მამუკა არეშიძის პროგნოზი: რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-ისრაელის ომი?! - "თუ ეს ფართო მასშტაბს მიიღებს, უბედურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით"
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად მძიმეა - მსოფლიოს ყურადღება მიმართულია ირანისა და ისრაელისკენ. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ამასობაში ჩვენს ქვეყანაში ძალიან მწვავეა შიდაპოლიტიკური კრიზისი. ახსოვთ თუ არა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას გარე ფაქტორები, რა საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის ის ვითარება, რაც აღმოსავლეთშია, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
- ახლო აღმოსავლეთში ვითარება ძალიან მძიმეა. როგორ განვითარდება მოვლენები?
- რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო. იყო მუქარა, საუბრები, რომ ირანს დრო გაჰყავს და აქტიურად არ არის ჩართული მოლაპარაკებაში, რომელსაც სულ აყენებდნენ არა მხოლოდ აშშ, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, ისეთები, როგორიც არიან "მაგატე" და სხვები, რაც გულისხმობს გაურკვევლობას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით. ირანელები სულ ცდილობდნენ ეს ბირთვული პროგრამა წარმოედგინათ, ასე ვთქვათ, როგორც მშვიდობიანი ატომი. არადა, იყო საგანგაშო ინფორმაცია, რომ ეს იყო ბირთვული იარაღის შექმნის ტენდენცია. როგორც ბოლო დროს გაირკვა, უკვე 60-80%-მდე სამუშაო ჩატარებული იყო პირველი ბირთვული ბომბებისა და იარაღის შექმნისთვის. ირანს ხშირად მიმართავდა აშშ, ირანის ხელისუფლებაც ვითომ თანახმა იყო მოლაპარაკების დაწყებაზე, მაგრამ დრო გაჰყავდა და საბოლოოდ აი, რა მოხდა. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობა ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ირანისთვის 60-დღიანი ულტიმატუმი იყო გამოცხადებული. პრაქტიკულად, 61-ე დღეს მოხდა, რაც მოხდა.
- ტრამპმაც თქვა, 60-დღიანი ულტიმატუმი წავუყენე შეთანხმების დასადებადო.
- იერუსალიმში დარწმუნებული არიან, და ეს ლოგიკურიც არის, რომ იმ შემთხვევაში, თუ ირანი შექმნის ატომურ იარაღს, ისრაელს დიდი დღე არ უწერია. ეს არის მოცემულობა და ძალიან ახლოს არის სიმართლესთან... თუმცა, ისრაელმა უზარმაზარი რესურსი დახარჯა იმისათვის, რომ ჯერ გაენეიტრალებინა ირანის კონტროლირებადი "ჰეზბოლა". გახსოვთ, ალბათ, როგორი ტიპის ოპერაცია იყო, ახლაც ძალიან სერიოზული, მრავალშრიანი ოპერაცია ჩაატარეს, რამაც უზარმაზარი შედეგი მოიტანა ირანის ბირთვული პროგრამის დასამუხრუჭებლად. ამ პროგრამის სრულ განადგურებამდე ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი, მაგრამ როგორც ისრაელის, და არა მხოლოდ ისრაელის, მედია ირწმუნება, ისრაელმა ძალიან სერიოზულ შედეგს მიაღწია. უპირველესად ეს არის არა მხოლოდ საჰაერო დარტყმები, არამედ წინასწარ მომზადებული დივერსიული აქტები, რომლებსაც ამდენი მაღალჩინოსნისა და მეცნიერის სიკვდილი მოჰყვა.
- მოვისმინეთ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ წინასწარ იყო ინფორმირებული ამის შესახებ. გამოდის, მასთან შეთანხმებული იყო ისრაელის ეს მოქმედება?
- რასაკვირველია. არ იყო აფიშირებული, მაგრამ საქმეში ჩახედულმა პირებმა იცოდნენ. ამის მანიშნებელია ის, თუ როგორი მზაობა ჰქონდა გარშემო ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც ორიენტირებული არიან დასავლეთზე ირანის საპასუხო დარტყმების მოგერიების საქმეში.
ის დრონები, რომლებიც ირანმა გაისროლა საპასუხოდ ისრაელის მხარეს, ყველა ნეიტრალიზებულია არა ისრაელის საჰაერო თავდაცვის, არამედ ინგლისის, ამერიკის შეერთებული შტატების, იორდანიის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ. წინასწარ იყვნენ მომზადებული.
ასევე დაგაინტერესებთ: "სამი გაბრაზებული მოხუცი, რომლებმაც შეიძლება მსოფლიო დაღუპონ" - The Guardian
მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა - რა აფეთქდა საქართველოს საზღვრიდან 950 კილომეტრში?!
- გამოდის, ომი დაიწყო?
- ფრთხილად მოვეკიდოთ ამ თემას. ირანში დივერსიული აქტები ისრაელს არაერთხელ მოუწყვია. ყველა ამ თავდასხმას ჰქონდა დივერსიული ხასიათი, მაგრამ ახლა მასშტაბი ბევრად დიდია.
