განქორწინების შემდეგ როგორ უნდა მოიქცეთ თუ შვილის ნახვის უფლებას არ გაძლევენ
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

ჩუქების ხელშეკრულებიდან გასულია 5 წელი, შემიძლია თუ არა ამდენი წლის შემდეგ ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნება, სხვაგვარად შეიძლება შვილმა ქუჩაში დამტოვოს. შემთხვევით გავიგე, რომ აპირებს ჩემი ნაჩუქარი ქონების გასხვისებას. სახლში მაკლერი მოიყვანა და ბინა დაათვალიერებინა.
- ჩუქების გაუქმება შესაძლებელია რამდენიმე საფუძვლით: თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის მიმართ; ასევე, თუ გამჩუქებელი ნივთის გაჩუქებით მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩუქების შემდეგ - ანუ თუ ზემოაღნიშნული ფაქტები იარსებებს, გამჩუქებელს კანონმდებელი ანიჭებს უფლებას გააუქმოს ჩუქება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჩუქების გაუქმებას აქვს თავისი სპეციალური ვადა - ერთი წელი. კერძოდ, „ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.
მეზობელმა ჩემი დის წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო საჩივარი შეიტანა. ჩემი და არ არის საქართველოში, რამდენიმე წელია იტალიაშია სამუშაოდ. ახლა ვიგებთ, რომ სასამართლომ დაუსწრებლად ორი წლის წინ გამოიტანა გადაწყვეტილება ისე, რომ ჩვენს მხარეს არ მიუღია განხილვაში მონაწილეობა, რადგან ამ დავის შესახებ არ გვქონდა ინფორმაცია. ახლობელი მეუბნება, რომ ამ საქმეს აღარაფერი ეშველება. თუ ქვეყნიდან ხარ გასული, დიდი ხნით ვერ ჩამოდიხარ და ვერც ვერანაირი ინფორმაცია ვერ მიიღე სარჩელთან დაკავშირებით, ასეთ დროს რა ხდება?
- მსგავს შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმ პროცესუალურ გარემოებას, რომელიც დადგენილია კანონით, და რომლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს სამართალწარმოების პროცესი. ანუ აღნიშნულ კითხვაზე ცალსახა პასუხი შეუძლებელია იმ გარემოებით, რომელიც მოცემულია კითხვაში. რაც შეეხება იმ პროცესუალურ თანამიმდევრობას, თუ როგორ ხდება მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება, შემდეგნაირია: უპირველეს ყოვლისა, სარჩელი და თანდართული მასალები ეგზავნება მოპასუხეს, თუ გზავნილის ჩაბარება ადრესატისთვის ვერ მოხერხდა, იგზავნება მეორედ იმავე მისამართზე და თუ ისევ ვერ მოხერხდა გზავნილის ჩაბარება, შემდეგ სასამართლო ავალებს პოლიციას, დაეხმაროს სასამართლოს და უზრუნველყოს სასამართლო გზავნილის ჩაბარება. თუ პოლიციაც ვერ ახერხებს ადრესატის მოძიებას, შეუსრულებელი სახით უბრუნებს უკან საქმეს სასამართლოს და სასამართლო ასაჯაროებს სასამართლო გზავნილს, ხოლო სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება გზავნილის გასაჯაროებიდან მე-7 დღეს. თუ ეს პროცედურა სასამართლომ განახორციელა და სხვა დეტალებიც კანონის შესაბამისად გაკეთდა, მაშინ დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩება ძალაში იმ საფუძვლით, რომ კანონით დადგენილი საპროცესო წესების დარღვევას ადგილი აქ ჰქონია.
ვცხოვრობ სოფელში, ვარ ხელოსანი და რამდენიმე წელია მაქვს პატარა საამქრო ჩემს ეზოში. სამი წელია მეზობლად მიწა იყიდა უცხო ადამიანმა და იქ დასახლდა. ახლა მეუბნება, რომ აწუხებს დაზგის ხმა და თუ მუშაობას გავაგრძელებ, მიჩივლებს. აქვს თუ არა ჩივილის უფლება? როგორ მოვიქცე, როცა ეს არის ჩემი შემოსავალი.
