ქართველი ფსიქოლოგის სკანდალური განცხადება: რატომ „გატრენდდა“ ADHD სინდრომი?! - "თბილისის ერთ სკოლაში ბავშვებმა მასწავლებლის გაგდება მოითხოვეს, რადგან..."
სოციალური ქსელში, განსაკუთრებით TikTok-ში, მასობრივად ვრცელდება ახალი ტრენდი, სადაც ახალგაზრდობა, ე.წ ჯენზი-თაობა ADHD სინდრომს აპიარებს და თავს მისადმი მიკუთვნებულად მიიჩნევს. როგორც ცნობილია, ჯენზი-თაობაში, პირობითად, 1990-იანი წლებიდან 2010 წლამდე დაბადებულ პირებს მოიაზრებენ, რაც ახალგაზრდების დიდ ნაწილს მოიცავს. რაც შეეხება ADHD სინდრომს, მენტალური მედიცინის ენაზე ის ჰიპერაქტიურობასა და ყურადღების დეფიციტს ნიშნავს, მენტალურ სირთულედ მოიაზრება, კერძოდ, ნეიროდარღვევად, რომლის მართვასა და აღმოფხვრაზე მუშაობს განვითარებული ქვეყნების მედიცინა.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საზოგადოების დიდი ნაწილი სინდრომს არ აღიარებს, სოცქსელში გავრცელებულ ტრენდს კი ახალგაზრდულ "მოდად" და გატაცებად მიიჩნევენ. კითხვაზე, თუ რატომ "გატრენდდა" ADHD სინდრომი, ან რატომ გახშირდა ახალგაზრდებში ფსიქიატრებთან ვიზიტები, ფსიქოლოგი ნანა სეხნიაშვილი გვიპასუხებს.
- ქალბატონო ნანა, სოციალურ ქსელში უცნაური რამ ფიქსირდება, ე.წ. ჯენზითაობის უმრავლესობა თავს ADHD სინდრომის მქონედ აღიარებს. ამასობაში ირკვევა, რომ უდიდეს ნაწილს სინდრომი სულაც არა აქვს და უბრალოდ, სინდრომის "გატრენდებას" ახდენს. საინტერესოა, რატომ უნდა მიიჩნიო თავი ნეიროსირთულის მატარებლად, რომელიც სულაც არ გაქვს, ხოლო რეალური მატარებლები ებრძვიან და მის მართვას სწავლობენ?
- სოციალური ქსელი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ყოფაზე. ამიტომ პირადად მადლიერების გრძნობა მაქვს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ვიზუალურ სივრცეში წარმოჩენილ პრობლემებს დროულად ამჩნევენ და ცდილობენ მისკენ მიმართონ საზოგადოების ყურადღება.
ახალგაზრდებთან, რომელთაც ეს სინდრომი მართლაც აქვთ, მთელი დატვირთვით ვმუშაობ და ვიცი, როგორ განიცდიან ამას და დაძლევასაც ცდილობენ. ეს ნეირომდგომარეობის განვითარების შეფერხებას ნიშნავს, რამაც შესაძლოა ადამიანი სოციალურ ურთიერთობებს სრულიად ჩამოაშოროს. ეს სინდრომი მართლაც გავრცელებულია, ბავშვების დაახლოებით 4%-ს აქვს. თუმცა თუ მშობელი დროზე შეამჩნევს, რომ ბავშვში რაღაც ისე "ვერ არის", ვერ სწავლობს, გულს ვერაფერს უდებს, პასუხისმგებლობების აღების უნარი არა აქვს და ამაზე მუშაობას დაიწყებს, სინდრომის დაძლევა სავსებით შესაძლებელია. თუკი სინდრომის დაძლევა ბავშვობაშივე ვერ მოხერხდა, ბავშვი სირთულეებს აწყდება. მაგალითად, დაბალ თვითშეფასებას მოზრდილობაში. ამის გამო უჭირს ნებისმიერი სოციალური ურთიერთობა და შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაითრგუნოს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია მენტალურ პრობლემად ისიც, როდესაც ახალგაზრდა ამ სინდრომს "იბრალებს" და ამაყობს ამით, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ADHD სინდრომს, არამედ სხვა მენტალურ სირთულეებსაც.
ხშირად მოსულა ჩემთან ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, მზა დიაგნოზით, რომ მას სჭირს ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი, შფოთვითი აშლილობა და ა.შ. სინამდვილეში, ასე არ არის, მაგრამ სურს ჰქონდეს და ერთგვარ თვითდიაგნოზს ახდენს.
ეს სოციალური ქსელითაც არის განპირობებული, ერთ დაწკაპუნებას შეუძლია უამრავი მენტალური პრობლემა ამოაგდოს, საიდანაც ახალგაზრდა მისთვის მისაღებს ირჩევს და იბრალებს, შემდეგ კი როლშიც შედის.
- რა უცნაურია, ახალგაზრდებს აქამდე კატეგორიულად არ სურდათ ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან ვიზიტი, დღეს კი პირიქით, სიამოვნებით მოდიან?
- რა თქმა უნდა, ეს ყველაზე არ ითქმის. ვისთვისაც საჭიროა, ზოგჯერ ისიც არ მიმართავს მედიცინას, მაგრამ ტენდენცია კი ნამდვილად ასეთია. უკვე ცხადია, რომ
ზოგი ახალგაზრდა, როგორც მშობლებიც მეუბნებიან, მოსვენებას არ აძლევს დედ-მამას, ვიდრე ფსიქიატრთან ან ფსიქოლოგთან ვიზიტს არ დაუნიშნავს. რაიონებიდანაც მაქვს უამრავი შემთხვევა, როდესაც მოზარდს მშობელი სწორედ ფსიქოლოგთან ვიზიტის მიზნით მოჰყავს დედაქალაქში კონკრეტული მენტალური თვითდიაგნოზით.
