"ვინც პატრიარქს ადრეც იცნობდა, ამას ყველა ვხედავთ და ვგრძნობთ... ბოლო დროს, სულ მოწყენილი, სევდიანი­ და ჩაფიქრებულია, ეს მძიმე სანახავია..." - კვირის პალიტრა

"ვინც პატრიარქს ადრეც იცნობდა, ამას ყველა ვხედავთ და ვგრძნობთ... ბოლო დროს, სულ მოწყენილი, სევდიანი­ და ჩაფიქრებულია, ეს მძიმე სანახავია..."

"შეიძლება ითქვას, რომ ძალიან გამიმა­რთლა, ბევრ ისეთ ადამიანთან ურთიერთობის ბედნიერება მქონია და მაქვს, რომლებმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემს ცნობიერებაზე, აზროვნებაზე, მსოფლმხედველობაზე, გარკვეულ პროცესებზე... დღეს თქვენთან ვისაუბრებ ადამიანზე, რომელზეც საჯაროდ არასდროს მილაპარაკია, მიუხედავად ჟურნალისტების არაერთგზის მცდელობისა",

- ამბობს მსახიობი კახა მიქიაშვილი.­

ეს ადამიანი კი საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია II IIგახლავთ.

- უფალს მადლობა! წლებია უწმინდესთან ურთიერთობის ბედნიერება მაქვს.­ მეორე კურსზე ვიყავი, ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე, ქაშუეთის ტაძარში­ გიორგობა­ დღეს მისი უწმინდესობა ლოც­ვაზე­ იყო მოსული და პირველად მაშინ ვნახე. ლოცვის შემდეგ ტაძრიდან რომ გამობრძანდა, როგორც ჩანს, ვაქტიურობდი, შემომხედა, გამიცინა და ნაკურთხი წყალი შემასხა. მისი მაშინდელი ღიმილი დღემდე გამორჩეულად მახსოვს...

2009 წლის მაისი იყო, ჩემი მოძღვრის,­ მამა ელიზბარ ოდიშვილის მეშვეობით საპატრიარქოში მო­ვხვდი და მუშაობა დავიწყე.­ მამა ელიზბარის როლი, გავლენა­ და დამსახურება უდიდესია ჩემს ცხოვრებაში. მისმა უწმინდესობამ დაგვლოცა. შემდეგ დღეებში კი დაიწყო მასთან ჩემი პირადი, ძალიან უშუალო ურთიერთობა.

დილა იყო, საპატრიარქოში მორიგე­ ვიყავი. პატრიარქი ადრე დგება. დავინახე, სალოცავად მარტო ჩამოვიდა, მეც მარტო ვიყავი. გავყევი, ეს ჩემი მოვალეობა­ იყო. ლოცვის შემდეგ მეუბნება, - თქვენ ვინ ხართ, რა პროფესიის ბრძანდებით? ვუთ­ხარი, რომ მსახიობი ვიყავი. მერე დეტა­ლები­ გამომკითხა, დაინტერესდა კონკრეტულ თეატრებში რა ხდებოდა. მოგეხსენებათ, ხელოვნება ძალიან უყვარს. პატრიარქი მასზე უმცროსს, მორჩილს, ყველას თქვენობით ელაპარაკება. ამის შემდეგ სამებაში ნათლულების­ დალოცვაზე მიდიოდა და მითხრა, წამოდიო.­ ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

ჩემი შვილი თინა რომ უნდა დაბადებუ­ლიყო,­ საპატრიარქოში დავრეკე და ვით­ხოვე, უწმინდესს დაველოცეთ. შუადღე იყო, მას შემდეგ საათში ერთხელ არეკვინებდა და ამბავს კითხულობდა, როგორ ვიყავით.­ ბავშვი ღამის 2 საათზე დაიბადა და პირველმა­ მან მომილოცა, ეს როგორ დამავიწყდება. ამ ამბებს რომ გიყვებით, არ გეგონოთ, მე განსაკუთრებული ვარ, უწმინდესი ყველას მიმართ ასეთია. უამრავი მცდელობის მიუხედავად, დღემდე არც ერთ ჟურნალისტთან პატრიარქზე საჯაროდ არ მილაპარაკია. არის დეტალები, მათ შორის ხილული სასწაულები, რომლებსაც ჩემთვის დავიტოვებ, ნაწილს გაგანდობთ.