ვფიქრობ, ახლა ირანი შეეცდება ამ მდგომარეობიდან ისე გამოვიდეს, საბრძოლო მოქმედებები არ წამოიწყოს, იმიტომ, რომ ირანში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ მთელი ირანი აღშფოთებული იყოს იმით, რაც მოხდა. ვერ ვიტყვი, რომ კონსოლიდირებულია მოსახლეობა ხელისუფლების გარშემო. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ პერიფერიებში სკეპტიკური განწყობაა ირანის დღევანდელი ხელისუფლების, როგორც რელიგიური ლიდერების, ისე "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ირანის დიდ ქალაქებში დაიწყო მთავრობის მხარდასაჭერი ანტიისრაელური მიტინგები, სოცქსელი მოსახლეობის განწყობები ძალიან კარგი მანიშნებელია - მოსახლეობის ნაწილს უხარია ეს ამბავი.
- ნეთანიაჰუმ მიმართა ირანელ ხალხს, თქვენ არ გებრძვითო, შეიძლება ქვეყნის შიგნითაც რამე მოხდეს?
- ათწლეულში ერთხელ ირანში სხვადასხვა ტიპის გამოსვლებია ხოლმე, რომელსაც, როგორც წესი, სისხლში ახშობენ. ირანის თავდაცვითი სტრუქტურა უცნაურია: ერთია "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი", რომელიც ბევრად პრესტიჟული და გავლენიანია, მატერიალური დოვლათის 40 პროცენტს ფლობენ. ირანი 80-მილიონიანია, ხოლო "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" რიცხოვნობა არც ისე დიდია. მეორე თავდაცვის სტრუქტურაა არმია. პრაქტიკულად, მსოფლიოში აღარ დარჩა ქვეყანა, სადაც ორი ერთმანეთის გამაწონასწორებელი სამხედრო სტრუქტურა არსებობდეს. ეს მხოლოდ ირანშია. როგორც ვთქვი, მატერიალური დოვლათის დიდ ნაწილს "ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ფლობს, ასევე ის ძალები და პირები, რომლებიც მათთან არიან ასოცირებული. ეს კი ირანელებს ძალიან აღიზიანებთ. ქვეყანა დიდი ხანია სანქცირებულია, მძიმე სოციალური მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ კმაყოფილება მაინცდამაინც დიდია დღევანდელი ხელისუფლების, განსაკუთრებით კი რელიგიური ნარატივის მიმართ.
ომის, შიდა სამოქალაქო დაპირისპირების წარმოდგენა ჩემთვის რთულია, თუმცა ვიმეორებ, ქვეყანაში ორი სამხედრო სტრუქტურაა, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ.
- ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა ჩვენთვისაც.
- დიახ, სახიფათოა. დღეს პრინციპში, პერმანენტული საომარი მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში. კონფლიქტი დაიწყო 90-იანი წლებიდან და მას შემდეგ სხვადასხვა ფორმით გრძელდება. ახლა ფრონტი უფრო გაიშალა.
ცოტა ხნის წინ ძლივს ჩაახშვეს პაკისტანის კონფლიქტი, ერაყშიც სულ შიდა კონფლიქტია სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ; ლიბანსა და სირიის ტერიტორიაზე რაც ხდება, იცით. ამ ყველაფერში ჩართული არიან მსოფლიოს მსხვილი პოლიტიკური და პლუს რეგიონული მოთამაშეები, ირანი იქნება, თურქეთი თუ სხვა. ახლა ამან უფრო სხვა მასშტაბი მიიღო.
მე არ მინდა წარმოვიდგინო, რომ ომი იქნება და სახმელეთო ოპერაციები დაიწყება. ეს სულ დაანგრევს ისედაც მყიფე მდგომარეობას რეგიონში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უცებ დაეტყობა ჩვენს რეგიონს. 200 კილომეტრია აქედან ირანამდე. მაგალითად, ჩვენი უახლოესი რეგიონი, ირანის აზერბაიჯანს რომ ვეძახით, ის ქალაქი დაიბომბა, იმიტომ, რომ იქაც განლაგებულია ბირთული ობიექტები.
ბუშერის სადგურს რომ არ დაარტყეს, მიკვირს. შეიძლება ვცდები, მაგრამ არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ ბუშერის ატომური სადგურის მშენებლობასა და მართვაში რუსეთი მონაწილეობს. როგორც წესი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებას აუცილებლად მოსდევს დევნილების უზარმაზარი ნაკადი. დევნილებისთვის ყველაზე ახლო და კომფორტული ტერიტორია სამხრეთი კავკასიაა. საქართველოში ისედაც უამრავი მიგრანტია და ახლა მათი რიცხვი გაასმაგდება. მიგრანტების ტალღას თავისი დიდი მინუსები ახლავს - კრიმინალი, ნარკოტიკი, ბევრი სხვა რამ. გარდა ამისა, როცა ყველა ამხელა ქვეყანა ომშია ჩართული, ეს მის სამეზობლოს ეკონომიკას აუცილებლად მძიმედ დაეტყობა, მიუხედავად იმისა, რომ ირანსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული ეკონომიკური კავშირები არ არის. თუ ომი უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს, მაშინ ხომ მთლად უბედურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ბევრად დიდია გამოწვევების ის სკალა, რომელიც დღეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს წინაშე დგას.