"დედისთვის მძიმეა... ავარიის შემდეგ ვერ მეტყველებენ, საერთოდ ვერ მოძრაობდნენ, ახლა კი..." - როგორია ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე დაშავებული დების მდგომა - კვირის პალიტრა

"დედისთვის მძიმეა... ავარიის შემდეგ ვერ მეტყველებენ, საერთოდ ვერ მოძრაობდნენ, ახლა კი..." - როგორია ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე დაშავებული დების მდგომარეობა, რომლებიც თვეებია, თურქეთში მკურნალობენ

მთელი საქართველო გულშემატკივრობს გასული წლის ოქტომბერში ავარიის შედეგად დაშავებულ დებს, ნიაკოს და თათულის. მათი ამბავი ყველამ გულთან მიიტანა და ყველა ელოდება ულამაზესი გოგონების სრულად გამოჯანმრთელებას.

უმძიმესი ავტოავარია 2024 წლის 12 ოქტომბერს, ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვები ექსკურსიის მარშრუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას ცდილობდნენ. ძალიან მძიმე იყო ბავშვების მდგომარეობა, უგონო მდგომარეობაში მყოფები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, არა ერთი ოპერაცია დასჭირდათ და მთელი საქართველო ლოცულობდა მათთვის. უფლის წყალობით და ქართველი ექიმების დამსახურებით, გოგონების მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდა და სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. ეს არ იყო ადვილი, გოგონებმა სამი თვე კლინიკაში გაატარეს.

გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ექიმებს გაწეული შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის მადლობას საჯაროდ ხშირად უხდის.

გოგონების დასახმარებლად მაშინ სრულიად ერი გაერთიანდა, ემიგრანტების და საზოგადოების დიდი ნაწილის წყალობით, საკმაო თანხები მოგროვდა იმისთვის, რომ შემდგომი რეაბილიტაციისთვის ისინი თურქეთში, კლინიკაში გადაეყვანათ. ნიაკო და თათული 5 თვის წინ ჩავიდნენ თურქეთის კლინიკაში, იქაც არა ერთი ოპერაცია ჩაუტარდათ, მაგრამ როგორც დედა ამბობს, კიდევ დარჩა რამდენიმე ოპერაცია გასაკეთებელი, ისინი დღემდე იბრძვიან გამოჯანმრთელებისთვის და მართლაც ურთულესი დღეები გამოიარეს.

გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შედეგი თვალში საცემია და ახლა მოუთმენლად ელოდება თათულის და ნიაკოს სრულად გამოჯანმრთელებას.

- სოფიო, ყველას აინტერესებს, როგორია თქვენი შვილების მდგომარეობა, გვიამბეთ მათზე.

- ჩემი გოგონები შემთხვევის წამიდანვე საოცრად მზრუნველი და პროფესიონალი ექიმების გარემოში აღმოჩნდნენ და ჩემთვის, როგორც დედისთვის, უპირველესი ნუგეში სწორედ ეს იყო. ამ ექიმების დაუღალავი შრომის შედეგად მოვედით აქამდე. 5 თვეა, თურქეთში ვართ, კლინიკაში და რეაბილიტაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მდგომარეობაც ბევრად უკეთესია.

ნიაკო, რომელიც კიდურებს საერთოდ ვერ ამოძრავებდა, ახლა უკვე ჯდება, მოძრაობს. ნიაკოს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და საკმაოდ შედეგიანი იყო. თათულიმ უკვე გაიარა ფეხზე, დადის, ხელს რომ ჩავკიდებთ და ველოდებით, დამოუკიდებლად როდის გაივლის. ექიმები მპირდებიან, რომ მეტყველება და ყველაფერი მწყობრში ჩადგება და ახლა ამ ბედნიერი დღის მოლოდინში ვართ. რაღაც პერიოდი სჭირდება. აქ კიდევ ერთი თვე ვიქნებით და ველოდებით, რომ ამ დროში თათულიმ შეძლოს დამოუკიდებლად გავლა და საქართველოში ჩამოვა ისეთი, როგორიც იყო. ამის გარანტიას ექიმი გვაძლევს და იმასაც ამბობს, რომ თათული თავის საყვარელ საქმეს - ტანვარჯიშს დაუბრუნდება. მეუბნება, რომ შეეძლება ვარჯიში და დიდი იმედი მაქვს, მომავალ წელს, საქართველოს ჩემპიონატზეც გავა.

