"ისეთი ბედნიერი ვარ, თითის წვერებზე დავდივარ, რამე არ შემეშალოს"
"ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე... იგივენაირად ვიცხოვრებდი, მხოლოდ რაღაც შეცდომებს გამოვასწორებდი. უმეტესად ბავშვური და შტერული შეცდომები მაქვს დაშვებული"
"ჩემი მთავარი მიღწევა არის ხალხის სიყვარული", - ამბობს მუსიკოსი გია ნიკოლაძე. რას მიიჩნევს საკუთარ თავზე გამარჯვებად, რა აყენებს ყოველთვის კარგ ხასიათზე, რას ნანობს და რას თვლის ყველაზე დიდ სისუსტედ, ინტერვიუდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1964 წლის 21 მარტი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- გამომგონებელი. ეს საქმე მიზიდავდა, მაგრამ რა უნდა გამომეგონებინა, მაგაზე არ ვფიქრობდი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- "დედამიწის სიმღერა".
- ჩემზე ამბობენ...
- "მაგარი კაცია, ჩვენი ძმაკაცია, შეხედე, რა კაცია, ნახე, რა მამაცია".
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- იგივენაირად ვიცხოვრებდი, მხოლოდ რაღაც შეცდომებს გამოვასწორებდი. უმეტესად ბავშვური და შტერული შეცდომები მაქვს დაშვებული.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია, თუმცა ისეთი სიტუაციებიც არსებობს, ბოროტი ტიპი რაღაცას გამოგიქვეყნებს, ჭორს მოგიგონებს... მაინც ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.
- მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებულ გაუგებრობას გულისხმობთ?
- კი, ამბავი ააგორეს გია ნიკოლაძემ მერაბ დვალიშვილს სიმღერის გამოყენებისთვის ფული მოსთხოვაო. ახლა კონფლიქტი ამოწურულია, გაურკვეველი რაც იყო, გაირკვა... მერაბის ბრძოლას ვუყურე და მისი მორიგი წარმატება ძალიან გამიხარდა.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ბავშვობის წლებში იყო. სულ ასეა - აფრინდები, ჩამოვარდები, მერე უფრო მაღლა აფრინდები, უფრო მტკივნეულად ჩამოვარდები.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ჩემს ემოციებს, ჩემს მეუღლეს ფატუნას (ფატუნა გიორგაძე), გარემოებებს... ყველაფერი უფლის ნებაა, რაც ქვეყნად ხდება.
- ჩემი მთავარი მიღწევაა...
- ხალხის სიყვარული. უდიდესი გამართლებაა, ღმერთმა ფატუნას რომ შემახვედრა. როცა ორივე მხრიდან ასეთი გიჟური სიყვარულია, ვგრძნობთ, რომ ამაში ღმერთის ხელი ურევია, თავისი ჩიტების მოფრენებით.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ფატუნა მყავს, ბედნიერებაა, საქართველოს ყველა კუთხეში მეგობრები რომ მყავს. ისეთი ბედნიერი ვარ, თითის წვერებზე უნდა ვიარო, რომ არაფერი შემეშალოს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- იმ თემაზე ვილაპარაკო, რომელზე ლაპარაკსაც რომ ვიწყებ, ფატუნაც და მეგობრებიც მეუბნებიან, კარგი, გაჩერდიო. სულ მინდა ავხსნა და აღვწერო ის ყველაფერი, რაც ჩემამდე მოვიდა, იმ ძალაზე ვისაუბრო, რაც მკარნახობს და ლექსებს მაწერინებს. 100 000-მდე სტროფი მაქვს დაწერილი: "საკმარისია თითით შეეხო,/ მთაში მომავალ წყაროს ანკარას,/ რომ იმავე წამს ყველა ზღვა იგრძნობს,/ რა ფიქრები გაქვს, მის შვილს პატარას".
ადამიანებს 75% წყალი გვაქვს, დედამიწის 75% წყალია. ნახე რა სიტყვები გვაქვს "შემიწყალე", "შეგიწყალა", "გენაცვალე"...
