"კრისტალმა" მიკრობანკის სტატუსით ოპერირება დაიწყო - ინტერვიუ კომპანიის გენერალურ დირექტორთან ილია რევიასთან
ახალი სტატუსი და ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის - 16 ივნისიდან „კრისტალმა“ საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება დაიწყო.
მიმდინარე წლის 12 თებერვალს კომპანიამ საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებიდან ოპერირების დაწყებამდე, 4 თვის განმავლობაში კრისტალმა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა.
შედეგად, კომპანიის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, გახსნან საბანკო ანგარიშები, ისარგებლონ გადარიცხვებით, დეპოზიტებითა და “კრისტალის” გამორჩეული და მიმზიდველი საინვესტიციო პროდუქტით. ხოლო სექტემბრიდან ორგანიზაცია მომხმარებლებისთვის პლასტიკური ბარათების შეთავაზებასაც გეგმავს.

მიკრობანკად ტრანსფორმაციის, ახალი პროდუქტებისა და სერვისებზე, დეტალურად „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია საუბრობს:
· რას გულისხმობს მიკრობანკის კონცეფცია და რატომ არის „კრისტალის“ საბანკო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვანი როგორც მომხმარებლისთვის, ისე სექტორისთვის?
საბანკო სექტორში ჩვენი შესვლის მნიშვნელობა და ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება და პირველ რიგში, დადებითად აისახება მომხმარებლებზე, რადგან მათი დაფინანსების უფრო მეტი შესაძლებლობა გვეძლევა.
მიკრობანკად ტრანსფორმაცია საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ მომხმარებლების, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მასშტაბი. მოგეხსენებათ, ჩვენ სესხებს ლარში გავცემთ, რაც მომხმარებლების სავალუტო რისკებს ამცირებს. მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ დაფინანსების ლიმიტის გაზრდასთან ერთად, დაგვემატა ანგარიშების გახსნის, გადარიცხვების და დაზღვეული დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა.
რაც შეეხება მიკრობანკის კონცეფციას, ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად სამუშაო ნამდვილად გვაქვს და უკვე დავგეგმეთ შესაბამისი საინფორმაციო კამპანია. მომხმარებლებს დეტალურად განვუმარტავთ, რა არის ძირითადი განსხვავება, რა სარგებელი მოაქვს ახალ ლიცენზიას.
· საინტერესოა, რა ნაბიჯები გადადგით მიკრობანკად ტრანსფორმაციის პროცესში და არის თუ არა ეს ნაბიჯები კრიტიკულად მნიშვნელოვანი საბანკო სექტორში შესასვლელად?
ჩვენ მიკრობანკად ტრანსფორმაციისთვის დიდი ხნით ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც 95 სხვადასხვა მასშტაბის და სირთულის პროექტი იმართა: სისტემური და ტექნოლოგიური ცვლილებები, კიბერ უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება, რისკების მართვის ჩარჩოს გაძლიერება, მომხმარებლის მომსახურების ახალი პროცესების და პროდუქტების შექმნა, მაგ: სულ ახლახან დავნერგეთ ვიდეო იდენტიფიკაცია. და განაცხადების დისტანციურად შევსება, ასევე იგეგმება მობილური ბანკინგის პროექტი და სხვა. ცხადია, ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე, ამბიციური და მოხმარებელზე ორიენტირებული ორგანიზაციისთვის.
· რა სეგმენტზე მუშაობს კრისტალი და როგორ გაუწევთ კონკურენციას სექტორის სხვა მოთამაშეებს? ასევე, დაფინანსების წყაროებზეც რომ გვითხრათ...
ჩვენ სეგემენტს არ ვიცვლით და ვაგრძელებთ მუშაობას მიკრო მეწარმეების მხარდასაჭერად, თუმცა ეტაპობრივად შევდივართ მცირე მეწარმეებისა და საშუალო ბიზნესის სეგმენტშიც, სადაც მიგვაჩნია, რომ დიდი პერსპექტივა გვეხსნება.
ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ყოველთვის იყო მომხმარებლებთან სიახლოვე და მათი საჭიროებების სწორად აღქმა, გაანალიზება და რისკების შეფასება. ახალი სტატუსით ოპერირების დაწყების პარალელურად ამ მიმართულებას უფრო მეტად ვაძლიერებთ, ჩვენი ნიშა გვაქვს და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის კონკურენციის გაწევას კვლავ ხარისხიანი მომსახურებით, მოქნილობითა და სერვისების გაციფრულებით ვაპირებთ.
რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს: მიკრობანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დაფინანსების დივერსიფიკაციაა, მათ შორის ადგილობრივი დეპოზიტები ლარში, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი წყაროა. იქიდან გამომდინარე, რომ დივერსიფიცირებულები ვართ, ვმუშაობთ შედარებით მცირე ზომის ფინანსურ ინსტიტუტებთან და ასევე, საკმაოდ მსხვილ პარტნიორებთანაც. წელს მაგალითად EBRD-თან მოვაწერეთ ხელი 10 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას.ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ მიმართულებით კიდევ უფრო ვძლიერდებით.
გასულ წელს დაახლოებით 90 მლნ დოლარის სახსრები მოვიზიდეთ ძირითადში დასავლური წყაროებიდან, წელს დაგეგმილი გვაქვს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით კიდევ გავზარდოთ.
· რამდენად დაცულია მომხმარებელი მიკრობანკთან თანამშრომლობისას, თუნდაც დეპოზიტების მიმართულებით?
ვფიქრობ, რომ ქართულ საფინანსო სექტორში დღეს მაქსიმალური დაცულობაა, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციები ძალიან კარგად აკონტროლებს საფინანსო სექტორს და მათ შორის მიკრობანკებს. ამასთან ერთად, ნუ დაგვავიწყდება ჩვენი ორგანიზაციის 27 წლიანი ისტორია, მყარი რეპუტაცია, სანდოობა, გამჭვირვალობა, საერთაშორისო ინვესტორების ბაზა, და ის არაერთი ჯილდო, რომელიც გამჭვირვალეობის და პასუხისმგებლობის მიმართულებით აქვს კრისტალს მიღებული როგორც ადგილობრივი, ასევე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
· მიკრობანკ „კრისტალს“ რა მოლოდინები აქვს 2025 წელს მათ შორის დეპოზიტების გაზრდასთან დაკავშირებით და როგორია თქვენი გეგმები?
წელს პორტფელის დაახლოებით 17%-იანი ზრდას ვგეგმავთ, გასულ წელს გვქონდა 15%-იანი ზრდა. მომგებიანობის კუთხითაც წელს კარგ მაჩვენებლებზე ვართ ორიენტირებულები, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის პრიორიტეტულია ბოლომდე დავასრულოთ ტრანსფორმაცია და სრული მასშტაბით ავამოქმედოთ ყველა საბანკო სერვისი.
კომპანიის მთავარ ორიენტირად კვლავაც რჩება მომხმარებლებთან სიახლოვე და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, პერსონალიზებული მომსახურება და ტექნოლოგიური განვითარება, რაც საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის და სარგებელს მოუტანს როგორც “კრისტალს”, ისე მის მომხმარებლებს.
ახალი, საინტერესო და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და მოქნილი პირობების შეთავაზებას, ციფრული მომსახურებების განვითარებას და გამრავალფეროვნებას კრისტალი კვლავ გააგრძელებს და ეტაპობრივად საბანკო პროდუქტების კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს შეთავაზებს მომხმარებელს.
R