იცით, თათული როგორი ბავშვი იყო? ბევრი მედალი და სიგელი აქვს და იმის მოლოდინი მაქვს, რომ სრულიად გამოჯანმრთელებული ისევ თავის საყვარელ საქმეში ჩაერთვება.

ნიაკოსაც გარკვეული პერიოდი უნდა, რომ სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეს.

ბავშვები რომ გადაურჩნენ ავარიას, ეს იყო უფლის პირველი სასწაული, მერე ქართველმა ექიმებმა საოცარი ოპერაციები ჩაატარეს და მათი წყალობით, ბავშვები გადარჩნენ. ნიაკოს შემთხვევაში, ლევან ექიმმა მართლაც სასწაული მოახდინა. ნიაკო უფრო მძიმედ იყო, ამის მერე დაიწყო რთული რეაბილიტაციის გზა, რასაც ახლა გავდივართ.

თურქ ექიმებზეც მადლობა უბრალო ნათქვამია. უდიდეს თანაგრძნობას ვგრძნობთ ჩამოსვლის დღიდან. აქ ვერ იგრძნობ, რომ კლინიკაში ხარ, ისეთი გარემოა, ისეთი სიტუაციაა. სულ ვამბობ, მეორე ოჯახი შევიძინე, ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ყველა ექიმთან, ექთანთან, ფიზიოთერაპევტებთან, სულ სხვა გარემოა, რაც მთავარია, შედეგია ისეთი საოცარი, სასწაული მოახდინეს.

უფლის სასწაულის მერე, ჯერ ქართველმა ექიმებმა მოახდინეს სასწაული, რომ იმ ღამეს გადარჩნენ ჩემი შვილები და მერე, თურქეთში, სადაც თითქმის უმოქმედო ბავშვები ჩამოვიყვანე - თავი, ხელი, ფეხი, თითი ვერაფერს ამოძრავებდნენ, ვერც სხდებოდნენ და ვერც დგებოდნენ. თათული უკვე დადის. ნიაკოც დაიწყებს ნაბიჯების გადადგმას.

ჯერ ვერ მეტყველებენ. ექიმები მეუბნებიან, ჯერ ფეხზე უნდა გაიარონ დამოუკიდებლად და მერე მეტყველებაც წამოვაო, ამასაც ძალიან მალე ველოდებით.

მართლა ძალიან მძიმე დღეები გამოვიარეთ... ცხოვრობ ადამიანი ბედნიერად და ერთ ღამეში ყველაფერი იცვლება... გარემო, სიტუაცია, ყოველდღიურობა, მაგრამ რომ ვუყურებ ამ თვეებს, როგორ თენდებოდა და ღამდებოდა, ცუდი არასოდეს მიფიქრია. სულ კარგს ვფიქრობდი, სულ ვფიქრობდი, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდებოდა და როცა ხედავ, სულ წინ მიდიხარ, გიხარია.

აქ გარემო ისეთია, ოჯახში უფრო გგონია თავი, ვიდრე - კლინიკაში. დედისთვის მძიმეა ასეთი რამის ყურება, ისეთი ბავშვები იყვნენ, რომ შეიძლება ითქვას ჰაერში დაფრინავდნენ, ლაღები, ბედნიერები, მოტივირებულები, მიზანდასახულები. მათი წარმატებებით ვხარობდით და რადიკალურად რომ იცვლება ყველაფერი, გული გწყდება, მაგრამ როცა ასეთი თბილი გარემო გხვდება, ეს ყველაფერი თითქოს დროებით გავიწყდება. უფრო სხვა თვალით, იმედით უყურებ ყველაფერს. ექიმები გეუბნებიან, რომ არის დიდი შანსი, მერე შენც ხედავ, რომ წინ და წინ მიდიხარ. ექიმები ხელს გიწყობენ, რომ არ მოიწყინო, ხასიათი არ შეგეცვალოს. საოცარი მზრუნველობაა ბავშვების მიმართ. მართლა წარმოუდგენელი ადამიანები არიან, ზეპროფესიონალები, თითოეული გატარებული დღე მთელი ცხოვრება რომ გაგვყვება სამახსოვროდ.

