"ბოლივუდის მოცეკვავე მყავდა სტუმრად და გაგიჟდა ქართულ ცეკვაზე, მთელი დღე აჭარულ სიმღერას ღიღინებდა. ცეკვა სიამოვნებაც არის და მკურნალობაც, თერაპიაა - მირეკავენ, მასწავლეთ, ექიმმა მითხრა, დეპრესიის დაძლევაში გიშველისო"
"ცეკვა კურნავს", - ამ სიტყვებს ხშირად გაიგონებთ მათგან, ვინც ცეკვავს. ეს რომ ნამდვილად ასეა, ადასტურებენ ჩვენი ემიგრანტებიც, რომლებიც უცხოეთის ქალაქების ქუჩებში ცეკვავენ, ცეკვავენ ყველგან, სადაც კი შესაძლებლობა აქვთ. ქართულ ცეკვას ეპოქამ განსხვავებული ფუნქციები შემატა: მთელ დედამიწას უთხრას სხეულის ენით, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვიკეთებია და რას გავაკეთებთ.
საბჭოთა თაობებს კარგად ახსოვთ, როგორ შეიჭრა მათ ცხოვრებაში ლათინურ-ამერიკული ცეკვები და როგორ დაიკავა იქ გრანდიოზული სივრცე. როგორც ამბობენ, მაშინ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ქართული ცეკვა იღუპებოდა, თითქოს ის დასჯილი ბავშვივით გააძევეს კარიდან და ვერასოდეს დაბრუნდებოდა... მაგრამ ქართული ცეკვა რა ქართული ცეკვა იქნებოდა, მორიგი ბრწყინვალე "ნომერი" არ ეჩვენებინა. თითქოს საგანგებოდ დაიბადნენ ქართული ცეკვის პოპულარიზაციისა და გაზრდისათვის ლეგენდარული მოცეკვავეებიც, რომელთაც თვით საბჭოთა რეჟიმს გააღებინეს კარი ქართული ცეკვის უცხოეთში გატანისთვის. იგივე ხდება დღესაც. ჩვენ შევყურებთ ქართველი მოცეკვავეების დამსახურებით აცეკვებულ მსოფლიოს: იაპონელებს, აფრიკელებს, ფრანგებს, არაბებს და ა.შ. დრო უკეთესად შეაფასებს ქართველ მოცეკვავეებს, ვისაც ამ საქმეში წვლილი მიუძღვის, მათგან ერთ-ერთი კი მელიტა ლომაძეა. სწორედ მისი დამსახურებაა ქართულად აცეკვებული იაპონია და იაპონელები, იტალიელები, ფრანგები, ისლანდიელები, გერმანელები... მისი დამსახურებაა იაპონიაში ეთნიკური იაპონელების ქართული ცეკვის ანსამბლი და არა მხოლოდ იაპონელების. მალე მსგავსი სხვა ქვეყნებშიც გაჩნდება...
- ქალბატონო მანანა, ქართული ცეკვა უცხოეთში გაგაქვთ. ალბათ, თავადაც გინახავთ აღტაცებული კომენტარები ქართულად აცეკვებულ უცხოელებზე. ბევრმა არც კი იცის, რომ მათ უკან თქვენ დგახარათ.
- კორონაპანდემიის დროს ცეკვა არ მიმიტოვებია და მის პოპულარიზაციას სოციალური ქსელით ვცდილობდი. ამ დროს გამოჩნდა მოცეკვავე იაპონელი ქალი, რომელიც გააოცა ქართულმა ცეკვამ და მთხოვა, ონლაინ მესწავლებინა. მერეE ეს ქალბატონი საქართველოში ჩამოვიდა, აქ უკეთ გაეცნო ჩვენი ცეკვის ხელოვნებას და უკან დაბრუნებულმა იაპონელებისაგან შექმნა ქართული ცეკვის ანსამბლი. ასეთივე ანსამბლი, ალბათ, მალე კიდევ ერთ ქვეყანაში შეიქმნება. მასტერკლასებისთვის არაერთ ქვეყანაში მიხდება სიარული და ხომ ვხედავ, როგორ მოსწონთ ქართული ცეკვები და ეს მაბედნიერებს.
