აიათოლას შაჰი შეცვლის?! - რას მიაღწია ისრაელმა ომის მეოთხე დღეს და რა „სიურპრიზს“ უნდა ელოდოს ის ირანისგან?
17 ივნისს ისრაელ-ირანის „სარაკეტო დუელის“ მეოთხე დღე დაიწყო და ასე თუ ისე იკვეთება, ვინ რას მიაღწია - შეძლო თუ არა თელ-ავივმა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება თუ ირანმა საპასუხო სარაკეტო დარტყმებით ისრაელის ქალაქების მაცხოვრებლები პანიკაში ჩააგდო...
რა შედეგები აქვს ისრაელს საჰაერო ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს:
პირველი - ისრაელმა მუდმივი საჰაერო დარტყმების შედეგად მოახერხა ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტიდან ორის - ნატანზში და ისპაჰანში - სერიოზულად დაზიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ ირანი ვეღარ შეძლებს "ურან-235"-ის საიარაღო დონემდე შემდგომ გამდიდრებას, რადგან მწყობრიდან გამოყვანილია მიწისქვეშ განთავსებული რამდენიმე ათასი ცენტრიფუგა (მაგალითად ნატანზში 1 400-მდე), ოღონდ არა იმიტომ, რომ იქ, ისრაელის ნასროლმა ბუნკერსაწინააღმდეგო რაკეტამ თუ ბომბმა ჩააღწია, არამედ დაბომბვის შედეგად ელექტროენერგიის მოულოდნელი გათიშვამ, რაც უდიდესი სისწრაფით მბრუნავი ამ ცენტრიფუგების (რომლებშიც "ურან-235"-ის "ურან-238"-იდან გამოცალკევების პროცესი მიმდინარეობს) მწყობრიდან გამოყვანას იწვევს.
მეორე - ისრაელის ავიაციამ ირანის ტერიტორიაზე მოქმედ „მოსადის“ დივერსიულ ჯგუფებთან ერთობლივად შეძლო ირანის საჰაერო თავდაცვის ერთიანი მართვის სისტემის მოშლა და რადიოლოკატორებისა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გარკვეული ნაწილის დაზიანება/განადგურება, რამაც ისრაელის დამრტყმელ თვითმფრინავებს საშუალება მისცა, უშუალოდ ირანის საჰაერო სივრცეში იფრინონ და „ინადირონ“ ირანული ბალისტიკური რაკეტების გამშვებ მობილურ დანადგარებზე.
მესამე - დღეისათვის ისრაელისთვის ირანის ბალისტიკური რაკეტების თემა ბევრად უფრო პრობლემატურია, ვიდრე ირანის ბირთვული პროგრამის შემდგომი განადგურება, რადგან ეს ბირთვული ობიექტები არსად „გარბიან“, ხოლო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ისევ ეცემიან ისრაელის ქალაქებში, რაც ნეთანიაჰუს ხელისუფლებისთვის, პირველ რიგში, უდიდესი პოლიტიკური დარტყმაა, რადგან ის ისრაელის მოსახლეობას ასე ნაქები „რკინის გუმბათითა“ თუ ანტისარაკეტო „ისრებით“ სრულ დაცვას ჰპირდებოდა, მოწინააღმდეგეების რაკეტებისგან.
თუმცა ერთია „ჰეზბოლას“ ან „ჰამასის“ მიერ გამოშვებული ნახევრად კუსტარული პატარა რაკეტის გადაჭერა და მეორე - ირანიდან სტარტაღებული, კოსმოსში გასული და იქიდან ჰიპერბგერითი სიჩქარით პიკირებული აერობალისტიკური რაკეტის მოგერიება, როდესაც მისი საბრძოლო ქობინი ატმოსფეროში შემოსვლისას მანევრირებას იწყებს...
ამიტომაც ირანის საჰაერო სივრცეში მოქმედი ისრაელის დამრტყმელი თვითმფრინავების მფრინავების მთავარ ამოცანას დღეს სწორედ ამ ირანული მობილური სარაკეტო დანადგარების დროული აღმოჩენა და დაზიანება/განადგურება წარმოადგენს.