- მეზობელს მსგავსი ზემოქმედების თმენის ვალდებულება აქვს, ვინაიდან, როგორც მოცემულ ინფორმაციაში ჩანს, მეზობელს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელს არ უშლის. გარდა აღნიშნულისა, მეზობელმა მოგვიანებით შეიძინა მიწის ნაკვეთი და მისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რაზეც ახლა პრეტენზიას გამოთქვამს.
ბანკში მქონდა სესხი, რომელიც ფინბიურომ შეიძინა. 6 წელია ერთი თეთრიც არ გადამიხდია. ფინბიურო მეუბნება, რომ სასამართლომ დაამტკიცა თანხის გადახდა და დამაკისრა 10.200 ლარის გადახდა. ჩემთვის არავის ჩაუბარებია არასდროს გზავნილი და არ გაგვიგია სასამართლოს შესახებ. შეიძლებოდა სასამართლოს ისე განეხილა საქმე, რომ ჩვენ არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში? თან ვართ სოციალურად დაუცველები. საცხოვრებელი მისამართი არ გამოგვიცვლია და წესით, უნდა მიგვეღო შეტყობინება. როგორ მოვიქცე?
- დეტალურად არის შესამოწმებელი საქმის გარემოებები, თუ რამდენად შეესაბამება დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილ საპროცესო წესებს.
სოფელში გვაქვს საკუთარი სახლი, რომელიც ბაბუის სახელზეა. ბაბუა 8 წლის წინ გარდაიცვალა და მას შემდეგ სახლი არავის გადაუფორმებია, რადგან შვილიც გარდაცვლილია და შვილიშვილიც. შვილიშვილს დარჩა პატარა ბიჭი, ანუ ბაბუის შვილთაშვილი, რომელიც ცხოვრობს დედასთან ერთად. შეუძლია თუ არა შვილიშვილის ცოლს ეს ქონება თავისი შვილის სახელზე გადააფორმოს და რა დოკუმენტები დასჭირდება. ხელთ გვაქვს მხოლოდ მისი მეუღლის გარდაცვალების ცნობა. ამ ქონებას სხვა მოწილე და მოდავე არ ჰყავს. როგორ მოვიქცეთ?
- მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს ფაქტობრივი ფლობა, ანუ სასამართლოს მეშვეობით უნდა დადგინდეს, რომ მემკვიდრემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო. როგორც ჩანს, კანონისმიერი მემკვიდრე მცირეწლოვანი ან არასრულწლოვანი იყო მამკვიდრებლის გარდაცვალებლის დროს, მაგრამ ფაქტობრივი ფლობის დადგენა შესაძლებელია - თუ ქონებით დედასთან ერთად და მისი მეშვეობით სარგებლობდა, ეს გულისხმობს, რომ ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობა მიიღო.
ახლობელი მთხოვს ჩავწერო ჩემს სახლში, რადგან თვითონ არა აქვს საკუთრება. როგორც მეუბნება, რომელიმე მისამართზე თუ არ ვიქნები მიწერილი, პენსიას არ დამინიშნავენო. ივლისიდან გადის პენსიაზე, აქამდე სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და ახლა აღიდგინა საქართველოს მოქალაქეობა. ბინის ყიდვას აპირებს, მაგრამ მანამდე უნდა ჩემთან ჩაეწეროს. რაიმე საფრთხე ხომ არ შემექნება?
- საკუთრებაში სხვა პირის ჩაწერა, იმის გამო, რომ მისამართი ჰქონდეს, რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს, ამაზე პასუხი იმის მიხედვით შეიძლება გაეცეს, თუ რა ვალდებულებები შეიძლება ჰქონდეს იმ პირს. მაგალითად, თუ ფულადი ვალდებულება აქვს და მისი საქმე აღსასრულებლად არის მიქცეული, მიიჩნევა, რომ მოვალის მისამართზე არსებული ქონება არის მოვალის საკუთრება, ვიდრე სხვა ფაქტი არ დადგინდება. ასევე, პირის საკუთრებაში ჩაწერით გაიზრდება კომუნალური გადასახადები საფასური.
