"სალმონელა, ლისტერია, ბრუცელიოზი - ამგვარი რძე "რულეტკას" ჰგავს - არ იცი, გაგიმართლებს, თუ ბაქტერია დაგხვდება" - ფარული საფრთხე! არაპასტერიზებული რძე მეორად ბოთლში!
ფარული საფრთხე - არაპასტერიზებული რძე მეორად ბოთლებში?!
თბილისის ბაზრებსა და ქუჩებში ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იყიდება მეორადი პლასტმასის ბოთლებით "შინაური რძე". ამ პრობლემის შესახებ გვესაუბრება ქართული ყველის მკვლევარი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, რომელსაც ამ თემასთან როგორც პროფესიული, ასევე, პირადი შეხება აქვს და იცის, რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს შედეგი...
- ანა, სოციალურ ქსელში თქვენ მიერ გავრცელებულმა პოსტმა დიდი ყურადღება მიიპყრო. რა იყო თქვენი მთავარი გზავნილი?
- რამდენიმე დღის წინ, ქალბატონს მივუახლოვდი, რომელიც ქუჩაში რძეს ყიდდა მეორადი პლასტმასის ბოთლებით. ვცადე ამეხსნა, რომ თუნდაც რძე იყოს ახალი, ჰქონდეს ვეტერინარული ცნობა, ცური იყოს დეზინფიცირებული და ხელები დაქლორილი - მისი მოთავსება მეორად ბოთლში მაინც კატეგორიულად დაუშვებელია. მეჩხუბა, მაგრამ მე მაინც განვაგრძე ახსნა...
ჩემი შვილის ფილტვში სტაფილოკოკის ინფექცია, სავარაუდოდ, სწორედ არაპასტერიზებული რძისგან დამზადებულმა ყველმა გამოიწვია. გადავრჩით ღმერთის წყალობით, მაგრამ ეს შეცდომა მეც კი დავუშვი - ყველის მკვლევარმა.
- რატომ არის მეორადი ბოთლები ასეთი საშიში?
- პლასტმასის ბოთლი ერთხელ გამოყენების შემდეგ ხდება ტოქსიკური. ამას ზაფხულში ემატება თაკარა მზეც. მის სტრუქტურას ცვლის ტემპერატურა და ულტრაიისფერი სხივები, რის შედეგადაც, მავნე ქიმიკატები - მაგალითად, ბისფენოლი A (BPA) ან ფთალატები - შეიძლება რძეში გადავიდეს. ეს ნივთიერებები პირდაპირ უკავშირდება ჰორმონალურ დარღვევებს, რეპროდუქციულ პრობლემებსა და ბავშვთა ჯანმრთელობის მძიმე რისკებს.
- მხოლოდ ბოთლია პრობლემა?
- არა, ხშირია შემთხვევა, როცა ეს ბოთლები პირდაპირ ტროტუარზე დევს, ზოგჯერ პარკში, ზოგჯერ - მიწაზეც კი ყრია. რძე მარტივად იღებს გარემოდან მტვერსა და მიკრობებს. მტვერი, ჭუჭყი, ნიადაგში არსებული მიკრობები რძესთან კონტაქტში მარტივად შედის. ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი - რძე არ არის პასტერიზებული.
- პასტერიზაციის გარეშე რომელი მიკრობების გადაცემა ხდება?
- სალმონელა, ლისტერია, ბრუცელიოზი... ეს რძე "რულეტკას" ჰგავს - არ იცი, გაგიმართლებს თუ ბაქტერია დაგხვდება. გვგონია, რომ სოფლის სუფთა რძეს ვყიდულობთ, მაგრამ შესაძლოა, სწორედ ის გახდეს ჯანმრთელობისთვის მძიმე საფრთხის მიზეზი.
- გამოსავალი თუ არსებობს?
- თუ მაინც შეიძენთ ასეთ რძეს, აუცილებელია მისი ზუსტად და სწორი თერმული დამუშავება - ადუღეთ და არა მხოლოდ ერთხელ!