მეოთხე - ისრაელის ხელისუფლება აღარ მალავს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების გარდა, მისი მთავარი მიზანი, როდესაც ირანის წინააღმდეგ ამ საჰაერო ომს იწყებდა, ასევე, იყო და არის... ირანის ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლაც ანუ აიათოლების რეჟიმის ჩამოგდება და, პირველ ეტაპზე, ირანის შაჰის შთამომავლების დაბრუნება, რითაც ისრაელი საბოლოოდ მოაგვარებდა ირანთან და მის მიერ მხარდაჭერილ პროქსი ძალებთან: „ჰამასთან“, „ჰეზბოლასთან“ და იემენელ ჰუსიტებთან დაპირისპირების თემას.
მეხუთე - მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ავიაციის მიერ ირანის მუდმივი დაბომბვის შედეგად ირანელებს შორის პანიკა იზრდება და თეირანის მაცხოვრებლები მასობრივად გარბიან დედაქალაქიდან, ნეთანიაჰუს მარტო თავისი ავიაცია ვერ ეყოფა ირანის ხელისუფლების ჩამოსაგდებად, ამისთვის... სახმელეთო ჯარების ამოქმედება და მიწაზე კონტროლის დამყარებაა საჭირო. მაგრამ როგორც კი ისრაელელი ჯარისკაცები გამოჩნდებიან ირანის მიწაზე, ეს სულ სხვა ომში გადაიზრდება, რომელშიც გამარჯვების იმედი თელ-ავივს ნაკლებად უნდა ჰქონდეს, განსხვავებით - საჰაერო ბრძოლებისგან.
- ასევე დაგაინტერესებთ ბლოგი: მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა - რა აფეთქდა საქართველოს საზღვრიდან 950 კილომეტრში?!
მეექვსე - ისრაელ-ირანის „სარაკეტო დუელი“ დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ირანს შემოელევა ბალისტიკური რაკეტების მარაგი და ისრაელის საავიაციო ბომბებისა და რაკეტების არსენალიც შეთხელდება. ასეთ დროს სცენაზე გამოდიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ სამხედრო დახმარების გაწევა (იხილეთ რუსეთ-უკრაინის ოთხწლიანი ომი, როდესაც რუსეთს კამიკაძე-დრონებით იგივე ირანი ამარაგებდა, ხოლო ბალისტიკური რაკეტებითა და ცოცხალი ძალით ახლა ჩრდილოეთ კორეა ეხმარება). თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ ამჟამად გაჭირვებულ თეირანს სამხედრო დახმარების ხელი მოსკოვმა გაუწოდოს, არც პეკინი გაუგზავნის რაკეტებს აიათოლებს, ერთი, შეიძლება კიმ ჩენ ინმა რაიმე სცადოს, მაგრამ ჩრდილოეთ კორეიდან ირანამდე შეიარაღების მიწოდება ტექნიკურადაც ურთულესი იქნება.
სამაგიეროდ, აშშ, რომლის პრეზიდენტიც ამბობს, რომ ის არ ერევა ისრაელ-ირანის ამ საჰაერო ომში, მზადაა, ღია დახმარება აღმოუჩინოს თელ-ავივს და ამისთვის უბრალო საბაბი სჭირდება, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ რომელიმე ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით ერთი ტყვიის გასროლაც კი - მაშინვე მთელი ამერიკული სამხედრო მანქანა ოფიციალურად დადგება ისრაელის გვერდით...
მოკლედ, ომის უკვე მეოთხე დღისთვის ასეთი სურათი შეიქმნა - ირანის ბირთვულ პროგრამას ძლიერი დარტყმა მიადგა, თუმცა ის სრულად არ არის განადგურებული; ისრაელი თითქმის მთლიანად აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს და აგრძელებს დაბომბვებს; ირანის ბალისტიკური რაკეტები შიგადაშიგ ისევ აღწევენ ისრაელის ქალაქებამდე და იქ დიდ შიშს თესენ, ადგილობრივ მაცხოვრებლებში; ისრაელს სურს ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების ჩამოგდება და ამისთვის გააგრძელებს აქტიურ მოქმედებებს...