ოლიმპიური ქრონიკები - კვირის პალიტრა

ოლიმპიური ქრონიკები

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გუშინდელი დღე ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინალში ასპარეზობაც შეეძლო, მაგრამ რ გაუმართლა და ნახევარფინალში უნგრელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა.

 

ძალოსანთა შეჯიბრში ირაკლი თურმანიძემ საკუთარი ზღვარის ფარგლებში იასპარეზა. ორივე მოძრაობაში პირადი რეკორდები გააუმჯობესა და საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა. ბოლო პერიოდში თურმანიძე პროგრესირებს. იმედია რომ უახლოეს მომაავალში რუს და ირანელ ფავორიტებს სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სოსო ჯაბიძე ბრძოლას პირველივე წრეში გამოეთიშა. მძლეოსნებმა დავით ილარიანმა და მაიკო გოგოლაძემ კი საკვალიფიკაციო რაუნდები ვერ დაძლიეს.

ქართველები ამჟამად თავისუფალი სტილით მოჭიდავეების იმედზე ვართ. სპორტის ამ სახეობაში რუსების აშკარა დომინირება შეინიშნება. იმედია, რომ ჩვენები მათ ღირსეულ მეტოქეობას გაუწევენ და საქართველოს კიდევ  მოუტანენ ოლიმპიურ ჯილდოებს.

ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე რამდენიმე დღეღა დარჩა და საერთო ჩათვლაში გამარჯვებისთვის ჩინეთი და აშშ-ი იბრძვიან. ჯერჯერობით მცირე უპირატესობით აზიის კონტინენტის წარმომადგენელი ლიდერობს.

რამდენიმე დღის წინ ქალ ძიუდოისტთა ასპარეზობაზე ნამდვილი მელოდრამა დატრიალდა: ალბათ არ გაგიგიათ ვოიდან შაკერხანის სახელი. გოგონა საუდის არაბეთის ოლიმპიური დელეგაციის წევრია. ის 16 წლის გახლავთ და 100 კილოგრამს იწონის.

აზიის ამ ქვეყანამ ოლიმპიური თამაშების მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ქალი სპორტსმენი გამოიყვანა და ეს პატივი ახალგაზრდა ვოიდანს ერგო. გოგონას ლონდონში მოსახვედრად სამშობლოში დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია. ოლიმპიურ თამაშებზე ჩასულს კი ახალი განსაცდელი ელოდა: ტატამზე ხიჯაბით გამოსვლა სურდა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ ნაბიჯის გადადგმა სასტიკად აუკრძალა. არაბი ასული არ დაიბნა, თავზე გაურკვეველი შავი ფერის ნაჭერი მოირგო და საასპარეზოდ ასე გამოცხადდა.

ოლიმპიური დებიუტი წარუმატებელი გამოდგა და სულ რაღაც 30 წამში დამარცხდა. ამის შემდეგ მოვლენები ჰოლივუდური მელოდრამის წესებით წარიმართა. ვოიდანი ტატამზე დაემხო და ატირდა. მალე მასთან მამამისი მიიჭრა, ძიუდოისტი ქალიშვილი გულში ჩაიკრა და ისიც ატირდა. დარბაზი ფეხზე წამოდგა და მამა-შვილი მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ოლიმპიურ იდეებს (მთავარი რომ მონაწილეობაა და არა გამარჯვება) შეეწირა ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების თავკაცი ლუის მილია. მსოფლიო ჩემპიონი ქვეყნის ოლიმპიურმა გუნდმა ლონდონში სუსტად იასპარეზა და ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა. 46 წლის მილიას ეს წარუმატებლობა არ აპატიეს.

საფეხბურთო თემა გავაგრძელოთ. გასულ წელს იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშის სურვილი გამოთქვა. ხუმრობა ეგონათ, მაგრამ გუშინ ბოლტმა გამოცემა „The Sun”-ს ინტერვიუ მისცა და სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურა:

„სერ ალექს ფერგიუსონს ვურჩევდი, რომ ჩემთან კავშირი დაამყაროს. ლონდონში თამაშების დახურვამდე დარჩენას ვაპირებ. მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანი გახლავართ და გუნდს ალბათ გამოვადგებოდი. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ ცნობილ თავდამსხმელებს ტოლს არ დავუდებ. ფერგიუსონს ვურჩევ რომ დაუყოვნებლივ დამიკავშირდეს.“ - განაცხადა უსაინ ბოლტმა.

გამოცემის თანამშრომლებმა არქივში 2009 წელს გადაღებული ფოტოსურათი გამოძებნეს – ბოლტი საყვარელ გუნდთან სტუმრად იმყოფებოდა და ერთობლივი ფოტოსურათიც გადაიღო. ჯერჯერობით უცნობია ალექს ფერგიუსონის რეაქცია ამ შემოთავაზებაზე. სამაგიეროდ ცნობილი გახდა რიო ფერდინანდის აზრი: რიო მძლეოსანთა ასპარეზობას ესწრებოდა და მისი დასრულების შემდეგ უსაინ ბოლტს დაპირდა, რომ ფერგიუსონთან რეკომენდაციას გაუწევდა.

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ლონდონში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ამ წარმატებამ ერთი ჩვენებური სახელოვანი სპორტსმენი გამახსენა და წერილის დასასრულს მასზე მსურს რომ გესაუბროთ:

თემურ ყაზარაშვილს სპორტული კარიერის განმავლობაში ყველა არსებული ტიტული მოგებული ჰქონდა, ოლიმპიური მედლის გარდა. მას 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე უნდა ეჭიდავა, მაგრამ საქმეში პოლიტიკა ჩაერია. იმ წელს სადაც კი გამოვიდა, ყველგან ოქრო მოიგო. კლასიკოსთა ნაკრების მწვრთნელებიც ჰპირდებოდნენ, რომ მოსკოვში აუცილებლად იასპარეზებდა. მინსკში, ოლიმპიური გუნდის ბოლო შეკრებაზე, თემურმა უშუალო კონკურენტი, ყაზახი ჟაკსალიკ უშკიმპიროვი უპირობოდ დაამარცხა და მწვრთნელთა საბჭომაც მხარი საბოლოოდ ყაზარაშვილს დაუჭირა.

რამდენიმე დღეში მინსკის მოჭიდავეთა ბაზაზე სატელეფონო ზარი გაისმა. ლეონიდ ბრეჟნევის უახლოესი მეგობარი, ყაზახეთის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი, კუნაევი რეკავდა ილიჩის თანხმობით: მანდ ერთი ყაზახი მოჭიდავე იჩაგრება, ის ვიღაც ქართველი გუნდიდან ამოაგდეთ და ჩვენებური ჟაკსალიკი ოლიმპიადაზე წაიყვანეთო. „ერთი” ყაზახი მოსკოვში წავიდა, „ვიღაც” ყაზარაშვილი კი თბილისში დაბრუნდა. ყაზახებს მოსკოვის ოლიმპიადამდე ნაღდი ყაზახი, წვრილთვალება ჩემპიონი არ ჰყოლიათ (ვინც ჰყავდად, ყველა ეთნიკური რუსი იყო), ამიტომ კუნაევმა დიდი ძმა – ლიონია ბიძია შეაწუხა.

საბჭოთა სპორტის უკუღმართობამ ყაზარაშვილი მომდევნო ოლიმპიური თამაშების მიღმაც დატოვა. ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა „კაპიტალისტებზე” ერთგვარი რევანში აიღეს და ამერიკაში არ გაემგზავრნენ.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)