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- სიჯიუტეა. ეს რომ არ მქონდეს, ვერ გავქაჩავდი. სულ ხელის შეშლები და წინააღმდეგობები მაქვს და ჯინაზე მაინც ჩემსას ვაკეთებ.
- ვჯიუტდები, როცა...
- არასწორად მექცევიან.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- რაც არ მომწონდა, ყველაფერი გამოვასწორე. ცოტათი უყურადღებო ვარ. შეიძლება ერთი თვე გავიდეს და ადამიანი არ მოვიკითხო, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანი გულში მყავს. ვთვლი, რომ ყურადღება მაინც საჭიროა. დაურეკე რა, მოიკითხე.
- საკუთარ თავზე გამარჯვება...
- როცა ლოთობა დავამარცხე... 14 დღე ვიშიმშილე და ეს მდგომარეობა ძალიან მომეწონა, რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ გავიმეორე და შიმშილობის მე-8 დღეზე რომ ვიყავი, ჩემმა ძმამ, სანდრომ დამირეკა, ტელევიზორში ვუყურე, ბათუმზე სიმღერაა დასაწერი და მიდი, დაწერეო. შიმშილობა შევწვიტე და ასე დავწერე სიმღერა "ბათუმი".
- პატიება შემიძლია...
- უნებლიე შეცდომების, მაგრამ ისეთი დანაშაულებიც არსებობს, რომლის პატიებაც შეუძლებლად მიმაჩნია. რაც ის ძალა ჩამისახლდა, რომელიც მატარებს, ბევრი რამ გამიტარებია...
- ამ ძალას თავად რა სახელს არქმევ?
- "ეს ლექსი არის ნაკარნახევი,/ ნაკარნახევი ისეთი ძალის,/ რომელიც თავის თავში შეიცავს,/ ერთობას ცეცხლის, მიწის და წყალის/ და, რა თქმა უნდა, ქალის და კაცის"...
ლოცვა იმისთვის არსებობს, რომ იყოს მშვიდობა და არა - ომი. დედამიწას ისე უნდა მივუდგეთ, როგორც ვექცევით ხატებს, ეკლესიას, ამას თუ შევძლებთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- რა ვერ გავბედე? ამაზე არასდროს მიფიქრია, ასეთი შეკითხვაც არავის დაუსვამს. ექსტრემალი ვარ, რაც მოვინდომე, ყველაფერი გავაკეთე, 22 მეტრი სიმაღლიდან მდინარე ტეხურაში გადავხტი.
- ადრენალინი არის...
- მამოძრავებელი ძალა. თუ ადრენალინი სულ გაქვს, ეს უკვე გამარჯვებაა.
- ვნანობ...
- ბევრ რამეს. ვინც დღეს ჩემს გვერდით აღარ არის, მათ გარდაცვალებამდე კარგად ვერ მოვეფერე, ვერ ჩავეხუტე. ერთი წელია არ მივარჯიშია და ამასაც ვნანობ.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ჩემი პოემის, "ანი - ბანის" მიხედვით სპექტაკლს ვდგამდე, მერე კინოდაც მინდა ვაქციო. კულტურის სამინისტრო მხარდაჭერას დამპირდა და იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
- წონასწორობიდან გამოვყავარ...
- უსამართლობას, ვიზაფრები, როცა ვხედავ, როგორ ჩაგრავენ სუსტ ადამიანს.
- საკუთარ თავზე კონტროლს...
- აღარასდროს დავკარგავ, წარსულში მქონდა ასეთი შემთხვევები და მაქვს ცუდი გამოცდილება, იგივე შეცდომას აღარ გავიმეორებ.
- სიყვარული ეს არის...
- ამ ცხოვრების მთავარი ძალა. "და რომ შეიგრძნობს ქალ-ვაჟი ამას,/ რაღაც მშობლიურს, ღვთიურს და ლამაზს,/ ხვდება, რომ დიდი ხანი იცნობდა/ და მისი ყველა ქცევა იცოდა,/ გამოასხივებს გულიდან ღმერთი/ კვლავაც შეერთდეს რაც იყო ერთი".
