„ჩეჩენი და ქართველი ხალხი ერთი ბუდიდან უნდა იყოს გამოსული“ - კვირის პალიტრა

„ჩეჩენი და ქართველი ხალხი ერთი ბუდიდან უნდა იყოს გამოსული“

"მახამღაზ ხანგოშვილი - პანკისის ხეობის მეხსიერება და ღირსება, ქველმოქმედი, სწავლული, მკაცრი და ამავე დროს სითბოთი სავსე", - ასე იხსენებს მკვლევარი მექა ხანგოშვილი თავის პაპას, მახამღაზ ხანგოშვილს, რომელიც პანკისის პირველი მოსახლის, დუი ციცხაშაშვილის შვილთაშვილი და პანკისის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება გახლდათ. როგორც ქალბატონი მექა ამბობს, მახამღაზ ხანგოშვილი თურმე ხშირად ხუმრობდა, ჩემი სამივე ვაჟის უმაღლესი განათლება მუხლებამდეც არ მწვდებაო. "კაცი, რომელმაც თავად ისწავლა არაბულად წერა-კითხვა, წმინდა წიგნის, ყურანის ენა, ასევე მშობლიურ ქართულ ენაზე წერა-კითხვა და აკეთებდა უაღრესად მნიშვნელოვან ჩანაწერებს... იშვიათად ხდება სამყაროში, რომ მამამთილსა და რძალს შორის ისეთი ადამიანური ურთიერთობა არსებობდეს, როგორც დედაჩემსა და პაპაჩემს შორის იყო. ესეც მისი გამორჩეული პიროვნული შტრიხია. ხშირად მიფიქრია, საიდან იყო ჩვენში ასეთი განუმეორებელი სიყვარული­ ორივე სამშობლოსა და ქართველ-ვაინახების მიმართ - გენეტიკური კოდი ხომ უძლიერესია და არ იკარგება, აი, თურმე საიდან", - ამბობს მექა ხანგოშვილი. გაზეთი "კვირის პალიტრა" უცვლელად გთავაზობთ მახამღაზ ხანგოშვილის უბის წიგნაკის ჩანაწერებს, რომელიც პანკისში ქისტებისა და ქართველების თანაცხოვრების უნიკალურ ისტორიულ სურათს გვიხატავს - პატივისცემით, ტკივილითა და მადლიერებით აღბეჭდილ სინამდვილეს, რომელიც დღესაც ზუსტად იმ ღირებულებებს გვახსენებს, რაც ხალხების თანაცხოვრებას ამყარებს...

"ჩვენ, ქისტების ექვსი გვარი, 1826 წლიდან ვცხოვრობთ საქართველოს მიწა-წყალზე, ჩვენ ვართ სტუმრები ქართველი ხალხის,­ ჩვენ შეგვინახა, გვიმასპინძლა, გვიპატრონა ქართველმა ხალხმა. ქართველი ხალხი არის ვაჟკაცი ხალხი, სტუმართმოყვარე, სტუმრის შემნახველი ხალხი. ქართველი ხალხი სტუმარს იღებს, როგორც საკუთარ დედ-მამას, გიმასპინძლებენ კარგად. იმ წუთას გაშლიან სუფრას, რომელიც ზოგჯერ ერთი კვირაც კი გრძელდება, სანამ სტუმარი წავა მანამდე,­ ქართველის წესი და კანონი ასეთი არის... ქართველებმა ჩვენ, ქისტები შეგვინახა,­ ოთხი სოფელი, ათასზე მეტი კომლი 1826 წლიდან 1974 წლამდე (ეს ჩანაწერი გაკეთებულია 1974 წელს - მ.ხ.). აი, სტუმრის შენახვა ეს არის, განა ერთი და ორი კაცი, ათასზე მეტი კომლი თავიანთ მიწა-წყალზე. აი, ამას ჰქვია სტუმრის შენახვა და პატივისცემა...