- ხშირად ამბობენ, ქართულ ცეკვას ქართველივით ვერავინ შეასრულებსო; მაგრამ ვხედავთ უცხოელებს, რომლებიც ქართულ ცეკვას არაჩვეულებრივად ასრულებენ.
- ქართულ ცეკვას ქართველივით ვერავინ შეასრულებს. ეს არ ნიშნავს, რომ ლამაზად და ტექნიკურად სწორად ვერავინ იცეკვებს, მშვენივრადაც იცეკვებენ, უცხოელი ბალერინებისთვისაც კი მისწავლებია ქართული ცეკვა, მაგრამ ისინიც ვერ ცეკვავენ იმგვარად, როგორც ქართველები ვცეკვავთ. ქართული ცეკვა ქართველის სულის ენაა, მისი გენეტიკიდან და ხასიათიდან მოდის, რასაც უცხოელი, რაც არ უნდა ძლიერი მოცეკვავე იყოს, ხელის ერთი მოსმით ვერ შექმნის.
- რომელი ეთნოსი სწავლობს ყველაზე ლამაზად ქართულ ცეკვას?
- ერთმნიშვნელოვნად, იაპონელები. კი, ქართულ ცეკვას ევროპელებიც სიამოვნებით სწავლობენ, მაგრამ სწავლობენ სხვა ემოციებით - ისწავლიან, შეითვისებენ, იციან და ეს უხარიათ. სწავლობენ აზიელებიც. ამას წინათ სტუმრად ბოლივუდის მოცეკვავე მყავდა, რომელიც, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, გაგიჟდა ქართულ ცეკვაზე. მიუხედავად იმისა, ინდოელებს თავადაც რთული ცეკვები აქვთ, ქართულმა ცეკვამ გადარია, მერე მთელი დღე აჭარულ სიმღერას ღიღინებდა, მაგრამ იაპონელებს ისიც კი ვერ დაუახლოვდა ჩვენი ცეკვის ათვისებაში. იაპონელები ქართულ ცეკვას სიღრმეებში მიჰყვებიან, ჩამოდიან, ნახულობენ, სად იქმნება და გაოგნებული მიდიან. შესაძლოა, ასე იმიტომაც ხდება, რომ იაპონელებიც უძველესი ხალხია, ხელოვნება უყვართ და ჩვენი ცეკვა, როგორც უძველესობის ნიშანი, ახლოსაა მათ გულთან.
- გაქვთ ოჯახი, გყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი, თან ქართულ ცეკვას უამრავი სხვადასხვა ასაკის ადამიანს ასწავლით როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში.
- ცეკვა ერთდროულად სიამოვნებაც არის და მკურნალობაც. 5-10 წლის განმავლობაში დადიან ჩემს გაკვეთილებზე უფროსი ასაკის ქალები, რომლებისთვისაც ცეკვა თერაპიაა. ექიმის მითითებით მირეკავენ და მეუბნებიან, იქნებ ცეკვა მასწავლოთ, ექიმმა მითხრა, დეპრესიის დაძლევაში გიშველისო.
- მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაქვთ კარი ღია, სადაც სტაბილური შემოსავალი და ოჯახთან ერთად უფრო მშვიდი ცხოვრებაც გექნებოდათ, ეს რატომ არ მოისურვეთ?
- თუ წასვლა გარდაუვალ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ჯობს ნაკლები შემოსავალი გქონდეს და სამაგიეროდ შენს ქვეყანაში, შენს ფესვებზე მყარად იდგე. 2019 წელს მესამე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ და ინტერესის გამო, შევავსე მწვანე ბარათის განაცხადი, რომელიც დამიდასტურდა. თუმცა ისევ აქა ვარ, სამშობლოში, სწორედ იმიტომ, რომ მართალია, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დავდივარ, შემიძლია გაბედულად გითხრათ, რომ ჩვენ არავისზე ნაკლები ქვეყანა არ გვაქვს. მეტიც, ჩვენი ქვეყანა ბევრ ქვეყანაზე უკეთესია.