სიმართლე გითხრათ, რაც აქ ვარ, არ მიტირია. სულ გამხიარულებენ, გეფერებიან, გესიყვარულებიან. ისე შეიყვარეს ჩემი შვილები, სულ ამბობენ, როცა წახვალთ, მოგვენატრებითო. ერთმანეთს ვეპატიჟებით - მეც რომ წავალ საქართველოში, აუცილებლად ჩამოდით და გიმასპინძლებთ-მეთქი.

- ოპერაციები ისევ სჭირდებათ?

- ახლა თათულის სჭირდება კიდევ ერთი ოპერაცია, თავი აქვს დასახური. მერე გაგრძელდება ერთთვიანი რეაბილიტაცია და თათულის სხვა არაფერი აღარ დასჭირდება, აღარც რეაბილიტაციის გაგრძელება და აღარც მკურნალობა. თათული ჭამს საჭმელს, კი ვეხმარები, მაგრამ მალე შეძლებს დამოუკიდებლად ჭამას და გავლას ჩვეულებრივად.

ნიაკოს რაც შეეხება, ერთ ფეხზე შეიძლება დასჭირდეს ოპერაცია და აქ ჩამოყვანა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც გვერდით დაგვიდგა. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდი თანხებთან არის დაკავშირებული, კლინიკაშიც ძალიან გვიწყობენ ხელს, მთელი საქართველო და უამრავი ემიგრანტი დაგვეხმარა, რომ აქამდე მოვსულიყავით.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს. ნიაკოს მამა თავდაცვაში მუშაობს, კარგი კერძო დაზღვევა აქვს და ნიაკოს სრულად დაუფარა მკურნალობის სამი თვე. თათულის მკურნალობის სამი თვე სრულად დააფინანსა დიმიტრი აბდუშელიშვილმა.

მომავალ წელს, 6 თვეს დასჭირდება მკურნალობა. სულ მადლიერი ვიქნები, სიტყვები არ მყოფის მადლობის სათქმელად, ხალხისგან ასეთი დიდი თანადგომა ვერ წარმომედგინა. ბატონ დიმიტრის, ბატონ თენგოს, ხაშურის მერს, თენგიზ ჩიტაიშვილს, თეონა ღურჭუმელიძეს მადლობა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, გაღებული თითოეული თეთრისთვის, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ასევე, ამ კლინიკას, რომლებიც ხელისგულზე გვატარებენ მე და ჩემს გოგონებს. არ ვიცი, რა სიტყვებით შეიძლება, აღვწერო მათი პროფესიონალიზმი, თითოეული მათგანის ჩართულობა მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში... ან რა სიტყვებით შევძლებ მათდამი მადლიერების გამოხატვას - მათ ხომ ჩემი შვილები საკუთარივით მიიღეს და შეიყვარეს! მათმა საქმიანობამ, პროფესიის სიყვარულმა, პაციენტებისადმი შესაშურად მზრუნველმა მიდგომამ და დამოკიდებულებამ კიდევ უფრო გამაძლიერა და ვიცი, ეს სიძლიერე და მოტივაცია კიდევ დიდხანს გამყვება მკურნალობის ამ ხანგრძლივ ეტაპზე.

თათული და ნიაკო მალე სრულიად ჯანმრთელები დაბრუნდებიან...

ექიმებმა სასწაული შედეგები დადეს... მადლობის მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. მჯერა, ჩემი გოგონები ძველ და აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, როგორც ავარიამდე იყვნენ.

თურმე, რამდენი კეთილი და უანგარო ადამიანისგან შედგება ჩვენი საზოგადოება. ვაფასებ თითოეული თქვენგანის ლოცვას, კეთილ სიტყვას, შემონაწირს, გვერდში დგომას, ადამიანებო.

(სპეციალურად საიტისთვის)