...ჩვენ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქისტებს, ფშავლებსა და ოსებს, 1927 წლამდე ერთმანეთთან არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, ხდებოდა სისხლის აღება, ქურდობა­ და გლეჯვაც. ახლა, საბედნიეროდ, კარგად ვართ, ამ ჩვენმა ოქრო მთავრობამ მოგვაჭკვიანა. ჩვენ სულ ყველა ხალხისთვის, წინათ, ნიკოლოს (ნიკოლოზის მეფობის დროს) დროს თითო-ოროლა კაცისთვის თენდებოდა­ მხოლოდ, ისინი იყვნენ ბატონები, მთელი მიწა, ტყე მათი იყო, გლეხები მათი მოჯამაგირეები იყვნენ. აქამდე ნიკოლოს მთავრობა რომ ყოფილიყო, ნახევარი ჩვენი ხალხისა ცოცხალი არ იქნებოდა....

...ქართველი და ჩეჩენი ხალხი, როგორც მე ვფიქრობ, როგორც მე მგონია, ამ ფაქტებით ერთი სისხლის ხალხი არიან. სამხედროში, რომ იყოს, ერთ ლაგერში (ე.ი. ბანაკში) ათი ნაციის ხალხი, იმ ხალხში ერთი ჩეჩენი და ერთი ქართველიც თუ იქნება, როგორც კი ერთმანეთს დაინახავენ, იმ წუთას ამხანაგები­ გახდებიან, საცა ერთი მოკვდება, იქ მეორეც მოკვდება, ერთიც და მეორეც ერთად შეჭამს თუ გინდ ციხეში იყოს, თუ გინდ გარეთ, თუ გინდა "გოროდში", თუ გინდა სოფე­ლში. სადაც არ უნდა შეხვდნენ, ამხანაგები იქნებიან.

486269953-10016415711703990-1653163454901160309-n-1750019151.jpg

ქართველი ხალხი, ჭკვიანი, მარიფათიანია, გამოცდილი ვაჟკაცები, დიდად ნასწავლი­ ხალხი. ერთი მუჭა ხალხია, მაგრამ სტალინი სად დაჯდა, მთელი სახელმწიფო რუსებისა ერთ მუშტში ჰქონდა, ჭკუა ჰქონდა, მარიფათი ჰქონდა, დაფიქრება­ შეეძლო, აზრი და შნო ჰქონდა, კიდევ ბევრი რამე იცოდა, აქედან წავიდა "მასკვაში" და იქ დაჯდა სახელმწიფოს­ თავში, ეგეთი რამე არ ყოფილა მსოფლიოში.­ გიორგი სააკაძე როგორი მეომარი იყო, ეგეთი არავინ არ ყოფილა. ქაქუცა როგორი ყოჩაღი იყო, ვაჟკაცი, მაგას უნდოდა­, როგორც წინათ იყო, ისეთი საქართველო,­ გაცალკევება (ე.ი. ცალკე, დამოუკიდებელი) უნდოდა, მაგრამ ვერ გავიდა ქაქუცას­ ვაჟკაცობა, უღალატეს და წავიდა სხვა სახელმწიფოში. მწერალი შოთა რუსთაველი, როგორი დიდი სახელოვანი მოღვაწე,­ ჩვენს სახელმწიფოში პირველი მწერალი. ესენი ქართველი ხალხია, ეგეთი ხალხი და ლომები­ რომელ ნაციას ყოლია, ეგეთ პატარა ნაციას კი არა და დიდ ნაციასაც არ ყოლია...

...ერთი გულით და სულით, ერთიმეორის სიყვარულით ჩეჩენი ხალხი ქართველ ხალხს ძალიან მხარს უჭერს და ქართველი­ ხალხიც მხარს გვიჭერს. ჩემი აზრით, ქართველების და ჩეჩნების სისხლი უნდა იყოს ერთი...

