მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა - რა აფეთქდა საქართველოს საზღვრიდან 950 კილომეტრში?! - კვირის პალიტრა

მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა - რა აფეთქდა საქართველოს საზღვრიდან 950 კილომეტრში?!

ირანის ბირთვულ ობიექტზე მორიგი შეტევისას მიწისძვრა მოხდა, რა აფეთქდა?

ისრაელ-ირანის საჰაერო ომის დასაწყისიდან მესამე ღამეს ირანის პროვინცია კუმის ქალაქ ფორდოსთან 15 ივნისის მიწურულს დაფიქსირდა 2,5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა, რამაც დიდი შეშფოთება გამოიწვია...

საქმე ის არის, რომ სწორედ ფორდოში მდებარეობს ირანის ის ერთ-ერთი სტრატეგიული ბირთვული ობიექტი, რომლის განადგურებასაც წლებია, ოცნებობდნენ „მოსადში“ და მესამე დღეა, უტევს ისრაელის ავიაცია.

ფორდოს ბირთვულ ობიექტზე ხდება (ან უკვე ხდებოდა) ირანის ბირთვული პროგრამის მთავარი კომპონენტის -ურან-235-ის გამდიდრება, რომლის გამოყენება შეიძლებოდა, როგორც „მშვიდობიანი ატომის“ დანიშნულებით, ატომურ ელექტროსადგურში საწვავის სახით (ამისთვის საკმარისი გახლდათ ურან-235-ის 3-5%-მდე გამდიდრება), ისე - ბირთვული ქობინების დასამზადებლადაც, თუკი ურან-235-ის გამდიდრებას 90-95%-მდე გააგრძელებდნენ...

შესაბამისად, ფორდოს ობიექტზე ინახებოდა გარკვეულ პროცენტამდე გამდიდრებული ურან-235 (სავარაუდოდ, 60%-მდე გამდიდრებული), რამაც გააჩინა დიდი შიში, რომ ისრაელის ავიაციის მორიგი შეტევის შედეგად ხომ არ მოხდა ფორდოს ობიექტზე შენახული მაღალრადიოაქტიური ურან-235-ის „აფეთქება“, რამაც კიდევაც გამოიწვია ეს მიწისძვრაო?

მიუხედავად მწირი ინფორმაციისა, შეიძლება ითქვას, რომ ბირთვული აფეთქება ვერანაირად მოხდებოდა ისე, რომ მას მიწისძვრა გამოეწვია - თვით ატომური თუ ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის ინიცირებისთვის საჭიროა ძალიან რთული მექანიზმი, რომელმაც წამის მეათასედი სიზუსტით, ერთდროული დეტონირება უნდა განიცადოს სფერული ფორმის ბირთვულ მოწყობილობაზე, რომ ამ უკანასკნელში ჯაჭვური რეაქცია დაიწყოს.

ამიტომაც დასაწყობებული ურან-235-ის მარაგი ბირთვულ აფეთქებას ვერანაირად ვერ გამოიწვევდა, თუმცა არსებობს მათი ნაწილაკების ატმოსფეროში გამოტყორცნისა და შემდეგ ქარის მიერ მათი სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე ასეულ კმ-ზე გადატანის საშიშროებაც კი...

საქართველოს სამხრეთ საზღვარი ირანის ფორდოს ბირთვული ობიექტიდან 950 კმ-ითაა დაშორებული და ამის საფრთხე მინიმალურია...

ამასთან ფორდოს ბირთვული ობიექტი მიწაში ღრმად, 40-60 მ-ზეა განთავსებული და ნაკლები შანსია, რომ იქიდან რადიოაქტიური ნივთიერებების ნაწილაკების მასობრივი გამოფრქვევა მოხდეს ატმოსფეროში.

რაც შეეხება თავად მიწისძვრას, მისი ეპიცენტრში 10 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა და ეს უბრალო დამთხვევაა, თუმცა...

სწორედ იმის გამო, რომ ირანმა თავისი მნიშვნელოვანი ბირთვული ობიექტები თავიდანვე მიწისქვეშ ღრმად გადამალა, ეს დღეს ისრაელის ავიაციას დიდ პრობლემას უჩენს, რადგან ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების ყველაზე „მძლავრ“ დამრტყმელ თვითმფრინავს F -15I Ra'am-ს არ შეუძლია 13,6 ტ-იანი ამერიკული ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი საავიაციო ბომბის -GBU-57-ის წაღება, რომელიც აუცილებელია მიწისქვეშა გამაგრებული სამიზნეების გასანადგურებლად, რადგან GPS-ის სისტემის დახმარებით, 3-5 მ-ის სიზუსტით, ზუსტად ეცემა იმ ადგილას, რომლის ქვეშაც მიწისქვეშა ბუნკერია და აფეთქებამდე ასწრებს 61 მ სიღრმეში ჩასვლას (დამოკიდებულია გრუნტზე) და იქ დეტონირდება, რის შემდეგაც არღვევს 19 მ სისქის არმირებულ ბეტონს...

ასეთი „დედა-ბომბები“ ამერიკულ „მოჩვენებებს“- B-2 Spirit-ებს გადააქვთ და „სტელსის“ ტექნოლოგიის მეოხებით ძნელად აღმოსაჩენი რჩებიან მოწინააღმდეგის რადიოლოკატორებისთვის...