პატრიარქს უნიკალური თვისება აქვს, რამდენადაც დიდია მისი სტატუსი, იმდენად ჩვეულებრივია, შენნაირი, ძალიან უბრალო, ადამიანებს ისე გამოელაპარაკება, გავიწყდება, რომ ის პატრიარქია.

დიდი იუმორი აქვს. ერთ დღეს დილის გადაცემას, რომელიც წლებია მიმყავს, მოვრჩი და საპატრიარქოში მივედი. დამიძახა, ზემოთ ამოდიო. ავედი და მეუბნება, ტელევიზორში გიყურე, ეგ ზედა არ გიხდებოდა, აბა, ეს ჩაიცვიო და თავის თეთრი სვიტერი­ მომცა. ასეთი ბევრი მოგონება მაქვს. პატრიარქს არ სჩვევია შენიშვნების მიცემა, როცა მის გვერდით ხარ, შენვე ხვდები, როგორი უნდა იყო. საოცრად მზრუნველია, ყურადღებიანი.

- სასწაულები ახსენეთ, რას გაიხსენებთ?­

- ბევრი სასწაული მომხდარა, ზოგი თავად მინახავს, შევსწრებივარ, ზოგიც მსმენია. ჩვენ თითქოს ცის გახსნას ველოდებით­, სასწაული რომ დავინახოთ და ძალიან­ მარტივ დეტალებს არ ვაკვირდებით.

როცა ჯვარი დავიწერეთ, პატ­რიარქმა­ დაგვლოცა და სამოგზაუროდ თურქეთში­ წავედით. ჩავედით თუ არა, ზღვაში ჯვარი­ დავკარგე, ძალიან განვიცადე, ვინერვიულე. საქართველოში რომ დავბრუნდით, მეორე დღესვე საპატრიარქოში მივედი, მითხრეს, პატრიარქი გელოდებაო. გამომკითხა, როგორ ხარ, თურქეთი როგორ მოიარეთო. მერე დედაოს უთხრა, ჯვარი გამოიტანეო. მანამდე უწმინდესისგან საჩუქრები არაერთხელ მიმიღია, მაგრამ ჯვარი არასდროს უჩუქებია. დედაოს რომ ჯვრის გამოტანა დაავალა, ავღელდი, ვუამბე, ასე და ასე მოხდა-მეთქი. გამიღიმა და ჯვარი გულზე დამკიდა.

ერთია სიტყვით ქადაგება და მეორეა - ქმედებით. პატრიარქის სიტყვაც და საქმეც ერთია, ამითაც უნიკალურ მაგალითს გვაძლევს. მრავალწლიანმა და ზოგჯერ ყოველდღიურმა ურთიერთობამ მაჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე აქვს, საოცრად მზრუნველია, არავინ ავიწყდება - აბა, ამას დაურეკეთ, მოიკითხეთ, როგორ­ არის, იმასთან წადით, ამბავი გაიგეთო. მერე იმ ადამიანებიდან არაერთს უთქვამს, ზუსტად იმ დროს გვჭირდებოდა ნუგეში, როცა პატრიარქმა მოგვიკითხაო...

უწმინდესის ცხოვრება არის გამუდმებული ფიქრი და ზრუნვა ადამიანზე. ალბათ, ბოლომდე ვერ ამოვხსნი, რა ფენომენია.

პირველივე შეხვედრისას მკითხა, შინ მცენარეები გაქვსო? სხვათა შორის, ამ შეკითხვას ადამიანებს ხშირად უსვამს­. სტუმრებს­ საპატრიარქოს ულამაზეს ბაღ­შიც­ მასპინძლობს. როცა დრო ჰქონდა, ბაღში დაჯდებოდა და მუსიკას იქ უსმენდა.­ გამორჩეულად უყვარს მოცარტი. ნათქვამი აქვს, შემიძლია მოცარტი ჩავრთო და დღეები ვუსმინოო.

მცენარეების ჩუქებაც­ უყვარს, რამდენიმე­ ნერგი თბილის­საც აჩუქა - როგორც ვიცი, რუსთაველის გამზი­რის დასაწყისში რომ ზეთისხილის ხეა, პატრიარქის საჩუქარია დედაქალაქისადმი. უყვარს ცხოველები და ფრინველები, მათ ჩვეულებრივად ესაუბრება, როგორც ცოცხალ არსებებს.