სოფლის რძე აუცილებლად აადუღეთ - ეს პირველი ნაბიჯი ანადგურებს ბაქტერიების უმეტესობას. შემდეგ, როცა რძე გაცივდება, ხელახლა, კიდევ ერთხელ გააცხელეთ დუღილამდე. ეს ორჯერადი თერმული დამუშავება არის ერთგვარი „საშინაო პასტერიზაცია“, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციის რისკს.
და რაც მთავარია - მოითხოვეთ, რომ რძე იყოს ჩამოსხმული მხოლოდ საკვებისთვის განკუთვნილ, სუფთა, ერთჯერად და თვითმოხუფვად ბოთლებში.
- გამოდის, რომ რძის მხოლოდ ერთხელ ადუღებაც არ არის საკმარისი?
- ერთხელ პასტერიზაციაც კი არ არის აბსოლუტური გარანტია. ძროხა ბიოლოგიური არსებაა და არა - სტერილური ქარხანა. შეიძლება ჰქონდეს ფარული ინფექცია.
მახსოვს ერთი შემთხვევა - ერთმა ოჯახმა, რომელიც თოთხმეტი წელია რეგულარულად ყიდულობდა რძესა და რძის პროდუქტს ერთი და იმავე გლეხისგან, სრულიად მოულოდნელად გაიგო, რომ რძის მიმწოდებელს ბრუცელიოზი დაუდგინდა. დადგინდა, რომ ინფიცირებული იყო მთელი ოჯახიც. ეს რძემ გამოიწვია - რძემ, რომელსაც წლების განმავლობაში ენდობოდნენ.
- საზოგადოებრივი რეაქცია თუ მოჰყვა თქვენს გაფრთხილებას?
- სამწუხაროდ, იგივე გრძელდება. მხოლოდ გამყიდველი შეიცვალა. ვესაუბრე, მასაც ავუხსენი, ვუთხარი, რომ ეს ბოთლები კანცეროგენულია, ზიანს აყენებს ბავშვების ზრდას... არაფერმა გაჭრა. არც მან მოისმინა, და არც მყიდველებმა, რომლებიც იქვე იყვნენ და ამ ყველაფერს გულგრილად უყურებდნენ.
მაგრამ არ ვნებდები. ეს ხმა უნდა გავაგონოთ როგორც მომხმარებლებს, ისე სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებსაც მომხარებლის დაცვა ევალებათ.
რძის გამყიდველებს ვთავაზობ გამოსავალს: იყიდონ ერთჯერადი, სუფთა ბოთლები, გაყინონ წყალი და რძის ბოთლებს ჩანთაში შემოუწყონ. დასაკეცი მაგიდა, მსუბუქი და მარტივად სატარებელი - არ სჭირდება ბევრი ინვესტიცია.
ეს გზა არსებობს. მაგრამ სანამ კანონით არ აიკრძალება მეორადი ბოთლებით ვაჭრობა, სიკვდილი ისევ კოხტად, ჩუმად გაიყიდება.
- წამოიწყეთ კამპანია ჰეშტეგით - #დაჭმუჭნე_და_დასერე_ბოთლი. რას ემსახურება ეს ინიციატივა?
- დაჭმუჭნეთ ბოთლი ისე, რომ მისი ხელახალი გამოყენება შეუძლებელი გახდეს. მეორე - ჩაყარეთ სპეციალურ კონტეინერებში - ზოგიერთ სუპერმარკეტში უკვე დგას ბოთლების გადამუშავების აპარატები: ჩააგდებთ ბოთლს და სანაცვლოდ ქულებსაც აგროვებთ.
ამის გარდა, ვიწყებთ საზოგადოებრივ კამპანიას და გთხოვთ ყველას: დაჭმუჭნეთ და დასერეთ ბოთლები ისე, რომ ვეღარ ჩაბერონ და მეორედ ვეღარ გამოიყენონ. მხოლოდ ასე შევამცირებთ ამ ფარულ, მაგრამ რეალურ საფრთხეს.