ის ფაქტი, რომ ისრაელის ავიაციამ სამდღიანი დაბომბვების შედეგად თითქმის უფუნქციოდ დატოვა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა, აჩენს ეჭვს, რომ შეიძლება ამერიკულმა „მოჩვენებამ“ მართლაც ჩააგდო „დედა-ბომბი“ ირანის ფორდოს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტის დასაზიანებლად, მიუხედვად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი იფიცება, ამერიკა არ მონაწილეობს ირანზე ისრაელის მიერ დაწყებულ საჰაერო იერიშებშიო...

ამ ეჭვს აძლიერებს ერთი გარემოებაც - 1 აპრილს ამავე ბლოგში ვწერდით:

„...პენტაგონმა, ასევე, განახორციელა აქამდე წარმოუდგენელი მანევრი და ინდოეთის ოკეანეში, დიეგო-გარსიას საჰაერო ბაზაზე, თავი მოუყარა თავის ყველაზე მრისხანე საჰაერო ძალას - B-2 Spirit-ის ტიპის „სტელსის“ ტექნოლოგიით დამზადებულ შვიდ სტრატეგიულ ბომბდამშენს...

ამერიკელებს მწყობრში სულ 18-20 ასეთი, ძალზე ძვირად ღირებული (თითოეული მათგანი, თავისი აღჭურვილობით, 2 მლრდ დოლარზე მეტადაა შეფასებული) სტრატეგიული ბომბდამშენი თუ ჰყავთ და მათგან ერთი მესამედის სასწრაფო გადასროლა ინდოეთის ოკეანის ერთ პატარა კუნძულზე ბევრ რამეს უნდა მიანიშნებდეს.

B-2 Spirit-ებით პენტაგონი ერაყსა და ავღანეთში დაბომბვებს უშუალოდ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტიდან გაფრენებითაც ახორციელებდა, თუმცა დიეგო-გარსიას კუნძულზე მდებარე აეროდრომი სამჯერ უფრო ახლოსაა ირანის საჰაერო სივრცესთან. ამ კუნძულიდან ომანის ყურეში, ირანის სამხრეთ სანაპირომდე, მხოლოდ 3 800 კმ-მდეა.

ის, რომ პენტაგონი აქცენტს აკეთებს სწორედ „სტელსის“ ტექნოლოგიით დამზადებულ B-2 Spirit-ებზე, შემთხვევითი არ არის, რადგან ირანის რადიოლოკაციურ პუნქტებს, წესით, უნდა გაუჭირდეთ ამ 150-ტონიანი ამერიკული მფრინავი „მოჩვენებების“ ადრეული აღმოჩენა, თუკი პრეზიდენტმა ტრამპმა გაბედა და, ისრაელის ნებას აყოლილმა, მართლაც მიიტანა საჰაერო იერიში ირანზე... ის, რომ ტრამპი, განსხვავებით იმავე ბაიდენისგან, ბევრად უფრო დაუჭერდა მხარს ისრაელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდეც არ იწვევდა დიდ ეჭვს და ეს ასეც მოხდა, რაც გამოიხატა, თუნდაც, ამერიკული ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბების ისრაელისთვის გაგზავნაში, რაც მანამდე პრეზიდენტ ბაიდენს დაბლოკილი ჰქონდა.

სწორედ ამგვარი ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი საავიაციო ბომბები და რაკეტები გახდებიან მთავარი დამაზიანებელი საშუალებები, თუკი აშშ და ისრაელი უახლოეს მომავალში მართლაც განახორციელებენ საჰაერო ოპერაციებს ირანის წინააღმდეგ, რადგან ირანელებს ბირთვული ობიექტები და სარაკეტო არსენალები სწორედ მიწისქვეშ განთავსებულ დაცულ გვირაბებში აქვთ განთავსებული.

გულხელდაკრეფილი არც ირანელები სხედან - ისინი ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ბაზებს ემუქრებიან ასობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით, ასევე, ათასობით კამიკაძე-დრონით, რომელთა სტარტი განხორციელდება არა მარტო თავად ირანის ტერიტორიიდან, არამედ - იემენიდან, ჰუსიტების მიერ კონტროლირებული რაიონებიდანაც, რაც არცთუ სახუმარო საფრთხეს შეუქმნის, პირველ რიგში, ისრაელის ქალაქების მაცხოვრებლებს...

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოქცევით ისრაელმა ნაწილობრივ ამოისუნთქა, რადგან შეწყდა ირანული შეიარაღების, მათ შორის - რაკეტების მიწოდება სირიის გავლით სამხრეთ ლიბანში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლასთვის“, ღაზას სექტორში „ჰამასის“ საქმეც ვერ არის კარგად, მაგრამ ისრაელში საზეიმოდ მანამდე არ ეცლებათ, სანამ იგრძნობენ საფრთხეს - ირანი ძალიან მალე შექმნის ისეთ ბირთვულ მუხტებს, რომელთა დაყენება შეეძლება თავის იმ ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებმაც აქამდეც არა ერთხელ „ააფორიაქეს“ ისრაელის ქალაქები...

შესაბამისად, ნეთანიაჰუ ყველანაირად ეცდება, დაიყოლიოს ტრამპი, რომ ერთიანი ძალებით დაარტყან ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სარაკეტო ბაზებს, მაგრამ რა მოჰყვება ყოველივე ამას შემდეგ?“

როგორც ხედავთ, ამ პროგნოზებიდან რაღაც-რაღაცები მართლაც მართლდება...