...სვანები ქართველი ხალხია, მთის ხალხი. სისხლის აღება ძალიან მაგრად იციან. 1935 წლებში დუისისა და ჯოყოლოს საბჭოში "ლესნიკად" (ე.ი. მეტყევედ) მუშაობდა ოთარ დადეშქელიანი. თავად ჰყავდა კაცი მოკლული და ამიტომ იყო გადმოხვ­ეწილი. თვითონ მიამბო, ძალიან მაგრად ყოფილა მათში სისხლის აღების წესი. როგორც ჩეჩენ მელხებს (მითხოელები, ჩეჩნების ერთ-ერთი გვარის, თეიფის წარმომადგენლები) აქვთ მაგარი წესი (სისხლის აღების), სვანებისა და მელხების ზუსტად ერთი კანონია და ერთი წესი არის. მე მგონია ამ ფაქტებით ჩეჩენი და ქართველი ხალხი ერთი ბუდიდან უნდა იყოს გამოსული...

...ბათუმში ვიყავი და აჭარლების კანონები და წესები, ადათები გავიცანი, სისხლის აღების წესი მაგარი ჰქონიათ: მკვლელობა, დაჭრა, დანიშნულის მოტაცება და სხვ. სტუმარმასპინძლობის წესიც ძალიან მომეწონა...

1961 წელს დუისიდან მივდიოდი თბილისში ავტობუსით, როგორც წესია, ავტობუსში ზოგნი ამოდიოდნენ, ზოგნი ჩადიოდნენ. თელავში ამოვიდა ერთი კაცი, ნასვამი­ იყო და დაიწყო უხეში სიტყვებით­ საუბარი. ჩემ წინ მჯდარმა კაცმა უთხრა, გაჩერდი, მთელი ხალხი შენ გიყურებსო, მაგრამ ნასვამს შარი უნდოდა და რა შენი საქმეა, ჩემი უფროსი ხომ არ ხარო. წინ მჯდომმა, თავი გამანებეო, მაგრამ მთვრალი­ არ გაჩერდა და დედა შეაგინა,­ თურმე ფხიზელი აჭარელი ყოფილა და დედის­ შეგინებაზე გაგიჟდა, ჭკუიდან გადა­ვიდა და დაიწყო შემგინებლის ცემა. მთელი ავტობუსი ფეხზე დადგა, მაგრამ აჭარელს მთვრალი ხელიდან­ ვერ გააგდებინეს, დედა როგორ შემაგინა, დედამ შემინახა, თავის მუცელში ცხრა თვე მატარა,­ ორი წელი ძუძუ მაჭამა, ზაფხულის მოკლე ღამეში ტკბილი ძილიდან ორჯერ მაინც ხომ ამდგარა ჩემი გულისთვის, ეხლაც დედა მინახავს და ამას თავი როგორ უნდა გავანებო, უნდა მოვკლაო. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, ნამდვილად მოკ­ლავდა, გურჯაანში ჩამოვსვით, აჭარელსაც ჩასვლა უნდოდა და ძლივს გავაჩერეთ, კიდევ იძახდა, უნდა მოვკლაო. აი, ეს წესი და კანონი, ადათი ძალიან მომეწონა, ჩვენსას გავს ძალიან...

...ქართველის კარგი წესი: თუ ვინმე კაი რამეს გააკეთებს, პატარა იქნება ეს თუ დიდი, ან მწერლობაში, ან სხვა გეგმაში, ან ხელობაში, ან სხვა რამეში, დააფასებენ ერთიორად, აამაღლებენ მეტად, მიიღებენ ძვირფასად. ეს ხომ საკუთარი ხალხის დაფასება არის, ვაჟკაცური საქციელია. ამაზე კარგი წესი არ არსებობს. ქართველთან თუ ამხანაგობა გინდა ან მეგობრობა, ან ნათესაობა, შენ უნდა იყო მართალი კაცი ორ რამეში: არ უნდა უღალატო და ტყუილი არ უნდა თქვა. ტყუილი ერთხელ შეიძლება გეპატიოს, მაგრამ თუ გამეორდა, ამხანაგობა, ნათესაობა გათხელდება".

ხათუნა ბახტურიძე