გადაიღეთ ვიდეოები, ატვირთეთ სოციალურ ქსელებში ჰეშტეგით: #დაჭმუჭნე_და_დასერე_ბოთლი
აჩვენეთ ყველას, რომ თქვენი და სხვისი სიცოცხლე მნიშვნელოვანია.
მოვითხოვოთ ასევე, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ცალკე გამოყონ ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები პლასტმასის ბოთლებისთვის და იზრუნონ ბოთლების გადამუშავების ხელმისაწვდომ სისტემაზე.
- ვინ არის პასუხისმგებელი ქუჩის მოვაჭრეების კონტროლზე და ვინ უნდა უზრუნველყოს სანიტარული ნორმების დაცვა?
- სამწუხაროდ, კონკრეტული და გამართული სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. თუმცა ერთადერთი ორგანო, რომელსაც ამაზე რეაგირების უფლება აქვს, არის მუნიციპალური ინსპექცია. მხოლოდ მას შეუძლია მოითხოვოს ქუჩის მოვაჭრეების გაყვანა და შეამოწმოს, იცავენ თუ არა ისინი სანიტარიულ ნორმებს.
- ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება "რძის ჯაჭვში"?
- არსებობს სამი ძირითადი მოთამაშე: მწარმოებელი - ქმნის რძის პირველწყაროს; სახელმწიფო - არეგულირებს და აკონტროლებს სისტემას და მომხმარებელი - პასუხისმგებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე და უნდა იყოს ინფორმირებული და აქტიური.
ევროპაში მომხმარებლები კარგად იცნობენ თავიანთ უფლებებს. იქ არავის გაუბედავს უხარისხო პროდუქტის მიწოდება. ჩვენც სწორედ ასეთი პასუხისმგებლობა უნდა ვისწავლოთ!
- ევროპაში ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა?
- ერთ შვეიცარიელ მეყველეს ვკითხე, იცნობდა თუ არა ბრუცელიოზის საფრთხეს. გაკვირვებულმა მიპასუხა: „ეს რა არის?“ - იმდენად გამართულად მუშაობს სისტემა, რომ ტერმინიც კი დავიწყებას მიეცა.
შეიძლება ითქვას, ევროპაში დაავადება ვერც კი აღწევს ბაზრამდე - ცხოველი იზოლირდება, პროდუქტი იღება და იწვება.
- საქართველოში როგორია ვითარება?
- ახლახან, სამცხე-ჯავახეთში 80-ზე მეტი ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. რატომღაც, ეს რეგიონი და ქვემო ქართლი ხშირად პანდემიის კერებად გვევლინება. დანარჩენ საქართველოში შედარებით უკეთესი ვითარებაა, თუმცა სამუშაო ბევრი დარჩა.
- როგორ აკონტროლებენ რძის ხარისხს ევროპაში?
- ესტონეთში მეყველეს, მწარმოებელს ყოველ ორშაბათს მიაქვს სხვადასხვა ფერმის რძე ლაბორატორიაში. თითოეული სინჯარა მარკირებულია და იდენტიფიცირებადი. იმავე საღამოსვე აქვთ შედეგები.
თუ რძე ნორმაშია - მწარმოებელი თავისუფლად აწარმოებს ყველს, იოგურტს და ა.შ. თუ რომელიმე ნიმუშში პრობლემა გამოვლინდა, შემსყიდველი მის მიღებას წყვეტს.
აქ ყველაფერი ნდობასა და შეთანხმებაზეა აგებული: ფასი, პირობები და ანგარიშსწორება.
- რამდენად ხელმისაწვდომია ეს მომსახურება?
- ტესტის ფასი ევროპაში დაახლოებით 2.5 ევროა. ხარჯებს ფარავენ რძის მწარმოებელთა კავშირები, ხოლო ლაბორატორიები ევროკავშირის დაფინანსებით ფუნქციონირებენ.
ჩვენთან კი ლაბორატორიული შემოწმება იშვიათია, სამ თვეში ერთხელ ხდება და ძვირადღირებულიცაა - 70-120 ლარამდე, რაც მცირე ფერმერისთვის სერიოზული ტვირთია.
შორენა მერკვილაძე
(სპეციალურად საიტისთვის)