არ ვამბობ, რომ ბავშვს ამ შემთხვევაშიც არ სჭირდება სპეციალისტის დახმარება, პირიქით, თვითდაბრალებაც მენტალური პრობლემაა. თუმცა დაბეჯითებით ვამბობ, რომ ამის თავიდან აცილებაში სწორედ ოჯახია განმსაზღვრელი. ამასთანავე,
ახალგაზრდობის მენტალური პრობლემების შექმნაში არცთუ მცირე როლს თამაშობს ჩვენი განათლების სისტემა, რომელმაც საგანმანათლებლო პროგრამების უკიდურესი შეკვეცა-დაჩეხით ბავშვების ინტელექტი უკიდურესად დაადაბლა.
- რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რაც დიდი ხანია მაწუხებს - დაბალ ინტელექტს მოზარდებში. ამის საფუძველი თითქმის საგანგებოდ შექმნეს სკოლებში განათლების პროგრამების, სახელმძღვანელოების შეკვეცით.
ამ მხრივ სრული ქაოსი და კრახი გვაქვს. თვით ეროვნულ გამოცდებზე კი ცოდნის ზღვარი, ასე ვთქვათ, ზღვარს ქვემოთ ჩამოსწიეს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს საგანგებოდ კეთდება, გაუნათლებელი ადამიანების აღზრდისათვის.
ამას წინათ თბილისის ერთ სკოლაში ბავშვებმა მასწავლებლის გაგდება მოითხოვეს და რატომ: თურმე მასწავლებელი ბავშვებს წინასწარ არ აწერინებდა კითხვებს, რომელზეც ტესტში უნდა ეპასუხათ. არადა, ეს კითხვები მხოლოდ და მხოლოდ წინა ორი კვირის განვლილ მასალას მოიცავდა. ბავშვებმა ორი კვირის წინ განვლილი მასალაც კი არ იციან. ამიტომ სთხოვდნენ მასწავლებელს, ტესტის კითხვები წინასწარ დაგვიწერეო, რისი უფლებაც, ცხადია, მათ განათლების სისტემამ მისცა. რა უნდა მოსთხოვო ახალგაზრდებს, ვისაც განათლების სისტემა სკოლიდან ასეთი დაბალი ინტელექტით ისტუმრებს?!
თუმცაღა ფსიქოლოგების უმეტესობის აზრით, ბავშვის აღზრდაში მთავარ როლს მაინც ოჯახი ასრულებს. არსებობს აღზრდის ორი ძირითადი სახე, ავტორიტარული და ლიბერალური. ჩემი აზრით, იდეალური იქნება, მათ შორის ზღვარი მოინახოს და ბავშვი ასე აღიზარდოს. თუმცაღა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უკვე არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ადეკვატური თვითშეფასება უფრო მეტად აქვს ავტორიტარულ ოჯახში, ავტორიტარული წესით გაზრდილ ბავშვებს, ვიდრე ლიბერალურით. ისინი უფრო ძლიერად იბრძვიან თვითდამკვიდრებისათვის. ჩვენ კი უმთავრესად ლიბერალური აღზრდის წესი ავირჩიეთ, როცა ბავშვის ყველა სურვილი უპირობოდ არის შესრულებული. ამის სადემონსტრაციოდ კიდევ ერთ ამბავს გიამბობთ: არც ისე დიდი ხნის წინ ერთმა მოქალაქემ შენიშვნა მისცა მეორეს, რომელიც სკოლის კედელზე აშარდავდა. იქვე ახლოს ბავშვები იდგნენ და ნახეთ, რა მოხდა? იმ მოქალაქეს 10-11 წლის ბავშვები გამოექომაგნენ, მის უფლებებს ნუ არღვევთ, შენიშვნას რატომ აძლევთ, სადაც სურს, იქ მოშარდავსო. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვები ნაკლებად არჩევენ, სად მთავრდება უფლებები და სად იწყება მოვალეობები, პასუხისმგებლობა, რათა იგრძნონ, რომ ადეკვატურ ქვეყანასა და საზოგადოებაში ცხოვრობენ, მათ კი ეს არ სურთ, სირთულეების გადალახვას მიუჩვევლებს ეზარებათ კიდეც. სწორედ ეს არის სოციალურ ქსელებში ADHD სინდრომის "გატრენდების" მიზეზი, არაერთი მენტალური პრობლემის თვითდაბრალება და მისით სიამაყე.
როდესაც ფიქრობ, რომ ადამიანს მენტალური სირთულე აქვს, ხომ გაითვალისწინებ, რომ მისი ენერგია ამ სირთულის მართვაზე იხარჯება და დიდ პასუხისმგებლობას ვეღარ დააკისრებ! თავისთვის მიწებებული ნიღბის დამსახურებით შესაძლოა ის დროთა განმავლობაში მოსწყდეს რეალობას და ჩამოყალიბდეს ეჭვიან, აგრესიულ ადამიანად.
მენტალური სინდრომების თავიდან აშორება გაცილებით ადვილია ბავშვის აღზრდის პერიოდში, ვიდრე მერე მისგან თავის დაღწევა. იმედია, ამას გააცნობიერებენ ის მშობლები, ვინც ახლა ზრდიან ბავშვებს, და მათი უკეთესი მომავლისთვის იზრუნებენ.