სიყვარული ღმერთია, მთავარი შემრიგებელი ძალა და ამავე დროს ზოგიერთ შემთხვევაში, ყველაზე დიდი ომის დამწყებიც.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ბაღში ვიყავი, სიყვარული თუ ერქვა, ერთ გოგოს ვუთხარი - "მიყვარხარ". ხომ იცი, პატარა გოგო როგორ იპრანჭება, კაბას თითზე რომ დაიხვევს და ცალ ფეხს გაფშეკს...
- მაკვირვებს...
- უკვე აღარაფერი, მაგრამ ზოგჯერ გაკვირვებული მაინც ვრჩები, როგორ ვერ ვხვდებით ადამიანები იმას, რომ ყველაფერს გვატყუებენ.
- ვინ გვატყუებს?
- ყველა. ერთმანეთს ვაშინებთ, ჯოჯოხეთში ეშმაკები მოგხარშავენო. ის ეშმაკები ამ სამყაროში ზოგჯერ ჩვენ გამოვდივართ.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ჩემს პოემაზე ფიქრმა.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ვერ "ვნაგლობ". ამდენი ნაცნობი მყავს და ვერავის ვერაფერს ვთხოვ, ვერც იმას ვახერხებ, კარებიდან რომ გამომიშვებენ, ფანჯრიდან შევიდე და ამ დროს ვიღაც ბოროტები ამბობენ, მერაბ დვალიშვილს ფული მოსთხოვაო, კარგი რა. ვიღაცებს თავის გადაცემის პოპულარობა უნდოდათ...
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- აუ, უხერხულობისგან საკუთარი თავის დაკნინებას ვიწყებ. აღარ ვიცი, სად შევძვრე, სასჯელია.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- აღარ მსაყვედურობენ.
- ყველაზე დიდი სტიმულია...
- დედამიწა და ჩემი ქალღმერთი ფატუნა.
- ვუფრთხილდები...
- ყველაფერს და ყველას.
- ვიტყუები...
- უკვე აღარ. ისეთ უმნიშვნელო ტყუილსაც კი აღარ ვამბობ, რომ თოვლის ბაბუა არსებობს.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- საუბარი, განტვირთვა მშველის. მეტროთი ვმგზავრობ და ხალხთან საოცარი ურთიერთობა მაქვს. მეტროს ამბებს სულ ვყვები ხოლმე. ახლახან მერაბ დვალიშვილზე რომ ამბავი აიწია, მაგ დღეებში მეტროში ჩავდიოდი, ტელეფონზე ზარი შემოვიდა, ეკრანს მზე ანათებდა და კარგად ვერ დავინახე, ვინ მირეკავდა. იქვე ჩამოვჯექი, 2 წუთში თავი ავწიე და ვხედავ, გარშემო უამრავი ადამიანია შემოკრებილი. შენ შემოგევლე, შენ გენაცვალე, ეს რა დღეში ჩაგაგდესო - საოცარი მხარდაჭერა გამომიცხადეს. იმ ხალხს ვთხოვე, თქვენს საუბარს ჩავიწერ, სახლში ჩავრთავ და მოვუსმენ ხოლმე, დავწყნარდები-მეთქი. მართლა ჩავიწერე. მერე კაცებმა იქვე უბანში მიმიპატიჟეს და ისე მოხდა, სადაც მივდიოდი, იქ ვეღარ წავედი. სახლში მთვრალი მივედი...
- როცა მარტო ვარ...
- მარტო არასდროს ვარ, ჩიტები და ჩემი ფატუნა სულ თან მყავს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ერთხელ ერთმა კაცმა მითხრა, ყოველთვის ის გააკეთე, რაც შენს გულს უნდა, სხვისი ხათრით არ გააკეთო და ამისთვის ყველას უფრო მაგრად ეყვარებიო.
- დაბოლოს გეტყვით...
- ერთმანეთს ისე მოვექცეთ, როგორც გვინდა, რომ ჩვენ მოგვექცნენ!
თამუნა კვინიკაძე