დაქორწინებული ვიყავი სხვა ქვეყნის მოქალაქე უცხოელ მამაკაცზე, ხელი მოვაწერეთ საქართველოში და ჯვარიც დავიწერეთ. ახლა ვაპირებთ განქორწინებას, მაგრამ მას არ უნდა ჩამოსვლა საქართველოში. როგორ შეიძლება ასეთ დროს განქორწინება? ასევე მაინტერესებს, მის ქვეყანაში შემიძლია თუ არა მას ქონების გაყოფაზე ვედავო, ან ალიმენტი რომ დააკისრონ, ამოღებას როგორ შევძლებ?
- საქართველოში უნდა მიმართოთ იმ სასამართლოს, სადაც მოპასუხის საცხოვრებელი იყო. რაც შეეხება მეუღლის ქონების მოძიებას, აღნიშნული უნდა მოხდეს იმისდა მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაზეა საუბარი. ყველა ქვეყანას განსხვავებული წესი აქვს.
რამდენიმე წლის წინ გავაფორმე გენერალური მინდობილობა ჩემი მეგობრის სახელზე, რადგან ქვეყნიდან მიწევდა წასვლა, ახლა მინდა გავაუქმო. არა ვარ საქართველოში და როგორ შევძლებ ამას? ჩემი მეგობრის მიყვანა ნოტარიუსთან აუცილებელია?
- დისტანციურად უნდა შეძლოთ დაკავშირება იმ ნოტარიუსთან, რომელთანაც დამოწმდა რწმუნებულება. რაც შეეხება რწმუნებულს, მისი მონაწილეობა რწმუნებულების გაუქმების პროცესში აუცილებელი არ არის.
მანქანა მაქვს გაქირავებული ყოველდღიურად, თუმცა დამქირავებელი არ მიხდის ფულს და ვერც ტელეფონზე ვუკავშირდები, რომ მანქანა წამოვიყვანო. რა შემიძლია გავაკეთო, ან როგორ დავამტკიცო, რომ მას აქვს ჩემი ვალი?
- მოცემულ შემთხვევაში, დასადასტურებელია ფაქტი, რომ მანქანა ქირით იყო გადაცემული კონკრეტულ პირზე. ფაქტის დასადასტურებლად უნდა არსებობდეს რაიმე სახის მტკიცებულება, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ქირავნობის ხელშეკრულება, რაც არ არსებობს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დამქირავებელთან კომუნიკაცია შეუძლებელია, მსგავს ვითარებაში სამოქალაქო წესით დავას დიდად აზრი არა აქვს, ვინაიდან კანონით დადგენილი მტკიცებულებები არ არსებობს. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ მიმართავთ პოლიციას სიტუაციის აღსაწერად, თუნდაც ავტომობილის მოსაძიებლად.
მაქვს ბინა ნაყიდი ბანკის ვალით, 4 წელია ვიხდი, მერე დავრჩი უმუშევარი და ვეღარ ვახერხებ გადახდას. საქმე უკვე გადაეცა სასამართლოს, ეს არის ჩემი ერთადერთი თავშესაფარი, ბანკი კი უარს მეუბნება შესატანი თანხის შემცირებაზე. ეს რომ გაეკეთებინა, რამენაირად გადავიხდიდი. მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ამ ვითარებაში შეიძლება ბინიდან გამასახლონ? როგორი პროცედურების გავლა მომიწევს?
- თუ ბინა ბანკის ბალანსზე გადავიდა, ანუ ბინა მოვალის საკუთრება თუ აღარაა, მესაკუთრეს შეუძლია კანონის საფუძველზე ჩვეულებრივად გამოასახლოს ნებისმიერი პირი, ვინც შესახლებული იქნება. რაც შეეხება აღწერილ გარემოებას, ეს გარემოება შეიძლება გახდეს გამოსახლების გაჭიანურების საფუძველი და არა ბინაში დარჩენის.