ბოლო დროს უძლურებაშია, მაგრამ იყო დრო, თეატრში დადიოდა, პრემიერებს­ არ ტოვებდა. ხომ არსებობენ უკვე ასაკში შესული დამსახურებული არტის­ტები, ისე აქტიურად რომ აღარ ჩანან,­ დამიძახებდა და მკითხავდა ხოლმე, როგორ არიან, მოვიკითხოთ, დავპატიჟოთო. წარმოგიდგენიათ, რამდენად დიდი სიხარული იყო იმ ადამიანებისთვის, როცა ვურეკავდით და ვეუბნებოდით, რომ პატრიარქი­ ეპატიჟებოდა. მოიყვანდა, მოეფერებოდა, ელაპარაკებოდა, დაასაჩუქრებდა და ვინ იცის, ვის რამდენი წლით ემატებოდა სიცოცხლე...

გული მტკივა, როცა მისი მისამართით ბრალდებებს ვისმენ. უწმენდესი უდიდეს მადლშია, მაგრამ იმასთან ერთად რომ პატრიარქია, ის ხომ ადამიანია, მასაც სტკივა და განიცდის. არ მახსენდება შემთხვევა, როდესმე წყობიდან გამოსულიყოს, ან ვინმე განეკითხოს. მის გულში რა ხდება, ჩვენ ხომ არ ვიცით? როგორ შეიძლება, ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ხალხის მსახურებაში გაატარა, დაუმსახურებლად მოექცე, გული რომ ეტკინება, ამაზე რატომ არ ფიქრობ? ბევრჯერ მინახავს,­ როგორ ლოცულობს იმ ადამიანისთვის, ვინც მასზე აუგს ამბობს, ვინც მთელი ცხოვრება ებრძვის. ჩემი დაცვა პატრიარქს არ სჭირდება, მაგრამ გვახსოვდეს, მასაც აქვს გული და ემოციები. გამოვიჩინოთ მადლიერება, დავინახოთ და დავაფასოთ მისი ღვაწლი...

- მოწყენილი პატრიარქი გინახავთ?

- ეს ყველაზე­ მტკივნეულია... წლების წინ პატრიარქი სულ ღიმილიანი, ნუგეშით­ სავსე მახსოვს, ბოლო დროს კი სულ მოწყენილი, სევდიანი­ და ჩაფიქრებულია, ეს მძიმე სანახავია... ვინ იცის, მის გულში რა ხდება.­ ვინც მას ადრეც იცნობდა, ამას ყველა ვხედავთ და ვგრძნობთ.

ქრისტე ამბობს, მე ცოდვილებისთვის მოვედიო. პატრიარქი ხშირად იმ ადამიანს უფრო უახლოვდებოდა, უფრო ბევრს­ ესაუბ­რებოდა, რომელსაც დიდი პრობლემები ჰქონდა ცხოვრებაში, თუნდაც ზნეობრივი. იქნებ მის უნარებს ჭკუაზე მოეყვანა.

- მასთან საკუთარ შეცდომებზე გისაუბრიათ?

- სულ ვცდილობდი, არ შემეწუხებინა,­ მაგრამ რამდენჯერმე­ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა, როცა მისი აზრი მოვისმინე. საოცარი უნარი აქვს, შეიძლება­ ერთი სიტყვა გითხრას და იმ სიტყვით იმდენი თქვას, სხვა 2 საათი გელაპარაკოს და ვერ გითხრას.

როცა რაღაც­ ძალიან მნიშვნელოვანს ეკითხები, იმ წუთში­ არ გპასუ­ხობს, გეუბნება, მოვიფიქრებ და გეტყვიო, ან იქვე ჩაფიქრდება და მერე გეტყვის. ღვთის ნებას ეძებს, სწრაფად და იმპულსურად არაფერს გეუბნება. ესეც მისი საოცარი უნარია. დღემდე არ შემხვედრია მეორე ადამიანი მოსმენის ისეთი უნარი ჰქონდეს, როგორიც პატრიარქს.

დღეს ხომ ჩვენ ერთმანეთის მოსმენა ძალიან გვიჭირს, ერთმანეთს ლაპარაკსაც არ ვაცდით. პატრიარქს რომ ესაუბრები, გაქვს განცდა, რომ ის იმ წუთებში მხოლოდ შენთვის არსებობს.

- დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის!

- იმ ჟურნალისტებს, რომლებიც სულ მთხოვდნენ, პატრიარქზე მესაუბრა და უარს ვეუბნებოდი, მინდა აქვე ვთხოვო, ნუ გამინაწყენდებიან...­

თამუნა კვინიკაძე