყიდვა. ყველაფერი მუშაობს მხოლოდ სკოლები და ბაღები, სასწავლო დაწესებულებებმა შეწყვიტა მუშაობა. მადლობა უფალს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა ხალხი იმარაგებს ცოტა პროდუქტებს, არ იციან რა იქნება. ჩემი შვილიშვილი გოგონა, ჯარისკაცია, ეს დღეებია ვერ ვუკავშირდებით, მხოლოდ მივიღეთ მისგან ერთი შეტყობინება, რომ კარგად არის. რას იზამ ეგ არის ჩვენი ცხოვრების ბედი, ჩვენ ეს გვესმის, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მობილიზებული მთლიანობაში მთელი სამხედრო და ვნახოთ როგორ წავა ვითარება, მთავარი ეგ არის, რომ რა წერტილი დაესმევა ამ ომს ირანთან, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ შეგვიძლია მათ მივცეთ საშუალება, რომ შექმნან ატომური იარაღი, რომელიც მიდის პირველ რიგში ჩვენს წინააღმდეგ.
- თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ შესაძლოა ვითარება კიდევ მეტად დაიძაბოს
- რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ მთავარი არის აქ რა როლს ითამაშებს ჩინეთი, რუსეთი. ჩვენს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საუბარი პუტინთან, ამერიკის პრეზიდენტი ელაპარაკა პუტინს. მესმის რუსული პოლიტიკა, მაგრამ საუბარი მაინც შედგა. მაგათი ხაზი არის ეგეთი, ირანი, რუსეთი და ჩინეთი. როგორ შეიძლება, რომ ეგეთმა სახელმწიფომ შექმნას ატომური იარაღი. ძალზე გართულდა გეოპოლიტიკური ვითარება ჩვენს რეგიონში, ვნახოთ როგორ დალაგდება, მე არ მგონია რომ საქმე მსოფლიო ომამდე მივიდეს, მაგრამ ესეც ხომ ფაქტია, რომ მსოფლიო შეიცვალა და საკმაოდ დიდი საფრთხეებია, საფრთხე ემუქრება პატარა ერებს, ასეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში და თანაც ისეთ რეგიონებში, როგორც კავკასიაა, როგორც შუა აზიაა. პატარა ერებს სხვა უფრო სიძლიერე სჭირდებათ ეროვნული სულისა და ეროვნული ეროვნული სიძლიერე. თორემ დღეს ნახეთ რა ხდება, ემიგრაცია, მიგრაცია. მთელ მსოფლიოში პრობლემებია. ვუყურებთ ეს სამი წელია რა ხდება უკრაინაში და როგორი შედეგი გამოიწვია მთლიან რეგიონში ამ ომმა. სიფრთხილე მართებთ დღეს მცირე ერებს უფრო მეტად. ჯერ ისევ არ არის ჩამქრალი ყარაბაღის ომიც... 21-ე საუკუნე არ არის იოლი საუკუნე, ბევრი ცვლილებები შეიძლება კიდევ მოხდეს და ალბათ მოხდება, და მნიშვნელოვანია რა როლს ითამაშებს ეს წამყვანი სახელმწიფოები. ომი არ არის იოლი, მაგრამ ჩვენთან ერთი ფაქტია, რომ თვითონ ერია ძლიერი სულიერად და რა თქმა უნდა, სამხედრო და ეკონომიური სიძლიერე გვაქვს. ვნახოთ, როგორ წავა ეს ამბები. ეს ომი ირანთან მარტო არ არის დღევანდელი და ხვალინდელი დღის, ეს გაგრძელდება. ჩვენ ვეხმარებით რაც შეგვიძლია, მოახლეობა ასეთ დროს ჩართულია მოხალისედ და რასაც ქალაქი თხოვს ჩვენს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ყველანი მივდივართ და რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ვაკეთებთ. ეს ჩვენი ეროვნული ვალია, ასე ვართ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება ეროვნული ვალი ჩვენი ერის წინაშე ყოველთვის მოვიხადოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. დაკეტილია ამჟამად ისრაელის საჰერო სივრცე, არ არის ფრენები, შეიძლება გაიხსნას იმ კვირაში, ბევრი ისრაელის მოქალაქე ჩარჩებილია სხვადასხვა ქვეყანაში და ელოდება საჰაერო სივრცის გახსნას. ებრაელთა ერს და სახელმწიფოს დიდი პლუსი ეს აქვს, რომ ჩვენ მიწის ფასი ვიცით, ამიტომ გადავიტანეთ ამდენი რამ, ამიტომ გადარჩა ებრაელი ერი. ებრაელმა სადაც უნდა იცხოვროს, მისთვის მთავარი ხერხემალი მაინც ისრაელია. თუ დასჭირდა, მის სადარაჯოზე აუცილებლად დადგება. მეც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სულ ჩართული ვიყავი. ამ წლებმა დიდი გამოცდილება მომცა.
(სპეციალურად საიტისთვის)